ჯანსაღი ფინანსური და ეკონომიკური პოლიტიკა ეროვნული ვალუტის გაურკვევლობის შესაძლებლობას არ იძლევა

ვალუტის კურსი არის ის ბარომეტრი, რომლის მეშვეობითაც განისაზღვრება ქვეყნის ეკონომიკური ჯანმრთელობის დონე.

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონის პროექტში (საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“) გაცვლითი კურსი დაანგარიშებულია 1 აშშ დოლარი 2.63 ლარი. რაც რა თქმა უნდა, ეროვნული ვალუტის არსებულ პორტრეტს ასახავს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ გლობალური და ლოკალური ფაქტორების ფონზე, ბოლო 3 კვირაში ლარის გაცვლითი კურსი დოლართან (აშშ) მიმართებაში 2.66-2.70 ნიშნულის ირგვლივ მერყეობს, გაჟღერებული მონაცემის შენარჩუნება და მის ირგვლივ დასტაბილურება, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება.

კურსის გაუფასურებისაგან გამოწვეული გამოწვევების პრევენციისა და საზოგადოების კეთილდღეობის დაცვის მიზნით გამოიყენება მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის ინსტრუმენტები. ბიზნეს სექტორი სავალუტო რიკის მინიმიზაციის მიზნით იყენებს ჰეჯირების სხვადასხვა ინსტრუმენტებს. ეროვნული ბანკი იყენებს: სახაზინო ფასიან ქაღალდებს, სადეპოზიტო სერტიფიკატებს, მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნებს, მუდმივმოქმედ ინსტრუმენტებს.

აღსანიშნია, რომ ჯანსაღი ფინანსური და ეკონომიკური პოლიტიკა ეროვნული ვალუტის გაურკვევლობის შესაძლებლობას არ იძლევა. ვალუტის კურსის ცვალებადობაზე მოქმედი ფაქტორებიდან შეიძლება გამოვყოთ სახელმწიფო ვალი.

საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 2019 წლის ბოლოსთვის განისაზღვრა 19 715.8 მლნ ლარის ოდენობით. მათ შორის: სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა შეადგენს 15 315.8 მლნ ლარს, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალის − 4 400.0 მლნ ლარს.

სახელმწიფოს ვალი მთლიან ეკონომიკასთან მიმართებაში მშპ-ს 44.6 პროცენტის დონეზეა. აქედან, საგარეო ვალი 35.3%, ხოლო საშინაო ვალი 9.3 %-ია. აღსანიშნია, რომ 2019 წლის ბოლოსათვის მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა განისაზღვრება მშპ-ის 42.2%-ით (დადგენილი ზღვარი 60%). სადაც სახელმწიფო საგარეო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებულია 1,230 მლნ ლარი. აქედან, ძირითადი თანხის დაფარვისათვის განსაზღვრულია 890 მლნ ლარი, ხოლო გადასახდელი პროცენტისათვის კი 340 მლნ ლარი.

კანონის პროექტში აღნიშნულია, რომ „სახელმწიფო ვალის პორტფელი ინარჩუნებს ხელსაყრელ ფინანსურ პარამეტრებს და საშუალოვადიან პერიოდში არ მიაღწევს კრიტიკულ ზღვარს“. ბუნებრივია, ნაციონალური ეკონომიკური მაჩვენებლები „შთამბეჭდავია“ ყველა მიმართულებით. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის მმართველობით პრაქტიკაში ფაქტობრივად გვაქვს ერთი უცვლელი დინამიკა: ვალებისა და ვალდებულებების ზრდა. ასეთ მდგრად მოცემულობაში, როგორადაც არ უნდა შეიფუთოს პორტფელი და პოპულისტური ციფრები, ვალი ძვირად და მძიმე ტვირთად აწევს ხალხს. მართალია მოკლევადიან პერსპექტივაში კრიტიკულ ზღვარს არ მიაღწევს,

ბუნებრივია, ამ სიდიდის თანხების გადახდისათვის, საჭირო გახდება: საგარეო ვალის შემცირებისათვის საშინაო ვალის ზრდა, საზოგადოებისათვის პრიორიტეტული ღონისძიებების დაფინანსების შეკვეცა, სოციალური უთანასწორობის შემცირებისათვის საჭირო პროგრამების გადადება, სახელმწიფო პროექტებისა და პროგრამების შესრულების ვადების ზრდა ან არასრულად შესრულება, ახალი კრედიტების აღება და ძველის გასტუმრება. ყოველივე აღნიშნულით კი ისევ ვალების ზრდას ვიღებთ.

პრაქტიკულად, სახელმწიფოს ვალი ნიშნავს, რომ გასტუმრების ვალდებულებები ეკისრება ქვეყანას, ხალხს. მნიშვნელობა არ აქვს რა ფორმით მოხდება: ეს იქნება გადასახადების ზრდა, თუ ინფრასტრუქტურული პროექტების, ჯანდაცვის პროგრამების, საგანმანათლებლო ღონისძიებების, სოციალური და მოქალაქეების საჭიროებების დაფინანსებისათვის აუცილებელი ფულადი სახსრების შეკვეცა.

ფაქტობრივად, იგივე პოლიტიკური მოცემულობის ფონზე, ვალებისა და ვალდებულებების შემცირების ნაცვლად მოსალოდნელია ზრდა. სამწუხაროდ, არსებული მოცემულობის ფონზე, საპრეზიდენტო კანდიდატებიც ვერ აჩვენებს ახალი ეკონომიკური ტალღის წარმოქმნის რესურს, ახალი პოლიტიკური გუნდისა და ახალი პოლიტიკური კონსტრუქციის ფორმირების პოტენციალს.

ამიტომ, როდესაც პოლიტიკურ და მმართველობით რგოლს ვირჩევთ, აკადემიურად უნდა შეფასდეს კანდიდატის მმართველობითი პოტენციალი, ეკონომიკური ტალღის წარმოქმნის ძალა და პოლიტიკური ქარიზმა. როდესაც კანდიდატი აცხადებს, რომ ქვეყნის მართვას შეძლებს სხვა ქვეყნის სპეციალისტებით (და არა ადგილობრივი კანდიდატებით), აქცენტს აკეთებს სხვა ქვეყნის რესურსებზე (და არა ადგილობრივი რესურსების გამოყენებაზე), მოქმედებს ძველი პოლიტიკური ტექნოლოგიებით, ვერ აჩვენებს ბიუჯეტის შევსების ახალ წყაროებს, ასეთი მოცემულობა ქმნის ვალისა და ვალდებულებების ზრდის პერსპექტივებს. შედეგად კი კანდიდატი ხდება ხელისუფლებას „ჩამოკიდებული“ და ეფექტურად ვეღარ ერევა ვერც მმართველობით და ვერც პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჯამში, ვიღებთ მმართველობიდან მმართველობამდე ძველი სახელმწიფო ვალების მემკვიდრეობის მოცემულობას. შესაბამისად, არსებული ვალებისა და ვალდებულებების მოცემულობის შეცვლისათვის საჭიროა პოლიტიკური კონსტრუქციის შეცვლა, ეკონომიკური ტალღისა და აქტივიზაციის უნარის მქონე ახალი პოლიტიკური ძალა.

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი

რატი აბულაძე