ქართული პრესის მიმოხილვა 17.10.2018

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მზარდი საჭიროება - "ივანიშვილმა ლიდერის პოზიცია დაკარგა და სისტემის ტყვედ იქცა"

"გაგრძელება იქნება... ჩვენ 3-ზე მეტი საუბარი გვაქვს" - სუბელიანის ახალი ჩანაწერების გასაჯაროება დაანონსდა

***

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მზარდი საჭიროება - "ივანიშვილმა ლიდერის პოზიცია დაკარგა და სისტემის ტყვედ იქცა"

“უმძიმესი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი კრიზისი, სისტემის ტყვედ აყვანილი და ლიდერის პოზიცია, დაკარგული ივანიშვილი - ეს არის შეფასებები, რომლებსაც "რეზონანსთან" ანალიტიკოსები ბოლო კვირებში მიმდინარე პროცესებზე აკეთებენ. მათი აზრით, ქვეყანას გარკვეული დაჯგუფებები მართავენ, რომელთაც ივანიშვილი წინააღმდეგობას ვეღარ უწევს. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს არის სახელმწიფო სისტემის სრულად მოშლა და კრიზისი, რაც ქვეყანას მძიმე შედეგებამდე მიიყვანს. ისინი ერთადერთ გამოსავლად, ამ ეტაპზე, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევენ“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მზარდი საჭიროება - "ივანიშვილმა ლიდერის პოზიცია დაკარგა და სისტემის ტყვედ იქცა"

"ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ქართული საზოგადოება "ოცნებისა" და "ნაციონალების" მიერ შანტაჟის პირობებში იმყოფება. ისინი შუას გაკრეფის პრინციპით ქვეყანაში პოლიტიკური ავანსცენის დაკავებას კვლავ ახერხებენ, რაც ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს ქმნის. მათი აზრით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე ჩანს, რომ ივანიშვილი შევარდნაძის სიტუაციაში იმყოფება და ის საკუთარი გარემოცვის ტყვედ იქცა, რომელიც მხოლოდ ხელისუფლების გადარჩენაზეა ორიენტირებული. პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ქვეყანაში საყოველთაო კრიზისია. მისი აზრით, ბიძინა ივანიშვილის უკან დაბრუნებამ ქვეყანას ვეღარ უშველა და მას სადავეების ხელში აღება უჭირს. ამის მიზეზი ხელისუფლებაში არსებული დაჯგუფებებია, რომლებიც მას სხვადასხვა ინფორმაციას აწვდიან და ის ვეღარ იგებს, ვინ მართალს ეუბნება და ვინ - ტყუილს. ძაბირაძე ფიქრობს, რომ ის ახლა ზუსტად შევარდნაძის სიტუაციაში იმყოფება, როდესაც ექსპრეზიდენტი საკუთარი გარემოცვის ტყვე აღმოჩნდა“, - აღნიშნავს გამოცემა.

"პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ივანიშვილს, როდესაც მაისში პოლიტიკაში დაბრუნდა, ამ კრიზისის შესახებ უკვე ინფორმაცია ჰქონდა და სიტუაციის გაკონტროლებას შეეცადა, თუმცა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიხედვით ის ამას ვეღარ ახერხებს. ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ საყოველთაო კრიზისი. ჩვენი თვალით ვუყურებთ, ბოლო კვირების განმავლობაში ქვეყანაში როგორი სისტემური ჩამოშლაა. ჩვეულებრივი აბსურდის თეატრს ვუყურებთ. მოსახლეობა ორ პოლიტიკურ ჯგუფს ფაქტობრივად ტყვედ ჰყავს აყვანილი და აშანტაჟებს. "ოცნება" და "ნაციონალები" მთელი ამ წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში მოსახლეობის შანტაჟით არიან დაკავებული. ჩნდება კითხვა, სად არის ბიძინა ივანიშვილი? ის ხელისუფლებაში არსებული დაჯგუფებების კონტროლს ვეღარ ახერხებს. ვხედავთ, რომ ყველაფერი აირია და მას ვინ რას ეუბნება, თავადაც ვეღარ არკვევს. ყველა მათგანი მიდის ივანიშვილთან და მის რაღაცაში დარწმუნებას ცდილობს. ის ახლა, შევარდნაძის მსგავსად, საკუთარი გარემოცვის ტყვე აღმოჩნდა და ამ სადავეებს ხელში ვეღარ იღებს. ჩემი აზრით, სასწრაფო გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში ქაოსი დაიწყება, რადგანაც მას უკვე არა კონკრეტული პოლიტიკური პირები, არამედ დაჯგუფებები აკონტროლებენ, რომლებიც, როგორც ვხედავთ, ერთმანეთთან არიან დაპირისპირებული, ეს კი ქვეყანას ჩიხსა და კრიზისში შეიყვანს. საზოგადოებამ სასწრაფოდ ორივე პოლიტიკური ჯგუფი - "ოცნებაც" და "ნაციონალებიც" წარსულში უნდა დატოვოს და ქვეყანაში მესამე პოლიტიკური ძალა უნდა შემოიყვანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში უმძიმეს შედეგებს მივიღებთ", - განაგრძობს გამოცემა.

"ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ქვეყანაში დღეს შექმნილი სიტუაცია სახელმწიფოებრივი კრიზისია. მისი აზრით, ხელისუფლება განვითარებასა და მომავალზე აღარ ფიქრობს, ახლა მისი მთავარი საზრუნავი შენარჩუნება და გადარჩენაა, ეს კი, ანალიტიკოსის აზრით, სტაგნაციაა. ხუხაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დღეს ლიდერის პოზიცია დაკარგა. მისი თქმით, მართალია, რომ ის ძალის ცენტრია, მაგრამ ლიდერი აღარ არის. მისი აზრით, დაუშვებელია, ლიდერმა მხოლოდ სისტემის შენარჩუნებასა და გადარჩენაზე იფიქროს. ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ივანიშვილი, ფაქტობრივად, უკვე სისტემის თანამონაწილედ არის ქცეული, რადგანაც ის მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნებასღა ფიქრობს. "ივანიშვილის რეალურ სტატუსთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. მის დაბრუნებას, ჩემი აზრით, ორი ამოცანა ჰქონდა, პირველი, შიდა პარტიული დისციპლინის აღდგენა სურდა და ეს ტაქტიკური ამოცანა, როგორც ვნახეთ, მან გადაწყვიტა. თუმცა, სახელმწიფოებრივი პრობლემების გადაწყვეტა და ამ მანკიერებისაგან გაწმენდა ან ვერ შეძლო, ან არ გააკეთა“, - დასძენს გამოცემა.

"შესაბამისად, ხუხაშვილი ამბობს, რომ მან ლიდერის ქარიზმა დაკარგა და უბრალო ძალის ცენტრად გადაიქცა. შეიძლება, მეტი კუნთები აქვს, მაგრამ ამ კუნთებს ვეღარ იყენებს. "ნაციონალებსა" და "ოცნებას" ჩვენი მოსახლეობა უკვე წლებია, ტყვედ ჰყავს აყვანილი და შუას გაკრეფით კვლავ პოლიტიკურ ავანსცენაზე რჩებიან. ორივე საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ არსებობს საკამოდ მძიმე ბრალდებები. ზურაბიშვილს ღალატში ადანაშაულებენ, ვაშაძეს - რუსეთის აგენტობაში. თუ მათ სახელმწიფოზე გული შესტკივათ და ქვეყანაზე დარდობენ, აქამდე საპრეზიდენტო კანდიდატურებს მოხსნიდნენ და გამოძიებას მოითხოვდნენ, მაგრამ ქვეყანა არც ერთს არ ადარდებს. ეს ორივე პოლიტიკური ძალა მხოლოდ ნეგატივსა და ბრალდებებზე არიან აწყობილი. ხალხს არავინ არაფერს არ ჰპირდება. ამათ, ერთმანეთის გარდა, აღარავინ აღარ ახსოვთ. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რა თქმა უნდა, ცუდი არ იქნებოდა, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთ ელემენტად ჩავთვალოთ, მაგრამ არა - საკმარისად. თუ პოლიტიკური პროცესის პოლიტიკური ალგორითმი არ შეიცვალა და კონკურენტული გარემო არ გაიხსნა, რა აზრი აქვს? გინდ რიგგარეშე ჩაატარე და გინდ - რიგითი. შედეგი ისევ ისეთი იქნება, როგორიც წლების განმავლობში გვაქვს", - წერს სტატიის ავტორი.

"გაგრძელება იქნება... ჩვენ 3-ზე მეტი საუბარი გვაქვს" - სუბელიანის ახალი ჩანაწერების გასაჯაროება დაანონსდა

"გაგრძელება იქნება... ჩვენ 3-ზე მეტი საუბარი გვაქვს", - მირზა სუბელიანის მონაწილეობით ახალი ჩანაწერების გასაჯაროება დააანონსა "რუსთავი 2"-ის გენდირექტორმა და ამით ერთგვარად უპასუხა პროკურატურას, რომელმაც გუშინ გამოაქვეყნა ვიქტორ ჯაფარიძისა და მირზა სუბელიანის 7-წუთიანი დიალოგი, რითაც ერთგვარად ბათილდება ის ბრალდებები, რომლებიც "რუსთავი 2"-ის მიერ კვირას გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერებში ისმის პატიმრობაში მყოფი მირზა სუბელიანისაგან. ექსპერტების თქმით, პროკურატურის მიერ გავრცელებული ჩანაწერი ბევრ კითხვას აჩენს და მიუხედავად ხელისუფლების მტკიცებისა, რომ მირზა სუბელიანმა ტყუილი მოიგონა, თითქოს ტერაბაიტებით აქვს მტკიცებულებები "ოცნების" წინააღმდეგ, გახმაურებულ საქმეებზე როგორ აწამებდა და სცემდა მოწმეებს, სოზარ საუბარს, არჩილ თალაკვაძეს უკანონო საქმეებს "უგვარებდა" და ა.შ., მის მიერ ნათქვამი ყველა ფაქტი უნდა გამოიძიონ და დაამტკიცონ - ან ხდებოდა მსგავსი უკანონობა, ან სუბელიანმა მოიტყუა“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "გაგრძელება იქნება... ჩვენ 3-ზე მეტი საუბარი გვაქვს" - სუბელიანის ახალი ჩანაწერების გასაჯაროება დაანონსდა

"ახალი ჩანაწერი გუშინ პროკურატურამ გაასაჯაროვა და როგორც პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, ჩანაწერების გავრცელების ფაქტზე დაკავებული პირიდან სულ 3 ჩანაწერია ამოღებული, მათგან ერთი მედიამ 14 ოქტომბერს უკვე გაავრცელა, თუმცა პროკურატურა მაღალი საჯარო ინტერესის გამო ასაჯაროებს მეორე ჩანაწერს, რომელიც 6 ივლისსაა ჩაწერილი და უსწრებს მედიაში გავრცელებულ ჩანაწერს. პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში მირზა სუბელიანი ამბობს, რომ "ოცნების" მაკომპრომიტირებელი არანაირი მტკიცებულება არ აქვს, მაგრამ რომ უნდოდეს, შეუძლია, ტყუილი მოიგონოს და ხალხი დაიჯერებს. თანაც, მას "ნაციონალური მოძრაობიდან" უთვლიდნენ, "ოცნების" წინააღმდეგ ტყუილი ბრალდებები ეთქვა და მას ციხიდან აუცილებლად დაიხსნიდნენ. დიალოგში "ოცნების" დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ეუბნება, რომ სუბელიანი ახლა ნერვებზეა და სწორად არ მსჯელობს, რომ სვან კაცს ტყუილის დაბრალება არ ეკადრება“, - აღნიშნავს გამოცემა.

"როგორც პროკურატურა ამტკიცებს, სწორედ ამ დიალოგიდან რამდენიმე თვის შემდეგ ჩაიწერა ჯაფარიძისა და სუბელიანის ის დიალოგი, რომელიც "რუსთავი 2"-მა კვირას გაასაჯაროვა და სადაც სუბელიანი ბევრ სხვა სკანდალურ ფაქტთან ერთად ამბობს, რომ თავის დასაზღვევად ტერაბაიტებით აქვს დაარქივებული და საზღვარგარეთ გადამალული მტკიცებულებები "ოცნების" წინააღმდეგ და რომ ყველა გახმაურებულ საქმეზე, რომლებზეც "ოცნებამ" ქულები დაიწერა: თეთრაძის საქმე, ნავთლუღის სპეცოპერაცია, ახალაიას საქმე - მისი დალაგებულია და სასურველი ჩვენების მისაღებად მოწმეებს აწამებდა და სცემდა. პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, ხელისუფლება ფატალურ შეცდომას უშვებს, ისინი არადამაჯერებელ არგუმენტებს იშველიებენ და ამით ცეცხლზე ნავთს ასხამენ. მთავარი ის კი არ არის, ჩანაწერების მჯერა თუ არა მე, მთავარია, რასაც სუბელიანი ლაპარაკობს, იმაზე გამოძიება ჩატარდეს. სიტყვაზე რატომ უნდა დავუჯერო ხელისუფლებას, რომ პირველად გავრცელებული ჩანაწერი დადგმული იყო, გამოძიება უნდა ჩაატაროს და შემდეგ მითხრას, რომ სუბელიანი რასაც ამბობს, ამ დანაშაულს ჰქონდა ადგილი თუ არ ჰქონდა. იმის მტკიცება, თითქოს სუბელიანი თავიდანვე დგამდა ამ დიალოგს, არადამაჯერებელია და ლოგიკურ წინააღმდეგობებითაა აღსავსე. ორ რაღაცას გეტყვით, პირველი - თუ ჯაფარიძე საქმის კურსში იყო, რომ სუბელიანი რაღაცის დადგმას აპირებდა, მაშინ ჩნდება კითხვა, რატომ მიიღო "ოცნების" დეპუტატმა ამ დადგმაში მონაწილეობა და თუ მიიღო, მაშინ ის ამ დადგმის, ამ დანაშაულის თანამონაწილე გამოდის და, შესაბამისად, ჯაფარიძის წინააღმდეგ სს-ის საქმე უნდა აღიძრას თაღლითობაზე. მეორე - თუ ეს დიალოგი დადგმული იყო, გამოდის, სუბელიანი თვითონ იწერდა ან მისი დავალებით სხვა იწერდა ამ დიალოგს და მაშინ ის ციხის თანამშრომელი რატომ დააკავეს, ის რა შუაშია?! პროკურატურამ ასე ვერსიების გამოცხობის და ჩანაწერების გამოყრის ნაცვლად რომ გამოიძიოს, არა?" - ამბობს ხუხაშვილი“ , - განაგრძობს გამოცემა.

"ხუხაშვილის თქმით, წინააღმდეგობაა ისიც, რომ ორშაბათს ვიქტორ ჯაფარიძე გვიცხადებდა, სუბელიანი ფსიქიკურად არაჯანსაღად იყო, ამიტომ რასაც ლაპარაკობდა, არ დავიჯერე და არც ყურადღება მიმიქცევიაო, ხოლო სამშაბათს პროკურატურა სხვა ვერსიას გვთავაზობს და ამბობს, რომ წინასწარ დადგა ეს დიალოგი სუბელიანმა და ეს ჯაფარიძემ თვეების წინ იცოდა. დღეს კი გადათქვა ჯაფარიძემაც. ფანტაზია ძალიან გაექცათ, ისევე როგორც "ომეგას საქმეზე" გაექცათ ფანტაზია. ეს არ გაჩერდება. ნიაღვარი წამოვიდა. ცხოვრებაში იმედგაცრუებები არ მაკლია, მაგრამ არ მინდა დავიჯერო, რომ რასაც სუბელიანი ამბობს, ეს ხდებოდა. თუ ხელისუფლება დასასჯელს არ დასჯის, მაშინ ამ ხელისუფლებას პერსპექტივა არ აქვს და ძალიან ცუდად დაამთავრებს", - დასძენს ხუხაშვილი. იურისტ გელა ნიკოლაიშვილის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ რასაც სუბელიანი კომპრომატებზე ამბობს, ის ყველაფერი თუ არა, ნაწილობრივ მაინც სიმართლე იყოს და გამოძიება მის მიერ ნათქვამ ყველა ფაქტზე აუცილებლად უნდა ჩატარდეს. ნიკოლაიშვილის თქმით, საზოგადოებაში არის აღქმა, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული ჩანაწერი დადგმულია მას შემდეგ, რაც "რუსთავი 2"-მა მოიპოვა ჩანაწერი“, - დასძენს გამოცემა.

"შეიძლება მივიდეთ იქამდე, რომ "რუსთავი 2"-ის მიერ ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, ორშაბათს სუბელიანთან შეიყვანეს ჯაფარიძე, დადგეს სპექტაკლი და ალაპარაკეს სპეციალურად. თუმცა ამით სუბელიანს რა? დააშინეს სუბელიანი? თეორიულად შეიძლება, მაგრამ ჩემთვის ძნელად წარმოსადგენია. ამით რას იღებს მირზა სუბელიანი? თუმცა პროცესების მომავალი განვითარება დაგვანახვებს, თუ სუბელიანმა შეღავათი მიიღო, მაშინ ეს ვერსია მართლდება. დაველოდოთ. ეს კითხვები, ეს ეჭვები, რასაკვირველია ჩნდება, მაგრამ ერთმნიშვნელოვანი და კატეგორიული პასუხები ამაზე მე დღეს არ მაქვს", - ამბობს ნიკოლაიშვილი და დასძენს, რომ გამოძიების იმედი დიდად არ აქვს: "რაც სახეზე გვაქვს, იქიდან გამომდინარე ნაკლებად მოსალოდნელია, რომ გამოძიება ბოლომდე მივიდეს, რადგან პრაქტიკაში ბოლომდე მისული საქმე ცოტაა. არც ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებებია სწორი, ჩანაწერის შინაარსზე ღიმილი, ეს არაადეკვატური რეაქციაა და შესაძლოა, ასეთი ღიმილით ბოლოს გაღიმებულები დარჩნენ", - წერს სტატიის ავტორი.