ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2018

ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2018

"შპარგალკები" ზურაბიშვილისათვის და ნერვების ომი მეორე ტურისათვის

რუსეთი სოჭთან თავდაცვით სარტყელს აღმართავს, თუ საქართველო და უკრაინა ნატოში გაწევრიანდებიან

ნადირაძის რაკეტებით პუტინი ნატო-ს ევროპაში ისევ დაემუქრება?! / “დიოსკურია” და “ოჩამჩირე” დაგვიბრუნდა / რეზერვის საპილოტე პროგრამა დაიწყო / ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში

***

"ოცნებასა" და "ნაცმოძრაობას" შორის ნერვების ომი დაიწყო და ასე გაგრძელდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე დარჩენილ ერთ თვეში. როგორც ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, დღეს ფსიქოლოგიური უპირატესობა გრიგოლ ვაშაძის მხარესაა, ასეა არითმეტიკული დათვლით ხმების რაოდენობაც, ამიტომ ახლა მთავარია, რა სტრატეგიას აირჩევს ხელისუფლება, მხოლოდ დაშინების, "მიშა მოდის" ძახილით შემოიფარგლება, თუ რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამს, რომ მასზე განაწყენებული ელექტორატი დაიბრუნოს და მიიყვანოს საარჩევნო ყუთებთან "ნაციონალების" საწინააღმდეგოდ ხმის მისაცემად”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "შპარგალკები" ზურაბიშვილისათვის და ნერვების ომი მეორე ტურისათვის / "ოცნების" ამომრჩეველი თუ ისევ სახლში დარჩება, ვაშაძის გამარჯვება გარანტირებულია"

"სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის შეფასებით, გრიგოლ ვაშაძისა და სალომე ზურაბიშვილის შანსები თანაბარია, თუმცა ცოტა უპირატესობა აქვს ვაშაძეს. "ევროპული საქართველოს" ამომრჩევლები წავლენ ვაშაძის მხარეს, ასევე "რესპუბლიკელების" მხარდამჭერებიც, თუმცა ისინი ცოტანი არიან, ალბათ - "გირჩის" ნაწილიც. არ ვიცით, რას იზამს შალვა ნათელაშვილი, თუმცა ვფიქრობ, რომ ის "ნაციონალების" მხარეს დაიჭერს ამ ბრძოლაში. "რასაკვირველია, ყველა ოპოზიციური ამომრჩეველი ერთი-ერთზე ვაშაძის აქტივში არ ითვლება, მაგრამ ეს არის ხმების დიდი რესურსი, რაც ვაშაძეს მომგებიან სიტუაციაში აყენებს. თავად ვაშაძეს აქვს დაახლოებით 40% და დაახლოებით 10-12% ფარგლებში აქვს დამატებით მობილიზაციის შესაძლებლობა და თუ ასე მოხდება, ის გაიმარჯვებს. ამას უნდა დავამატოთ ფსიქოლოგიური უპირატესობა."ეს შედეგი მოულოდნელი იყო ყველასათვის და ეს შოკი მის აქტივში იწერება", - ამბობს კაჭკაჭიშვილი“, - აღნიშნავს გამოცემა.

"მისი თქმით, ცოტა უფრო ძნელია სალომე ზურაბიშვილის რესურსის დათვლა. "ოცნების" ძირითადი აქტივი არის ის ამომრჩეველი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი არ მოსწონდა და ამის გამო ან არ წავიდა არჩევნებზე, ან ხმა სხვა კანდიდატს მისცა, გარდა ვაშაძისა. ეს რამდენია, ამის თქმა რთულია."მეორე ტურში ის ადამიანები, ვინც ზურაბიშვილის მიმართ ანტიპათიის გამო მას არ დაუჭირეს მხარი, მაგრამ მათი შეურიგებლობა "ნაცმოძრაობასთან" უფრო მნიშვნელოვანია მისთვის, ვიდრე ზურაბიშვილის მიმართ ანტიპათია, პარტიული პრინციპით იმოქმედებენ და არა - ზურაბიშვილის მიმართ ანტიპათიით. ეს არის "ოცნების" რესურსი". "ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გაზრდას მეორე ტურში არ ველი. მედროვეები ისეთივე რიხით არ წავლენ, როგორც შესაძლოა, პირველ ტურში წავიდნენ, რადგან მათ იგრძნეს, რომ განსხვავებულმა სიომაც დაუბერა. ამიტომ, ადმინისტრაციული რესურსი "ოცნებას" დამატებით ხმებს ვერ მოუტანს."საბოლოო ჯამში, შანსები ისევ დაახლოებით თანაბარია, გარკვეული უპირატესობით - ვაშაძისათვის", - აღნიშნავს კაჭკაჭიშვილი“, - განაგრძობს გამოცემა.

"პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, შანსებზე საუბარი მძიმე და რთულია იმიტომ, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია, რომელი რა სტრატეგიას აირჩევს. თუმცა ის მაინც თვლის, რომ "ოცნებას" უფრო რთულად აქვს საქმე. "ევროპული საქართველოს" 10%-დან დიდი ნაწილი გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს და ეს საკმაოდ დიდი რესურსია. რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", მათ საკმაოდ მძიმედ და რთულად აქვთ საქმე, ამიტომ შეიძლება ვილაპარაკოთ მხოლოდ თეორიულ რესურსზე და ეს რესურსი რამდენად შეიძლება მოქმედებაში მოიყვანონ. "ამ არჩევნებმა გვაჩვენა, რომ "ოცნებამ" საკმაოდ დიდი რაოდენობის ამომრჩეველი დაკარგა. აქედან ნაწილი, როგორც ჩანს, გადავიდა "ნაციონალების" მხარეს, ნაწილი კი საერთოდ დარჩა სახლში და არჩევნებზე არ მივიდა. ანუ, არ დაექვემდებარა არც "ოცნების" შანტაჟს, რომ ვაშაძის გამარჯვებით "ნაციონალები" დაბრუნდებიან და არც ივანიშვილის მოწოდებას, კიდევ ერთხელ დაგვიჭირეთ მხარი და მერე ჩვენ ვიცით თქვენი პატივისცემაო. "თუმცა დღეს არსებული ვითარება შეიცვალა და თეორიული შანსი "ნაციონალების" დაბრუნებაზე შანტაჟის გარეშე გახდა რეალური. თუ "ოცნების" ამომრჩეველი ისევ სახლში დარჩება, ვაშაძის გამარჯვება გარანტირებულია. ეს არის "ოცნების" რესურსი", - მიიჩნევს ძაბირაძე და დასძენს, რომ "ოცნებამ" გასამარჯვებლად დაახლოებით 200 000 ამომრჩეველი უნდა მიიყვანოს დამატებით, რითაც უნდა გაანეიტრალოს "ევროპული საქართველოდან" და სხვა ოპოზიციური პარტიების ნაწილიდან ვაშაძესთან წასული ხმები“, - დასძენს გამოცემა.

"მისი თქმით, თუ ამომრჩევლის აქტივობა არ გაიზარდა, "ოცნებას" რესურსი არ აქვს: "იმისათვის, რომ "ოცნებამ" ელექტორატი სახლებიდან საარჩევნო ყუთებამდე მიიყვანოს, მარტო "მიშა მოდის" ძახილი არ იქნება საკმარისი, კიდევ მთელი რიგი ნაბიჯები უნდა გადადგას ამ ერთ თვეში."რაც მთავარია, ზურაბიშვილს "შპარგალკები" უნდა ჩაუწყოს ჯიბეში, რომ სიტყვა კიდევ არ გაექცეს, თუ მის გამოსვლებს სიტყვის გაქცევას დავარქმევთ". პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, ვაშაძის ამომრჩევლის გაზრდის რესურსი ნაკლებია, ვიდრე "ოცნებისა", რადგან "ნაცმოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" მობილიზაციის ხარისხიდან გამომდინარე და პლუს ამომრჩევლის იდეურად დარაზმულობის ხარისხიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათი ამომრჩევლის 100% იყო არჩევნებზე. "იქიდან, ვინც საარჩევნო უბნებზე ამოვიდა, დიდი იყო "ოცნებაზე განაწყენებული იმ ამომრჩევლის წილი, ვინ 2012 წლიდან 2017 წლამდე ერთხელ მაინც მისცა "ოცნებას" ხმა. სახლში დარჩენის მიზეზი იყო ზურაბიშვილის ოდიოზური ფიგურა, "ოცნებაზე" იმედგაცრუება და კიდევ ბევრი სხვა."ამიტომ, საარჩევნო ყუთებთან ამომრჩევლის მიყვანის რესურსი ხელისუფლებას აქვს", - აღნიშნავს ლაგაზიძე. მისი აზრით, ამავდროულად, "ოცნებას" გაცილებით მეტი ბომბის განეიტრალება მიუწევს. მისი თქმით, თუ დემორალიზაცია დაიწყო, გამორიცხული არ არის, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა არა ზურაბიშვილს, არამედ ვაშაძეს მისცენ ხმა და ამის გაკონტროლება "ოცნებას" ყველაზე მეტად გაუჭირდება. ამბობს, რომ ასევე არასანდო დასაყრდენი არიან მაჟორიტარები, რომლებსაც არჩევნების დროს ძალიან დიდი როლი აქვთ თავის ოლქებში და თუ მათაც იყნოსეს, რომ "ნაციონალები" მოდიან, შეეცდებიან, თავი არ გამოიდონ "ოცნებისათვის". "ყველაფერს გადაწყვეტს ფსიქოლოგიური ომი და "ნაციონალებიც" ამ მიმართულებით წავლენ. არავის ეგონოს, რომ მეორე ტურს მარტო "მიშა მოდის" შიშით მოიგებენ. ამის გარდა უნდა იყოს რამე ხელშესახები ქმედება. "მაგალითად, რამდენიმე ოდიოზური მოსამართლის წინააღმდეგ სს-ის დევნის დაწყება, ასევე იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც "ოცნების" სახეზე სამარცხვინო ლაქები არიან. რამდენიმე რადიკალური ნაბიჯი აუცილებელია, სხვაგვარად ხალხი დარწმუნდება, რომ "ოცნებამ" ამოწურა რესურსი და ძლიერის მხარეს გადადგამს ნაბიჯს", - დასძენს ლაგაზიძე“, - წერს სტატიის ავტორი.

"იმ შემთხვევაში თუკი საქართველოსა და უკრაინას ნატო-ში მიიღებენ, ახალი ბირთვული სტრატეგიის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები განთავსდება, რომლის საშუალებითაც მოსკოვში ჩასასვლელად 7-8 წუთი იქნება საჭირო და რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებზე ბირთვული სარაკეტო დარტყმების განხორციელებაც შესაძლებელი იქნება. რაც შეეხება უკრაინას, მის შემადგენლობაში დარჩენილი სივრციდან შესაძლებელია „ბირთვული დაშინების" სტრატეგიის განხორციელება. ანალოგიური მისიის განხორციელებაა შესაძლებელი საქართველოს საზღვაო აკვატორიაშიც“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რუსეთი სოჭთან თავდაცვით სარტყელს აღმართავს, თუ საქართველო და უკრაინა ნატოში გაწევრიანდებიან.

"აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის ჯონ ბოლტონის საქართველოში ვიზიტი რუსეთმა ასე აღიქვა. ამაზე მიგვანიშნებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორის ანდრეი კელინის განცხადება, - აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „რეზონანსი" სამხედრო ექსპერტს ვახტანგ მაისაიას გაესაუბრა. თუკი საქართველო და უკრაინა შევა ნატოში და ნატოს ახალი ბირთვული სტრატეგიის თანამხმად ჩვენს ტერიტორიაზე განთავსდებიან ამერიკული ოპერატიულ-ტაქტიკური და ტაქტიკური სახის სარაკეტო კომპლექსები. მაშინ მოსკოვამდე მათი მიღწევის დრო შეადგენს 7-8 წუთს და ამ კომპლექსების მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებზე ბირთვული სარაკეტო დარტყმების მიყენება. არაფერს ვამბობ საზღვაო ბაზირების ფრთოსან სარაკეტო კომპლექსებზე „ტომაჰავკებზე", რომელთა რადიუსი აღწევს 2000-2500 კმ-ს და მარტო აზოვის ზღვიდან, ანუ უკრაინის შემადგენლობაში დარჩენილი სივრციდან შესაძლებელია „ბირთვული დაშინების" სტრატეგიის განხორციელება, რომ არაფერი ვთქვათ საქართველოს საზღვაო აკვატორიაში ანალოგიური მისიის განხორციელებაზე," - აღნიშნა მაისაიამ“, - აღნიშნავს გამოცემა.

"საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ რუსეთს სერიოზული კოლოსალური ეკონომიკური პრობლემა ექმნება, - აღნიშნულთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა ანდრეი კელინმა განაცხადა. რა მოხდება, თუ საქართველო და უკრაინა ნატო-ში გაწევრიანდებიან? ეს ჩვენთვის კოლოსალური სამხედრო-ეკონომიკური პრობლემა იქნება. ამ შემთხვევაში რუსეთს სოჭის მახლობლად თავდაცვითი სარტყელის აღმართვა და კოლოსალური რესურსების დახარჯვა მოუწევს," - განაცხადა ანდრეი კელინმა. ვახტანგ მაისაიას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება საშუალო და მცირე მოქმედებების რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე რუსეთისთვის შემაშფოთებელია და სწორედ ამ გადაწყვეტილებას ეხმიანება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელიც. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის აღნიშნული განცხადება ზუსტად ეხმიანება იმ პროცესს, რომელიც ვითარდება დღეს საერთაშორისო უსაფრთხოების პირობებში და შეეხება სტრატეგიული შეიარაღების რბოლის თემას. აშშ-ს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, დატოვოს 1987 წელს ჯერ კიდევ რეიგანისა და გორბაჩოვის დროს მიღწეული მნიშვნელოვანი ხელშეკრულება მცირე და საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტების შემცირების შესახებ," - განაცხადა მან. მაისაიას თქმით, რუსეთმა არაერთხელ დაარღვია საშუალო და მცირე მოქმედებების რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულება. რუსებმა თავად დაიწყეს მცირე და საშუალო სიშორის სარაკეტო კომპლექსების განახლება და ახალი შეიარაღების წარმოება“, - განაგრძობს გამოცემა.

"ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ყველა 500-5500 კმ-ის რადიუსის სიშორის მანძილზე მოქმედი სარაკეტო კომპლექსების, ძირითადად სახმელეთო ბაზირების, განადგურება. რუსებმა დაარღვიეს აღნიშნული ხელშეკრულება, რადგანაც დაიწყეს სწორედ მცირე და საშუალო სიშორის სარაკეტო კომპლექსების მოდერნიზება და ახალი შეიარაღების წარმოება. მაგალითად „ისკანდერის" ტიპის კომპლექსები და „ტოჩკა-უ". ასევე შექმნეს საჰაერო და საზღვაო დანიშნულების ანალოგიური ტიპის კომპლექსები: „ბულავა", „კინჟალი", „სინევა" და „კალიბრი"," - აღნიშნა მან. მისი თქმით, აშშ-ს სურვილია დაახლოებით სამ-ოთხ თვეში ანალოგიური ტიპის სახმელეთო ბაზირების კომპლექსები აღადგინოს და ამისათვის აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტიდან ათეულობით მილიარდი დოლარია გამოყოფილი“, - დასძენს გამოცემა.

"აშშ-ს ძალუძთ სულ რაღაც სამ-ოთხ თვეში აღადგინონ ანალოგიური ტიპის სახმელეთო ბაზირების კომპლექსები და მათ ამა წლის თავდაცვის ბიუჯეტში გათვალისწინებული აქვთ ამ მიზნებზე დაახლეობით 58 მლრდ. ამერიკული დოლარი. „ამიტომაც რუსებს მართლაც ეშინიათ, ეხლა უკვე რეალურ კონტექსტში, რომ მათ შეიძლება ასეთი გეოსტრატეგიული კონფიგურაციის პირობებში იგემონ დამარცხება ამ რბოლაში და ისინი, როგორც ჩანს, ამისთვის ემზადებიან. მით უფრო, ამ მისიით იყო ჩასული ჯონ ბოლტონი და მისი ჩამოსვლა საქართველოში როგორც ასევე ამ კონტექსტში აღიქვეს, ასე ჩანს ანდრეი კელინის განხცადებიდანაც," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ“, - წერს სტატიის ავტორი.

ნადირაძის რაკეტებით პუტინი ნატო-ს ევროპაში ისევ დაემუქრება?! / “დიოსკურია” და “ოჩამჩირე” დაგვიბრუნდა / რეზერვის საპილოტე პროგრამა დაიწყო / ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში / მართლწესრიგის ოფიცრები თბილისის ქუჩებში / ქალი მაშველების იმედად წყალში და ცეცხლში / ჯიმი მაისურაძის უკანასკნელი გაფრენა

“აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა სამი ათეული წლის წინ დადებული ხელშეკრულებიდან გამოსვლის შესაძლებლობის შესახებ განაცხადა. დაახლოებით იგივე ინიციატივა ჰქონდა ერთი-ორი წლის წინ რუსეთის პრეზიდენტ პუტინსაც - რატომ შეიძლება მათ სურვილის ასრულების შემთხვევაში ჩვენი პლანეტის დიდი ნაწილი ბირთვული დაპირისპირების არეალად იქცეს? ზუსტად 30 წლის წინ, 1988 წლის 1-ლ ივნისს, ამოქმედდა აშშ-სსრ კავშირის ხელშეკრულება საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების სრულ ლიკვიდაციას შესახებ. ეს ეხებოდა მხოლოდ სახმელეთო ბაზირების იმ ბალისტიკურ და ფრთოსან რაკეტებს, რომელთა ფრენის მაქსიმალური სიშორე 500-დან-5 500 კმ-მდე იყო. 1991 წლის ივნისამდე ეს ხელშეკრულება მთლიანად შესრულდა - სსრკ-მ გაანადგურა ევროპულ ნაწილში განთავსებული 1 846 სარაკეტო კომპლექსი, ხოლო აშშ-მა ევროპიდან ჩრდილო ამერიკაში დააბრუნა და გაანადგურა 846 სარაკეტო კომპლექსი... ამ ისტორიული ხელშეკრულების შესრულებასთან პირდაპირ კავშირშია ჩვენი ორი თანამემამულე - საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე და ბალისტიკური რაკეტების “პიონერების” გენერალური კონსტრუქტორი ალექსანდრე ნადირაძე, რომლებიც, ფაქტობრივად, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რადგან ევროპაში განთავსებული ნადირაძის “პიონერები” სწორედ შევარდნაძემ გამოატანინა და გაანადგურებინა.”, - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი” (N11, ნოემბერი, 2018) სტატიაში სათაურით "ნადირაძის რაკეტებით პუტინი ნატო-ს ევროპაში ისევ დაემუქრება?!"

“სიმართლე ითქვას ევროპაში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც 1977 წლიდან დაწყებული საბჭოთა კავშირმა ვარშავის ხელშეკრულების პაქტის მონაწილე ქვეყნების ტერიტორიებზე ნადირაძის “პიონერის” 300-მდე თვითმავალი სარაკეტო დანადგარი განათავსა. ამას გარკვეულწილად იმანაც შეუწყო ხელი, რომ ალექსანდრე ნადირაძეს საუკეთესო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა საბჭოთა კავშირის მაშინდელ თავდაცვის მინისტრ დმიტრი უსტინოვთან, რამაც დააჩქარა “პიონერების” სერიული წარმოება. ნატო სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, რადგან ნადირაძის საშუალო სიშორის მოქმედების “პიონერის” რაკეტას მაქსიმალურ 5 ათას კმ მანძილზე სამი, თითოეული 150 კილოტონა სიმძლავრის თერმობირთვული ქობინი გადაჰქონდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში არსებული საბჭოთა სამხედრო ბაზებიდან გაშვებული “პიონერები” მთელ ევროპას “ფარავდნენ”. ამასთან, “პიონერების” სარაკეტო დანადგარები მობილური იყო და მათი აღმოჩენა და წინასწარ განადგურება ძალზე ძნელი გახლდათ. “პიონერების” საპასუხოდ, მაშინდელმა აშშ-ის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა ევროპაში ამერიკული საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტები “პერშინგ-2”-ები გადაისროლა. ახლა ცუდ სიტუაციაში უკვე კრემლის მესვეურები აღმოჩნდნენ, რადგან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან სტარტაღებულ ამერიკულ “პერშინგს” სულ რაღაც 8-10 წუთი თუ სჭირდებოდა 80-კილოტონიანი ბირთვული ქობინის მოსკოვის ცენტრამდე “მისატანად”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მათ გარდა, პენტაგონმა დასავლეთ ევროპაში სახმელეთო ბაზირების “ტომაჰავკის” ფრთოსანი რაკეტებიც განათავსა. მართალია, მათი ფრენის სიჩქარე მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა ბალისტიკური რაკეტისას, სამაგიეროდ, ბირთვულქობინიანი “ტომაჰავკები” ძალიან დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდნენ დედამიწის რელიეფის მიყოლებით და საბჭოთა რადიოლოკატორებს ძალიან გაუჭირდებოდათ მათი დროული აღმოჩენა. იმ ათიოდე წუთში, რაც “პერშინგებს” მოსკოვამდე “სტუმრობისთვის” სჭირდებოდათ, კრემლის მესვეურები თავს ვერ უშველიდნენ. ამ და სხვა მიზეზების გამო საბჭოთა კავშირი დათანხმდა აშშ-ს ევროპიდან საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების გატანასა და ლიკვიდაციაზე. 1 846 ლიკვიდირებულ საბჭოთა რაკეტიდან უმეტესობა ალექსანდრე ნადირაძის “პიონერები” და “ტემპ-ს”-ები გახლდათ (სხვათა შორის, მობილური “ტემპ-ს”-ების პოლკი 12 სარაკეტო დანადგარის შემადგენლობით 1970-იან წლებში საქართველოში, გომბორშიც იყო დისლოცირებული და 900 კმ-მდე მანძილზე შეეძლო 50 კილოტონა ბირთვული ქობინის “გაგზავნა”). ევროპამ ეს 30 წელი მეტ-ნაკლებად მშვიდად, ბირთვული `კოშმარების~ გარეშე იცხოვრა, მაგრამ რა მოხდა ისეთი, რომ ამერიკელებსა და რუსებსაც ამ ხელშეკრულების გაუქმება სურთ?”, - განაგრძობს გამოცემა.

“თეთრი სახლი რუსეთს ამ ხელშეკრულების დარღვევასა და მალულად 500 კმ მანძილზე უფრო შორს მფრენი ფრთოსანი რაკეტების შექმნას აბრალებს, რომელთა გაშვება “ისკანდერის” მობილური დანადგარიდან შეიძლება. თავის მხრივ, კრემლი პენტაგონს ბრალს შემდეგში სდებს - რუმინეთში ამერიკელებმა განათავსეს ანტისარაკეტო სისტემა, რომელიც “სტანდარდის” ანტირაკეტებით ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტების გადაჭერისთვისაა განკუთვნილი. რა თქმა უნდა, “სტანდარდის” ანტირაკეტა არ არის ხელშეკრულებით აკრძალული ბალისტიკური თუ ფრთოსანი რაკეტების ნუსხაში, მაგრამ საქმე ის არის, რომ “სტანდარდის” გასაშვებ კონტეინერში თეორიულად და ტექნიკურადაც შეიძლება ფრთოსანი “ტომაჰავკის” განთავსება და გაშვებაც, რაც რუსულ მხარეს ასეთი ბრალდებების გამოთქმის საშუალებას აძლევს. უახლესი მომავალი გვიჩვენებს, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ევროპაში ნადირაძის “პიონერისა” და პენტაგონის `პერშინგის~ მსგავსი ბირთვულქობინიანი რაკეტების დაბრუნება კიდევ უფრო დაძაბავს ამერიკულ-რუსულ ურთიერთობას, რაც საქართველოსთვის სულერთი ნამდვილად არ არის...”, - დასძენს გამოცემა.

“შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ისტორიაში 2018 წლის 18 ოქტომბერი მნიშვნელოვან მოვლენად დარჩება. ამ დღეს ფოთის სანაპირო დაცვის ბაზაზე ქართველ მეზღვაურებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ Islan-ის სერიის ორი საპატრულო ხომალდი. ამასთან დაკავშირებით ფოთში იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს მთავრობის წევრები, საქართველოში აშშ-ის საელჩოს, ნატოს სამეკავშირეო ოფისის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ატაშეები”, - წერს ჟურნალი “არსენალი" სტატიაში სათაურით “დიოსკურია” და “ოჩამჩირე” დაგვიპრუნდა / საქართველოს შს სამინისტროს სანაპირო დაცვას აშშ-ის მთავრობამ “აილენდის” სერიის 2 ხომალდი გადასცა.

“ხომალდების გადმოცემის ცერემონიალზე გამოსვლისას საინტერესო შეფასებები გააკეთა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა: “ხომალდები საქართველოს დაეხმარება, რომ შავ ზღვაში ჩატარებულ სწავლებებში ნატოს საიმედო პარტნიორი იყოს. ჩვენ ვაფასებთ თქვენს არჩევანს, ჩვენ კი უკეთეს ქვეყანას ვერ ავირჩევდით ამ ხომალდების გადასაცემად”. აღსანიშნავია, რომ სანაპირო დაცვას ახალი მცურავი საშუალება ბოლოს 2010 წლის 25 ივლისს დაემატა - თურქეთში აგებული ZAAN-20 პროექტის P-108 “ფოთი”. კატარღებს დროდადრო აუცილებელი რემონტი ან განახლება ესაჭიროება. 2016 წლის 30 სექტემბერს აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და აშშ-ის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს საქართველოსთვის “აილენდის” სერიის ორი ხომალდის გადმოცემაზე. იმავე დღეს აშშ-ის სანაპირო დაცვის კერტის-ბეის ბაზაში საზეიმო ვითარებაში ხომალდებზე - WPB 1340 Jefferson Island-სა და WPB 1345 Staten Island -ზე საქართველოს სახელმწიფო დროშები აღიმართა, ხოლო სანაპირო დაცვას საპატრულო ხომალდები “ოჩამჩირე” და “დიოსკურია” შეემატა. კარგია, რომ სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელობამ გაიხსენა 2008 წლის 13 აგვისტოს ფოთში რუსი დივერსანტების მიერ აფეთქებული სარაკეტო კატარღის კლასის “დიოსკურია” და ძველი საზღვაო ტრადიციის შესაბამისად, ეს სახელი გააცოცხლა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“1985-1992 წლებში აგებული “აილენდის” სერიის ხომალდების ერთი ნაწილი აშშ-ის სანაპირო დაცვის შემადგენლობაში სამსახურს დღემდე განაგრძობს, მეორე კი სხვადასხვა ქვეყანას გადასცეს. საქართველოს სანაპირო დაცვისთვის გადმოცემის წინ ხომალდებმა საფუძვლიანი მოდერნიზაცია გაიარა. საპატრულო ხომალდ P-25 “დიოსკურიის” მეთაური კაპიტან-ლეიტენანტი ბადრი შენგელია: “ოჩამჩირე” და “დიოსკურია” თანამედროვე ხომალდებია, რომელთა შესაძლებლობები მოდერნიზაციის შემდეგ უფრო გაიზარდა. ხომალდებს აქვთ ახალი ავტოპილოტი, სანავიგაციო სისტემები და კავშირის საშუალებები. კორპუსი თავიდან შეიღება, ხოლო გემბანი ფეხის მოსრიალების საწინააღმდეგო საEღებავით დაიფარა. აქვს ზღვის წყლის გამამტკნარებელი მოწყობილობა, რითაც ზღვაში ყოფნის ავტონომიურობა გაზრდილია. ძრავები განახლებულია და საკმარისი მოტორესურსები აქვს. ხომალდის ეკიპაჟმა აშშ-ში ბალტიმორთან სანაპირო დაცვის კერტის-ბეის ბაზაში 10-კვირიანი მომზადება გაიარა, რომელიც მეტწილად სხვადასხვა ავარიულ სიტუაციაში ხომალდის შენარჩუნებისთვის ბრძოლას შეეხებოდა. ხომალდებს ზღვაში სამაშველო ოპერაციების ჩატარება და დახმარებაც შეუძლიათ. “ოჩამჩირე” და “დიოსკურია” ნატოს მოთხოვნებთან მთლიანად თავსებადია და ქართველ მეზღვაურებს საერთაშორისო საზღვაო სწავლებებსა თუ მისიებში რეგულარული მონაწილეობის საშუალება ეძლევათ.

“საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სანაპირო დაცვას. 1998 წლის ივლისიდან სანაპირო დაცვა ქვეყნის საზღვაო საზღვრების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის კონტროლზეა პასუხისმგებელი და, იმავდროულად, საკვანძო როლს თამაშობს ქვეყნის საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით და, რაც მთავარია, პირადი შემადგენლობის შრომით, განვლილი წლების განმავლობაში სანაპირო დაცვამ შთამბეჭდავი ტრანსფორმაცია განიცადა და ახლა თავისი წვლილი შეაქვს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების სისტემაში. ამერიკული მხარის მიერ Island-ის სერიის ხომალდების გადმოცემა აშშ-თან საზღვაო სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია. ხომალდები გააძლიერებენ სანაპირო დაცვის შესაძლებლობებს, მათ შორის ღია ზღვაში ავტონომიური მოქმედებასა და ოპერაციების ეფექტიანობას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, პოლკოვნიკი თემურ კეკელიძე.

“შავი ზღვის გეოპოლიტიკური მდებარეობა და რეგიონში შექმნილი ცვალებადი ვითარების გათვალისწინებით საქართველოს სანაპირო დაცვა მნიშვნელოვან გამოწვევათა წინაშე დგას და ამის საპასუხოდ ქვეყნის საზღვაო უსაფრთხოების მექანიზმი მუდმივად იხვეწება. ამაში მეგობარი ქვეყნებისა და განსაკუთრებით აშშ-ის წვლილი განსაკუთრებულია. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის განვითარებაში აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიას, თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოსა (DTRA) და ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამას დიდი ადგილი უკავია. ამის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია Island-ის სერიის ხომალდების გადმოცემა, რითაც საქართველოს სანაპირო დაცვის ოპერატიული შესაძლებლობები უფრო გაძლიერდა”, - განმარტავს გამოცემია კორესპონდენთთან საუბრისას სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, 1-ლი რანგის კაპიტანი თემურ კვანტალიანი.

“აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში განსჯისა და ინტერესის საგანი იყო, დაიწყო. თელავის მე-20 კადრირებული ბრიგადის ბაზაში პროგრამაში მონაწილე რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი უკვე დადეს. იმის გათვალისწინებით, რომ საპილოტე პროგრამის შესახებ სპეციალისტები დიდხანს მსჯელობდნენ, ალბათ, ღირს სარეზერვო სისტემის შესახებ მკითხველს ორიოდე სიტყვით შევახსენოთ. კერძოდ, ახალი კონცეფცია ქვეყნის ტოტალურ თავდაცვაში მოქალაქეების ჩართვასა და სამობილიზაციო რესურსის ოპტიმალურად გამოყენებას ითვალისწინებს. ამასთან, თავდაცვის სამინისტროს თანახმად, საომარი მდგომარეობის დროს სამობილიზაციო რეზერვში მოქალაქეების გაწვევა პრეზიდენტის უფლებამოსილება იქნება; საგანგებო მდგომარეობის დროს უფლებამოსილება მთავრობას გადაეცემა, ხოლო ყოველწლიურად რეზერვისტთა 45-დღიან მომზადებაზე გადაწყვეტილებას თავდაცვის სამინისტრო მიიღებს”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით “რეზერვის საპილოტე პროგრამა დაიწყო”.

“სარეზერვო სამსახურის შესახებ” კანონპროექტით საქართველოში ორი ტიპის რეზერვი იქნება - აქტიური და სამობილიზაციო. აქტიური რეზერვი, თავის მხრივ, სამ ნაწილად იყოფა: შეიარაღებული ძალების რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალისტთა რეზერვი. შეიარაღებული ძალების რეზერვში ჩაირიცხებიან პირები, რომელთაც სავალდებულო სამხედრო სამსახური აქვთ გავლილი და ერთი საკონტრაქტო ვადა მაინც აქვთ მოხდილი. ისინი უშუალოდ სარეზერვო ბატალიონებს დააკომპლექტებენ. ტერიტორიულ რეზერვს, ტერიტორიული თავდაცვის ორგანიზების გზით, შეიარაღებული ძალების დამატებითი მხარდაჭერა დაევალება. სპეციალისტთა რეზერვის შექმნის მიზანი სამხედრო ძალების სპეციფიკური მოთხოვნებისა და ამოცანების გადაჭრა იქნება და დაკომპლექტდება ისეთი კადრებით, როგორიც არიან კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები, გვირაბების, ხიდების მშენებლები, აეროდრომების საფრის სპეციალისტები და სხვ. აქტიური სარეზერვო სამსახური ნებაყოფლობითია 5 წლამდე კონტრაქტითა და შრომითი ანაზღაურებით. აქტიური რეზერვისგან განსხვავებით, სამობილიზაციო რეზერვი სავალდებულოა და მისი მიზანი სამხედრო ძალების გაძლიერება და დანაკარგის შევსება იქნება. სამობილიზაციო რეზერვში გაწვევას დაექვემდებარება ყველა ის მოქალაქე, რომლებიც საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ. აღრიცხვიანობისა და გაწვევის უზრუნველსაყოფად უკვე დაწყებულია მართვის ელექტრონული სისტემების შემუშავება”, - განაგრძობს გამოცემა.

“საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას თქმით, სამხედრო რეზერვისა და მობილიზაციის შესახებ დოკუმენტი ექსპერტების, სამოქალაქო სექტორისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჩართულობით შეიქმნა, საერთო კონსენსუსის საფუძველზე. რეზერვისტების მიერ სამხედრო ფიცის დადების დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ რეზერვისტებს აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამის დაწყება მიულოცეს. თავდაცვის მინისტრმა სიტყვით მიმართვისას ტოტალური თავდაცვის კონცეფციის ფარგლებში აქტიური რეზერვის პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენ ვიწყებთ პროგრამას, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის გასაძლიერებლად”, - აღნიშნა ლევან იზორიამ. სამინისტროს განცხადებით, აქტიურ რეზერვში ჩარიცხული მოქალაქეები 5 წლის განმავლობაში იმსახურებენ და მათი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%-ს შეადგენს. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში კი რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ. საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი, რომელიც 12 თვეზე ნაწილდება. თავდაცვის მინისტრმა დაათვალიერა და შეაფასა გარემონტებული ინფრასტრუქტურა, სადაც რეზერვისტები იმსახურებენ”, - დასძენს გამოცემა.

“შეიძლება ამ დღეს ისტორიულიც ვუწოდოთ, რადგან ვაყალიბებთ ახალ რეზერვის სისტემას, რომელიც არის საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ელემენტი, პოლიტიკა კი ეფუძნება ორ მნიშვნელოვან პრინციპს, როგორიც არის შეკავება და თავდაცვა. შეკავებაში ვგულისხმობ საქართველოს შეიარაღებული ძალების ისეთ მაღალ ხარისხს, რომელიც აგრესიის თავიდან ასაცილებლად ეფექტიანი იქნება, რათა მტერმა გაიაზროს, თუ რა დიდ, სამხედრო ზიანი შეიძლება მიადგეს მას ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განსაკუთრებული დონით; როდესაც თავდაცვაზეა ლაპარაკი, მხედველობაში გვაქვს სამხედრო აგრესიის სამხედრო გზით შეკავება-შეჩერება. სწორედ ჩვენი პოლიტიკის ორი ძირითადი პრინციპი ქმნის იმას, რასაც მტკიცე თავდაცვისუნარიანობა ჰქვია. თუმცა ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ამ პოლიტიკის წარმატების საწინდარი ტოტალური თავდაცვის კონცეფციაა, რომელიც მხოლოდ სამხედრო ელემენტი კი არა, მთელი ეროვნული რესურსების ეფექტიან და დროულ მობილიზებას გულისხმობს, რათა ქვეყნის თავდაცვის ამოცანებში, სამხედროსთან ერთად, სხვა სახის კომპონენტებიც იყოს ჩართული”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.

“ყალიბდება განსაკუთრებული შინაარსის სარეზვერვო სამსახური, რომელიც ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში არ ყოფილა. ამ სამსახურის შემუშავებისას განსაკუთრებით სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილება შევისწავლეთ და გამოვიყენეთ. გავითვალისწინეთ ქართული ხასიათიც, ქვეყნის სამხედრო-ოპერატიული გარემო და გეოგრაფიული მდებარეობა, შესაბამისად, მივიღეთ პროდუქტი, რომელიც ჩვენი თავდაცვის გეგმის ოპერატიულ მოთხოვნებს ერთი-ერთზე პასუხობს. საამისოდ საჭირო ბაზები მხოლოდ თელავსა და ბათუმში კი არა, მომავალი წლიდან სხვადასხვა რეგიონშიც იქნება. მადლობას ვუხდი ყველა იმ რეზერვისტს და მათ ოჯახებს, რომლებმაც რეზერვში გაწევრების სურვილი გამოთქვეს. ამით მათ ქვეყნისა და სამშობლოს ერთგულება და პატივისცემა გამოხატეს. მადლობელი ვარ თავდაცვის მინისტრის, რომელიც პირველი დღიდან აქტიურად იყო ჩართული ამ პროექტის შემუშავებაში და კონცეფციის ყველა დეტალის შესწავლაში”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

“ყოველთვის მაინტერესებდა სამხედრო სამსახური, თუმცა ახლა ვსწავლობ და ამიტომაც საპილოტე რეზერვი ძალიან ხელსაყრელია ჩემთვის. როგორც კი შევიტყვე, რომ სარეზერვო გაწვევა დაიწყო, მაშინვე დავინტერესდი და მივმართე უწყებას. ვიცი, რომ ჩემ გარდა, ძალიან ბევრი მოქალაქეა დაინტერესებული საპილოტე რეზერვის პროგრამით”, - ამბობს რეზერვისტი დათო... საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს “მედლები სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისთვის” გადასცეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და ეროვნული გვარდიის უფროსის ბრძანებით ეროვნული გვარდიის აღმშენებლობსსა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „ღირსეული გვარდიელის~ სამკერდე ნიშნით სამი სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა. განსაკუთრებული წვლილისთვის სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს სხვადასხვა სინჯის მედლები და სიგელები გადასცეს. ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობამ მხარდაჭერისთვის თავდაცვის მინისტრი ღირსეული გვარდიელის სამკერდე ნიშნით დააჯილდოვა”, - წერს სტატიის ავტორი.

“საქართველოს სახელმწიფოებრიობის სიძლიერის ერთ-ერთი ქვაკუთხედი მრავალეთნიკურობასა და მულტიკულტურალიზმშია. ეთნიკური უმცირესობების საჯარო სისტემაში ინტეგრაცია ქვეყნის პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. შესაბამისად, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას, როგორც მომავალ ოფიცერთა სამჭედლოსა და უმაღლეს სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებას, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. აკადემიაში სხვადასხვა აკადემიური და სამხედრო პროგრამა ფუნქციონირებს, მათ შორისაა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიზანია, სახელმწიფო ენა შეასწავლოს საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, რომლებიც ვერ ფლობენ ქართულ ენას, თუმცა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის სურვილი აქვთ”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა / ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და ამ პროცესში ეროვნული თავდაცვის აკადემიის როლი.

“ქართულ ენაში მომზადების პროგრამის ერთ-ერთი მსმენელი ანდრანიკ ნახაპეტიანი: “სამხედრო სამსახური ბავშვობიდანვე მიზიდავდა. მართალია, ქართველი არა ვარ, თუმცა ვცხოვრობ აქ, საქართველოშია ჩემი ოჯახი, ნათესავები და ჩემი ვალია, სამშობლოს ვემსახურო~. მსმენელმა რუბენ ქოსიანმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა: “ქართული ენის სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მე საქართველოში ვცხოვრობ, ქართული კი არ ვიცოდი. ამ მოსამზადებელი პროგრამის დახმარებით ვისწავლე ქართული ენა და ახლა თავისუფლად ვსაუბრობ ქართულად~. ამჟამად ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ექვსი მსმენელი სწავლობს. ერთი წლის განმავლობაში ისინი შეისწავლიან ქართულ ენას (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) 2 დონემდე, რაც აუცილებელია ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად. პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულებმა შეძლონ წარმატებული კომუნიკაცია ქართულად, გამოუმუშავდეთ ლექსიკური მარაგის, სწორი მორფოლოგიური ფორმებისა და სინტაქსური კონსტრუქციების გამოყენებით წინადადებების აგების უნარი. პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელები ჩაირიცხებიან აკადემიაში არსებულ საბაკალავრო პროგრამებზე და ოთხწლიანი სწავლების შემდეგ მიიღებენ ოფიცრის პირველად სამხედრო წოდებასა და ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს შესაბამის სპეციალობაში”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მიხარია, რომ საქართველოში არსებობს ასეთი კარგი სამხედრო აკადემია. ვამაყობ, რომ აკადემიაში ჩავაბარე, რომ სამშობლოს ვემსახურები და შეიარაღებულ ძალებში ვირიცხები”, - ამბობს მსმენელი აბი ჰასანოვი. სახელმწიფო ენის სწავლების გარდა, ქართულ ენაში მომზადების პროგრამა მომავალ ოფიცრებში შეიარაღებული ძალების ღირებულებების გათავისებასა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაში უდიდეს როლს თამაშობს. მსმენელი რუბენ ქოსიანი: “ამ პროგრამის დახმარებით მე ახლიდან გავიცანი ჩემი ქვეყნის ისტორია, ადათ-წესები და ვფიქრობ, ეს ყველაზე მთავარია, რადგან ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ და უნდა ვიცნობდეთ ჩვენი ქვეყნის წარსულს. მე ბავშვობიდან ვფიქრობდი ჯარზე. როცა აკადემიის შესახებ გავიგე, გადავწყვიტე, რომ გავხდებოდი ოფიცერი. მზად ვარ სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე დავიცვა ჩემი ქვეყანა, ჩემთვის ჩემი ქვეყნის თავისუფლება პირველ ადგილზეა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩარიცხული მსმენელები სხვადასხვა რეგიონიდან არიან და განსხვავებული სასკოლო პროგრამების გამო ქართული ენის ცოდნის დონეც განსხვავებულია. ოჯახებშიც, ძირითადად, არაქართულენოვანი წევრები ჰყავთ და სასაუბრო ენაც არაქართულია, ამიტომაც პედაგოგს მუშაობა თითოეულთან ინდივიდუალურად უწევს. სამაგიეროდ, არიან ძალიან მონდომებული და მოტივირებული. აქვთ ინფორმაცია ქართულ ჯარზე და თვლიან, რომ საქართველო მათი სამშობლოა. აკადემიაში მოდიან მიზანდასახულად და არჩევანი გაცნობიერებული აქვთ. არ იცნობენ საქართველოს, მაგრამ სურთ, რომ სამშობლოს ემსახურონ”, - ამბობს ქართული ენის პედაგოგი ნელი ჭამპურიძე. იგეგმება პროგრამისთვის მეტი დატვირთვის მიცემა. ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მუშავდება პროექტი, რაც მიზნად ისახავს უცხო ქვეყნების (თურქეთი, რუმინეთი და სხვ.) სამხედრო მოსამსახურეებისათვის გაცვლითი პროგრამებით ქართული ენის შესწავლის შეთავაზებას. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ეროვნული თავდაცვის აკადემიისათვის, რათა გახდეს უფრო მოთხოვნადი ქვეყანაში არსებულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს შორის, ამასთანავე, შეასრულოს დაკისრებული ამოცანა”, - დასძენს გამოცემა.

“შს რეფორმის ფარგლებში მიმდინარე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება – უბნის ინსპექტორის ინსტიტუტის მართლწესრიგის ოფიცრით შეცვლა დაიწყო. შს სამინისტროში ორმოცმა ახალდანიშნულმა მართლწესრიგის ოფიცერმა პოლიციელის ფიცი დადო. ფიცის დადების ცერემონიას შს მინისტრის მოადგილეები კახა საბანაძე და ნინო ჯავახაძე ესწრებოდნენ. მათ მართლწესრიგის ოფიცრებს სამსახურში დანიშვნა მიულოცეს და წარმატება უსურვეს. ახალდანიშნული მართლწესრიგის ოფიცრები ღია კონკურსის, ტესტირების, გასაუბრებისა და ფიზიკური მომზადების შემოწმების შედეგად შეირჩნენ. ისინი მომავალი 5 თვის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გაივლიან სპეციალური მომზადების კურსს, რის შემდეგაც თბილისის სხვადასხვა უბანში გადანაწილდებიან და მუშაობას შეუდგებიან. პირველ ეტაპზე შერჩეულმა სამოცმა მართლწესრიგის ოფიცერმა გადამზადების სრული კურსი უკვე გაიარა, ისინი თბილისის ქუჩებში მალე გამოჩნდებიან. მართლწესრიგის ოფიცერს ევალება პრევენციული ღონისძიებების გატარება დანაშაულისა და სამართალდარღვევების თავიდან აცილების მიზნით”, - წერს გაზეთი “ არსენალი” სტატიაში სათაურით მართლწესრიგის ოფიცრები თბილისის ქუჩებში.

“მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი თანამედროვე საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც საზოგადოებაზე ორიენტირებულ მიდგომებს გულისხმობს. მართლწესრიგის ოფიცრის მოვალეობაა ასევე არასრულწლოვანებთან ურთიერთობა, ოჯახში ძალადობაზე, სამეზობლო დავებზე, უკანონო მიგრაციაზე, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება. ასევე, დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებები, ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პირველადი დამუშავება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოება, შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება და სხვ. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი შს სამინისტროს რეფორმირებისა და სისტემური განახლების პროცესში დაინერგა, რადგან სამინისტროს მიზანია ტრადიციული საპოლიციო საქმიანობიდან საზოგადოებაზე ორიენტირებულ საპოლიციო მიდგომებზე გადასვლა და რეაქტიული მიდგომის ეტაპობრივი ჩანაცვლება პროაქტიური მიდგომით. ცნობისთვის: მართლწესრიგის ოფიცერი არის პოლიციელი, რომელიც ორიენტირებულია სხვა საპოლიციო დანაყოფებთან ერთად, კოორდინირებული მუშაობით იზრუნოს საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე, უზრუნველყოს მართლწესრიგი და შეძლებისდაგვარად დაეხმაროს მოქალაქეებს საზოგადოებრივი და სამოქალაქო პრობლემების გადაწყვეტაში”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მართლწესრიგის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა კომპლექსური საკითხია, რომელშიც არსებითია საზოგადოების ჩართულობა. შესაბამისად, მართლწესრიგის ოფიცერი იქნება დამაკავშირებელი ხიდი პოლიციასა და საზოგადოებას შორის, იმისათვის, რომ შედგეს ეფექტიანი, ინტენსიური კომუნიკაცია და ჩამოყალიბდეს მეტი ნდობა, რაც დანაშაულის პრევენციისათვის ერთ-ერთი აუცილებელი წინა პირობაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანია, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის დანერგვით არა მხოლოდ დანაშაულთან ბრძოლა, არამედ დანაშაულის გამომწვევი მიზეზების სიღრმისეული კვლევა და იმ ხსენებული მიზეზების გადაჭრა, რაც დანაშაულის პრევენციის აუცილებელი პირობაა”, - დასძენს გამოცემა.

“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ეტაპობრივად მუშაობენ ყველა იმ გეგმისა და პროექტის რეალიზებაზე, რომლებიც ბოლო ხანებში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა წარმოშვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის შალვა ხუციშვილის განცხადებით, სამაშველო სამსახურში ქალების აქტიური ჩართვა 2019 წლის ზაფხულიდან იგეგმება. ჯერჯერობით, დეტალები ზუსტდება, თუმცა ქალების სახანძრო-სამაშველო საქმიანობაში ჩართვისთვის მოხალისეების რეგისტრაცია 1-ლი ნოემბრიდან დაიწყება”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით ქალი მაშველების იმედად წყალში და ცეცხლში.

“ქალების ჩართვა ინტენსიურად მომავალი ზაფხულიდან დაიწყება. ჩვენ უკვე ვმუშაობთ სპეციალურ პროგრამაზე, რომ ქალი საზღვაო მაშველებიც გვყავდეს. სახანძროში ჯერ არ ვაპირებთ, ამას პირობების შექმნა სჭირდება. პირველ ეტაპზე წყალზე სამაშველო სამსახურში უკვე არის სათანადო პირობები, რომ ქალი მაშველები ჩავრთოთ”, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ხვადაგიანი კი განმარტავს, რომ იქნება გადამზადების კურსი და ვინც დააკმაყოფილებს სტანდარტებს, ისინი სეზონურ მაშველებად დასაქმდებიან, რისთვისაც ქირაობენ აუზს და ასევე ჩაუტარდებათ სამედიცინო შემოწმება. თუმცა ქალებისთვის შეიძლება შეღავათები დაწესდეს - მაგალითად, მამაკაცებივით ორ კილომეტრზე შეუსვენებლივ ცურვა არ მოეთხოვებათ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჯერჯერობით, ნორმატივების საკითხზე ვმუშაობთ. რაც შეეხება რაოდენობას, არც ეს არის განსაზღვრული, მაგრამ მომავალი წლისთვის საქართველოს შავი ზღვის სანაპიროებზე მაშველების მთლიანი შემადგენლობის 40-50% შეიძლება ქალი იყოს. თუ სამასი მამაკაცი და ამავე რაოდენობის ქალი მოვიდა, იმათ ავარჩევთ, ვინც ჩვენს ნორმატივებს დააკმაყოფილებს. ასაკი შესაძლებლობის მიხედვით განისაზღვრება, ალბათ, 30-35 წლამდე იქნება... ეს ტენდენცია აპრობირებულია ამერიკაში და გაამართლა. ალბათ, ინფრასტრუქტურაც მოსაწყობია, ბევრი რამის გადაწყობა მოგვიწევს, მაგრამ ამ ამბიციურ პროექტს ბოლომდე მივიყვანთ”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე ხვადაგიანი.

“აფხაზეთის ომში ქართველმა მფრინავებმა შვეულმფრენებით 360 საბრძოლო გაფრენა შეასრულეს. გვარდიის საავიაციო პოლკმა, რომელსაც ჯიმი მაისურაძე მეთაურობდა, ომში მი-24 ტიპის 3 და მი-8 ტიპის 5 შვეულმფრენი დაკარგა, საბრძოლო მოქმედებებს კი შვეულმფრენთა 22 პილოტი შეეწირა, მათ შორის იყო პოლკის მეთაურიც. უკანასკნელი საბრძოლო გაფრენა მან 1992 წლის 26 დეკემბერს შეასრულა. ლეგენდარული მფრინავი – ასე უწოდა ხალხმა აფხაზეთის ომის გმირს, პოლკოვნიკ ჯიმშერ (ჯიმი) მაისურაძეს. ქართულ ავიაციამდე მან მსოფლიო სხვადასხვა კუთხეში ფრენების გამოცდილება მიიღო. 1980 წელს კი სამოქალაქო ავიაციაში ხომალდის მეთაურად დაიწყო მუშაობა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის დროს ჯერ სამაჩაბლოს მიაშურა, შემდეგ კი აფხაზეთს. რას არ ჰყვებიან მასზე თანამებრძოლები. როგორც ლეგენდებს, ისე ავრცელებენ მისი შეუპოვრობისა და სიმამაცის ამბებს. ყველას ეგონა, “შავ პოლკოვნიკს~ (ასე ეძახდნენ მას რუსები), სიკვდილი ვერ დაამარცხებდა. თუმცა არც დამარცხებულა, მისი სახელი უკვდავი დარჩა, ხსოვნა კი მარადიული. მის საფლავთან თანამებრძოლები ხშირად იკრიბებიან და იმ ისტორიებს იხსენებენ, რომლებიც უკვე საუკუნის მეოთხედს ითვლის”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით ჯიმი მაისურაძის უკანასკნელი გაფრენა.

“ჩემი სოფელი, ატოცი, ქარელის რაიონში, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარეობს. 1991 წელს, ოს სეპარატისტებთან პირველი ომის დროს, სოფელს ჩვენი ძალებით ვიცავდით. 1991 წლის გაზაფხულზე დასახმარებლად “მერაბ კოსტავას საზოგადოების” შეიარაღებული დანაყოფი შემოგვიერთდა, რომელსაც ვაჟა ადამია მეთაურობდა. ამ დროს ჯიმი მაისურაძეც მათთან ირიცხებოდა. ერთ დღესაც ჯიმი მი-8 ტიპის შვეულმფრენით მოფრინდა სოფელში და იგი ასაშენებელი სკოლის მოსწორებულ მოედანზე დასვა. ძირს ჩამოვიდა და მოსახლეობას გვთხოვა, თუ ვინმეს სახლში მწვანე საღებავი გაქვთ, მოიტანეთ, შვეულმფრენი რომ გადავღებოთო. მართლაც, გადავღებეთ, უფრო სწორად, ავაჭრელეთ, მეთაურის გადაწყვეტილებით კი პოზიცია შევიცვალეთ და გამყოფი ხაზის შიგნით მდებარე მიტოვებულ ოსურ სოფელ ქალეთში გავმაგრდით”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ომის ვეტერანი ვლადიმერ გულიკაშვილი.

“დაზვერვის მიზნით, ჯიმი მაისურაძემ ზნაურის თავზე გაფრენა შეასრულა. მეორე წრეზე შვეულმფრენს ოსურმა ბანდფორმირებებმა ცეცხლი გაუხსნეს. შვეულმფრენში მყოფმა მებრძოლებმა თავდასაცავად ცეცხლითვე უპასუხეს. ორმხრივი სროლის დროს ჯიმი და კიდევ ერთი მებრძოლი ფეხებში დაიჭრნენ. დაიცხრილა საფრენი აპარატიც. დაჭრილმა ჯიმი მაისურაძემ დაზიანებული შვეულმფრენით უკან დაბრუნება, თავის დანაყოფთან ახლოს, სოფელ ქალეთში დასმა მაინც შეძლო და თანამებრძოლებს სიცოცხლე შეუნარჩუნა. იმ ღამეს სეპარატისტებმა რუსული "ბეტეერების" მხარდაჭერით ქალეთში გამაგრებულ „კოსტავას საზოგადოების~ დანაყოფს შეუტიეს. ინტენსიური სროლის შედეგად ჩვენმა დანაყოფმა იძულებით უკან დაიხია და წინამდებარე პოზიციას სოფელ ატოცში დაუბრუნდა. სამწუხაროდ, შვეულმფრენის წამოყვანა ვერ მოხერხდა, იგი სოფელ ქალეთში დარჩა. მეორე დღეს რუსი სამხედროები ოს სეპარატისტებთან ერთად დატოვებულ სოფელში შევიდნენ და შვეულმფრენი დაწვეს. შემდგომ წლებში მე საკუთარი თვალით მაქვს ნანახი დამწვარი საფრენი აპარატის ნარჩენები. ეს მოხდა 1991 წლის გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში”, - იხსენებს ვლადიმერ გულიკაშვილი...

“1992 წლის 14 აგვისტოს, 6 საათზე, საქართველოს შს სამინისტროს თბილისის გარნიზონის პოლიციის პირადი შემადგენლობა, დაახლოებით 300 კაცი, რკინიგზისა და სტრატეგიული ობიექტების დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შევედით. ჩვენთან ერთად იმყოფებოდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მითითებებსა და რჩევებს იძლეოდა, ხოლო ამოსაცნობად სატრანსპორტო საშუალებებსა და მძიმე ტექნიკაზე ზემოდან თეთრი ზეწრები დაგვამაგრებინა. იგი ცნობილი ლეგენდარული მფრინავი, პოლკოვნიკი ჯიმი მაისურაძე აღმოჩნდა. 1992 წლის დეკემბრის დასაწყისში ოჩამჩირის რაიონის სოფელ ლაბრაში საბრძოლო ოპერაციებისთვის ვემზადებოდით. დილა იყო, როცა ტყვია-წამლის, საბრძოლო მასალისა და პროდუქტების მისაღებად ბრძანება გაიცა. რამდენიმე მებრძოლი კინდღის დასახლება “ცხელ წყლებში” გასამგზავრებლად გამოყვეს. დავალება მიხეილ ცხვედაძესთან, კაკო ინაძესთან, დავით ლალიაშვილთან, სოსო ბუტიკაშვილთან, ტარიელ გვენეტაძესა და ოთარ ნიჟარაძესთან ერთად შევასრულეთ. ჯგუფს ხელმძღვანელობდა ჯიმი მაისურაძე, რომელსაც სიყვარულით „ავღანელს~ ვეძახდით. `ცხელ წყლებთან~ რუსებმა დესანტი გადმოსხეს. უამინდობისა და ნისლის გამო მტრის მოახლოება ვერ შევნიშნეთ. ამის მიუხედავად, იქ განთავსებული საჯარისო ნაწილების დახმარებით მოწინააღმდეგის ზღვის სანაპიროდან უკუგდება მაინც შევძელით”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიციის პოლკოვნიკი დომენტი (დონი) ფანჩულიძე.

“ზამთრის თბილი დღე იდგა, დეკემბრის 3 ან 4 რიცხვი იქნებოდა, 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონის ახალდაბის II ასეული, კოდური სახელწოდებით “სალხინო 1”, მთელი შემადგენლობით შტაბის წინ პლაცზე იყო მოწყობილი... „თეთრ არწივთან~ ერთად იწყებოდა დაგეგმილი შეტევა აფხაზური ათარის მიმართულებით. ამ დროს ჩიტის სიმაღლეზე მრისხანე იერით “კროკოდილი” აიჭრა. მეომრებმა იცოდნენ, შტურვალთან ჩვენი ბიჭების იმედი, ჯიმი მაისურაძე იჯდა! “კროკოდილმა” კამარა შეკრა და საპატიო წრე დაარტყა ქართველი ჯარისკაცების პატივსაცემად. ბიჭები მიხვდნენ: მათ ჯიმი ესალმებოდა და ამხნევებდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეტაკების წინ, მაგრამ, ვაი, რომ ეს უკანასკნელი მხედრული სალამი და დამშვიდობება აღმოჩნდა! ას ორმოცდაათამდე მებრძოლის თვალწინ მან გეზი აფხაზური ათარისაკენ აიღო, მათსავე თვალწინ გატყორცნა ერთი რაკეტა და ხეების კენწეროებს მიეფარა... იმავე წუთში მეორე რაკეტის აფეთქების ხმაც გაისმა... რაციით ხაზზე გამოდის ასეულის ოცმეთაური ჯოვანი ჯოხაძე და შემზარავი ხმით გვამცნობს: “ჯიმი ჩამოაგდეს!” ყველაფერი ელვის სისწრაფით მოხდა, ვერც მოვასწარით შემზარავი რეალობის აღქმა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ასმეთაური ბადრი ჩაკვეტაძე.

“ახალდაბის მე-2 ასეულმა დაწყებული შეტევა განაგრძო, მეორე ფლანგიდან “თეთრი არწივი” არღვევდა მოწინააღმდეგის დამცავ ჯებირს... მალე ის საცეცხლე წერტილიც განვაიარაღეთ, საიდანაც ჯიმის ესროლეს. იგი გააფხაზებული რაჭველების, ენუქიძეების კარ-მიდამო აღმოჩნდა, რომლებიც სხვა გააფხაზებულ ქართველებთან ერთად ქართველებისავე წინააღმდეგ იბრძოდნენ, თუმცა ეს კიდევ სხვა საუბრის თემაა... ის ჰაერსაწინააღმდეგო რუსული წარმოების “სტრელას” კონტეინერი, რომლიდანაც ჯიმის ესროლეს, ამოვიღეთ და სხვა საბრძოლო რელიკვიებთან ერთად ახალდაბის ასეულის შტაბში დარჩა. რაც შეეხება შეტაკებას, ჯიმის ჩამოგდებით გამწარებულები, კიდევ მეტი ენერგიით ვეკვეთეთ მტერს და ოპერაცია მოწინააღმდეგის სრული განადგურებით დამთავრდა”, - დასძენს ბადრი ჩაკვეტაძე.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს