ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2018

ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2018

მთავარი სამეულის გადამწყვეტი დაპირისპირება

აშშ-ის სადაზვერვო თვითმფრინავმა აფხაზეთის სანაპიროს პირველად გადაუფრინა

წულუკიანი გიგაურის წინააღმდეგ

* * *

მთავარი სამეულის გადამწყვეტი დაპირისპირება

“10 ოქტომბერს პრეზიდენტობის სამი კანდიდატის მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ სატელევიზიო დებატები 24 ოქტომბერს, 22:00 საათზე, პირველი არხის ტელე და რადიოეთერში გაიმართება სალომე ზურაბიშვილს, დავით ბაქრაძესა და გრიგოლ ვაშაძეს შორის. პირველმა არხმა არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შესაძლებლობა მისცა, დებატებში გამოიწვიონ ერთმანეთი და შეთანხმების შემთხვევაში საეთერო დრო დაუთმოს. დებატების განრიგი და რიგითობა კენჭისყრის შედეგად საარჩევნო სუბიექტებთან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდა. პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ დღევანდელ დებატებში ყველაზე სუსტი რგოლი სალომე ზურაბიშვილია, რომელიც ორივე კანდიდატის თავდასხმის მთავარი ობიექტი გახდება. მათი აზრით, დებატებს მთავარი თემა და ბრალდება ცხრა წელი და რუსეთის ინტერესების გატარება იქნება. ისინი ვარაუდობენ, რომ დებატებში “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იაქტიურებს, თუმცა გამორიცხავენ, რომ დებატები ამომრჩეველზე რაიმე სახის გავლენას მოახდენს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით მთავარი სამეულის გადამწყვეტი დაპირისპირება / ექსპერტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დღევანდელი ტელედებატები, პრაქტიკულად, ვეღარაფერს შეცვლის.

ექსპერტთა” აზრით, ამომრჩეველს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და საქართველოში დებატები არ არის ის პოლიტიკური ბერკეტი, რომელიც ამომრჩევლის გადაბირებაზე მუშაობს. ანალიტიკოსები იმასაც აღნიშნავენ, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, სამივე კანდიდატისთვის ერთმანეთთან დებატი ხელსაყრელია და საკმაოდ კომფორტულად იგრძნობენ თავს, განსხვავებით დავით უსუფაშვილისგან, რომელსაც დებატზე არც ერთი მათგანი არ თანხმდება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ უსუფაშვილი სამივე მათგანზე კომპეტენტურია და მის წარსულსაც წამოსაძახებლად ვერ გამოიყენებენ. პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაგეგმილ დებატებში ყველაზე აქტიური “ნაციონალური მოძრაობის”კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება და ის შეეცდება, სალომე ზურაბიშვილს გარკვეული სახის შეცდომები დააშვებინოს. ზურაბიშვილი კი, ვარაუდობს პოლიტოლოგი, დებატებისას საუბრის სტილად “ჩვეულ ქედმაღლურ-ცინიკურ ტონს აირჩევს”. შეიძლება ის “ოცნების” მიერ სხვაგვარად იყოს დარიგებული, მაგარმ თავის ჩვეულ სტილს არ უღალატებს. ლაგაზიძე ფიქრობს, რომ “ევროპული საქართველოს” კანდიდატი დავით ბაქრაძე ნაკლებად აქტიური იქნება და მთავარი ორთაბრძოლა ზურაბიშვილსა და ვაშაძეს შორის გაიმართება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პოლიტოლოგის აზრით, დებატის მთავარი თემა რუსეთის ინტერესების გატარება და ამ კუთხით ურთიერთბრალდებები იქნება. ვაშაძე მუდმივად შეეცდება, ზურაბიშვილს აგვისტოს ომთან დაკავშირებით მის განცხადებებზე მოსთხოვოს პასუხი, ხოლო ზურაბიშვილი მას რუსეთის მოქალაქეობასა და მოსკოვში დიპლომატიურ საქმიანობას წამოაძახებს. “მთავარი დებატები, რა თქმა უნდა, ვაშაძესა და ზურაბიშვილს შორის გაიმართება. ბაქრაძის აქტიურობა ნაკლებად მოსალოდნელია. დებატის მთავარი თემა რუსეთი, ცხრა წელი და დღევანდელი პოლიტიკური სიტუაცია იქნება. ვაშაძე შეეცდება, ზურაბიშვილს ცუდი ქართულის ფონზე ბევრი შეცდომა დააშვებინოს. ეს იქნება ურთიერთბრალდებების დებატი. ზურაბიშვილი ორივეს - ბაქრაძესაც და ვაშაძესაც 9-წლიან მმართველობას შეახსენებს. სამივე მათგანისთვის ერთმანეთთან დებატი საკმაოდ კომფორტული იქნება, რადგანაც ერთმანეთისთვის წამოსაძახებელი ბევრი აქვთ. ისინი იმიტომ არ თანხმდებიან დავით უსუფაშვილთან დებატებს, რომ სამივე მათგანისთვის ყველაზე რთული კონკურენტია - მით უმეტეს ზურაბიშვილისთვის, უსუფაშვილის ფონზე ის ცარიელ ადგილად წარმოჩინდება, გააცამტვერებს”, - აცხადებს ლაგაზიძე, რომლის განმარტებით, სახელწიფოებრივად მოაზროვნე კაცის გვერდით დებატში ჯდომა განადგურებას ნიშნავს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ოცნების” შტაბში უსუფაშვილის ეშინიათ. ყველა ის ამომრჩეველი, რომელიც მმართველმა გუნდმა დაკარგა, ხმას უსუფაშვილს აძლევს. მათ ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ დაუშვეს, დავით უსუფაშვილს რომ არ დაუჭირეს მხარი”, - თვლის ლაგაზიძე. მისივე თქმით, საქართველოში არ არსებობს ინსტიტუტი, რომელიც დებატების შემდგომ კანდიდატების რეიტინგს გაზომავს. საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური კულტურა, რასაც დებატები ჰქვია, შესაბამისად, პოლიტიკოსები ჩვენს ქვეყანაში დებატებს უფრთხიან. ამერიკაში, პირიქით, დებატებს არჩევნების წინ ყველაზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ლაგაზიძე ფიქრობს, რომ ამ დებატებს ამომრჩეველზე არანაირი გავლენა არ ექნება. ანალიტიკოსი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ამომრჩევლის უმრავლესობას დღევანდელი დებატების მონაწილეებიდან არც ერთი არ მოსწონს და შესაბამისად, ეს დებატებიც მათ მხარდამჭერთა რაოდენობას ვერ გაუზრდის. მისი აზრით, ვინც არჩევნებზე მიდის, მას გადაწყვეტილებაც უკვე, დიდი ხანია, მიღებული აქვს და ეს დებატები მხოლოდ სანახაობის როლს შეასრულებს. ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ დებატებში სალომე ზურაბიშვილის მდგომარეობა სახარბიელო არ იქნება და იმ ფონზე, რაც დღეს საქართველოში ხდება, ის ყველაზე სუსტი რგოლია”, - დასძენს გამოცემა.

“სალომე ზურაბიშვილის დებატებში გამოსვლა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზეც იქნება დამოკიდებული. ვფიქრობ, სამივეს - ვაშაძესაც, ზურაბიშვილსაც და ბაქრაძესაც ერთმანეთთან დებატები არ გაუჭირდებათ, რადგან ერთმანეთზე წამოსაძახებელი ბევრი აქვთ. ვხედავთ, რომ უსუფაშვილი დებატებს აქეთ იხვეწება, ზურაბიშვილსაც შესთავაზა, მაგრამ არავინ თანხმდება. უსუფაშვილი სამივე ამ კანდიდატისთვის დისკომფორტის შემქმნელია. ის თავისი პოლიტიკური კვალიფიკაციითა და განვლილი გზით ყველაზე უკეთესად გამოიყურება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მისი რესურსები და შესაძლებლობები დამაკმაყოფილებელი არ არის, ასეთი კანდიდატის იგნორირებას ახერხებენ. ეს არის, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური დრამა. არ ველი, რომ ამ დებატებით რამე შეიცვლება, უბრალოდ, ეს იქნება სანახაობა და საკუთარი ამომრჩევლისთვის იმის დამტკიცება, რომელი უფრო მაგარია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

აშშ-ის სადაზვერვო თვითმფრინავმა აფხაზეთის სანაპიროს პირველად გადაუფრინა

“ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილმა სტრატეგიულმა სადაზვერვო თვითმფრინავი RC-135V ორშაბათს ჯერ რამდენიმე საათის განმავლობაში რუსეთის კრასნოდარის მხარისა და ოკუპირებული ყირიმის სანაპიროს ახლოს დაფრინავდა, შემდეგ კი აფხაზეთის სანაპიროსაც გადაუფრინა და თან ეს პირველი მსგავსი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც საქართველოს ეს მხარე ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამ ინფორმაციას რუსული “ინტერფაქსი" ავრცელებს. რუსული მედიის ცნობით, ამერიკულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა ორჯერ გადაიფრინა აფხაზეთის სანაპიროზე, საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთსა და სოხუმს შორის. აფხაზეთის სიახლოვეს თვითმფრინავი დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში დაფრინავდა და საჰაერო საზღვარი არ დაურღვევია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით აფხაზეთის სანაპიროს პირველად გადაუფრინა აშშ-ის სადაზვერვო თვითმფრინავმა.

“სადაზვერვო თვითმფრინავი RC-135V საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე განლაგებული სამხედრო ბაზიდან აფრინდა, 4 საათის განმავლობაში დაფრინავდა სოჭიდან მთელი კრასნოდარის მხარის, ასევე ოკუპირებული ყირიმის მიმართულებაზე. ცნობილია, რომ ამ ტიპის სტრატეგიულ სადაზვერვო თვითმფრინავს თავისუფლად შეუძლია საფუძვლიანად დაათვალიეროს მოწინააღმდეგის ტერიტორია და შეუძლია პოტენციური მოწინააღმდეგის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ადგილმდებარეობისა და საქმიანობის დადგენა. სადაზვერვო ფრენების შესახებ ღია ცის შეთანხმებას 1992 წელს ჰელსინკშიგაფორმდა და ძალაში 2002 წელს შევიდა. ღია ცის შეთანხმება ამ შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოებს ერთმანეთის საჰაერო სივრცეში პერიოდულად სადაზვერვო ფრენების განხორციელების უფლებას აძლევს. თუმცა მოსკოვი კრძალავდა სადაზვერვო ფრენებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის თავზე, ასევე რუსეთის იმ ტერიტორიაზე, რომელიც 10კმ-ზე ნაკლები მანძილითაა დაშორებული ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთიდან, იმ არგუმენტით, რომ ეს “დამოუკიდებელი სახელმწიფოებია”, რომლებიც არ არიან ღია ცის შეთანხმების წევრები. ამ აკრძალვის გამო შეთანხმების ჩაშლით იმუქრებოდა აშშ. თუმცა რუსეთს დათმობა მოუწია და ამერიკულმა თვითმფრინავმა აფხაზეთის თავზე სადაზვერვო ფრენის უფლება მოიპოვა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გუშინ, გამთენიისას, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსულ სამხედრო ბაზებზე განგაში გამოცხადდა, რის შემდეგაც კოდორის ხეობის მიმართულებით სამხედრო კოლონების გადაადგილება დაიწყო. სულ კოდორის ხეობაში გადასროლილია 1500 რუსი სამხედრო მოსამსახურე და 400 ერთეული სამხედრო ტექნიკა. რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ცნობით, ეს აფხაზეთში მიმდინარე მასშტაბური წვრთნების დასკვნითი ნაწილია და რუსი სამხედროები მარშით გაივლიან 200 კილომეტრს. წვრთნებში მოტომსროლელი, სატანკო, თანამედროვე თვითმავალი საარტილერიო ტექნიკა და მონაწილეობდა. აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრის - ლევან კიკნაძის თქმით, კოდორის ხეობაში სამხედრო ტექნიკით ასეთი მასშტაბური წვრთნების ჩატარებას ვერ შეძლებდნენ, რადგან ამის საშუალებას რელიეფი არ იძლევა და ეს გაზვიადებული ციფრებია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რუსებმა კოდორის ხეობაში 1500 ჯარისკაცი და 400 ერთეული სამხედრო ტექნიკა გადაისროლეს.

“ მე ძალიან კარგად ვიცნობ კოდორის ხეობას და სამხედრო ტექნიკით ასეთი მასშტაბური წვრთნების ჩატარებას ვერ შეძლებდნენ, ამის საშუალებას რელიეფი არ იძლევა. ასეთ მთიან ადგილებში ასეთი წვრთნები ვერ ჩატარდება. ძალიან გაზვიადებული მონაცემებია, რომ ასეთი წვრთნები ჩაატარეს და ეს ძირითადად იმ პოლიტიკის ნაწილია, რომ რუსეთი აკონტროლებს კოდორის ხეობას. წვრთნებიც იმის მანიშნებელია, რომ ეს აზრი განამტკიცონ - კოდორის ხეობა ჩვენია, ჩვენ ვაკონტროლებთ. არის თუ არა საფრთხის შემცველი გახშირებული წვრთნები ჩვენი ქვეყნისთვის? არ მგონია, რომ ამ ეტაპზე რაიმე საფრთხის შექმნას უკავშირდებოდეს. არც მოახლოებულ არჩევნებს არ უკავშირდება. როგორც გითხარით, ეს არის რუსეთის პოლიტიკის ნაწილი, რომ აფხაზეთის ტერიტორიას ისინი აკონტროლებენ და ჩვენ რაიმე არ გავბედოთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან კიკნაძემ.

წულუკიანი გიგაურის წინააღმდეგ

“ქართული ოცნების” მხრიდან არასამთავრობო სექტორზე შეტევა გრძელდება - ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ “აღმოაჩინა”, რომ არასამთავრობო სექტორში “ფაშიზმის მხარდამჭერები” არიან, ახლა კი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საერთაშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციაზე “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ხელმძღვანელი ეკა გიგაური დაადანაშაულა 2007 წლის 7 ნოემბრის მშვიდობიანი აქციის დაშლის თანამონაწილეობაში. არასამთავრობო სექტორი იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის წინააღმდეგ ერთიანდება და ბრალდების საპასუხოდ აცხადებს, რომ ეს სრის მორიგი თავდასხმა და ზღვარგადასული კრიტიკა, რომელიც აზიანებს ქვეყნის იმიჯს და არასამთავრობო სექტორს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით წულუკიანი გიგაურის წინააღმდეგ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში” კი აცხადებენ, რომეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კრიტიკულ მომენტებში ხელისუფლება არასამთავრობო სექტორს ესხმის თავს და ტყუილია, რომ 7 ნოემბრის აქციაში გამოძიებას საერთოდ რამე კითხვა ჰქონოდა ეკა გიგაურთან - პირიქით, გიგაურს 2015 წელს ორგანიზაცია “პოზიციის” დირექტორ გურამ ადამაშვილისა და მოქალაქე გიორგი ხაინდრავას წინააღმდეგ ცილისწამებისთვის და პატივისა და ღირსების შელახვისთვის საჩივარი აქვს შეტანილი. - სწორედ იმ ცრუ ბრალდების გამო, რაც ახლა თეა წულუკიანმა გაახმოვანა... “ვინ აქტიურია და საკუთარ საქმეს კარგად აკეთებს, ვისაც უცხოელები უსმენენ და ვისიც სჯერათ, სწორედ იმ ორგანიზიების დისკრედიტაციეას ცდილობს ხელისუფლება. ახლა რაც ხდება, ეს უკვე ყოვეკგვარ ზღვარს გადასულია”, აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამების მენეჯერი გია გვილავა. მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ “სამართლიანი არჩევნების” დირექტორი მიხეილ ბენიძე და მასთან ერთად არასამთავრობოების სხვა წარმომადგენლებიც “ფაშიზმის თანამონაწილეობაში” დაადანაშაულა, “ოცნება არასამთავრობოებზე შეტევას ახლა უკვე საერთაშორისო არენაზეც აგრძელებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კოპენჰაგენში ანტიკორუფციულ კონფერენციაზე წულუკიანის განრისხება “საერთაშორისო გამჭვირვალობის წარმომადგენელ გიორგი ონიანის გამოსვლასა და წულუკიანისთვის დასმულ კითხვას მოჰყვა საქართველოში არსებული ელიტური ელიტური კორუფციის შესახებ. ონიანმა ასევე აღნიშნა, რომ მმართველი პარტია, იუსტიციის მინისტრის ჩათვლით, თავს ესხმის სამოქალაქო სექტორს. კონკრეტულ კითხვაზე პასუხის გაცემის ნაცვლად, ტეა წულუკიანი ეკა გიგაურს დაესხა თავს - მის თქმით, ეკა გიგაურმა სავარაუდოდ 2007 წლის 7 ნოემრის მშვიდობიანი აქციის დაშლაში.... წულუკიანის პასუხი “ქართულ ოცნებაში” ჩვეულებისამებრ მოიწონეს და თქვეს, რომ ეს იყო “ღირსეული პასუხი არაობიექტურ კრიტიკაზე” - ერთადერთი კრიტიკული შეფახება “ოცნებიდან” ახლად წამოსული დეპუტატის დავით ჭიჭინაძისგან გაისმა - “წულუკიანს ვურჩევდი, 7 ნოემბერი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაცვლად იმ კოლეგებს გაახსენოს, ვინ გვერდით უზის - ისინი იყვნენ 7 ნოემბერში გახვეული” - განაცხადა ჭიჭინაძემ. არასამთავრობო სექტორმა კი წულუკიანი გამოსვლას მესამე სექტორზე მიზანმიმართულიშეტევა უწოდა”, - დასძენს გამოცემა.

“ბრალდების ადრესატმა ეკა გიგაურმა კი განაცხადა, რომ წულუკიანი “სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე პასუხის გაცემის ნაცვლად პირად თავდასხმაზე გადადის და სამოქალაქო სექტორზე სრულიად უადგილო შეტევას აგრძელებს. ფაქტობრივად, ჭორაობს საერთაშორისო ფორუმზე, რითაც, პირველ რიგში საკუთარ თავ აყენებს დარტყმას და წარმოაჩენს არასერიოზულად თავსაც და შემდეგ ქვეყანასაც, რაც ძალიან სამწუხაროა”, - აცხადებს გიგაური. 16 ოქტომბერს “საერთაშორისო გამჭვირვალობის სამდივნომ გაავრცელა განცხადება, რომ საგანგაშოდ მიიჩნევს საქართველოში არსებულ მდგომარეობას ხელისუფლების წამყვანი პირების ,ხრიდან სამოქალაქო სექტორზე სიტყვიერი თავდასხმების გამო”, - წერს სტატიის ავტორი.