ნიკოლაი სილაევი  - თუ საქართველოს მიაჩნია, რომ მისი უსაფრთხოება რუსეთთან ურთიერთობების გაუარესების ხარჯზე მიიღწევა, რუსეთს აქვს უფლება იმოქმედოს ისე, როგორც თავად ჩათვლის

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პრობლემურ თემებსა და იმაზე, თუ როგორ აღიქმება მოსკოვში საქართველოში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები, „ინტერპრესნიუსი“ მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის კავკასიის პრობლემებისა და რეგიონალური უსაფრთხოების კვლევათა ცენტრის მკვლევარს, ნიკოლაი სილაევს ესაუბრა.

- ბატონო ნიკოლაი, საქართველო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში საარჩევნო კამპანიის სახით საკმაოდ რთული და იმავდროულად საინტერესო პოლიტიკურ პროცესი სახეზეა. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორია მოსკოვიდან დანახული ჩვენთან მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია?

- საქართველოში 28 ოქტომბრისთვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები შიდაპოლიტიკური პროცესის ნაწილია და ამ თვალსაზრისით რუსეთში განსაკუთრებულ ემოციებს არ იწვევს. რუსი დამკვირვებლების შეფასებით საქართველოში არსებული წინასაარჩევნო სიტუაცია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე გავლენას ნაკლებად ახდენს.

საქართველოში არსებული წინასაარჩევნო სიტუაცია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე გავლენას ნაკლებად ახდენს

თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, თუ რა განცხადებებსა და შეფასებებს აკეთებენ ქართველი პოლიტიკოსები რუსეთზე, რა თქმა უნდა, რუსეთში აღნიშნავენ, რომ ეს რიტორიკა თანდათან უახლოვდება იმ სტანდარტებს, რომელიც სააკაშვილის მმართველობის ბოლო პერიოდში იყო დამკვიდრებული. ეს კი არ შეიძლება არ იწვევდეს შეშფოთებას, მაგრამ თავისთავად საარჩევნო კამპანია გავლენას არანაირ გავლენას არ ახდენს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე.

თვალშისაცემია ის, რომ საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას პოლიტიკოსები რუსეთთან მიმართებაში აქტიურად გამოიყენებენ იმ რიტორიკას, რომელიც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში იყო. მართალია, ეს რიტორიკა შემდეგ შერბილდა, მაგრამ ახლა პოლიტიკოსების უმეტესობა ამ რიტორიკას იმაზე მეტად ხშირად მიმართავს, ვიდრე ეს შეიძლება ჩვენ გვინდოდეს.

- ფაქტია, რომ 2018 წლის წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში პრეზიდენტობის კანდიდატები ერთმანეთს პრორუსულ პოლიტიკოსობაში ხშირად ადანაშაულებენ.

დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ სალომე ზურაბიშვილზე არჩევანის გაკეთება სხვა არაფერია, თუ არა ოფიციალური თბილისის მიერ რუსეთის მიმართ კეთილგანწყობის დემონსტრირება. თქვენ როგორ შეაფასებდით, პრეზიდენტობის კანდიდატ ზურაბიშვილთან დაკავშირებით თქვენი ქართველი კოლეგების ამგვარ შეფასებას?

- ჩემთვის ამ თემაზე მსჯელობა საკმაოდ ძნელია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მოსკოვში საქართველოს მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატურა ამ კონტექსტში არ განიხილება. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ საქართველოს მმართველობის სისტემაში პრეზიდენტის უფლებამოსილებები ბევრად შეკვეცილია და იგი ბევრწილად სიმბოლური ფიგურაა. მიმაჩნია, რომ ის კურსი, რომელსაც საქართველო რუსეთის მიმართ ატარებს, ნაკლებადაა დაკავშირებული შიდაპოლიტიკურ ვითარებასა და გარემოებებზე.

ქართველი პოლიტიკოსები ერთმანეთს პრორუსულ განწყობებში კი ადანაშაულებენ, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში ეს იმდენად გავრცელებული, სტანდარტული და ტრადიციად ქცეული ბრალდებებია, რომ მათი კომენტირების აზრს ვერ ვხედავ

ქართველი პოლიტიკოსები ერთმანეთს პრორუსულ განწყობებში კი ადანაშაულებენ, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში ეს იმდენად გავრცელებული, სტანდარტული და ტრადიციად ქცეული ბრალდებებია, რომ მათი კომენტირების აზრს ვერ ვხედავ.

ისე კი ვიტყვი - სულაც არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ოპონენტები ერთმანეთს ბრალს სწორედ პრორუსულ განწყობებში ადანაშაულებენ.

- ამას წინათ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა საქართველოს მიმართ საკმაოდ არასასიამოვნო, მუქარისშემცველი განცხადებები გააკეთა.

მან განაცხადა, რომ საქართველოში ნატოს სამხედრო სწავლებები რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება და რუსეთი ამგვარ ქმედებებს ადეკვატურად უპასუხებს.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კი ორი დღის წინ განაცხადა - „ნატო საქართველოსთვის კეთილდღეობისა და სტაბილურობის გარანტიაა, რაც ასე სჭირდება ჩვენს რეგიონს.“

ნატოსთან საქართველოს დაახლოების თემაზე ხშირად გაგვიგონია უკმაყოფილების შემცველი განცხადებები მოსკოვიდან, მაგრამ, ამჯერად ბატონ კარასინის განცხადების ტონი საკმაოდ მკაცრი იყო. კარასინის ამ განცხადების შემდეგ ბევრი იმაზეც ალაპარაკდა, რომ რუსეთის გენერალურ შტაბში საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედების გეგმა რეალურად არსებობს. თქვენ როგორ შეაფასებდით საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე ნატოსა და ევროკავშირის მიმართულებით საქართველოს მოძრაობაზე მოსკოვის მრიდან მკაცრი ტონის დემონსტრირებას?

- ბატონმა კარასინმა სიტყვა-სიტყვით თქვა შემდეგი - თბილისი კვლავაც არ მოდის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე, აგრძელებს რუსეთისათვის მტრულ ქმედებებს საერთაშორისო ასპარეზზე, მონაწილეობს ნატოს სტრატეგიის განხორციელებაში, რომელიც რუსეთის შეკავებას ითვალისწინებს. პირდაპირ ვაფრთხილებთ ქართველ პარტნიორებს - ამგვარ ქმედებებს რუსეთი ადეკვატურად უპასუხებს, ვინაიდან ეს აფერხებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესს.

ბოლო პერიოდში საქართველომ მნიშვნელოვნად გააქტიურა ნატოსთან ურთიერთობების გაღრმავების პროცესი... სწორედ ამაზე პასუხი გახლდათ კავკასიის რეგიონში რუსეთის გააქტიურება. მხედველობაში მაქვს ის სწავლებები, რომელიც ჩატარდა

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ აქ საუბარი არაა იმაზე, რომ მოსკოვი თბილისს აშინებს. რუსეთი საქართველოს აფრთხილებს და ეს გაფრთხილება მიმართულია იმისაკენ, რომ ორ ქვეყანს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება ორივე ქვეყნის კეთილი ნების გამოვლენის შემთხვევაშია შესაძლებელი.

ჩემი აზრით, კარასინმა უბრალოდ თქვა, რომ ამგვარი კეთილი ნების არარსებობის შემთხვევაში რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება საფრთხის წინაშე აღმოჩნდება და ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების პროცესის ნორმალიზაციაში პრობლემების შექმნა, ქართული მხარის ბრალი იქნება.

რაც შეეხება ნატოს. ნატოსთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია არც გუშინ ჩამოყალიბებულა და არც დღეს. რუსეთი ნატოს ბლოკის გაფართოებას მისთვის საფრთხის შემცველ პროცესად განიხილავს.

ამ პოზიციის შესახებ ჩვენმა ქართველმა პარტნიორებმა 10 წელზე მეტია იციან. ამერიკელმა ექსპერტებამ საჯაროდ აღიარეს, რომ საქართველოს ნატოში მისაღებად რეალურად არსებობს პრობლემები და შეზღუდვები და ეს უპირველესად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ეხება.

საქართველო საერთაშორისო ფორმატებში აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ხელისუფლებას და ერთვება იმ კრიზისში, რომელიც უკრაინის გამოა შექმნილი. რაში სჭირდება ეს საქართველოს, არ მესმის

ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში საქართველომ მნიშვნელოვნად გააქტიურა ნატოსთან ურთიერთობების გაღრმავების პროცესი. ეს ეხება არა მარტო ნატოსთან ერთობლივი ყოველწლიური სწავლებების ფორმატს, რომელიც ითვალისწინებს ამერიკული სამხედრო ტექნიკის საქართველოში გადასროლას. სწორედ ამაზე პასუხი გახლდათ კავკასიის რეგიონში რუსეთის გააქტიურება. მხედველობაში მაქვს ის, სწავლებები, რომელიც ჩატარდა.

აშკარაა, რომ საქართველო მონაწილეობას იღებს რუსეთის შეკავების ნატოს პოლიტიკის განხორციელებაში. არადა, საქართველოს არანაირი საფუძველი არ აქვს დასავლეთის მიერ შემუშავებულ რუსეთის შეკავების პოლიტიკის განხორციელებაში მიიღოს მონაწილეობა.

გარდა ამისა, საქართველო საერთაშორისო ფორმატებში აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ხელისუფლებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველო აწარმოებს ანტირუსულ პოლიტიკას და ერთვება იმ კრიზისში, რომელიც უკრაინის გამოა შექმნილი. რაში სჭირდება ეს საქართველოს, არ მესმის. ამიტომ, სულაც არ მიკვირს ის, რაც კარასინმა ამ კონტექსტში თქვა.

- დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე მოსკოვმა თბილისის პოზიცია იცის - სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საელჩოების არსებობის პირობებში ეს წარმოუდგენელია. დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეკავების პოლიტიკაზე საქართველოს მიერთება გასაკვირი არ უნდა იყოს - საქართველოს რუსეთის ავიწროებს და არა დასავლეთი. რაც შეეხება ოფიციალური თბილისის მიერ კიევის მხარდაჭერას, ესეც ბუნებრივად გამოიყურება, ვინაიდან უკრაინას და საქართველოს რუსეთთან ერთნაირი პრობლემები აქვს.

გასაკვირი ის უფრო იქნებოდა, საქართველო უკრაინას საერთაშორისო ფორუმებზე მხარს არ უჭერდეს. ისე ლაპარაკობთ, თითქოს საქართველოს წინაშეც არ იდგეს რუსეთის შეკავების პრობლემა...

- აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების პრობლემები დაკავშირებულია აშშ-ს მცდელობასთან გააფართოვოს ნატო და შესაბამისად თავისი გავლენა. ნატო აძლიერებს თავის ანტირუსულ პოლიტიკას თავისივე პოლიტიკის საპასუხოდ, რომელიც ნატოს გაფართოებას უკავშირდება. ნატოს არანაირი საბაბი არ ჰქონდა ეფიქრა გაფართოებაზე.

ნატოს არანაირი საბაბი არ ჰქონდა ეფიქრა გაფართოებაზე ... საქართველოს ინტერესებისთვის ბევრად უფრო მომგებიანი იქნებოდა უკრაინის კრიზისში გვერდზე დგომა ერჩია

რაც შეეხება საქართველოს, ჩემი აზრით, ამგვარ გადაწყვეტილებებს იღებენ არა იმდენად ქართველი პოლიტიკოსები, რამდენად აშშ-ს ხელმძღვანელები. საქართველოს ხელისუფლება ცდილობს უსაფრთხოების საკითხებში იყოს ამერიკულ ფარვატერში. ეს საკმაოდ აშკარაა, ვინაიდან, საკუთრივ საქართველოს ინტერესებისთვის ბევრად უფრო მომგებიანი იქნებოდა უკრაინის კრიზისში გვერდზე დგომა ერჩია.

- უკრაინასა და საქართველოს რუსეთთან მიმართებაში ერთნაირი პრობლემები აქვთ. რამდენიც არ უნდა ამტკიცოთ, რომ გადაწყვეტილებებს თბილისის ნაცვლად ვაშინგტონი იღებს, ეს ასე ნამდვილად არაა. შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული საქართველო კარგა ხანია მოძრაობს ნატოსა და ევროკავშირის მიმართულებით.

ჩვენ თუ მაინც საქართველოში დაგეგმილ არჩევნებს დავუბრუნდებით, წინასაარჩევნო პერიოდში რუსეთის თემა აქტიურად განიხილება. იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ს გარდა რიგი ევროპული ქვეყნები რუსეთს ამ ქვეყნებში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს, ლოგიკური იქნებოდა კითხვის ასე დასმა - თქვენი აზრით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ რუსეთი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში ერევა?

- ვინც ამაში რუსეთს ადანაშაულებს სჯობია ამაზე მათ ჰკითხოთ. ჯერ მე არ მინახავს მასალები, რომელიც დამარწმუნებდნენ იმაში, რომ რუსეთი აშშ-ს, ან რომელიმე ევროპული ქვეყნის არჩევნებში რაიმე ფორმით ჩაერია.

ფაქტია, რომ ქართული პოლიტიკური ელიტის დამოკიდებულება ვაშინგტონზე საკმაოდ დიდია

რუსეთი საქართველოს არჩევნებში არასოდეს არ ჩარეულა და არც ახლა ერევა, ვინაიდან საქართველოს ამომრჩევლების საქმეა თუ ვის აირჩევენ ისინი.

- შევარდნაძის მმართველობიდან მოყოლებული თქვენ იცით, რომ საქართველოს საგარეო კურსი დასავლეთზეა ორიენტირებული. მიუხედავად ამისა, თქვენ ამბობთ, რომ თბილისის საგარეო კურსთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებები თბილისში კი არა ვაშინგტონში მიიღება...

- ფაქტია, რომ ქართული პოლიტიკური ელიტის დამოკიდებულება ვაშინგტონზე საკმაოდ დიდია.

- ვთქვათ დიდია, რა საქართველოს არა აქვს უფლება იმეგობროს ანდა ახლო ურთიერთობები ჰქონდეს იმ ქვეყნებთთან, ვისთანაც უნდა?

- რა თქმა უნდა, აქვს უფლება, უბრალოდ მე ვსაუბრობ იმაზე, რომ საქართველო ერთვება ამერიკულ სტრატეგიაში, რომელიც რუსეთის შეკავებას ითვალისწინებს, რაც დარტყმის ქვეშ აყენებს რუსეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების არა მარტო გაუმჯობესებასა და გაღრმავებას, არამედ საერთოდ ამ მიმართულებით დაწყებულ პროცესს.

- თუ რუსეთის შეკავება საქართველოსთვის სარგებლის მომტანია, ამ შემთხვევაშიც უნდა თქვას ოფიციალურმა თბილისმა ამერიკულ ფარვატერში ყოფნაზე? უკაცრავად, ხომ არ დაგავიწყდათ, რომ თბილისიდან სულ რაღაც 40 კილომეტრში რუსული ტანკები დგანან?

- თუ საქართველოს მიაჩნია, რომ მისი უსაფრთხოება რუსეთთან ურთიერთობების გაუარესების ხარჯზე მიიღწევა, რუსეთს აქვს აუფლება იმოქმედოს ისე, როგორც თავად ჩათვლის.

- აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე ამერიკულ გამოძიებას ჯერ საბოლოო სიტყვა არ უთქვამს, მაგრამ საქართველოში საკმაოდ ბევრი ფიქრობს, რომ ჩვენთან მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთს რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ აქვს სიმპატიები. თქვენი აზრით, ამ არჩევნებზე რომელი საპრეზიდენტო კანდიდატის გამარჯვება გაახარებდა კრემლს ყველაზე მეტად?

- ამ კითხვაზე პასუხის მიღება ალბათ კრემლში უფროა შესაძლებელი. მე ხომ კრემლში არ ვმუშაობ. ახლა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების კონტექსტი ნაკლებადაა დამოკიდებული საქართველოს ხელისუფლების პერსონალურ შემადგენლობაზე.

ახლა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების კონტექსტი ნაკლებადაა დამოკიდებული საქართველოს ხელისუფლების პერსონალურ შემადგენლობაზე

ასეა იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება თავისი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს არ უკავშირებს.

- საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელსაც მხარს მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ უჭერს, ხშირად ადანაშაულებენ იმაში, რომ იგი 2008 წლის აგვისტოს ომის გაჩაღებაში ბრალს პრეზიდენტ სააკაშვილს სდებს. მან ამის შესახებ 2009 წელს პარიზში გამოსცა წიგნი, რომელსაც რუსეთის ხელმძღავანელები ხშირად იმოწმებენ. თქვენი აზრით, რა რეაქცია ექნება კრემლს თუ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა?

- პირველ რიგში, არჩევნებში ზურაბიშვილის სავარაუდო გამარჯვებას კრემლი აღიქვამდა როგორც საკმაოდ მოსალოდნელ მოვლენას, რადგანაც ქართული ოცნება“ საქართველოს მმართველ კოალიციად რჩება, მისი პოზიციები საკმაოდ ძლიერია.

მეორე მხრივ, ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც ცდილობს ცივი გონებით შეაფასოს ის, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა, რა თქმა უნდა, საზღვარგარეთ იწვევს მეტ ნდობას იმათთან შედარებით, ვინც საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დადებული დასკვნის მიუხედავად, აგრძელებენ სიცრუის ტირაჟირებას და მომხდარში რუსეთის დადანაშაულებას.

არჩევნებში ზურაბიშვილის სავარაუდო გამარჯვებას კრემლი აღიქვამდა როგორც საკმაოდ მოსალოდნელ ფაქტს, რადგანაც ქართული ოცნება“ საქართველოს მმართველ კოალიციად რჩება

ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნეში კრემლს ფსონი რომელიმე კანდიდატზე აქვს დადებული, ან რომელიმე კანდიდატს უჭერს მხარს. ვიმეორებ - რუსეთი საქართველოს არჩევნებში არასოდეს ერეოდა და არც ახლა ერევა.

- თავად რუსული, საკმაოდ ინფორმირებული წყაროები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ, რომ 2008 წლის აგვისტომდე რუსეთი საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა და ამისთვის უამრავ ფინანსებსაც არ იშურებდა...

თქვენთან დაკავშირებამდე წავიკითხე, რომ აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი მოსკოვს, ბაქოს, ერევანსა და თბილისს ეწვევა. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ იგი დასახელებულ დედაქალაქებში აშშ-ს ინტერესების შესაბამის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რამდენად შედეგიანი შეიძლება აღმოჩნდეს ბოლტონის დაგეგმილი ვიზიტი?

- ბოლტონის ვიზიტის შედეგი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა წინადადებებს ჩამოიტანს იგი ვაშინგტონიდან მოსკოვში. ტრამპი-პუტინის შეხვედრას დიდი შედეგი არ ჰქონია. რამდენადაც ვიცი, ბოლტონის ვიზიტის დღის წესრიგი საკმაოდ მრავალფეროვანია.

ბოლტონის ვიზიტის შედეგი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა წინადადებებს ჩამოიტანს იგი ვაშინგტონიდან მოსკოვში

ვფიქრობ, რომ ბოლტონის მოსკოვში ვიზიტისას ძირითადი ყურადღება გამახვილდება სირიაზე, შესაძლოა, ასევე განიხილონ ყარაბაღისა და აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობების პერსპექტივები. რაც შეეხება საქართველოს, კვლავ ითქმება ის სიტყვები, რომელიც, როგორც წესი, ამგვარი შეხვედრების შემდეგ ჟღერდება.

- რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობა, რომ პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციაში მნიშვნელოვნად შეუმცირდა უფლებამოსილებები ვლადიმერ სურკოვს, რომელსაც პუტინის ადმინისტრაციაში უკრაინისა და დონბასის საკითხები ებარა. სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ინფორმაცია?

- რამდენადაც ვიცი, სურკოვისთვის არ შეუმცირებიათ უფლებამოსილებები, მას კონკრეტული ამოცანების შესრულება დაეკისრა. არა მგონია, რომ მომხდარში რაიმე სერიოზული შეიძლება იგულისხმებოდეს.

- დაახლოებით 6-7 თვის წინ ბატონმა კარასინმა განაცხადა - „რუსეთს სურს საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესება, მაგრამ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხარჯზე.“ ეს ფორმულა ძალაშია, თუ შეიძლება გვქონდეს იმის იმედი, რომ საქართველოსთან მიმართებაში შემუშავებულ ამ თეზისში კრემლი კორექტირებს შეიტანს?

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებთან დაკავშირებული თემატიკა არ ეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პრობლემატიკას

- ეს პოზიცია ჩამოყალიბდა 2008 წელს და იგი არ იცვლება. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში უკვე ჩამოყალიბებულ პოზიციაში მოსკოვის პოზიციების ცვლილებას არ ითვალისწინებს.

მოსკოვი ამოდის იქედან, რომ 2008 წლის შემდეგ არსებობენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოები, რომლებთან ურთიერთობების თემატიკა არ ეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პრობლემატიკას.

რამდენადაც ვიცი, არც საქართველოს ხელისუფლება აპირებს აფხაზეთისა და სამხრთ ოსეთის საკითხებში დათმობების ხარჯზე რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას.

„ინტერპრესნიუსი"

კობა ბენდელიანი