ქართული პრესის მიმოხილვა 25.10.2018

ქართული პრესის მიმოხილვა 25.10.2018

რისთვის სჭირდება ივანიშვილს კიდევ ერთი წელიწადი

“ჯობს ბიძინა ივანიშვილმა თავი დაანებოს პოლიტიკას და საქმე პოლიტიკოსებს მიანდოს”

საქართველოდან აურაცხელი ფული გადის - წელს ეს დამანგრეველი ტენდენცია თვალსაჩინო გახდა

* * *

რისთვის სჭირდება ივანიშვილს კიდევ ერთი წელიწადი

“საპრეზიდენტო არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მოქმედი თავმჯდომარე და ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ადამიანი მედიისა და საზოგადოების წინაშე გამოჩნდა. ივანიშვილმა გადაწყვიტა, ჟურნალისტებისთვის ვრცელი სატელევიზიო ინტერვიუ მიეცა. ეს მისი პირველი ინტერვიუა საარჩევნო კამპანიის განმავლობაში. იგი რამდენიმე თემას შეეხო, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მან საზოგადოებას ერთწლიანი ვადა სთხოვა, რათა ქვეყანაში და მის გუნდში სიტუაციის დალაგება მოახერხოს. “ერთ წელიწადში ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა”, - ყოფილი პრემიერი საზოგადოებისგან ერთწლიან ვადას ითხოვს და ამბობს, რომ ამ პერიოდში თავის გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს. ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, ეს თანაგუნდელების გაფრთხილებას უფრო ჰგავდა. საუბრისას ივანიშვილს საკმაოდ მკაცრი ტონი ჰქონდა და აშკარაა, რომ არ არის კმაყოფილი მმართველი ძალის მუშაობით, თუმცა მის ადვოკატირებას აგრძელებს და საზოგადოებისგან დროსაც კი ითხოვს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რისთვის სჭირდება ივანიშვილს კიდევ ერთი წელიწადი.

“მე მოვახერხებ, რომ ვერტიკალი გუნდში გავამყარო... რომ ნიჭიერები უფრო წინ წამოვიდნენ და უფრო აქტიურები გახდნენ. უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნება “ქართული ოცნების” ყველა წევრის მიმართ. მაქსიმუმ, ერთ წელიწადში ჩვენს საზოგადოებაში ყველას თავისი სახელი ერქმევა და ყველას თავის ადგილი ექნება”, - თქვა ივანიშვილმა. იგი განმარტავს, რომ მისი გააქტიურება არანაირ პოლიტიკურ კრიზისზე არ მიუთითებს და საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში პარტიის თავმჯდომარეობიდან გამომდინარე ჩაერთო. თუმცა თანაგუნდელებს, რომლებიც ზურაბიშვილს მხარს არ უჭერენ, “კეკლუცობის შეწყვეტისა” და მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. “აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნდა, რომ ზურაბიშვილის მხარდაჭერა სწორი პოზიცია იყო, თუმცა ზოგიერთ წევრს შევახსენებ, რომ ნუ კეკლუცობენ და კეთილი ინებონ, პარტიის პოზიციას პატივი სცენ”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. რას შეიძლება ნიშნავდეს ივანიშვილის მუქარანარევი განცხადება და რას აპირებს ის ერთ წელიწადში? “ვპირდები საზოგადოებას, პირველ რიგში, იმას, რომ საკუთარ გუნდს გავამაგრებ და გავამყარებ. მენეჯმენტია ჩემი ძლიერი მხარე, ამაში დავეხმარები გუნდს და ამისთვის შემოვბრუნდი. მათ უჭირდათ და დასჭირდათ ჩემი რესურსი და მე ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ, მაქსიმუმ, ერთ წელიწადში ქვეყანაში ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა”, - აღნიშნა ივანიშვილმა. ანალიტიკოსი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის ამოცანა სახელმწიფოებრიობა აღარ არის და მისი ეს განცხადებები სისტემის შესანარჩუნებლად ბრძოლას ნიშნავს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ანალიტიკოსის თქმით, მას ივანიშვილის ბოლომდე მოსასმენად ნერვებიც კი აღარ ჰქონდა, რადგანაც ეს არაჯანსაღი გამოსვლა რეალობას იყო აცდენილი. ხუხაშვილი გაკვირვებულია, რაში ითხოვს ის ამ ერთ წელს, რადგანაც ამ დროის განმავლობაში სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება. ხუხაშვილი სვამს კითხვას - ივანიშვილს ეს ერთი წელი იმისთვის ხომ არ უნდა, რომ საქართველო ჩრდილოეთ კორეას დაამსგავსოს? მისი აზრით, იგი ამ საუბრით სააკაშვილსა და შევარდნაძეს დაემსგავსა და მათ მსგავსად კარგად არ დაასრულებს. “მისი საუბრიდან რა შინაარსიც გამოვიტანე, ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილი ლიდერი აღარ არის. ის ახლა თავისი სისტემის ადვოკატობით არის დაკავებული, ამ საქციელით კი თავს იკნინებს და როგორი ადვოკატია, ეს უკვე კლიენტის გემოვნების საკითხია, რასაც ვერ შევაფასებ. ახლა ამ თემაზე ჩემთვის საუბარი ყველაზე რთულია, რადგან მისი განცხადებებიდან სერიოზული პრობლემები გამოჩნდა. მისი მთავარი მიზანი სახელმწიფოებრიობა აღარ არის, არამედ ეს არის სისტემის შესანარჩუნებლად ბრძოლა და ამაზე ისაუბრა კიდეც, სხვათა შორის. შესაბამისად, ეს გამოიხატება იმაში, რომ აღარ ზრუნავს საზოგადოებაში პატივისცემაზე, არამედ უფრო შიშსა და დათრგუნვაზე აგებს თავის მოღვაწეობას, რაც ძალიან, ძალიან სამწუხაროა. ჩემთვის გაუგებარია, ეს ერთი წელი რაში სჭირდება, რადგანაც ქვეყანაში სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება”, - განმარტავს გია ხუხაშვილი. პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე კი აცხადებს, რომ ერთწლიანი ვადა, სავარუდოდ, ივანიშვილმა იმიტომ ითხოვა, რომ ხვდება, ქვეყანაში სიტუაცია მთლად კარგად არ არის, თუმცა არცთუ ისეთი მძიმე ჰგონია”, - განაგრძობს გამოცემა.

“პოლიტოლოგის აზრით, დაუშვებელია, რასაც ივანიშვილი ფიქრობს, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემები მისი გუნდის ცუდი მენეჯმენტის ბრალია. აქ პრობლემა სისტემური ხასიათისაა და მენეჯმენტის შეცვლა ვერ უშველის. ამას საკმაოდ რადიკალური მოქმედება და ცვლილებები სჭირდება. ძაბირაძე გამოსავალს მხოლოდ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხედავს და ფიქრობს, რომ ერთ წელში, პირიქით, სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება და გუნდში მენეჯმენტის ცვლილება ივანიშვილს ვეღარ უშველის. -“ახლა დრო “ქართული ოცნების” საწინააღმდეგოდ მუშაობს, ამიტომ სრულიად გაუგებარია, ივანიშვილი რა ერთ წელს ითხოვს. პოლიტიკური პროცესი უკვე დაწყებულია და იგი გუნდში მენეჯმენტის ცვლილებით ვერაფერს უშველის. “ოცნება” ერთ წელში რეიტინგის კიდევ უფრო დაკარგვას დაიწყებს, ვიდრე აქამდე აქვს. ამას გარე და შიდა პრობლემებიც დაემატება და ივანიშვილმა მთავარი პრობლემის გენეზისი თუ ვერ მოძებნა, მისი ინტერვიუდან კი გამოჩნდა, რომ რეალობას აცდენილია”, - ამბობს ძაბირაძე და თვლის, რომ “პირიქით, ეს ერთი წელი მის წინააღმდეგ იმუშავებს”, - დასძენს გამოცემა.

“ჩემში ყველაზე დიდი შეშფოთება იმან გამოიწვია, რომ მისთვის მთავარი პრობლემა ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია კი არა, არამედ მედია ყოფილა. სიტუაცია ისე დახატა, რამდენიმე ტელევიზია რომ არ იყოს, ყველაფერი კარგად იქნება. თუ სააკაშვილისდროინდელ სისტემას ტოვებ, ან ისე უნდა მართო, როგორც ის მართავდა, ან უნდა შეცვალო. ივანიშვილი შედეგებს ებრძვის და ღრმად არ ჩადის. მან სასწრაფოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნოს და მთლიანად სისტემის მოდერნიზება უნდა მოახდინოს, სხვაგვარად ამ ერთ წელს, როგორც თავად ამბობს, ქვეყნის სასიკეთოდ ვერ გამოიყენებს და ყველაფერი თავზე დაენგრევა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ჯობს ბიძინა ივანიშვილმა თავი დაანებოს პოლიტიკას და საქმე პოლიტიკოსებს მიანდოს”

“უკვე ამოწურულია ყოველგვარი ნდობა, “ქართული ოცნება” ხელისუფლებაშია უკვე დიდი ხანია და რეალურად კარგად აჩვენა, რომ არაფრის გამკეთებლები არ არიან, ვერ ღებულობენ პრინციპულ გადაწყვეტილებას და მიყვებიან დინებას... თვითონ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკოსი არაა, მან უკვე აჩვენა, რომ ამ წლების განმავლობაში ის გაურბის პოლიტიკას, არ არის პოლიტიკაში და თუ არის, არის იძულებით და არ არის ხალხისთვის. მას უყვარს საქართველო, მე ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ, გარდა სიყვარულისა, სხვა მას არაფერი შეუძლია, შეუძლია მხოლოდ ფულის ხარჯვა”, - აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „ქართული ოცნების“ მიმართ უკვე ყოველგვარი ნდობა ამოწურულია, - ზაქარეიშვილი.

“ჯობია ბიძინა ივანიშვილმა თავი დაანებოს პოლიტიკას და მიანდოს ეს საქმე ისეთ ადამიანებს, ვისაც უკეთ ესმით და შესწევთ უნარი უხელმძღვანელონ ქვეყანას. ჯობია თქვას, რომ მას არ გამოუვიდა და საქმე პოლიტიკოსებს, კონკურენტუნარიან გარემოს მიანდოს, ხელი შეუწყოს პარტიებში თანასწორობას, გაანებოს თავი ამ მკვდარი ორგანიზაციის - “ქართული ოცნების” მხარდაჭერას და ქვეყანას მისცეს საშუალება, რომ თვითონ განვითარდეს... მის ინტერვიუში უფრო მეტი კითხვა დაისვა, ვიდრე პასუხი გაიცა - განსაკუთრებით ფარცხალაძესთან დაკავშირებით იყო ძალიან შემაშფოთებელი პასუხი, როცა ასეთ ადამიანს იცავს ივანიშვილი, ეს ძალიან შემაშფოთებელია და მე მისგან ველოდი უფრო მკაცრ შეფასებას ფარცხალაძის მიმართ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“თქმა იმისა, რომ “რუსთავი 2”-ის ჭკუაზე დადის მთელი ქვეყანა, ყველაზე მცირე არასწორია თუნდაც იმ პოლიტიკური რეიტინგებით და პრეტენზიებით, რაც თვითონ პარტიას აქვს. მათ მიაჩნიათ და და სოციოლოგიური გამოკვლევაც ადასტურებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა" ვერ მიიღებს 27%-ზე მეტს. ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ „რუსთავი 2”-ის ჭკუაზე არ დადის მთელი ქვეყანა? ტელევიზია არის გარკვეული პოლიტიკური ორიენტაციის მქონე”, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით იმის თქმა, რომ „რუსთავი 2“-ის ჭკუაზე დადის მთელი ქვეყანა, ყველაზე მცირე, არასწორია, - საყვარელიძე ივანიშვილის ინტერვიუზე.

“იგი ცდილობდა, რომ საკუთარი თავი წარმოეჩინა, როფორც მამა აბრამის ბატკანი, მაგრამ მას სიცრუე არ გამოსდის. ბიძინა ივანიშვილმა “რუსთავი 2”-თან მარცხი განიცადა. ხოლო ბატონი ბიძინას გამონათქვამები არსებული რეალობის შეფასებისას დასამახსოვრებელია, რადგან უპირველეს ყოვლისა თავად ივანიშვილს ვნებს, თუმცა ვნებს სახელმწიფოსაც”, - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ “რეზონანსთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ბიძინა ივანიშვილმა “რუსთავი 2”-თან მარცხი განიცადა” - ცისკარიშვილი.

“... მე ამ ჟურნალისტების ადგილზე ვთხოვდი იმას, რასაც დიდი ხანია ველოდებით. თუკი ბიძინა ივანიშვილი საჯარო სივრცეში საუბრისას სიტყვა “ნატო”-ს იტყოდა, ჩვენ ვიქნებოდით აღტაცებულნი... მეშვიდე წელია, მთავარი პოლიტიკური სივრცის მამა-მარჩენალი ერიდება ამ სიტყვის თქმას - არსად უთქვამს! არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა მას ამ თემაზე საუბრის უფლება არ ჰქონდეს”, - აცხადებს გამოცემასთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი და შეკითხვაზე - “კონკრეტულად რას გულისხმობთ?” - პასუხობს:

“არცთუ ძნელია გამოვითვალოთ ვის ინტერესებს ატარებს ქალბატონი ზურაბიშვილი - თბილისის ქართვლის დედისა თუ მოსკოვის კრემლისა. მისი გამონათქვამები და ბატონი ბიძინას მუდმივი მდუმარება ამ თემაზე არის ერთნაირი! გამიხარდებოდა, მომცემოდა საშუალება მომესმინა ბატონი ბიძინასგან, რომ მისთვის მიუღებელია ახალგაზრდების კანაფითა და სხვა ასეთი მომაკვდინებელი ნივთიერებებით განადგურება - თურმე 500-ჯერ მეტია მოგება... ამ თემამ უცებ იჩინა თავი - არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ჩრდილოეთ მეზობელს თავისი სურვილი ბრძანების სახით წარმოეჩინა”.

საქართველოდან აურაცხელი ფული გადის - წელს ეს დამანგრეველი ტენდენცია თვალსაჩინო გახდა

“2018 წლის იანვარ-სეტემბერში ქვეყნის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი თითქმის 600 მლნ-ით გაიზარდა. მზარდია ექსპორტი, კიდევ უფრო დიდი სისწრაფით მატულობს იმპორტი. წელს ეს დამანგრეველი ტენდენცია აშკარა და თვალსაჩინო გახდა. “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შედეგ ეს ყველაზე მაღალი უარყოფითი სალდოა. დაპირება ქვეყნაში ადგილობრივი წარმოების ზრდისა და იმპორტის შემცირების შესახებ ვერ შესრულდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით იმპორტი ნახტომისებურად გაიზარდა, საქართველოდან აურაცხელი ფული გადის / ასეთი უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ქვეყანას არასდროს ჰქონია.

“ლარის მკვეთრი გაუფასურების შემდეგ 2015-2017 წლებში იმპორტის მოცულობამ იკლო, რაც ვალუტის დევალვაციასა და მოხმარების შემცირებას უკავშირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ვალუტის დევალვაცია კვლავ გრძელდება, 2018 წლის იანვარ სექტემბერში იმპორტის წილი ნახტომიდებურად გაიზარდა და 6,676 მლრდ დოლარს მიაღწია - წინა წლებში ეს მაჩვენებელი 5,3-5,6 მლრდ დოლარის ფარგლებში ტრიალებდა. გაზრდილია ექსპორტიც - მისი მოცულობა 2.448 მლრდ დოლარია, რაც წინა წლებთან შედარებით 474 მლრდ დოლარით მეტია. ამის მიუხედავად, მკვეთრად გაზრდილია უარყოფითი დავაჭრო ბალანსიც - 2017 წლის 3 კვარტალში ისი 3.330 მლრდ იყო, ხოლო 2018 წელს 4,228 მლრდ დოლარია - ასეთი ცუდი უარყოფითი სავაჭრო ბალანსი “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში არ ყოფილა. ქვეყანა წლიდან0წლამდე უფრო იმპორტდამოკიდებული ხდება, არად, დაპირება სულ სხვაგვარი იყო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მიუხედავად ევროკავშირთან ამოქმედებული ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულებისა, ქართულმა ბიზნესმა და სახელმწიფოს ეკონომიკურმა გუნდმა შენგენის ბაზრის ათვისება მაინც ვერ მოახერხა. იზრდება ექსპორტი, თუმცა სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს ძირითადად ავტომობილების რეექსპორტის ხარჯზე ხდება. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი ამბობს, რომ უარყოფითი სალდოს შესაცვლელად წლების განმავლობაში მუშაობა და მაღალი ეკონომიკური ზრდაა საჭირო”, - განაგრძობს გამოცემა.

“ამ მხრივ ყველაე მნიშვნელოვანი ბაზრების ათვისებაა. ჩვენ შევედის ჩინეთის ბაზარზე აქტიურად, თუმცა თუ დეტალურად ჩავხედავთ, აქაც უარყოფითია სალდო. მაგრამ თუ შევხედავთ ბაზრის თვალსაზრისით, ჩინეთი გაცილებით დიდია და ამიტომ მეტი რესურსი გვაქვს. სამწუხაროდ, რაც მუდმივ პრობლემად რჩება ეს არის ბაზრების დივერსიფიცირება - ჩვენ მეწარმეებისთვის პრიორიტეტი ისევ პოსტსაბჭოთა სივრცეა. ამას ავქვს თავისი გამომწვევი მიზეზები, მაგრამ მეტი მუშაობაა საჭირო ხელისუფლების მხრიდან, რათა ეს შეცვალოს... მოდოს მოლაპარაკება ინდოეთთან რათა გაიხსნას ბაზარი ქართული პროდუქციისთვის, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი და შემგომი პოპულარიზაციაა საჭირო - ცისფრები ადასტურებს, რომ ჩვენი ნაწარმის ცნობადობის გასაზრდელად არასაკმარისი მუშაობა მიდის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ბაირახტარი.