ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2018

ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2018

ივანიშვილი ძველ "გვარდიას“ უხმობს - ვინ მიიღებს მის შეთავაზებას

"მხოლოდ თანამდებობებსა და კეთილდღეობაზე მზრუნელებთან ერთად ხალხში ვერ გავალთ” - ჭიჭინაძე

ასეთი ლარის კურსით ხელისუფლება არჩევნებს წააგებს

***

ივანიშვილი ძველ "გვარდიას“ უხმობს - ვინ მიიღებს მის შეთავაზებას

ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებასა და თავის ძველ თანამებრძოლებს სპეციალური განცხადებით მიმართა. ივანიშვილის ბოდიში ქართველ ხალხს და კიდევ ერთი დაპირება, რომ მას თუ ამომრჩეველი შანსს მისცემს, ის გარანტიას იძლევა, რომ ყველა პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებს. რატომ უხმობს ივანიშვილი ძველ "გვარდიას“ და ვის გულისხმობს, რა საფრთხეებს ხედავს ყოფილი პრემიერი და რატომ ეშინია ასე ძალიან ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების, როდესაც ახალი კოსტიტუციით, პრეზიდენტს დიდი უფლებები არ გააჩნია და მთელი მმართველობის ცენტრი "ოცნების“ ხელში რჩება“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ივანიშვილი ძველ "გვარდიას“ უხმობს - ვინ მიიღებს მის შეთავაზებას

"მიიღებენ თუ არა ივანიშვილის შეთავაზებას ძველი "გვარდიელები“ და მებრძოლები, როგორც მან თავის სატელევიზიო გამოსვლაში ისინი მოიხსენია. "მინდა მივმართო "ქართული ოცნების“ ძველ გვარდიას, მათ, ვინც შეუძლებელი შეძლეს 2012 წლის იმ ისტორიულ დღეებში: საქართველოს კიდევ ერთხელ დასჭირდა თქვენი ერთგულება და გამოცდილება, თქვენი სამოქალაქო გმირობა. მე ვიცი თქვენი გულისტკივილი, მე ვიცი თქვენი გაბრაზების ყველა მიზეზი... გაძლევთ პირობას, რომ ყველა პატრიოტი იპოვის საკუთარ ადგილს თავისი დამსახურების მიხედვით ჩვენს ერთიან ოჯახში, არავის ღვაწლი არ დარჩება უყურადღებოდ!“ - აღნიშნავს გამოცემა.

"ყოფილი პრემიერის ამ განცხადებას "თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი ალექსანდრე პეტრიაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ის მზად არის რომ საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით ქვეყანას გამოადგეს და საჭიროების შემთხვევაში მისი პოვნა არ გაუჭირდებათ. პეტრიაშვილი ამბობს, რომ ის პოლიტიკურ საქმიანობას მართალია, ჩამოშორდა, თუმცა მას საკუთარი თავი დიპლომატიაში ჯერ არ ამოუწურავს. ის მზად არის, რომ საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით ქვეყნის სამსახურში ჩადგეს და ამ ასპარეზზე ქვეყანას გამოადგეს. ივანიშვილის მიმართვას გაზეთ "რეზონანსთან“ გია ხუხაშვილიც ეხმაურება და ამბობს, რომ ის ქვეყნის სახელით ყველაფრისთვის მზად არის, მაგრამ არა - ერთჯერადი კონტრაქტით. ხუხაშვილის თქმით, გარანტიებია საჭირო რომელიც სისტემურ ცვლილებებს, პრობლემებზე სისტემურ პასუხს და არა კოსმეტიკურს გულისხმობს. როგორც გია ხუხაშვილი ამბობს, ჯობდა, ბიძინა ივანიშვილს ეს განცხადება არჩევნებამდე გაეკეთებინა, რადგან პრობლემის წინაშე დადგომის შემდეგ თქმა, გარკვეულწილად დამაჯერებლობას კარგავს. ხუხაშვილის თქმით, ივანიშვილის განცხადებების პათოსი მისასალმებელია და ის ამით ძალიან ბევრ რამეს აღიარებს. თუმცა, ეს განცხადებები, ბევრად უფრო არე უნდა გაკეთებულიყო. ამ შემთხვევაში, განცხადების ეფექტი ბევრად მეტი იქნებოდა. დღეს ეს დაემსგავსა უკან მიდევნებულ განცხადებას და არა განცხადებას, რომელიც დამახასიათებელია ლიდერისაგან“, - განაგრძობს გამოცემა.

"ხუხაშილის აზრით, ივანიშვილმა მიმართა ყველას, ვინც 2012 წელს ქუჩაში იდგა, მიტინგებზე გამოდიოდა, ცვლილებები სურდა, ალბათ, ეს ჰქონდა მხედველობაში. აქედან გამომდინარე, მე პირადად სიტყვების აღარ მჯერა. მზად ვარ ქვეყნის სახელით ყველაფრისთვის, მაგრამ არა - ერთჯერადი კონტრაქტით. "თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი წევრი ნინო გოგუაძე "რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მან არ იცის ვის მოუწოდა და ვის გულისხმობს ბიძინა ივანიშვილი ძველ გვარდიაში. გოგუაძე ამბობს, რომ აქამდე ივანიშვილი ყველა თავის ძველ თანამებრძოლს "ნაციონალად“ მოიხსენიებდა, რადგანაც მას აკრიტიკებდნენ და რეალობა მისთვის მიუღებელი იყო. მისი თქმით, ის ივანიშვილის ნამდვილად ახლო თანამებრძოლი იყო, თუმცა როდესაც დაინახა, რომ "ოცნება“ არასწორი მიმართულებით ვითარდებოდა, ისინი ოპოზიციაში წავიდნენ. გოგუაძე აცხადებს, რომ უკვე მაშინვე გამოჩნდა, რომ ივანიშვილის მმართველობის სტილი ფარცხალაძისა და მურუსიძის მსგავს ადამიანებზე აეწყობოდა.. ეს ყველა იმ ძველი მებრძოლისთვის მიუღებელი იყო, რადგანაც ისინი ამისათვის არ იბრძოდნენ“, - წერს სტატიის ავტორი.

"მხოლოდ თანამდებობებსა და კეთილდღეობაზე მზრუნელებთან ერთად ხალხში ვერ გავალთ” - ჭიჭინაძე

"ბიძინა ივანიშვილის ეს მიმართვა შედეგის მომტანი იქნება, რადგან ქართველი ხალხი დიდსულოვანი და მიმტევებელია. როცა საჭირო იყო, იგი ხალხს გვერდში დაუდგა, ალბათ ახლა ხალხი დაუდგება მას გვერდით, მაგრამ ეს იქნება ბოლო, თუ ქვეყანაში ცვლილებები არ დაიწყო." ასე ეხმიანება უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ბიძინა ივანიშვილის ხალხისადმი მიმართვას“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“, სტატიაში სათაურით, "მხოლოდ თანამდებობებსა და კეთილდღეობაზე მზრუნელებთან ერთად ხალხში ვერ გავალთ” - ჭიჭინაძე

"კორესპონდენტის კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილი პასუხისმგელობას იღებს და პირობას დებს, რომ ერთ წელიწადში მართვის ყველა ხარვეზს გამოასწორებს. მისცემს თუ არა ხალხი მას ნდობის მანდატს, დავით ჭიჭინაძის თქმით, ქვეყანაში ძალიან მძიმე სიტუაციაა და ამ არჩევნებში გამარჯვებული არავინ არ არის; "ნაციონალებსაც" არ უნდა ჰქონდეთ ილუზია, რომ გამარჯვებულები არიან. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მიმართვას, ეს დამარცხებული კაცის პოზიციიდან გაკეთებული განცხადებები არ არის. პირველმა ტურმა ბიძინა ივანივშილს აჩვენა საზოგადოებაში მისი გარემოცვის "პოპულარობა", რაშიც ბრალი მას ნაკლებად მიუძღვის. ვფიქრობ, რომ ეს მიმართვა შედეგის მომტანი იქნება, რადგან ქართველი ხალხი დიდსულოვანი და მიმტევებელია, ჩვენი ჩინოვიკებისგან განსხვავებით, ბავშვობაში ვიღაცამ ცრემლი რომ ადინა და ის აქვთ დამახსოვრებული. თავის დროზე ბიძინა ივანიშვილი ხალხს გვერდით დაუდგა და ალბათ ახლა ხალხი დაუდგება მას გვერდით, მაგრამ ეს იქნება ბოლო გვერდში დადგომა, თუ მართლაც არ დაიწყო ძირეული ცვლილებები. მესმის, რომ დარჩენილ დროში ბევრი რამ ვერ მოესწრება, მაგრამ ეს ხორცმეტები სასწრფოდ ჩამოსაშორებელია, ტელევიზორში მაინც აღარ გამოაჩინოს და მათი ბოდვები არ ასმენინოს ხალხს, რადგან მათი ყოველი გამოსვლა ხალხს ძალიან აღიზიანებს“, - აღნიშნავს გამოცემა.

"კორესპონდენტის კითხვაზე, დაუდგება თუ არა კიდევ ერთხელ გვერდით ბიძინა ივანიშვილს ჭიჭინაძე და მისი თქმით, „ჩვენ გუშინაც შევიკრიბეთ და ჩვენი მოსაზრებები გამოვთქვით, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს მტრად არ მოვიკიდებით, მაგრამ "ქართული ოცნების" იმ წევრებთან ერთად, რომლებიც მხოლოდ თანამდებობებზე და თავისი ოჯახის კეთილდღეობაზე ზრუნავენ, ხალხში ვერ გავალთ. ნახეთ რა ხდება რაიონებში, გამგებლები და გამგეობის წევრები ისევ "ნაციონალები" არიან, ხალხს არჩევანი არ დაუტოვეს"- განაცხადა "რეზონანსთან" დავით ჭიჭინაძემ“, - წერს სტატიის ავტორი.

ასეთი ლარის კურსით ხელისუფლება არჩევნებს წააგებს

"მთავრობა ლარის კურსს ხელოვნურადაც ვეღარ აკავებს. ქვეყანა სავალუტო კრახის წინაშეა. არჩევნების მეორე ტურმა ლართან დაკავშირებული პროგნოზი თავდაყირა დააყენა. მომდევნო დღეების განმავლობაში ლარი კიდევ გაუფასურდება. საბოლოოდ ეს იწვევს მოსახლეობის აგრესიას, რაც არჩევნების შედეგზეც იმოქმედებს. ასე თუ წავიდა კურსი, ხელისუფლება არჩევნებს წააგებს. ფინანსისტები ადასტურებენ, რომ მთავრობა დაბნეულია და ეროვნული ვალუტის გასამყარებლად ზომებს ვერ იღებს. ამ დროს სებ-ის მხრიდან კეთდება განცხადება, რომ კურსის მერყეობას „სეზონურობა" განსაზღვრავს. საქართველოს ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ ბურკიაშვილი ამბობს, რომ ამ ჟამინდელი გაუფასურება იმპორტზე მოთხოვნის ზრდით არის გამოწვეული, რაც ტრადიციულად საახალწლო პერიოდს უკავშირდება“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ასეთი ლარის კურსით ხელისუფლება არჩევნებს წააგებს

„მეოთხე კვარტალი ყველამ ვიცით, რომ არის დაძაბული პერიოდი ლარისთვის, რადგანაც არის საახალწლო მზადება საზოგადოებაში. ვემზადებით საჩუქრების საყიდლად, იმ პროცესებისათვის, რასაც ჰქვია ახალი წელი. ამიტომ იმპორტიორებიც შესაბამისად არიან მობილიზებულნი. დატვირთვა მოდის დოლარზე, ითხოვენ ვალუტას, რათა მარაგი შექმნან ზამთრისათვის გასაყიდად. ყოველთვის არის დაძაბული პერიოდი. ამიტომ აქ რამე განსაკუთრებული პანიკის მიზეზი ან გარემოება, რომელიც შეიძლება იყოს დამალული, გამორიცხულია", - ამბობს სებ-ის აღმასრულებელი დირექტორი. რა ფაქტორსაც არ უნდა დაბრალდეს ლარის გაუფასურება, ფაქტია, რომ ქვეყნის ეკონომიკური გუნდი კატასტროფულად ცუდად მუშაობს, რასაც საფინანსო ბაზრის სპეციალისტი ნიკა შენგელია ადასტურებს. მისი ვარაუდით, დიდია რისკი, რომ კურსი 2,80-იან ნიშნულს გასცდეს. „არჩევნების მეორე ტური რომ არ ყოფილიყო, ჩვენ გვქონდა ზუსტი პროგოზი, რომ 20 დეკემბრიდან დაიწყებოდა ლარის გამყარება, მაგრამ ახლა ამის თქმა შეუძლებელია. მთავრობა აჩერებს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თანხის გამოყოფას, რომ ლარის მასა არ გაიზარდოს; ეროვნული ბანკი რეზერვიდან აღარ უშვებს ბრუნვაში ლარს, რათა კურსი არ გაუფასურდეს, მაგრამ ამას კარგად ვერც ერთი ახერხებს და ვერც - მეორე. არჩევნების მეორე ტურმა ლარი, ფაქტობრივად, ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანა. ერთადერთი, რაც ჩვენ სასიკეთოდ მოქმედებს, საერთაშორისო ბაზრებზე დოლარის შესუსტებული პოზიციაა, მაგრამ ასეც დიდხანს არ გასტანს. 8 ნოემბრიდან, 90%-იანი ალბათობით, ველოდებით დოლარის ისევე გაძლიერებას. ამდენად, ლარს რთული პერიოდი უდგას. ასეთ ვითარებაში მთავრობა შეეცდება, 2,75-ის ფარგლებში შეინარჩუნოს კურსი, მაგრამ ეს არა მგონია, მოახერხოს. ლარს უკვე ხელოვნურადაც ვერ აჩერებენ. ლარზე მკვეთრი ზემოქმედება უნდა მოახდინონ, რომ კურსმა 2,75-ს არ გადააჭარბოს. ასეთ შემთხვევაში ფსიქოლოგიური ფაქტორი მოიხსნება. რეალობა კი უფრო მძიმეა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ, რომ კურსი 2,80-ს არ გასცდეს. ეს არის იმის შედეგი, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი ძალიან ცუდად მუშაობს", - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს" შენგელიამ“, - აღნიშნავს გამოცემა.

"მისი ვარაუდით, კურსმა გამყარება შეიძლება, 20 დეკემბრიდან დაიწყოს, მაგრამ მანამდე საკმაოდ რთული პრობლემაა დასაძლევი. „სებ-მა ფულად-საკრედიტო სხდომის ოქმი გამოაქვეყნა, სადაც ლარის დევალვაცია დაბრალდა რეგიონული ვალუტების გაუფასურებას, მაგრამ, სინამდვილეში, ასე არ არის, მეზობელი ქვეყნების ვალუტები კარგა ხანია, მყარდება, მაგრამ ლარის საშველი არ ჩანს. ჩემი ვარაუდით, ბოლო 3 კვირის განმავლობაში 2,75-ს არ უნდა გასცდეს კურსი, ცხადია, მაგრამ ამ პროცესში ხელოვნურად უნდა ჩაერიონ. 2019 წლის იანვრიდან ჩვენ კურსი გათვლილი გვაქვს 2,59-ზე, ცდომილება შეიძლება იყოს 2,5 პუნქტი. არჩევნების მეორე ტური რომ არა, ლარის კურსს 15 ნოემბრამდე უნდა „დაეტესტა" 2,80-იანი ნიშნული, ამ პერიოდში მას აქვს პიკის მიღწევის პერიოდი, ტყავში გაძვრებიან და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ამ ნიშნულზე არ ავიდეს კურსი. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება სავალუტო კრიზისს გადაჰყვება და არჩევნებში მოგება სერიოზულად გაუჭირდება", - ამბობს ნიკა შენგელია. იმისათვის, რომ კატასტროფული შედეგი არ დადგეს, მთავრობა გაცვლითი კურსის ფორმირების პროცესში ჩარევას დაიწყებს. ფინანსისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი ადასტურებს, რომ ლარისათვის ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მომენტია“, - განაგრძობს გამოცემა.

"მისი თქმით, პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან კურსი ძალიან მგრძნობიარეა და დამოკიდებულია სავალუტო ბაზრის მონაწილეებზე – ვინ როგორ იმოქმედებს კურსის ფორმირების პროცესში. ეკონომიკური პარამეტრების გავლენა ნაკლებად მოსალოდნელია. ალბათ, უფრო განწყობა და მოლოდინია, რაც პოლიტიკურ სიტუაციასთან კავშირშია. ვფიქრობ, რომ არჩევნების მერე, წესით, ცოტათი დასტაბილურდება ლარი. განსაკუთრებული მიზეზი ამ პერიოდისათვის არ არის, რამაც შეიძლება, კურსზე კონკრეტული ზეგავლენა მოახდინოს. ჩვენი ვალუტა რომ სამკურნალოა, ცხადია და ამას სჭირდება ფუნდამენტური რეფორმა. არჩევნების შემდეგ ეს ეიფორია გავა და ყველა ნახავს რეალობას. ახალი წლის წინ ყოველთვის ცვლილებებია სავალუტო ბაზარზე. ჩემი მოლოდინით, უნდა დასტაბილურდეს კურსი არჩევნების შემდეგ, სავარაუდოდ, 2,70-ის ფარგლებში#. შესაძლებელია, რომ ხელოვნური ზემოქმედება მოხდეს ლარზე. წესით, ბაზარი სპეკულაციური თავდასხმისაგან უნდა იყოს დაცული, არის ამის მექანიზმი, მაგრამ სებ-ს ჯერჯერობით არ გამოუყენებია და ლარი ნებაზეა მიშვებული", - ამბობს „ბიზნეს-რეზონანსთან" ხომიზურაშვილი. საბანკო სფეროს ექსპერტი გოჩა თუთბერიძე ფიქრობს, რომ ლარის გაუფასურებას მთავრობასა და ეროვნულ ბანკს მიმდინარე სავალუტო პროცესებთან გამკლავება გაუჭირდება. „ნეგატიური პოლიტიკური ფონია, რაც არასტაბილურობის განცდას ქმნის. საეჭვოა, ასე დიდხანს გაგრძელდეს, რადგან კურსს მაინც მაკროეკონომიკური წონასწორობა განსაზღვრავს. პოლიტიკური ფაქტორის გავლენა თანდათან შესუსტდება. ახლა მოდის ის პერიოდი, როცა იმპორტი მატულობს, თავისთავად ცხადია, კურსზე წნეხი დიდი იქნება, რადგან იმპორტიორებს სჭირდებათ უცხოური ვალუტა და მოთხოვნა გაჩნდება. გარდა ამისა, დაახლოებით 3 მილიარდია დასახარჯი ბოლო 2 თვეში, რაც კურსზე უარყოფითად იმოქმედებს და გაუფასურება გარდაუვალია. ძალიან ცუდ დღეში არიან, საეჭვოა, მთავრობა და სებ-ი ამ ყველაფერს გაუმკლავდნენ", - განაცხადა გოჩა თუთბერიძემ“, - წერს სტატიის ავტორი.