ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2018

გია ხუხაშვილი - “ივანიშვილი ცაიტნოტშია - უმოქმედობა ძალიან ძვირად დაუჯდება!”
“რეიტინგების ომი” დაიწყო - ეს კვირა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისათვის გადამწყვეტი იქნება
ლია მუხაშავრია - “ფარცხალაძე ფარცხალაძეს დაიჭერს?...”
* * *
გია ხუხაშვილი - “ივანიშვილი ცაიტნოტშია - უმოქმედობა ძალიან ძვირად დაუჯდება!”
“მიუხედავად იმისა, რომ ამ ფარულ აუდიოჩანაწერებში გვესმის ბიძინა ივანიშვილის გვარი, მე მაინც ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ის ამ ბინძური თამაშის თანამონაწილეა, მაგრამ ხელისუფლება, რომელიც თითქოს არ იმჩნევს ამ ძალიან მძიმე ისტორიას, დროთა განმავლობაში უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდება. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მას ჯერ კიდევ აქვს შანსი, ამ სიბინძურეს გაემიჯნოს”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ივანიშვილი ცაიტნოტშია... უმოქმედობა ძალიან ძვირად დაუჯდება!” / “მურუსიძე, ფარცხალაძე და სხვები, რომლებიც, სავარაუდოდ, მართლაც ალაგებდნენ და ალაგებენ საქმეებს და ბევრი რამ იციან, არ არის გამორიცხული, თავს სწორედ შანტაჟით იცავდნენ“ / “რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, რომ გავლენიანი ჯგუფები ხშირად ბიძინა ივანიშვილის სახელს იყენებენ და ის არაფერ შუაშია, საქმე საქმეზე თუ მიდგა, ყველაფერს მას გადააბრალებენ” / “თუ ბიძინა ივანიშვილი ნაჯახით არ დაერია პარაზიტებს, “ქართული ოცნება” 2020 წლის არჩევნებს ვერ გადაიტანს. სისტემური ურჩხული, რომელიც მის წიაღშივე ჩამოყალიბდა, მასვე გაანადგურებს” / “ერთი წინადადებით დავახასიათებ საქართველოს უახლეს ისტორიას - ეს არის ისტორია იმისა, თუ როგორ მოვედით “ნაციონალური მოძრაობის” სადიზმიდან “ქართული ოცნების” მაზოხიზმამდე”.
“თუ ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ ამას გადააგორებენ და ეს ამბავი ვინმეს დაავიწყდება, ბრიყვია და მეტი არაფერი. ახლა საჭიროა ძალიან სწრაფი მოქმედება, ბიძინა ივანიშვილის რეპუტაციის, მისი ღირსების საქმეა ამ დანაშაულის გამოძიება და დასასჯელის დასჯა, ვინც არ უნდა იყოს იგი. თუ ბიძინა ივანიშვილმა ეს არ გააკეთა, მაშინ, ფაქტობრივად, ის ვითარება, ის განცდა, რაც საზოგადოებაშია ჩაბუდებული, რომ ყველაფერზე ის არის პასუხისმგებელი, დადასტურდება. ახლა ივანიშვილის უმოქმედობა იქნება ამ ყველაფერზე ხელის მოწერა, პასუხისმგებლობის აღება, რაც ძალიან ძვირად შეიძლება დაუჯდეს, რასაც ნამდვილად არ ვუსურვებდი. მესმის, იმ ხალხმა, ვინც ამ ხელისუფლების პირობებში შავი საქმეები აკეთა, დიდი გავლენა და სავარაუდოდ, დიდი ფულიც იშოვა, ისინი ამას იოლად არ შეელევიან, მაგრამ თუ პოლიტიკური ნება იქნება, მათთან გამკლავება მოხერხდება. სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს, ასეთ შემთხვევაში, რაც უნდა დიდი გალავნები და ღრმა ბუნკერები აშენონ, ფარცხალაძეც და სხვებიც ვერსად დაიმალებიან”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“ქართულ ოცნებას" არ ესმის ერთი მარტივი ჭეშმარიტება - დღეს მისი პრობლემა ოპოზიცია კი არ არის ან კონკრეტული საქმეები - ხორავას ქუჩის ტრაგედია, ოქუაშვილის თემა და ა.შ., არამედ მისი პრობლემაა ის, რომ მან თავის თავში გამოზარდა ურჩხული სისტემის სახით, რომელიც ახლა შიგნიდან მასვე ჭამს. დღეს ხელისუფლება მძევლად ჰყავს “კოლექტიურ მურუსიძეს”, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებისგან გადმოიბარეს. განსხვავება სააკაშვილის რეჟიმსა და “ქართული ოცნების” მმართველობას შორის ის არის, რომ სისტემური მანკიერება მაშინ თუ სადისტურ ხასიათს ატარებდა, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მაზოხისტური გახდა. “ქართულ ოცნებას” ამ ურჩხულის მართვა არ შეუძლია, შედეგად, სადიზმი გადავიდა მაზოხიზმში - ერთი წინადადებით დავახასიათებ საქართველოს უახლეს ისტორიას - ეს არის ისტორია იმისა, თუ როგორ მოვედით "ნაციონალური მოძრაობის" სადიზმიდან “ქართული ოცნების” მაზოხიზმამდე. ყველა ეს საქმე, ყველა ნაღმი, რომელზეც ხელისუფლება ფეთქდება, გარედან კი არ არის დადებული, არამედ შიგნით, საკუთარ წიაღშივე აქვთ... იმ მანკიერებათა შორის, რამაც იჩინა თავი, ყველაზე შემაშფოთებელი სისტემური კორუფციაა. ოქუაშვილის საქმე ავიღოთ, ხომ ყველამ ვიცით, რომ ის ანგელოზი არ არის, მაგრამ ისე მოახერხეს, რომ ოქუაშვილიც კი ხელისუფლების ინტერესჯგუფებთან შედარებით ლამის კეთილშობილად გამოიყურება...” - განაგრძობს რესპონდენტი.
“სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებელ კანდიდატად გამოცხადება ხომ წმინდა წყლის სიბრიყვეა, ამას არ სჯობდა, პირდაპირ ეთქვათ, ჩვენი კანდიდატიაო. ჩვენ ვხედავთ, ვინ უდგას გვერდით სალომე ზურაბიშვილს - “ქართული ოცნების” აქტივი და პარტიის ფინანსები, რომელიც სამედიცინო კლინიკების გავლით ძალიან უცნაური წესით აითვისეს. მარიხუანას თაობაზე წამოჭრილი ინიციატივაც გავიხსენოთ... რომელი ერთი საკითხი ვახსენო, სადაც აშკარად ჩანს ხელისუფლების პოლიტიკური მაზოხიზმის ნიშნები. ლევან ყიფიანის აღიარებაც თვითდაზიანების მაგალითი იყო. ლევან ყიფიანი ახლა არის “ქართული ოცნების” პოლიტიკის ნამდვილი სახე, რომელმაც აღიარა თაღლითობა იმ მიზნით, რომ სამართლებრივად რაღაც შეეფუთა... მე შეიძლება არ მომწონს სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ იმაზე მეტად არ მომწონს ვაშაძე, იმიტომ, რომ ის პარტია, რომელსაც ის წარმოადგენს, ჩემში ძალიან უარყოფით ემოციას იწვევს. რა არჩევანი გვაქვს? არჩევანი სადიზმსა და მაზოხიზმს შორის? არც სადისტი ხელისუფალი მინდა და არც მაზოხისტი, მე მინდა ხელისუფლებაში ისეთი ადამიანები და პოლიტიკური გუნდი, რომლებსაც მხოლოდ სურვილი კი არ ექნებათ კარგის კეთების, არამედ რეალურად შეეძლებათ კიდეც”, - ამბობს ექსპერტი და შეკითხვაზე - “ელით, რომ მესამე ცენტრის ჩანასახი “ქართული ოცნების” წიაღშივე გამოჩნდება?”, - პასუხობს:
“მეეჭვება. საქმე ის არის, რომ "ქართულ ოცნებაში" ვერ მოხდა ლიდერების გენერაცია. პირიქით, ამ პარტიის პოლიტიკური კლასი ჩამოყალიბდა პარაზიტად, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რესურსებით იკვებება და მის გარეშე არსებობა არ შეუძლია. ასე რომ, სკეპტიკურად ვუყურებ ამას, მიუხედავად იმისა, რომ “ოცნებაში” არსებულ ჯგუფებს აქვთ ასეთი ილუზიები, მაგრამ მათი პოლიტიკური პოტენციალი ძალიან შეზღუდულია. თუ ბიძინა ივანიშვილი ნაჯახით არ დაერია პარაზიტებს, “ქართული ოცნება” 2020 წლის არჩევნებს ვერ გადაიტანს. სისტემური ურჩხული, რომელიც მის წიაღშივე ჩამოყალიბდა, მასვე გაანადგურებს. “კოლექტიური მურუსიძე” მეტასტაზებივით მოედო ყველა სფეროს. მათგან ყველაზე სახიფათო კორუფციული გამოვლინებაა “ქართული ოცნების” პოლიტიკურ ელიტაზე ინტერესჯგუფების დომინირების სიმპტომები...”
“ჩვენ ვერაფრით გამოვედით გარდამავალი პერიოდიდან, რომლის დროსაც მუდმივად ჩნდება კონფლიქტი: ფული მუშაობს პოლიტიკაზე თუ პოლიტიკა ფულზე. სააკაშვილმა ისე მოახერხა, რომ ფულს პოლიტიკაზე ერთი სალაროს პრინციპით ამუშავებდა - ანუ იყო პოლიტიკური ვერტიკალი და მის სალაროში იქაჩებოდა ყველაფერი. დღეს კი პოლიტიკამ დაიწყო ფულზე მუშაობა და სხვადასხვა ინტერესჯგუფი პოლიტიკოსებს აიძულებს, რომ შეფუთონ მათი ინტერესები. ის პირველიც უბედურებაა, მაგრამ ეს მეორე კიდევ უფრო სახიფათოა. რატომ? _ იმიტომ, რომ რაღაც ეტაპზე იკარგება კონტროლი და კორუფციის სენი მთლიანად ძირავს ქვეყანას, სახელმწიფოებრიობას აცლის საფუძველს. ოქუაშვილის საქმე იმით კი არ არის საინტერესო, ვინ მართალია და ვინ მტყუანი - ჩემი აზრით, ამ საქმეში ყველა მტყუანი და დამნაშავეა, ოქუაშვილის ჩათვლით - ეს საქმე იმით არის საინტერესო, რომ ეს არის ბოლო ზარი იმის გასარკვევად, ვინ არის ამ ქვეყანაში მთავარი, ვინ კარნახობს თამაშის წესებს - პოლიტიკური ელიტა თუ ინტერესთა ჯგუფები”- დაასკვნის გია ხუხაშვილი.
“რატომ მაქვს იმედი, რომ გამოსავლის პოვნა კიდევ შესაძლებელია? - საქმე ის არის, რომ ეს ინტერესთა ჯგუფები განსაკუთრებულ კომფორტში არიან, რადგან როცა რაღაცებს ჩალიჩობენ, დიდწილად ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს იყენებენ ისე, რომ მან არაფერი იცის... იწყობენ საკუთარ კეთილდღეობას, ყველაფერში კი დამნაშავე ბიძინა ივანიშვილია. ეს არ ხდება მხოლოდ ბიზნესინტერესების თვალსაზრისით, იგივე ხდება პოლიტიკაშიც. გინახავთ, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკური ან ბიზნესელიტა გადაფარებოდა ოდესმე ბიძინა ივანიშვილს, დაეცვა მისი სახელი, თუ არ ჩავთვლით რაღაც ოდიოზურ განცხადებებს? არა, იმიტომ, რომ ამ პარაზიტულმა სისტემამ კომფორტი იგრძნო, თვითონ სახლობანას თამაშობენ, ფულსაც შოულობენ, თანამდებობებზეც არიან, მაგრამ პასუხს არაფერზე აგებენ... ყველაფერზე პასუხისმგებელი ხომ ბიძინა ივანიშვილია, რაც ბოლოს და ბოლოს უნდა დაინახოს ივანიშვილმა. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, თვითგადარჩენის ინსტინქტმა უნდა უბიძგოს იმისკენ, რომ ამ ძალიან მანკიერ ვითარებას წერტილი დაუსვას! ჩემთვის ფანტასტიკის სფეროა ის, რომ ბიძინა ივანიშვილს შეიძლება ჰქონდეს რაიმე ინტერესი ამ საქმეებში, რადგან ვიცნობ მას, ვიცი მისი მასშტაბი და შეხედულებები. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ინტერესი აქ არ არსებობს, თუმცა რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, რომ გავლენიანი ჯგუფები ხშირად ბიძინა ივანიშვილის სახელს იყენებენ და ის არაფერ შუაშია, საქმე საქმეზე თუ მიდგა, ყველაფერს მას გადააბრალებენ. ამიტომაც ვამბობ, რომ დღეს გადამწყვეტი მომენტია, მან ან ახლა უნდა აჩვენოს, რომ არ არის ამ მანკიერების თანამონაწილე და ეს უნდა გააკეთოს მაქსიმალურად აგრესიული მეთოდებით, ან საბოლოოდ მოაწეროს ამ სიბინძურეზე ხელი”, - განმარტავს ექსპერტი.
“ივანიშვილს უკვე შევთავაზე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - კარგი იქნებოდა, ჩამოეყალიბებინა სისტემური ინსტიტუტი - დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც დაუნდობელ ბრძოლას გამოუცხადებს ამ ყველაფერს. ეს იქნება მისი პოლიტიკური ალიბი, რომ ეს არ ხდება მისი ხელდასხმით. მას აქვს შანსი იმისა, რომ პოლიტიკური ნება აჩვენოს არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ ქვეყნის გარეთაც. მას ახლა პრობლემა მხოლოდ საქართველოში არა აქვს, მას პრობლემა აქვს იმ დასავლურ სამყაროსთან, რომლისკენაც მივდივართ. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ოქუაშვილის საქმის ამ უხეირო შეფუთვას ნამდვილად არ “ჭამენ”. ბიძინა ივანიშვილი უნდა დაფიქრდეს იმაზეც, რა იქნება მაშინ, როდესაც ეს პოლიტიკური ძალა წავა ხელისუფლებიდან, ეს სისტემა ხომ ყველაფერს მას დააბრალებს. ყველა იმას იტყვის, ჩვენ პატარა კაცები ვიყავით და რასაც ვაკეთებდით, ბიძინა გვავალებდაო. ამიტომაც მის სასიცოცხლო ინტერესებშია აღკვეთოს ეს ყველაფერი დროულად... მურუსიძე, ფარცხალაძე და სხვები, რომლებიც, სავარაუდოდ, მართლაც ალაგებდნენ და ალაგებენ საქმეებს და ბევრი რამ იციან, არ არის გამორიცხული, თავს სწორედ შანტაჟით იცავდნენ... თუ მათ დაუპირისპირდებიან, კომპრომატებს, ალბათ, გამოააშკარავებენ, რაც დამაზიანებელი იქნება პოლიტიკური ელიტისთვის. თუ ეს დეგრადაციის პროცესი არ შეჩერდა, ამაზე გაცილებით მძიმე შედეგებით დაასრულებს "ქართული ოცნება", ამიტომაც ივანიშვილი უნდა წავიდეს ამ რისკზე”, - დასძენს გია ხუხაშვილი.
“რეიტინგების ომი” დაიწყო - ეს კვირა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისათვის გადამწყვეტი იქნება “ბოლო 2 კვირის განმავლობაში 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სამი სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევა გამოქვეყნდა და სამივეში ის კანდიდატი იმარჯვებს, ვისი დაკვეთითაც არის კვლევა ჩატარებული. ერთადერთი შედეგი, რაც სამივე კვლევას საერთო აქვს, ისაა, რომ პრეზიდენტი მხოლოდ მეორე ტურის შემდეგ გამოვლინდება. პოლიტოლოგების თქმით, არჩევნების საბოლოო შედეგს არც ერთი კვლევა არ დაემთხვევა იმ მარტივი მიზეზით, რომ საქართველოში სოციოლოგიური გამოკითხვების მიზანი პროპაგანდა და დამკვეთი ძალის ამომრჩევლის მობილიზაციაა და არა რეალური პროგნოზირება. თუმცა ექსპერტები ერთ რამეში თანხმდებიან - რომ მეორე ტურის ალბათობა ძალიან დიდია და მეორე ტურში ისევ ხელისუფლების კანდიდატი გაიმარჯვებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “რეიტინგების ომი” დაიწყო, ეს კვირა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისათვის გადამწყვეტი იქნება.
“პრეზიდენტობის კანდიდატების სამი განსხვავებული რეიტინგი ასეთია: 27 სექტემბერს გამოქვეყნდა “რუსთავი 2”-ის დაკვეთით საერთაშორისო ორგანიზაცია “ედისონ რისერჩის” მიერ ჩატარებული კვლევა. “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს აქვს 22%, “ევროპული საქართველოს” კანდიდატ დავით ბაქრაძეს - 18%, “ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს - 15%. კვლევის მიხედვით, მეორე ტურის ალბათობა დიდია და თუ ერთ-ერთი სუბიექტი სალომე ზურაბიშვილი იქნება, მეორე ტურში 24%-ზე მეტს ვერ აგროვებს და ვაშაძესთანაც მარცხდება და ბაქრაძესთანაც. 4 ოქტომბერს გამოქვეყნდა “ევროპული საქართველოს” დაკვეთით კომპანია “ბი-ჯი-სის” მიერ ჩატარებული კვლევა. აქაც პირველ-მეორე ადგილებს ბაქრაძე და ვაშაძე ინაწილებენ. დავით ბაქრაძე - 13,2%, გრიგოლ ვაშაძე - 13%, სალომე ზურაბიშვილი - 10.2%. ამ კვლევითაც, თუკი მეორე ტურში ზურაბიშვილი გავა, ის წააგებს. იმავე დღეს, 4 ოქტომბერს, კვლევა გამოაქვეყნა “გირჩმაც”. პირველ ადგილზე სალომე ზურაბიშვილია - 15.2%, მეორეზეა პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე - 13,2%. შემდეგაა გრიგოლ ვაშაძე - 11.5%. ამავე კვლევით, მეორე ტური გაიმართება და ზურაბიშვილი ჯაფარიძესთანაც მარცხდება და ბაქრაძესთანაც. კვლევა “გირჩის” დაკვეთითა და დაფინანსებით კომპანია JUD-მა ჩაატარა. “ქართული ოცნება” კი აცხადებს, რომ შიდა კვლევა მათაც აქვთ ჩატარებული, რომლის გასაჯაროებას არ გეგმავენ და, ამ კვლევით, სალომე ზურაბიშვილი პირველსავე ტურში იგებს”, - აღნიშნავს გამოცემა.
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, სამწუხაროდ, საქართველოში სოციოლოგიური კვლევები პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად იქცა, ვიდრე პროგნოზირების ინსტრუმენტად, პრინციპით - ვინც იხდის ფულს, ის იგებს, რაც ამ ინსტიტუტის სანდოობას კიდევ უფრო აკნინებს. “თუ დავაკვირდებით კვლევებს, კანდიდატებს, ფაქტობრივად, ერთნიშნა რეიტინგი აქვთ, ან ცოტა მეტი. ანუ, მათ ნატურალური მხარდამჭერები არ ჰყავთ და ყველა სამობილიზაციო რესურსის იმედზეა. სამობილიზაციო რესურსი ის ხალხია, ვისაც არც ერთი კანდიდატი არ მოსწონს, მაგრამ მზად არიან, ერთჯერადი კონტრაქტით ვიღაცას გადაუგდონ ხმა. როდესაც ამომრჩეველი ასეა განწყობილი, იმას მიაქვს სამობილიზაციო რესურსი, ვისაც ეს რესურსი მეტი აქვს -შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილს ნატურალური მხარდამჭერი მართლაც არ ჰყავს, მაგრამ “ქართულ ოცნებას” ადმინისტრაციული, ორგანიზაციული რესურსის, ფინანსური რესურსის შედეგად ზურაბიშვილი პირველ ადგილზე გავა, დაუმსახურებლად, დაბალი ლეგიტიმაციით, მაგრამ ტექნიკურად ამოცანა შესრულდება. სხვა საკითხია, ეს პირველსავე ტურში მოხდება, თუ - არა. მეორე ტურის ალბათობა არსებობს”, - ამბობს ხუხაშვილი. მისი თქმით, “ზურაბიშვილი მთელი კამპანიის დროს საქართველოდან რომ გამქრალიყო, მისი შედეგი უფრო მაღალი იქნებოდა, ვიდრე ახლაა, როდესაც კამპანიის პირობებში ამდენი სისულელე და სკანდალი მოხდა”, - განაგრძობს გამოცემა.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ სამივე კვლევას პოლიტიკური საფუძველი აქვს და ამიტომაც ყველა კვლევაში დამკვეთის კანდიდატია პრიორიტეტული და გამარჯვებული, რის გამოც არც ერთი არ ტოვებს ობიექტურობის განცდას. მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” ლიდერებმა კარგად იციან, რომ ამ არჩევნებში მათი კანდიდატი ვერ გაიმარჯვებს. ამიტომაც მათი მთავარი ინტერესია, რომელი გავა მეორე ადგილზე და ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური ძალა. “აშკარაა, რომ მეორე ტურის ალბათობა ძალიან მაღალია და, ასევე, ძალიან მაღალია ალბათობა, რომ სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურში გავა მიუხედავად იმისა, რომ მისი რეიტინგი საგრძნობლად დაეცა მას შემდეგ, რაც კამპანია დაიწყო და ცნობილი განცხადებებით გამოვიდა. მიმაჩნია, რომ საბოლოო საზოგადოებრივი აზრის ჩამოსაყალიბებლად გადამწყვეტი იქნება შემდეგი კვირა. ჯერჯერობით ლიდერობს სამი კანდიდატი - ზურაბიშვილი, ვაშაძე და ბაქრაძე, ბაქრაძისა და ვაშაძის მთავარი მიზანი კი უფრო ისაა, რომელი გავა მეორე ადგილზე და ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური ძალა. ორივე ოპოზიციურმა კანდიდატმა ძალიან კარგად იცის, რომ მეორე ტურში ზურაბიშვილთან წააგებენ. ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია ზურაბიშვილთან ერთად მეორე ტურში გასვლა. ისინი მეორე ადგილისთვის იბრძვიან”, - ამბობს ძაბირაძე, რომლის თქმით, “ამაზე მეტყველებს ნიკა გვარამიას განცხადებაც, რომელიც ზურაბიშვილის პირდაპირი მხარდაჭერაა”, - დასძენს გამოცემა.
“როდესაც საზოგადოებას აშინებ - მოვალთ თუ არა, მის მხარდამჭერებს სუყველას დაგიჭერთო, საზოგადოებაში კი ისედაც შიშია, რომ თუ “ნაციონალები” დაბრუნდებიან, რევანშს აიღებენ, ასეთი განცხადება ზურაბიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს. გვარამიამ ეს ძალიან კარგად იცის და სწორედ ამიტომაც თქვა ასეთი რამ, რომ მეორე ტურში გავიდნენ ზურაბიშვილი და ვაშაძე და არა ბაქრაძე და ვაშაძე, ან ბაქრაძე და ზურაბიშვილი. “ნაციონალურ მოძრაობას” თავისი მყარი ამომრჩეველი ჰყავს, რომელიც ამგვარ განცხადებებზე არ რეაგირებს და ისინი არჩევნებზე ვაშაძეს დაუჭერენ მხარს. ამიტომ გვარამიას ამ განცხადებით “ნაციონალები” ამომრჩეველს არ კარგავენ, მაგრამ იმ ხმებს, რომელიც შეიძლება “ქართული ოცნებიდან” წავიდა და მერყეობს, სახლში დარჩეს თუ შედარებით ლიბერალურ ბაქრაძეს დაუჭიროს მხარი, “ოცნებასთან” დააბრუნებს, რაც ბაქრაძეს მეორე ტურის მიღმა დარჩენას უქადის”, - ამბობს გამოცემასთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
ლია მუხაშავრია - “ფარცხალაძე ფარცხალაძეს დაიჭერს?...”
“ოქუაშვილი ამ ჩანაწერებით ვაჭრობას ცდილობს, რათა ბიზნესი დაიბრუნოს. მას, როგორც ჩანს, საკმაოდ აქვს გადახდილი და ისეა გამწარებული, ყველაფერზე წავა, რათა ეს რეკეტი შეაჩეროს. მან გადაიხადა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, კიდევ სთხოვენ. მე სულ ვეჭვობდი, რომ ყოველი ახალი ჩანაწერი წინაზე უფრო მწვავე იქნებოდა და მეტი და მეტი სკანდალია მოსალოდნელი, რადგან სანამ ოქუაშვილი თავის მიზანს არ მიაღწევს, გააგრძელებს ჩანაწერების გამოქვეყნებას და სულ უფრო ახალი სახეები გამოჩნდებიან, რაც მეტად დაგვარწმუნებს, რომ ეს სიმართლეა და არ არის დადგმული. ჩანაწერები კი, როგორც ჩანს, კიდევ აქვს, თანაც რეალურია, რადგან ასეთ ავანტიურაზე ვერ წავიდოდა, რადგან მისი ოჯახის წევრები საქართველოში ცხოვრობენ. ამიტომ ვურჩევ ხელისუფლების სათავეში მყოფ პირებს, დროა, აღიარონ, რაც მოხდა, თუ არ უნდათ, ამ ჩანაწერებმაც იგივე როლი შეასრულოს, რაც 2012 წლის არჩევნების წინ ციხის კადრებმა”, - აცხადებს უფლებადამცველი ლია მუხაშავრია გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ფარცხალაძე ფარცხალაძეს დაიჭერს?.. / “თუ დავუშვებთ, რომ ყიფიანმა სიმართლე თქვა და ჩანაწერები მისი და ოქუაშვილის თამაშია, ეს სერიოზული დანაშაულია, რაც, შესაძლოა სიმძიმით არ ჩამოუვარდებოდეს ბიზნესის რეკეტს / “მართლმსაჯულება პარალიზებულია -წარმოიდგინეთ, პროკურატურამ, რომელსაც აკონტროლებს ფარცხალაძე, უნდა გამოიძიოს საქმეები, რომლებშიც ფარცხალაძე ფიგურირებს / “მრავლისმეტყველია, რომ ყიფიან-ოქუაშვილის ახალ ჩანაწერში გახარიას გვარი კიდევ გაჟღერდა...”.
“გახარიას გვარის გაჟღერებაც მრავლისმეტყველია. ეჭვიც არ მეპარება, რომ ძალოვანი უწყებების გარეშე ეს არ მოხდებოდა. ამიტომაც ვამბობთ, რომ ეს არის სისტემური პრობლემა და სახელმწიფო რეკეტი. ეს არ არის მხოლოდ ერთი პირის სურვილი, ამაში მთელი სახელმწიფო მანქანაა ჩართული. პროკურატურა დუმს და ელოდება, რას მოიფიქრებენ ხელისუფლების მაღალ ეშელონებში და იქ, ეტყობა, იმდენად არ სცალიათ, ახლაღა გაახსენდათ, რომ ლევან ყიფიანია დასატერორებელი - მან უნდა თქვას, რომ ეს ყველაფერი დადგმულია და ამიტომ თქვა ეს ასე გვიან. მოველოდი, რომ ეს სპექტაკლი გაცილებით ადრე გათამაშდებოდა. თუმცა ასეთ საკითხებზე მსხვერპლად ქცეული ადამიანები კი არ უნდა გველაპარაკებოდნენ, ეს ტყუილიაო, პროკურატურა უნდა გვეუბნებოდეს მკაფიოდ, რომ ჩატარდა ექსპერტიზა, საგამოძიებო მოქმედებები და ეს არ დადასტურდა. მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, მათ შორის ყიფიანის ინტერვიუ და ასე ვთქვათ, ფაქტების დეზავუირება, კიდევ უფრო გვარწმუნებს, რომ ის, რაც ოქუაშვილმა თქვა და რა ჩანაწერებიც გავრცელდა, სიმართლეა. ასეთ სკანდალებში დროის ფაქტორი გადამწყვეტია. ყიფიანი მაშინვე რომ გამოსულიყო და ეს ეთქვა, საზოგადოების განწყობა არ იქნებოდა ასეთი მტკიცე, რომ მისი განცხადება საგანგებოდ შეთითხნილია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლია მუხაშავრია.
“პოლიტიკოსების და მაღალი თანამდებობის პირების ცინიკური დამოკიდებულება და ამ ამბის ანეკდოტთან შედარება ძალიან სახიფათო ნიშნებს შეიცავს. მე არ მინდა ისეთ ადამიანებს ვანდოთ გადაწყვეტილების მიღება, რომლებიც ასეთ ფაქტებს ანეკდოტებს უწოდებენ და როგორც თავად ამბობენ, სასაცილოდ არ ჰყოფნით. ეს არ არის ხელწამოსაკრავი თემა. მხოლოდ ყიფიანის განცხადებაზე აქცენტის გაკეთება, ეს მე მოვიგონეო, ნდობას არ იწვევს. ამის დაჯერების შანსი ნულის ტოლია. არ შეიძლება ეს მხოლოდ ორი კაცის ჩანაფიქრი იყოს, ასეთი ავანტიურისთვის დიდი რესურსი, სერიოზული მომზადება და შემდგომში შესაბამისი ქმედებებია საჭირო. თუ ასეთი ავანტიურა ვიღაცამ დაგეგმა და ჰგონია, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობას მოატყუებს, ეს ავანტიურა ჯერ იმაზე მაინც უნდა ყოფილიყო გათვლილი, რომ ქვეყანაში მაინც მოტყუვდებოდა ვინმე. ეს მიზანი ჯერ ქვეყნის შიგნით არ არის მიღწეული, მაშინ რანაირად მოტყუვდებიან დასავლეთში, ოქუაშვილის ძალიან სერიოზული პარტნიორები როგორ დაიჯერებენ, რომ მან ეს მოიფიქრა და ლევან ყიფიანთან ერთად შეასრულა?” - განაგრძობს რესპონდენტი. “თუ დავუშვებთ, რომ ყიფიანმა სიმართლე თქვა და ჩანაწერები მისი და ოქუაშვილის თამაშია, ეს სერიოზული დანაშაულია, რაც, შესაძლოა სიმძიმით არ ჩამოუვარდებოდეს ბიზნესის რეკეტს... ეს აფერა გულისხმობს ასევე ძალიან მძიმე თანამდებობრივი დანაშაულის დაბრალებას, რაც ცალკე დანაშაულია. ეს არის ძალიან სერიოზული დანაშაულის პროვოკაცია, სადაც გარეული არიან არა რიგითი, არამედ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები. ამიტომ, თუ დავიჯერებთ, რომ ყიფიანი სიმართლეს ამბობს, თუნდაც ამ მიმართულებით უნდა ჩატარდეს გამოძიება და ყოველდღიურად გვამცნონ, რა დასკვნები გაკეთდა”, - ამბობს უფლებადამცველი და შეკითხვაზე - “მაშინ გამოდის, უფრო მძიმე დანაშაულს იგონებს, რათა დაფაროს ის დანაშაული, სადაც ივანიშვილთან დაახლოებული ადამიანები ფიგურირებენ?” - პასუხობს:
“ასე გამოდის. თუ ასეთი მძიმე დანაშაული იყო ჩადენილი და ეს არ იყო გადაფარვა, მაშინ რატომ დუმს პროკურატურა და რატომ არაფერი ხდება. პროკურატურა არ იძიებს იმიტომ, რომ არ უნდათ... ჩვენ ამ მოვლენების ფონზე შეიძლება გავაკეთოთ ძალიან ცუდი დასკვნა, რომ მთელი ეს კორუფციული სისტემა იმდენად ინსტიტუციურად არის ჩამოყალიბებული და იმდენად სისტემური ხასიათისაა, რომ მასში ყველა არის გარეული, პროკურატურის ჩათვლით. ამიტომ დუმს პროკურატურა, გამოძიება არ მიდის და ახლა ერთი-ორი კაცის დატერორების ხარჯზე უნდათ დაგვარწმუნონ, თითქოს ეს ყველაფერი მოგონილია”.
“საერთოდ, როდესაც არაფორმალური მმართველობის საფრთხეებზე ვლაპარაკობთ, სწორედ ეს იგულისხმება, რომ ფარცხალაძე, რომელიც არ არის ფაქტობრივი პროკურორი, ოფიციალური პირი და ის აღასრულებს ქვეყანაში მართლმსაჯულებას - არის ჯალათიც, განმსჯელიც, არის სასჯელის შემფარდებელიც და მისი აღმასრულებელიც. ასეთ ვითარებაში, როდესაც მმართველობა არაფორმალურია, ქვეყანა ძალიან სწრაფად იძირება ჭაობში. უკვე ვხედავთ, როგორ ხრწნის ეს ქვეყანას, როგორც ინსტიტუტს, შიგნით ასეთი პროცესებია და ხელისუფლებას მისი შეჩერება აზრადაც არ მოსდის. ეს უპირველესად მას გადაიყოლებს... მართლმსაჯულება პარალიზებულია - წარმოიდგინეთ, პროკურატურამ, რომელსაც აკონტროლებს ფარცხალაძე, უნდა გამოიძიოს საქმეები, რომლებშიც ფარცხალაძე ფიგურირებს...”, - განმარტავს ლია მუხაშავრია.
“ის ლექსიკა, რომლითაც გველაპარაკებიან, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, საზოგადოებას თვალნათლივ უჩვენებს, რომ ჩვენ მივეცით უფლებამოსილება და მანდატი იმ პირებს, რომლებიც ამ თანამდებობისთვის სრულიად შეუფერებელი და არაადეკვატურები არიან. ამას ემატება ისიც, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა რეალურია, ძალიან დიდი და განუზომელი ძალაუფლების პრაქტიკულად გამტარებელია და ეს ძალიან საშიში ვითარებაა... ვფიქრობ, საზოგადოება მალე გონს მოეგება. ხალხმა უნდა დაინახოს, რომ არჩევნების დღეს შინ ჯდომა არ შეიძლება და არა მარტო უნდა მივიდნენ არჩევნებზე, არამედ ყურადღებით შეაფასონ კანდიდატები და არჩევანი ისე გააკეთონ”, - დასძენს რესპონდენტი.

























