ალექსანდრე თვალჭრელიძე - საზოგადოებაში უნდა არსებობდეს წითელი ხაზები, რომლის გადალახვის უფლება არავის უნდა ჰქონდეს, რადგან ისინი არა სამართალზე, არამედ, სამართლიანობაზე გადის

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი“ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, ვინაიდან კარგა ხანია ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნების რეჟიმში ცხოვრობს, ალბათ ლოგიკური იქნება თუ ჩვენ საუბარს წინასაარჩევნოდ საქართველოს შიდა პოლიტიკაში არსებული ვითარების თემით დავიწყებთ.

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენ არაერთი საპრეზიდენტო არჩევნები გვახსოვს, მაგრამ ახლა მათზე საუბარი შორს წაგვიყვანდა. ჩვენში აქამდე ჩატარებული ყველა საპრეზიდენტო არჩევნები თავისთავად საინტერესო იყო, ვინაიდან ყველა მათგანი გარკვეული თავისებურებებით ხასიათდებოდა.

თქვენ როგორ შეაფასებდით საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და თქვენი დაკვირვებით, რა თავისებურებებით ხასიათდება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩვენში ჩამოყალიბებული პოლიტიკური რეალობა?

- ტყუილად არ გადავავლეთ თვალი წინა არჩევნებს. მათგან განსხვავებით, ეს საპრეზიდენტო არჩევნები გაცილებით უფრო ნაკლები დაძაბულობით გამოირჩევა, ვინაიდან, ჯერ ერთი, ფსონი ამ თამაშში გაცილებით ნაკლებია: მოგეხსენებათ, პრეზიდენტის როლი საპარლამენტო რესპუბლიკაში გადამწყვეტი არ არის.

პოლიტიკურ ელიტასა და საქართველოს მოქალაქეებს შორის გაუცხოება სულ უფრო ღრმავდება. სხვათა შორის, ეს ქართული პოლიტიკის განუკურნებელი სენია, რომლითაც გამონაკლისის გარეშე უკლებლივ ყველა ჩვენმა სახელისუფლებო ადმინინისტრაციამ იავადმყოფა. შედეგი მისთვის სავალალო აღმოჩნდა

ბენიამინ ნათანიაჰუს ყველა ვიცნობთ, მაგრამ ვინ არის ისრაელის პრეზიდენტი ბევრმა ებრაელმაც არ იცის და არც აინტერესებს. მეორეც, ხალხს მობეზრდა საყოველთაო დაპირისპირება და ჩვენი პოლიტიკური ელიტა ერთგვარ მენტალურ „რეზერვაციაში“ განათავსა. ხალხი თავისი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს, ებრძვის სიდუხჭირეს, თავის გადარჩენას ცდილობს, ხოლო პოლიტიკურ დაპირისპირებას ყურადღებას არ აქცევს.

პოლიტიკურ ელიტასა და საქართველოს მოქალაქეებს შორის, არ ვამბობ - ქართველ ერს, ეს პრობლემა ყველა საქართველოში მცხოვრებ ადამიანს ეხება, - გაუცხოება სულ უფრო ღრმავდება. სხვათა შორის, ეს ქართული პოლიტიკის განუკურნებელი სენია, რომლითაც გამონაკლისის გარეშე უკლებლივ ყველა ჩვენმა სახელისუფლებო ადმინმინისტრაციამ იავადმყოფა. შედეგი მისთვის სავალალო აღმოჩნდა.

- რამდენიც არ უნდა ამტკიცოს მმართველმა ძალამ, რომ უფლებაშეკვეცილი პრეზიდენტის პოსტს იგი ვინმეს უთმობს, არჩევნებთან დაკავშირებით მოვლენათა განვითარების დინამიკამ დაგვანახა, რომ „ოცნებისთვის“ საპრეზიდენტო არჩევნების მოგება პრინციპული საკითხია. სპორტულ ტერმინოლოგიას თუ მოვიხმობთ, თქვენი დაკვირვებით, როგორ ფორმაში ხვდება მოახლოებულ არჩევნებს ხელისუფლება?

- მმართველმა გუნდმა რამდენიმე მინიშნება გააკეთა, რომელსაც ყურადღება არც ერთმა ჟურნალისტმა და, თუ არ მეშლება, არც ერთმა ექსპერტმა არ მიაქცია. საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატზე საჯაროდ უარის თქმა იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ გამოუთქმელად აცხადებს: დღეს საქართველოში პრეზიდენტის პოსტი არ არის მნიშვნელოვანი და დაე, მას თუნდაც ოპოზიცია დაეუფლოს.

მმართველი გუნდი ადრე შემუშავებული სცენარით თანმიმდევრობით მოქმედებს, დავალებები კი სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ პირნათლად სრულდება

მაგრამ ლოზუნგები ერთია, ხოლო რეალობა - მეორე. მაშინ სახელისუფლებო გუნდმა, რა თქმა უნდა, მათი ლიდერის გადაწყვეტილებით, მხარი ვითომც დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭირა.

გადახედეთ მთელ ქალაქში დაკიდებულ ბანერებს ან ავტობუსებს. დავით ბაქრაძის სახე გაქრა და მის მაგივრად ქალბატონი სალომე გამოჩნდა. რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი თავისი რესურსით ამას ვერ გააკეთებდა, მას ამისთვის „ოცნების“ საორგანიზაციო და ფინანსური რესურსი დასჭირდა. ასე რომ, მმართველი გუნდი ადრე შემუშავებული სცენარით თანმიმდევრობით მოქმედებს, დავალებები კი პირნათლად სრულდება.

- ნებისმიერი ოპოზიციური ჯგუფისთვის საპრეზიდენტო არჩევნების მოგება ანდა ანგარიშგასაწევი შედეგის დადება ასევე გახლავთ უმნიშვნელოვანესი საკითხი. როგორ ფორმაში ხვდებიან არჩევნებს სხვადასხვა ფლანგზე მყოფი ოპოზიციური ჯგუფები და სავარაუდოდ, როგორია მათი შანსები?

- არიან ადამიანები და ამ ადამიანების რაოდენობა არც ისე მცირეა, რომლებსაც სურთ, რომ მათი პრეზიდენტი საქართველოში იყოს დაბადებული და ქართული მისთვის მშობლიური ენა იყოს.

გადაიკითხეთ თუნდაც ირაკლი აბაშიძის გენიალური ლექსი „ხმა კატამონთან“, რომელიც ასე იწყება: „ო, ენავ ჩემო,/დედაო ენავ,/შენ ჩვენო ნიჭო,/სრბოლავ და ფრენავ...“. საქართველოს პრეზიდენტს, მათი აზრით, ქართული მენტალიტეტი უნდა გააჩნდეს და არა აკვიატებული ამბიციები. ამავდროულად, ეს ადამიანები თავისი მრწამსის შესაფერისად ხმას „ნაცმოძრაობის“ ამჟამინდელ თუ აწ გამორიდებულ წევრს არ მისცემენ. ასეთ ვითარებაში გონიერმა პოლიტიკოსმა შეიძლება მოულოდნელ შედეგებს მიაღწიოს.

შემთხვევითი ხომ არაა, რომ დავით უსუფაშვილის რეიტინგი საკმაოდ მაღალია, თუმცა მისი საარჩევნო კამპანია საჯარო სივრცეში საერთოდ არ ჩანს. არ ვიცი, სტრატეგიული თუ ფინანსური მიზეზების გამო. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

- „კვირის პალიტრისათვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვენ აცხადებთ - „დღეს ქვეყანაში მეჯლისს მთავრობა კი არა, გავლენიანი დაჯგუფებები მართავენ“. უკანასკნელ ხანებში გახმაურებულმა „ომეგასთან“ დაკავშირებულმა ისტორიამ და აუდიოჩანაწერების სკანდალმა საქართველოს შიდა პოლიტიკაში სერიოზული რყევები რომ გამოიწვია ფაქტია.

დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება - „ლევან ყიფიანის „აღიარებამ“ არა თუ არ გააქარწყლა აქამდე არსებული ეჭვები, არამედ კიდევ უფრო გაამყარა ისინი“. უამრავ ეჭვებს ბადებს ამ სკანდალთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან პასუხგაუცემელი კითხვები, რომლებზეც მკაფიო პასუხის გაცემას პროკურატურა არ ჩქარობს.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა გავლენა იქონია „ომეგას“ სკანდალმა საქართველოს შიდა პოლიტიკაზე და თქვენი აზრით, რა გავლენას იქონიებს იგი მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე?

- შუა საუკუნეებში ჩინელებმა კაცობრიობის ყველაზე უფრო ვერაგი და სასტიკი ასეთი წამება გამოიგონეს - წუთში ერთხელ კვირების მანძილზე ადამიანს კეფაზე ზუსტად ერთსა და იგივე წერტილში წყლის ერთი წვეთი ეცემოდა.

ჩვენთან რაღაც დოზით, სხვათა შორის, არცთუ ისე მცირე დოზით სამოქალაქო თავისუფლება არსებობს, მაგრამ ჩვენთან არ არსებობს დამოკრატიული საზოგადოების მეორე უმთავრესი პარამეტრი - ეს კი კანონის უზენაესობაა

ასე წვეთ-წვეთ ერთი ფაქტი მეორეს ედება და ერთი უნიჭო სცენარი მეორეს ცვლის. ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენთან ფორმალური მთავრობის გარდა, არსებობს ჩრდილოვანი, ასე ვთქვათ, სატელეფონო ხელისუფლება, როცა ერთმა დარეკვამ პროკურატურაში შეგროვებული მრავალტომიანი საქმე შეიძლება გადაწონოს.

ეს ახალი ხილი არ არის, სადაც ხელისუფლებაა, იქ გავლენიანი ჯგუფებიც არსებობენ. გაიხსენეთ თუნდაც ძველი რომი, როცა დიქტატორებს არავითარი ოფიციალური პოსტი არ ეკავათ, მაგალითად, სულას. მართალია, მას მობილური ტელეფონი არ გააჩნდა და შიკრიკებად მონებს აგზავნიდა.

მაგრამ, საზოგადოებაში უნდა არსებობდეს წითელი ხაზები, რომლის გადალახვის უფლება არავის უნდა ჰქონდეს, რადგან ეს წითელი ხაზები არა სამართალზე, არამედ სწორედ სამართლიანობაზე გადის.

ჩვენთან რაღაც დოზით, სხვათა შორის, არცთუ ისე მცირე დოზით, სამოქალაქო თავისუფლება არსებობს. მე არ მეშინია ჩემი აზრი აბსოლუტურად გულახდილად გამოვთქვა. მაგრამ, ჩვენთან არ არსებობს დამოკრატიული საზოგადოების მეორე უმთავრესი პარამეტრი - ეს კი კანონის უზენაესობაა.

ყველაზე ტრაგიკული კი ისაა, რომ ჩვენი საზოგადოების ძალიან ბევრ წარმომადგენელს ასეთი ვითარება ნორმალურად მიაჩნია - ყველაფერი აქედან მოდის. გავლენიანი ჯგუფების შიშით ძალიან ბევრი ადამიანი პრევენციულ ზომებს მიმართავს და ეს ზომები სხვადასხვა ადამიანის დისკრედიტაციის მცდელობაა.

გამოძიების პერიპეტიები არ ვიცი და არ მაინტერესებს, ჩემთვის სულერთია, მოახერხებს ოდესმე თუ არა სამხარაულის სახელობის საექსერტიზო სამსახური ხმების ავტენტურობის დადგენას.

ნებისმიერ ცივილურ ქვეყანაში იმ ადამიანს, რომელიც მიზნების მისაღწევად სხვა ადამიანის დისკრედიტირებას ცდილობს და იმ ადამიანსაც, რომელიც თავის მართლებას ცნობილი ხერხებითა და მენტალიტეტით ცდილობს, საზოგადოებიდან გარიყავდნენ

ჩემთვის მთავარი არის შემდეგი, ასეთი მარტივი რეალობის არსებობა - ადამიანი ცდილობს პრივილეგიების მიღებას და მასზე დაკისრებული მოვალეობებისაგან თავის არიდებას. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს, სამართლიანია თუ არა ეს მასზე დაკისრებული მოვალეობები. მნიშვნელოვანია ის ილეთები, რომელსაც ეს ადამიანი მიზნის მისაღწევად იყენებს. ნებისმიერ ცივილურ ქვეყანაში იმ ადამიანს, რომელიც მიზნების მისაღწევად სხვა ადამიანის დისკრედიტირებას ცდილობს და იმ ადამიანსაც, რომელიც თავის მართლებას თქვენთვის ცნობილი ხერხებითა და მენტალიტეტით ცდილობს, საზოგადოებიდან გარიყავდნენ.

ჩვენთან კი პოლიტიკური ელიტა, პარლამენტის სპიკერისა და ვიცე-სპიკერების ჩათვლით, ამაში უმსგავსობას ვერ ხედავს და ოფოციალური პირები კომენტარებს აკეთებენ. სასაცილოა სატირალი რომ არ ყოფილიყოს.

უმსგავსო მეთოდებით ჩემს დისკრედიტირებასაც ცდილობდნენ. ხმა არ ამომიღია. სატელეფონო ზარებს, რომელთა ჩაწერაც უნდოდათ, საერთოდ არ ვპასუხობდი. გახსოვთ ეს ისტორია? რა თქმა უნდა, არა.

- პოლიტიკოსებსა და პოლიტოლოგებს გარკვეული ვითარებების შეფასებისას უყვართ საუბარი სავსე, ნახევრად სავსე ან ცარიელ ჭიქაზე. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში საკმაოდ ბევრი საპრეზიდენტო კანდიდატი მონაწილეობს, ამ პროცესში სხვადასხვა გემოვნებისა და ძალის პოლიტიკური ჯგუფები არიან ჩართული, თუ არჩევნებისადმი საზოგადოების დამოკიდებულებას მივადევნებთ თვალს, ძნელი შესამჩნევი არ უნდა იყოს, რომ თუ შეიძლება ასე ითქვას, ქართული პოლიტიკური სცენა პრაქტიკულად ნახევრად ცარიელია.

შესაძლოა, მთლად ასეც არაა, მაგრამ ფაქტია, რომ იმავე ქართულ პოლიტიკურ სცენაზე არ ჩანს ლიდერი, რომელიც საზოგადოების უპირობო მხარდაჭერით სარგებლობს. „შუა არა მარტო გაკრეფილია“, არამედ, ყოველ შემთხვევაში ამ მომენტისათვის, მთავარ „გამკრეფ-მიმჭირხვნელსაც“, სამართლიანი „გამკრეფის“ რეპუტაცია აშკარად შელახული აქვს.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა 28 ოქტომბრის არჩევნებმა დაგვანახოს, რომ ქართული პოლიტიკური სცენა „ნახევრად ცარიელი“ არაა?

- მაინც გვიყვარს ქართველებს სუფრა და სუფრასთან დაკავშირებული ილუზიები. ქართული პოლიტიკური სცენა კი ზუსტად ისეთია, როგორიც ჩვენმა საზოგადოებამ შექმნა.

მმართველობაში ხომ საზოგადოების მიერ არჩეული ადამიანები არიან და მათი არჩევის გამჭვირვალობასა თუ შედეგების ავთენტურობაში არც ერთ ობიექტურად მოაზროვნე ადამიანს ეჭვი არ ეპარება.

ვის ვიქირავებთ ჩვენ პრეზიდენტად, ჩვენზეა დამოკიდებული. არჩევნების შედეგები სხვას არ უნდა გადავაბრალოთ. უნდა გვეყოს საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და პირადი სამოქალაქო სიმამაცე

ასე ვთქვათ, Vox populi – vox Dei. ( ხმა ხალხისა, ხმა ღმერთისა) ასე, რომ სცენა ცარიელი ან ნახევარად ცარიელი არ არის. სცენას ზუსტად ის მსახიობები დაეუფლნენ, რომელნიც ჩვენ მსახიობებად ვიქირავეთ.

ვის ვიქირავებთ ჩვენ პრეზიდენტად, ჩვენზეა დამოკიდებული. არჩევნების შედეგები სხვას არ უნდა გადავაბრალოთ. უნდა გვეყოს საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და პირადი სამოქალაქო სიმამაცე.

მეხამუშა სიტყვა „გამკრეფ-მიმჭირხვნელი“, რადგან თქვენს მიერ დასახელებულ ლიდერს ლიდერობის სრული უფლება აქვს მანამ, სანამ 2020 წლის არჩევნების შედეგები არ იქნება ოფიციალურად გამოცხადებული.

- პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდის ამოცანაა, ამ არჩევნებზე „ნაციონალებმა“ და მათმა განაყოფმა „ევროპელმა დემოკრატებმა“ ერთად ხმათა 27%-ზე მეტი არ მიიღონ, ანუ არ გაიმეორონ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეეგები.

თუ ასე არ მოხდა, საინტერესო იქნება არჩევნების შემდეგ როგორ განვითარდება პროცესები საქართველოს შიდა პოლიტიკაში და 2020 წლის საპარლამენტო არჩენებისთვის რომელ პოლიტიკურ ძალას ექნება უპირატესობა?

- როგორი შედეგებითაც არ დამთავრდება არჩევნები, ეს პოლიტიკურ დაპირისპირებას მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის.

თუ „დამოუკიდებელმა“ კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა, მმართველი ძალა იტყვის, რომ მას საპრეზიდენტო არჩევნები საერთოდ არ აინტერესებდა. თუკი გაიმარჯვა - იტყვიან, რომ მათი არაპირდაპირი დახმარებაც კი საზოგადოებაზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს

თუ „დამოუკიდებელმა“ კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა, მაშინ მმართველი ძალა იტყვის, რომ მას საპრეზიდენტო არჩევნები საერთოდ არ აინტერესებდა. თუკი გაიმარჯვა, იტყვიან, რომ მათი არაპირდაპირი დახმარებაც კი საზოგადოებაზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს.

პარლამენტის სპიკერი კი დასმული ამოცანის შეუსრულებლობის შემთხვევაში თავის სიტყვებს დაივიწყებს და ვითომც არაფერი, გააგრძელებს თავის საქმიანობას.

- არ ცხრება მსჯელობა და კამათი იმაზე, თუ რატომ დაუჭირა მხარი „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც მმართველმა გუნდმა „დამოუკიდებელი“ კანდიდატობა აშკარად დააბრალა. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რატომ დაუჭირა მხარი „ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილს?

- ჩემი ვარაუდები მაქვს, მაგრამ ვერ ვამტკიცებ და ამიტომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას თავს ავარიდებ.

- არჩევნების შედეგებზე საუბრისას ბატონმა ლადო პაპავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოინდომებს „ოცნება“ პოლიტიკურ ჯურღმულში ჩაჰყვეს ზურაბიშვილს და ამისთვის გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი“. თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ „ოცნება“ „მოინდომებს პოლიტიკურ ჯურღმულში” ჩაჰყვეს ზურაბიშვილს“?

- გააჩნია „სად, ვინ, როდის“? თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე პოლიტიკური მითითება არ იქნება, მაგრამ გამოჩნდებიან „დოქსოპულოები“, რომლებიც ერთგულების გამოსახატავად ძალ-ღონეს არ დაიშურებენ და ჩვენ კარგად ვიცით, როგორ გამოიხატება ხოლმე, განსაკუთრებით რეგიონებში, ასეთი მონდომება.

- მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესები, თუნდაც პოსტსაბჭოთა სივრცეში და კერძოდ საქართველოს მიმართ რუსეთის გააქტიურება იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენს ირგვლივ ტურბულენციის ხარისხი არა მარტო მატულობს, მისი დონე სულ უფრო და უფრო იზრდება.

უპრეცედენტოდ დიდი რუსული სამხედრო სწავლებების მიმდინარეობა, რუსეთის მიერ საქართველოს სივრცის მას შემდეგ უცერემონიოდ დარღვევა, რაც საქართველომ განაცხადა, რომ საჰაერო სივრცის დასაცავად ფრანგული სისტემები დაამონტაჟა, მოსკოვში ატეხილი ხმაური ლუგარის ლაბოლატორიასთან დაკავშირებით, კრემლის არაპროგნოზირებადი მოძრაობები ყველა მიმართულებით, იქნება ეს ანკარა, ბაქო თუ ერევანი, ან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მისი პოზიციების გაძლირება მხოლოდ მცირე ჩამონათვალია რაც ჩვენს ირგვლივ ხდება.

რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი საქართველოსთვის მომზადებული მორიგი „საშინაო დავალების“ სცენარის რეალიზაციისთვის ემზადება. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა გაგრძელებებია მოსალოდნელი საქართველოს ირგვლივ კრემლის შესამჩნევი და შეუმჩნეველ აქტივობების შემდეგ?

- კრემლის აქტივობა, ძირითადად, აშშ-ს დასანახად არის გამიზნული. აი, ნახეთ, რა მაგარი ბიჭები ვართ, ტრამპის სულაც არ გვეშინია, ჯობია დედამიწაზე ატომური ზამთარი სუფევდეს, ვიდრე ჩვენ, გერმანიის დამმარცხებლები, ტრამპს დავეჩოქოთ. თურქეთი, სირია და, რაც მთავარია, საქართველო, მხოლოდ საშუალებებია, ასე ვთქვათ, მეორე სადევარი კურდღელი.

რუსეთს ყოველთვის გრანდიოზული გეგმები ჰქონდა და აქვს, მაგრამ ეს გეგმები, სტრატეგიულ მომავალში არასოდეს მართლდება

სინამდვილეში კი, მიმაჩნია, რომ ანდაზა ორი კურდღლის მადევარის შესახებ ახლაც ძალაში დარჩება. რუსეთს ყოველთვის გრანდიოზული გეგმები ჰქონდა და აქვს, მაგრამ ეს გეგმები სტრატეგიულ მომავალში არასოდეს მართლდება.

აიღეთ, მაგალითად, კუბა, ავღანეთი, ვიეტნამი, რომელი ერთი დაგისახელოთ. რუსეთის უგუნურმა პოლიტიკამ მას უკრაინა, აზერბაიჯანი და საქართველო შეუქცევადად დააკარგვინა, ეხლა აკარგვინებს ყაზახეთს, უზბეკეთსა და თურქმენეთს, აღარაფერი რომ არ ვთქვათ ბალტიისპირეთის ქვეყნებზე. იმპერიულ ზრახვებს თანამედროვე მსოფლიოში მომავალი არა აქვს. მე თუ არა, ჩემი შვილი იმპერიის დაშლას შეესწრება.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა