ზაალ ანჯაფარიძე - მეორე ტურის შედეგები დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ მოიგებს საინფორმაციო ომს დარჩენილ დროში

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი” დამოუკიდებელ ანალიტიკოსს, ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

- ბატონო ზაალ, როგორ შეაფასებდით 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და თქვენი დაკვირვებით რა დასკვნების საშუალებას იძლევა არჩევნების შედეგები?

- დავეთანხმები თიბისი ბანკის ხელმძღვანელის მამუკა ხაზარაძის შეფასებას, რომელმაც ზუსტად და ლაკონიურად, ისე როგორც ბიზნესმენს სჩვევია, განაცხადა, რომ ამ არჩევნების შედეგებმა ნათლად დაგვანახა მოსახლეობის შეცვლილი განწყობა მმართველი პარტიის მიმართ. ყველაფერი შედეგით იზომება და ფასდება და სწორედ ამომრჩევლის განწყობის ცვლილება არის „ოცნებისთვის“ არასახარბიელო შედეგი, და ეს კონკრეტული ციფრებიდანაც კარგად ჩანს.

მეორე ტურის შედეგი დიდწილად არის დამოკიდებული როგორც აქტიური ამომრჩევლის არჩევანზე, ასევე ამომრჩევლის პასიური და გულაცრულებული სეგმენტის ქცევაზე

როდესაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელზედაც ამომრჩევლის აქტივობა იყო დაახლოებით იგივე, „ოცნებამ“ მიიღო ხმების 48,67%, ხოლო „ნაცმოძრაობამ“ 27,04%, ეს წესით საგანგაშო სიგნალი უნდა ყოფილიყო ხელისუფლებისათვის. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 47%-იანი აქტივობის პირობებში, „ოცნებამ“ მიიღო ხმების მხოლოდ 38,64% ანუ განიცადა 10%-იანი კლება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ხოლო „ნაცმოძრაობის“ ორივე განაყოფმა ჯამში აიღო 48,72%.

ვფიქრობ, ეს მოხდა „ქართული ოცნებიდან“ ამომრჩეველთა ნაწილის გადინების ხარჯზე, სწორედ იმიტომ, რომ ხალხის განწყობები შეიცვალა. თუ რამ გამოიწვია ეს, ამაზე ზუსტ პასუხს ალბათ დამოუკიდებელი და პროფესიული სოციოლოგიური კვლევა მოგვცემს.

ფაქტია, რომ ამომრჩეველმა ხმების ასეთი გადანაწილებით მმართველ პარტიას ერთგვარი გაფრთხილება მისცა. თუმცა, ჩვენს ამომრჩეველს, განსაკუთრებით მის აქტიურ ნაწილს, ვინც მივიდა არჩევნებზე, გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს ისიც, რომ არჩევნებში მონაწილეობა საარჩევნო ყუთში ბიულეტენის ჩაგდების გარდა, არის პასუხისმგებლობა საკუთარ პოლიტიკურ არჩევანზე და მის შედეგზე.

არ გამოვრიცხავ, რომ მეორე ტურისათვის ბევრი ამომრჩეველი დაფიქრდეს იმაზე, თუ რამდენად სწორი არჩევანი გააკეთა პირველ ტურში.

- ფაქტია, რომ ხელისუფლების მხრიდან წინა ხელისუფლების „9 წლიან სისხლიან რეჟიმზე“ გამუდმებით საუბარმა აშკარად არ იმუშავა. არჩევნების შედეგებით პოლიტიკურად აქტიური ქვეყნის მოსახლეობის ხმები თითქმის თანაბრად გაიყო მმართველ გუნდსა და „ნაცმოძრაობას“ შორის. „ოცნების“ მარცხის მიზეზებზე საკმაოდ ბევრი კი ითქვა, მაგრამ თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ 28 ოქტომბრის არჩევნებზე მმართველი გუნდი პრაქტიკულად დამარცხდა?

- თქვენ სწორად აღნიშნეთ „პოლიტიკურად აქტიური მოსახლეობა.“ დღეს როდესაც „ქართულ ოცნებას“ ყველა აკრიტიკებს ვისაც არ ეზარება, უბრალოდ სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წლიდან მოყოლებული ყველა არჩევნებზე, ცალკეული ხარვეზების მიუხედავად, სწორედ მისი უდიდებულესობა ხალხის ნებაზე და განწყობაზე იყო დამოკიდებული არჩევნების შედეგი და არა კაბინეტურ მანიპულაციებზე, როგორც ეს ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს. როგორ ხდებოდა ამ განწყობების ფორმირება, ეს ცალკე თემაა.

„ნაცმოძრაობის“ ორივე განაყოფმა ჯამში აიღო 48,72%. ვფიქრობ ეს მოხდა „ქართული ოცნებიდან“ ამომრჩეველთა ნაწილის გადინების ხარჯზე, სწორედ იმიტომ, რომ ხალხის განწყობები შეიცვალა

მეორე ტურის შედეგი დიდწილად არის დამოკიდებული როგორც აქტიური ამომრჩევლის არჩევანზე, ასევე ამომრჩევლის პასიური და გულაცრუებული სეგმენტის ქცევაზე. ვფიქრობ, სწორედ მათზე იქნება მიმართული მმართველი პარტიის ძალისხმევა. მე არჩევნების შედეგს არ მივიჩნევდი „ქართული ოცნების“ მარცხად, რადგანაც დამარცხების შემთხვევაში დღეს პრეზიდენტად გრიგოლ ვაშაძე გვეყოლებოდა.

რაც შეეხება იმ მიზეზებს, რამაც განაპირობა ის შედეგი რაც დადგა - დიახ, ისინი დიდწილად განპირობებულია ხელისუფლების შეცდომებით და მათი კანდიდატისადმი მოსახლეობის არაერთგვაროვანი დამოკიდებულებით.

„ოცნებამ“ აშკარად გადაამლაშა 9-წლიან სისხლიან რეჟიმზე აპელირებით. ეს აპელირებაც კი ბოლო პერიოდში აშკარად ხისტი და მოსაბეზრებელიც კი გახდა. „ქართული ოცნება“ დამარცხდა მის ოპონენტთან საინფორმაციო ომში და ამაზე პარტიაში ძალიან სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ.

ამას გარდა, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, უსამართლობისა და უსამართლო უთანასწორობის მწვავე განცდა, რაც საქართველოს ამომრჩეველში განსაკუთრებით მძაფრად აღიქმება.

მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობისას მოსახლეობამ გარკვეული შვება იგრძნო თუნდაც სოციალური პაკეტის კუთხით, მას მეტი მოლოდინი ჰქონდა და ალბათ შეიძლებოდა ამ კუთხით ხელისუფლება უფრო მოქნილი ყოფილიყო.

ბოლო დღეებში პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ რამდენჯერმე განაცხადა, რომ რეგიონებში მართვა არაფექტურია და ამის გამო მთავრობის ინიციატივები და სოციალური სიკეთეები მოსახლეობაზე გვიან აისახება. ამომრჩევლის განწყობებზე ნეგატიურად მოქმედებდა ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენელთა გამომწვევად არადექვატური განცხადებები და ქცევა.

ჩემთვის აუხსნელია, რატომ მოინდომა ხელისუფლებამ მაინცადამაინც წინასაარჩევნო პერიოდში კანაფის კულტივაციის, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის აქტუალიზაცია ასევე სხვა არაპოპულარული თემების წამოწევა, რამაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანაწყენა.

„ოცნებამ“ აშკარად გადაამლაშა 9-წლიან სისხლიან რეჟიმზე აპელირებით. ეს აპელირებაც კი ბოლო პერიოდში აშკარად ხისტი და მოსაბეზრებელიც კი გახდა. „ქართული ოცნება“ დამარცხდა მის ოპონენტთან საინფორმაციო ომში და ამაზე პარტიაში ძალიან სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ

რა თქმა უნდა, თავის როლი შეასრულა იმ ინტენსიურმა ინფორმაციულ-ფსიქოლოგიურმა ზემოქმედებამ მოსახლეობაზე ე.წ. „კომპრომატების ომით“ რომელსაც „ნაცმოძრაობის“ პარტიული ტელევიზია და ხელისუფლებასთან დაპირისპირებული სხვა მედია საშუალებები ახორციელებდნენ და ხელისუფლებამ ამას ადექვატური და დროული პასუხი ვერ გასცა.

„ნაცმოძრაობის“ ორივე განაყოფმა მოახერხა, რომ სრულად მოეყვანა თავისი ამომრჩეველი. „ქართულმა ოცნებამ“ ეს ვერ მოახერხა და ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მმართველ პარტიაზე მათი ამომრჩევლის განაწყენება და ნიჰილისტური დამოკიდებულება გახდა.

მაქვს ეჭვი, რომ ამ არჩევნებზე "ოცნებამ" სათანადოდ ვერ ამუშავა მისი ე.წ. „ადმინისტრაციული რესურსი“ ან შესაძლოა თავად „ადმინისტრაციულმა რესურსმა“, სხვადასხვა მიზეზების გამო, არ მოისურვა აქტიურობა "ოცნების" სასარგებლოდ. მიზეზების ჩამონათვალი შეიძლება კიდევ გავაგრძელო, მაგრამ, ვფიქრობ, რაც დავასახელე საკმარისი უნდა იყოს.

- “ოცნებას“ შეეძლო ამ მარცხის აცილება თუნდაც იმით, რომ პრეზიდენტობის არც ერთი კანდიდატისთვის არ დაეჭირა მხარი და პრაქტიკულად უუფლებო პრეზიდენტის პოსტისთვისთვის ბრძოლაში გამარჯვება მმართველი გუნდის „ღირსების საქმედ“ არ გამოეცხადებინა. თქვენი დაკვირვებით, რატომ არ აირჩია მმართველმა გუნდმა მოვლენათა ამგვარი სცენარით განვითარების გზა?

- „ოცნება“ საერთოდ რომ გამოთიშვოდა საპრეზიდენტო არჩევნებს, მისი ამომრჩეველი ამას ვერ გაიგებდა და გაუცხოებისა და განაწყენების ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდებოდა. მმართველ პარტიას შეეძლო კანდიდატი პარტიის რიგებიდანაც დაესახელებინა, მაგრამ ახლა უკანა რიცხვით ამაზე მსჯელობა უაზრობაა.

ჩემთვის აუხსნელია, რატომ მოინდომა ხელისუფლებამ მაინცდამაინც წინასაარჩევნო პერიოდში კანაფის კულტივაციის, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის აქტუალიზაცია ასევე სხვა არაპოპულარული თემების წამოწევა, რამაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანაწყენა

პარტიის შიდა სამზარეულოში ჩახედული არ ვარ, რომ ზუსტად ვიცოდე პასუხი ამ კითხვაზე, მაგრამ ვვარაუდობ, რომ გადაწყვეტილება ვოლუნტარისტულად იქნა მიღებული.

„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო მარათონში მთელი ძალით საკმაოდ გვიან ჩაერთო. ეს იმიტომ მოხდა, რომ მათ სრულად გააცნობიერეს თუ რა საფრთხეებს შეიცავდა მათთვის „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლის გაპრეზიდენტება.

- დამკვირვებელთა უმრავლესობა თვლის, რომ ივანიშვილს, რომელმაც პოლიტიკურ ველზე „შუა გაკრიფა“, მთავარ სპარინგ-პარტნიორად სააკაშვილი და მისი გუნდი კი აწყობდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სააკაშვილს იმაზე ბევრად მეტი მხარდამჭერი აღმოაჩნდა, ვიდრე ივანიშვილი და „ოცნება“ ვარაუდობდა.

ახლა ზოგი პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობს, ზოგიც მოვლენათა განვითარების აპოკალიფსურ სურათს ხატავს, არადა საკმაოდ საინტერესო პოლიტიკური პროცესს ვადევნებთ თვალს. საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ გამოთქვა მოსაზრება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების სასარგებლოდ. მეტიც, მისივე აზრით, საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი გუნდის რჩეულის გამარჯვების შემთხვევაში საზოგადაობაში არსებული განწყობების გათვალისწინებით „ოცნების“ მდგომარეობა არასახარბიელო იქნებოდა.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმ პოლიტიკურ ვითარებას, რომელშიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ქვეყანა აღმოჩნდა?

- მე ვიტყოდი რომ პოლიტიკური ვითარება საკმაოდ ტურბულენტური და დაძაბულია და ე.წ. „ნერვების თამაში“ მიდის. ხდება პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალების გადანაწილება-გადაჯგუფება ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის.

პოლიტიკური ვითარება საკმაოდ ტურბულენტური და დაძაბულია და ე.წ. „ნერვების თამაში“ მიდის. ხდება პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალების გადანაწილება-გადაჯგუფება ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის

ამ პროცესში ხდება ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და მათი ლიდერების საკმაოდ საინტერესო და ნიშანდობლივი პოლიტიკური და მორალური ლუსტრაციაც, რაც ჩემი აზრით დადებითი მოვლენაა.

მეორე ტურის წინ საზოგადოების პოლარიზაცია, რომელიც ისედაც მაღალი იყო, სახიფათო ზღვარს უახლოვდება და ამას ამძაფრებს „ნაცმოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის დაპირებები, ასევე “ნაცმოძრაობის” ფაქტობრივი ლიდერის და პარტიის მხარდამჭერთა მუქარები ოპონენტთა მიმართ.

რად ღირს თუნდაც “რუსთავი-2”-ის დირექტორის ცნობილი განცხადება. ეს ყოველივე დანარჩენ საზოგადოებაში ბუნებრივად აჩენს კონტრქმედების მოთხოვნილებას და სტიმულს.

- უკვე ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბს ქვეყნის მასშტაბით პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს, ხოლო თბილისის იმავე შტაბს დედაქალაქის მერი კახა კალაძე. ამ გადაწყვეტილებით „ოცნება“ ამბობს, რომ მეორე ტურში იგი „ძალა ერთობაშიას“, პრაქტიკულად კი სააკაშვილის ფავორიტის დამარცხებისთვის ძალასა და რესურსებს არ დაიშურებს. ხელისუფლება ორშაბათიდან ხალხთან გასვლასა და ზურაბიშვილის სასარგებლოდ ხმების მობილიზებას იწყებს. პრემიერმა კი განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ხალხის მესიჯები მიიღო და მეორე ტურის გამართვამდე ბევრი პრობლემის გადაჭრას შეეცდება. თქვენი დაკვირვებით, რა ახალი იდეებითა და დაპირებებით შეეცდება „ოცნება“ დაკარგულ ამომრჩევლებთან მისვლას?

- ახალი და გრანდიოზული იდეების შეთავაზება დარჩენილ მოკლე დროში, ვფიქრობ, არ იქნება პროდუქტიული და რეალისტური, რადგანაც თუ ისინი ვერ განხორციელდა ხელისუფლებას ბუმერანგივით დაუბრუნდება.

ვფიქრობ, ხელისუფლება შეეცდება საზოგადოებას უფრო „მიწიერი“ ინიციატივები და დაპირებები შესთავაზოს

ვფიქრობ, ხელისუფლება შეეცდება საზოგადოებას უფრო „მიწიერი“ ინიციატივები და დაპირებები შესთავაზოს, რომლებიც ძირითადად სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს და სამართლიანობის აღდგენას შეეხება, ასევე უპასუხებს საზოგადოების მოლოდინებს იმ მწვავე და რეზონანსულ საქმეებზე, რომლებიც ხელისუფლებისგან სწორ რეაგირებას ითხოვენ.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ დარჩენილ დროში ხელისუფლებას გაუჭირდება ადეკვატური ქმედებების განხორციელება ისეთ მგრძნობიარე თემებზე, რაც ექს-მთავარ პროკურორ ფარცხალაძეს, ხორავას ქუჩაზე მკვლელობასთან დაკავშირებული საქმის ობიექტურ გამოძიებას, ასევე მაჩალიკაშვილის საქმეს, მირზა სუბელიანისა და ოქუაშვილის გახმაურებულ აუდიოჩანაწერებს უკავშირდებოდა და რამაც საკმაოდ დააზარალა „ოცნების“ რეპუტაცია. თქვენი დაკვირვებით, დარჩენილ დროში ხელისუფლება შეეცდება ამ მტკივნეულ თემებზე მკაფიო პასუხების გაცემას თუ მხოლოდ „9 წლიან სისხლიან რეჟიმზე“ საუბრით შემოიფარგლება?

- როგორც უკვე ვთქვი, არჩევნების შედეგებმა ხელისუფლებას აჩვენა, რომ მხოლოდ „სისხლიან 9 წელზე“ აპელირებას და „ნაციონალური“ წარსულის მუდმივად შეხსენებას, თანდათანობით ყავლი გასდის.

გარდა ამისა, ხელისუფლებამ რატომღაც გადაწყვიტა, რომ მოეხდინა ე.წ. „კომპრომატების ომის“ მსუბუქად გადატარება მისი გაშარჟება-გატრიზავების გზით. არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ეს გათვლა პოლიტტექნოლოგიური და კომუნიკაციური კუთხით, მცდარი აღმოჩნდა.

მე მგონია, რომ მმართველმა გუნდმა უფრო პროფესიულად და გაბედულად უნდა იმოქმედოს. მან ამომრჩეველს უნდა დაანახოს, რომ ესმის მისი წუხილები, თავს ანგარიშვალდებულად გრძნობს ხალხის წინაშე და ეს საქმით დაამტკიცოს.

ხელისუფლებამ რატომღაც გადაწყვიტა, რომ მოეხდინა ე.წ. „კომპრომატების ომის“ მსუბუქად გადატარება მისი გაშარჟება-გატრიზავების გზით. არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ეს გათვლა პოლიტტექნოლოგიური და კომუნიკაციური კუთხით მცდარი აღმოჩნდა

გამოვიდნენ ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები საჯაროდ, ისე როგორც ეს გააკეთა ექს-პრემიერმა კვირიკაშვილმა და დამაჯერებლად აუხსნან საზოგადოებას მათი ქონების და სასახლეების წარმომავლობა.

საბოლოო და დამაჯერებელი პასუხი უნდა გაეცეს კითხვას - მართლა აღუკვეთა ფარცხალაძემ ყიფიანს უკანონოდ თავისუფლება სარდაფში დამწყვდევით?

ყველამ ვიცით, რომ მოსახლეობა და ურბანისტები აპროტესტებენ დედაქალაქში მიმდინარე არაერთ საეჭვო მშენებლობას და ხელისუფლების ადექვატურ რეაგირებას ელოდებიან, რომელიც აგვიანებს. კიდევ არაერთი მწვავე საკითხი შემიძლია ჩამოვთვალო, რომელზედაც მეორე ტურამდე დარჩენილ პერიოდში შესაძლებელია რეაგირება და მოსახლეობისთვის ამის ჩვენება.

- არ ვიცი ვინ ჩავა ხელისუფლებიდან სამეგრელოში, სავარაუდოდ შსს-ს მინისტრი გიორგი გახარია, მაგრამ მას აშკარად გაუჭირდება პასუხის გაცემა კითხვაზე კორუფციაში მხილებული ზუგდიდის ექსმერის გოგიას დაკავებაზე მას შემდეგ, რაც „ოცნებამ“ არჩევნები ზუგდიდში წააგო.

არადა, გოგიასთან დაკავშირებით კითხვა მარტივად ჟღერს - „ოცნებას“ ზუგდიდში არჩევნები რომ მოეგო, იგი დაპატიმრებას გადაურჩებოდა? თუ - კი, მაშინ გოგიას დაკავება ერთი მხრივ რა გზავნილია საზოგადოებისთვის, ხოლო მეორე მხრივ იმათთვის, ვინც „ოცნების“ შტაბში მოღვაწეობს და ასევე არიან ეჭვმიტანილი კორუფციულ საქმიანობაში?

- არ მინდა გამოძიების კომპეტენციაში შევიჭრა, მაგრამ გეთანხმებით იმაში, რომ ამ დაპატიმრების დროში დამთხვევა არჩევნების მეორე ტურთან, ალბათ ბევრ ადამიანში იგივე ასოციაციებს იწვევს რასაც თქვენში.

იმედია, „ქართულ ოცნებას“ გაცნობიერებული აქვს, თუ რამხელა პოლიტიკურ და რეპუტაციულ ზარალს მიაყენებს საკუთარ თავს, თუკი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კანაფის წარმოებაზე კანონპროექტს პარლამენტში დააბრუნებს

შესაძლოა ეს დაპატიმრება გზავნილი იყოს კორუფციაში ეჭვმიტანილ, მაგრამ ჯერ კიდევ თავისუფლებაზე მყოფი მოხელეებისათვის, რომ ხელები დაიკაპიწონ და თავი გადადონ, რათა არჩევნებზე სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ მხარდამჭერთა მაქსიმალური მობილიზება მოახდინონ.

- შსს-ს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა - „კანაფის პროექტს უკან გავიწვევთო“. ცხადია, ხელისუფლებას ამ განცხადების გაკეთება მეორე ტურში გამარჯვების სურვილმა ათქმევინა, მაგრამ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ბატონი ივანიშვილი და „ოცნება“ ამ თემას შიდა პოლიტიკის დღის წესრიგში კიდევ არ დააყენებენ?

- დარწმუნებით არაფრის თქმა არ შეიძლება, მაგრამ იმედია „ქართულ ოცნებას“ გაცნობიერებული აქვს, თუ რამხელა პოლიტიკურ და რეპუტაციულ ზარალს მიაყენებს საკუთარ თავს, თუკი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კანაფის წარმოებაზე კანონპროექტს პარლამენტში დააბრუნებს. ეს ხომ ხალხის ძალიან უხეშად მოტყუება გამოვიდოდა, წინ კი საპარლამენტო არჩევნებია.

- „პატრიოტთა ალიანსმა“ სალომე ზურაბიშვილისადმი მხარდაჭერა კარგა ხნის წინ დააფიქსირა. უცნაურად, მაგრამ მაინც გამოხატა თავისი სიმპათიები ზურაბიშვილისადმი „ქართულმა მარშმა”. მართალია, „მარშმა“ ხელისუფლებას მხარდაჭერისათვის თავისი პირობები წაუყენა, მაგრამ დარჩა შთაბეჭდილება, რომ „ქართული მარში“ ზურაბიშვილს მხარს ყველა შემთხვევაში დაუჭერს. არადა, ორივე ეს პოლიტიკური ძალა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს აშკარად არ უჭერს მხარს. თქვენი აზრით, რა ხდება?

- არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, სრულიად ბუნებრივი პროცესია. არჩევნების პირველი ტურის შემდეგ შექმნილმა მდგომარეობამ კონსოლიდაციისკენ და აქტიური ქმედებებისკენ უბიძგა ყველა იმ ძალას და ჯგუფს, რომელიც ითვლება „ნაცმოძრაობის“ და მისი განაყოფების დაუძინებელ მოწინააღმდეგედ. საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია აქ არაფერ შუაშია.

- თქვენი დაკვირვებით, რა შანსები აქვს მეორე ტურში „ოცნებას“, ხელისუფლებაზე გაბრაზებული ხალხი ივანიშვილსა და მის გუნდს მისცემს კიდევ ერთ შანს?

- მეც, ისევე როგორც ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, აქტიურად ვიყენებ სოცქსელებს და მეხსიერებაში ჩამრჩა სოცქსელებში ერთ ერთი მოქალაქის კომენტარი, რომ თუკი „ნაცმოძრაობას“ არ ვაპატიეთ ჩადენილი და ხელისუფლებიდან გავისტუმრეთ, „ქართულ ოცნებას“ რატომ უნდა ვაპატიოთო.

ორიოდე დღის წინ ტაქსის მძღოლმა მითხრა, ლარი ეცემა, ბენზინი ძვირდება და ამის ფონზე როგორ მთხოვს ხელისუფლება ხმა მომეციო? არ მინდა განვაზოგადო, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი სეგმენტის განწყობებს უნდა ასახავდეს ზემოთ მოყვანილი მაგალითები. ეს არის აქტიური საპროტესტო ამომრჩევლის ხმა.

მეორე ტურის შედეგები დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ მოიგებს საინფორმაციო ომს დარჩენილ დროში და ვისი პოლიტტექნოლოგიური მეთოდები აღმოჩნდება უფრო ეფექტური

თუმცა, არსებობს პასიური საპროტესტო ამომრჩევლიც, რომელთა ხმებიც საარჩევნო ბიულეტენებად არ გარდაისახა, რადგანაც ისინი არჩევნებზე არ მივიდნენ. თუ ამომრჩევლის ამ ორივე სეგმენტმა ჩათვალა, რომ ვაშაძის გაპრეზიდენტებით მათი პრობლემები არ გადაწყდება, ხოლო ქვეყანა კი შესაძლოა ახალი დაპირისპირების მორევში ჩაიძიროს აქედან გამომდინარე შედეგებით, მათ შესაძლოა არჩევანი კიდევ ერთხელ გააკეთონ იმ მეტნაკლები სტაბილურობის სასარგებლოდ, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობას უკავშირდება.

თუმცა, მეორე ტურის შედეგები დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ მოიგებს საინფორმაციო ომს დარჩენილ დროში და ვისი პოლიტტექნოლოგიური მეთოდები აღმოჩნდება უფრო ეფექტური.

სხვათა შორის, ამ არჩევნების კიდევ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი ის არის, რომ მიუხედავად ცალკეული ექსცესებისა, მთლიანობაში ამომრჩეველს ჰქონდა საკუთარი ნების თავისუფლად გამოვლენის საშუალება და შესაბამისი გარემო. არადა, გვახსოვს, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, როგორ ტრაბახობდა ერთ ერთი ძალოვანი მინისტრი, რომ არჩევნების ბედი მის კაბინეტში წყდებოდა.

„ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი