ალექსანდრე თვალჭრელიძე  - ახლა ის უნიკალური სიტუაციაა, როცა ჩვენი ქვეყნის განვითარების პერსპექტივები მთლიანად მოქალაქეებზეა დამოკიდებული

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი” საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსსა და ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, რადგან არჩევნების შედეგებზე თქვენ „ინტერპრესნიუსთან“ ჯერ არ გისაუბრიათ, ჩემი პირველი კითხვა ასეთი იქნება - როგორ შეაფასებდით 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს?

- მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო და რასაც მე არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე ვვარაუდობდი და თქვენთან ინტერვიუში გავაჟღერე კიდეც:

არ მოუნდათ ქართველებს ფრანგული განათლების მქონე ადამიანის პრეზიდენტად არჩევა... შედეგად, მივიღეთ ორი კანდიდატი, ერთი, რუსულ, ხოლო მეორე ფრანგულ ყაიდაზე აღზრდილები

არ მოუნდათ ქართველებს ფრანგული განათლების მქონე ადამიანის პრეზიდენტად არჩევა, თანაც ხისტი ადამიანის, რომელიც, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, წარმატებული დიპლომატიური კარიერის მიუხედავად, მოკლებულია მოქნილობას და სათქმელს უკანმოუხედავად ამბობს. შედეგად, მივიღეთ ორი კანდიდატი, ერთი, რუსულ, ხოლო მეორე ფრანგულ ყაიდაზე აღზრდილები.

- 28 ოქტომბრის არჩევნებზე პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატის წინააღმდეგ ხმა 1 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა. "ოცნების“ მარცხის მიზეზებზე საკმაოდ ბევრი კი ითქვა, მაგრამ თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ 28 ოქტომბრის არჩევნებზე მმართველი გუნდი პრაქტიკულად დამარცხდა?

- „ქართული ოცნების“ კანდიდატი არ დამარცხებულა, - პირველი ტური მან ლიდერად დაასრულა. რატომ გგონიათ, რომ პრეზიდენტი უალტერნატივოდ პირველსავე ტურში უნდა ავირჩიოთ? ასე ხომ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება.

„ქართული ოცნების“ კანდიდატის მიერ ნავარაუდევზე გაცილებით ნაკლები ხმების დაგროვება კი იმაზე მეტყველებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არასწორი არჩევანი გააკეთა

პირიქით, მეორე ტურის დანიშვნა იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში, მართალია ნელი ნაბიჯებით, მაგრამ შეუქცევადად სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატიული ინსტიტუტები ვითარდება. ნახავთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კიდევ უფრო დაძაბული იქნება და კონსტიტუციური უმრავლესობა პარლამენტში აღარასდროს აღარ იარსებებს.

„ქართული ოცნების“ კანდიდატის მიერ ნავარაუდევზე გაცილებით ნაკლები ხმების დაგროვება კი იმაზე მეტყველებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არასწორი არჩევანი გააკეთა. შედეგად, არჩევნების მეორე ტურში რადიკალურად დაპირისპირებული კანდიდატები შეებრძოლებიან ერთმანეთს და მოგვწონს რომელიმე კანდიდატი თუ არ მოგვწონს, არჩევანი ჩვენი მრწამსის მიხედვით უნდა გავაკეთოთ. და აქ მოწოდებები, რომ ჯობს ხმა ყოველთვის ოპოზიციას მივცეთ, სავსებით უადგილოა. დადგა ჟამი, როცა ჩვენ პასუხისმგებლობა ჩვენ თავზე უნდა ავიღოთ და სიორენ კირკეგორისა არ იყოს, პასუხი გავცეთ კითხვას: „ან - ან“.

ახლა ის უნიკალური სიტუაციაა, როცა ჩვენი ქვეყნის განვითარების პერსპექტივები მთლიანად მოქალაქეებზეა დამოკიდებული. რა ვქნათ? ისევ ვენდოთ „ქართულ ოცნებას“ თუ შევქმნათ სამოქალაქო დაპირისპირებისთვის ნოყიერი ნიადაგი? არჩევანი მარტივი არ არის

სხვა სიტყვებით, ეხლა ის უნიკალური სიტუაციაა, როცა ჩვენი ქვეყნის განვითარების პერსპექტივები მთლიანად მოქალაქეებზეა დამოკიდებული. რა ვქნათ? ისევ ვენდოთ „ქართულ ოცნებას“ თუ შევქმნათ სამოქალაქო დაპირისპირებისთვის ნოყიერი ნიადაგი? არჩევანი მარტივი არ არის.

ამასთან, სრულიად გაუმართლებელია და მაპატიეთ, ინფანტილური ასეთი პოზიცია, რომელიც ძალიან ბევრისგან მსმენია: მე არც ერთი კანდიდატი არ მომწონს და ამიტომ სულაც არ წავალ არჩევნებზე ან ორივე კანდიდატის სახელებს გადავხაზავ ბიულეტენში. ამით ჩვენ თავს ვარიდებთ პასუხისმგებლობას და არჩევის უფლებას სხვას ვანიჭებთ.

- არჩევნებამდე ბევრად ადრე ცხადი იყო, რომ ამომრჩევლების სიმპათიები ხელისუფლების მხარეს აშკარად არ იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, „ოცნება“ პრაქტიკულად გაუგებარ და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულ ნაბიჯებს დგამდა.

ეს ეხება მარიხუანის წარმოებაზე კანონპროექტის პარლამენტში დაჩქარებული წესით განხილვის დაწყებას, ხორავას საქმის გამოუძიებლობას, ოქუაშვილისა და სუბელიანის აუდიოჩანაწერებზე არა მარტო არადეკვატურ, არამედ ყოვლად გაუგებარ და მკაფიოობას მოკლებულ რეაქციას. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რატომ იყო არჩევნების პირველ ტურამდე ხელისუფლების ქმედებები აშკარად არადეკვატური?

- ჩვენს ხელისუფლებას, საუბედუროდ, შეეყარა ის ჩვენი პოლიტიკური ელიტისთვის დამახასიათებელი სენი, რომელსაც განდიდების მანიას ("მანია გრანდიოზა") ეძახიან. ჩვენი პოლიტიკური ელიტა, როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში, რამდენიმე ბრწყინვალე ფიგურის გამოკლებით, შედგება ჩვეულებრივი და მეჩვენება, არც ისე განათლებული ადამიანებისგან.

უნდა ითქვას, რომ არჩევნების პირველმა ტურმა ხელისუფლებას ცივი წყალი გადაასხა. გამოფხიზლება მყისიერი იყო. „გზავნილი მიღებულია“, - გამოაცხადა კახა კალაძემ და ეს მართლაც ასეა

უკლებლივ ყველა ჩვენს ხელისუფლებას, ალბათ, ეროვნული ხასიათიდან გამომდინარე, ხელისუფლებაში მოსვლიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეუფლება დაუსჯელობისა და ყოვლისშემძლეობის სინდრომი. ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასაც დაემართა. მან, ისევე, როგორც მისმა წინამორბედებმა, დაკარგა საზოგადოებასთან უკუკავშირი, რომელსაც ინგლისურად ძალიან მოხერხებული სიტყვა „feedback” გამოხატავს.

უნდა ითქვას, რომ არჩევნების პირველმა ტურმა ხელისუფლებას ცივი წყალი გადაასხა. გამოფხიზლება მყისიერი იყო. „გზავნილი მიღებულია“, - გამოაცხადა კახა კალაძემ და ეს მართლაც ასეა. შეადარეთ თუნდაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო და დღევანდელი გამოსვლები. თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით.

- შეიძლება ითქვას, რომ არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში საინტერესოდაც კი განვითარდა. მხედველობაში მაქვს პოლიტიკურ ძალებს შორის გადაჯგუფებები, შეურიგებელთა საჯარო შერიგებები და „ნაციონალების“ კანდიდატისთვის ღია მხარდაჭერის გამოცხადება.

მეორე მხრივ, ვხედავთ საზოგადოების იმ ნაწილის გააქტიურებას, რომლებსაც „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნების ყოველგვარ ალბათობაზე ფიქრიც კი არ უნდა და რომლებმაც დაიწყეს მოძრაობა - „არა მიშას“! ასევე ვხედავთ ქუჩაში ზურაბიშვილის მოწინააღმდეგე ხალხს ლოზუნგებით - „შენ ვერ გახდები ჩვენი პრეზიდენტი“! თქვენ როგორ დაახასიათებდით და შეაფასებდით იმ პოლიტიკურ ვითარებას, რომელშიც ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ აღმოჩნდა?

- დღევანდელი პოლიტიკური სიტუაცია ორი ერთმანეთის საპირისპირო ტენდენციით ხასიათდება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თავისი თვითდაჯერებული გამოსვლების მიუხედავად, კარგად იცის, რომ არჩევნები სულაც არ არის მოგებული და მეორე ტურის შედეგები სრულიად გაურკვეველია. მიუხედავად ამისა, იგი ახალ საარჩევნო სტრატეგიას ვერ იგონებს და ისევ მომაბეზრებლად ერთსა და იმავეს გაიძახის.

„ნაცმოძრაობა“ ახალ საარჩევნო სტრატეგიას ვერ იგონებს და ისევ მომაბეზრებლად ერთსა და იგივეს გაიძახის. გაცილებით უფრო მოქნილი „ქართული ოცნება“ აღმოჩნდა

გაცილებით უფრო მოქნილი „ქართული ოცნება“ აღმოჩნდა. მან სასწრაფოდ დაიწყო იმ არხების ძებნა, რომლის მეშვეობითაც იგი საზოგადოებასთან უკუკავშირს დაამყარებს. ეს მხოლოდ ამ არჩევნებზე გამიზნული სტრატეგია არ გახლავთ, ამ პოლიტიკას „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გააგრძელებს, ვინაიდან სხვა შემთხვევაში მას კრახი ემუქრება.

ამას ემატება ის გარემოებაც, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ისევ ერთიანდება „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. ასე რომ, საინტერესო დღეები გველის.

- უნდა ეს ვინმეს თუ არა, რეალობა ასეთია - პრაქტიკულად საზოგადოების უდიდესი ნაწილი დაყოფილია ივანიშვილისა და სააკაშვილის მხარდაჭერებად. მათ შორის განსხვავება იმდენად თვალსაჩინო და კონფლიქტურია, რომ გამორიცხავს თანამშრომლობის კონსტრუქციულ ფორმატს.

გასაგებია, რომ წინასაარჩევნოდ ტემპერატურისა და მუხტის ასაწევად მხარეები ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ არავინ ფიქრობს იმაზე, თუ რა ვითარება იქნება ქვეყანაში არჩევნების დასრულების შემდეგ, რომ ყველა ისინი ბედკრული საქართველოს მოქალაქეები არიან. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რამდენად სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყნისთვის მოსახლეობის ორ დაპირისპირებულ პოლიტიკურ ჯგუფებად ჩამოყალიბება?

- მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი საზოგადოების უმეტეს ნაწილს პოლიტიკა სულაც არ აინტერესებს და იგი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს - დადის თეატრებში, კინოებში, რესტორნებში, კაფეებში, გამოფენებზე და არა მიტინგებზე, ხოლო სატელეფონო საუბრებში პოლიტიკას რამე კურიოზული შემთხვევის გამო თუ გაიხსენებს.

ტყუილად ხომ არ იყო არჩევნების პირველ ტურში დასწრება რეკორდულად დაბალი: ამომრჩეველთა დაახლოებით 54% საარჩევნო ყუთებთან საერთოდ არ გამოცხადებულა. ასე რომ, მიმაჩნია: პოლიტიკური დაპირისპირება არც ერთ შემთხვევაში სამოქალაქო დაპირისპირებაში არ გადაიზრდება - პოლიტიკურ ძალებს „მოიერიშეები“ დააკლდებათ.

პოლიტიკური დაპირისპირება არც ერთ შემთხვევაში სამოქალაქო დაპირისპირებაში არ გადაიზრდება - პოლიტიკურ ძალებს „მოიერიშეები“ დააკლდებათ

პოლიტიკური სპექტრის ორ ფლანგად დაყოფა კი გაპირობებულია იდეოლოგიური გარემოებებით - არაერთხელ მითქვამს და ეხლაც გავიმეორებ, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც აქვს მკაფიოდ გამოხატული და ისევ ერთმანეთთან დაპირისპირებული იდეოლოგია: ერთი მხრივ, ეს დემოკრატიული იმპერატივია, ხოლო, მეორე მხრივ, ეს ეტატისტური მისწრაფებებია. ვწუხვარ, რომ არ მაქვს შესაძლებლობა ამ საკითხს ჩავუღრმავდე.

ამასთან, ასეთი დაპირისპირება ქმნის ვითარებას, როცა ახალი იდეებით და ახალი სახეებით შეიარაღებულმა სამოქალაქო მოძრაობამ, დიახ, მოძრაობამ და არა პოლიტიკურმა პარტიამ, შეიძლება ძალიან მალე მოიგოს ქართველთა გული.

დასკვნა მარტივია: მეცენატებო, დაუფიქრდით, ვის აფინანსებთ.

- „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაზე გულგატეხილ საზოგადოებას მიმართა. მისი თქმით, მან იცის ხელისუფლებაზე ხალხის გაბრაზების ყველა მიზეზი და იგი იღებს პასუხიმგებლობას იმაზე, რომ ერთ წელიწადში გამოასწორებს მართვაში არსებულ ყველა მიზეზს.

ივანიშვილმა საზოგადოებას მოუბოდიშა იმის გამო, რომ „ოცნებამ“ შესაძლებელი გახადა „ნაციონალების“ დაბრუნების ალბათობა მაშინ, როცა ქვეყნის პარტნიორები საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გეგმებს განიხილავენ.

მეტიც, მან განაცხადა - „სამშობლო ისტორიულ გზაგასაყარზე დგას“, რადგან „ძალადობაზე დაფუძნებული რეჟიმი“, რომელიც საზოგადოებამ 2012 წელს მოიშორა, „ნებისმიერ ფასად ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას“. მისივე შეფასებით, - „ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის პოლიტიკური პარტია, ჩვენს პირისპირ რევანშისთვის გაერთიანებული მოძალადეები დგანან“. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ივანიშვილის ტელემიმართვამ გულგატეხილი საზოგადოებისადმი?

- ხომ გითხარით, გამოფხიზლება მყისიერი იყო. გთხოვთ, გაიხსენოთ 2012 წელი. მაშინ არჩევნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა და გიგა ბოკერიამ ბრძანეს, რომ „სისტემური შეცდომა“ იყო დაშვებული. ანუ, სტრატეგია სწორი იყო, მეთოდები სწორი იყო, მაგრამ მათი ხორცშესხმის სისტემა იყო არასწორი. მათ დაშვებული უსამართლობისთვის, პირდაპირ ვთქვათ, დანაშაულისა და ვერაგობისთვის ბოდიში არ მოუხდიათ და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აუღიათ.

სააკაშვილისა და ბოკერიასაგან განსხვავებით ბატონი ბიძინა ივანიშვილი გაცილებით უფრო ვაჟკაცურად მოიქცა და პასუხისმგებლობას არ გაურბის. ახლა არჩევანი ქართულ საზოგადოებაზეა, ყველაფერი ხომ შედარებითია

მათგან განსხვავებით, მოგვწონს ის თუ არ მოგვწონს, ობიექტურად უნდა ვთქვათ: სააკაშვილისა და ბოკერიასაგან განსხვავებით ბატონი ბიძინა ივანიშვილი გაცილებით უფრო ვაჟკაცურად მოიქცა და პასუხისმგებლობას არ გაურბის. ეხლა, არჩევანი ქართულ საზოგადოებაზეა, ყველაფერი ხომ შედარებითია.

- არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ „ნაციონალების“ მხარდამჭერები სიმრავლის გარდა, კონსოლიდირებულობითა და ორგანიზებულობით გამოირჩევიან. მეტიც, ორ პოლიტიკურ ჯგუფად გაყოფილმა „ნაციონალებმა“ 2016 წელთან შედარებით ახლა მეტი ხმები მიიღეს. გასაგებია, რომ ივანიშვილის მიმართვის ადრესატი ეს ადამიანები აშკარად არ ყოფილან. მაგრამ, თქვენი დაკვირვებით, რამდენად დამაჯერებელი შეიძლება აღმოჩნდეს ივანიშვილის მიმართვა იგივე გულგატეხილი ამომრჩევლებისადმი?

- ამომრჩეველმა „ნაცმოძრაობას“ გამიზნულად კი არ მისცა ხმა, მან ხელისუფლებას თავისი უკმაყოფილება დაანახა. ბევრჯერ იგივეს მამეორებინებთ: საზოგადოება „ოცნების“ ალტერნატივას მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხედავს.

ბატონმა ბიძინამ მთლიანად ქართველ ერს, უფრო სწორედ კი საქართველოს ყველა მოქალაქეს მიმართა: მას აქვს უნარი გარკვეული პოლიტიკური სიმპათიების მქონე მოქალაქე პარტიული აქტივისტისგან განასხვავოს

ასე რომ, ვერ დაგეთანხმებით - ბატონმა ბიძინამ მთლიანად ქართველ ერს, უფრო სწორედ კი ყველა საქართველოს მოქალაქეს მიმართა: მას აქვს უნარი გარკვეული პოლიტიკური სიმპათიების მქონე მოქალაქე პარტიული აქტივისტისგან განასხვავოს.

- „ოცნებაში“ დიდი საკადრო წმენდა დაიწყება? თუ ეს პროცესი მართლაც დაიწყო, „ნაციონალებიდან“ „ოცნებაში“ პორტირებულები ნაკლებად საჯავრო არიან. მაგრამ, როცა საკადრო პოლიტიკაში სერიოზულ ცვლილებებზეა საუბარი საინტერესო ისაა, შეეხება თუ არა იგი იმ ადამიანებს, ვინც კვალიფიკაციით გამოირჩევიან, მაგრამ საჯარო სამსახურში 2012 წელს მომხდარი ხელისუფლების ცვლილებების შემდეგაც არიან დარჩენილი?

- არ მომწონს გამოთქმა „საკადრო წმენდა“, იგი ავად სახსენებელ წინა საუკუნის ოცდაათიან წლებს მაგონებს. „ქართული ოცნებისა“ და მთავრობის წიაღში კი ცვლილებები აუცილებლად უნდა განხორციელდეს. ბოლოს და ბოლოს, ერთხელ მაინც ხომ უნდა გვყავდეს პროფესიონალებით დაკომპლექტებული მთავრობა, სხვანაირად ურთულეს გამოწვევებს როგორ ვუპასუხოთ?

„ოცნების“ მმართველ გუნდს გულწრფელად ვურჩევდი, რომ თანამდებობებზე დასანიშნი ადამიანები პარტიის წიაღში კი არა, ფართო საზოგადოებაში მოიძიონ

მომწონს, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ განხორციელდება, ანუ ისინი პროპაგანდისტურ მუხტს არ შეიცავს და მართლაც გამიზნულია მომავალზე.

ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ. ჩემი მხრივ, „ოცნების“ მმართველ გუნდს გულწრფელად ვურჩევდი, რომ თანამდებობებზე დასანიშნი ადამიანები პარტიის წიაღში კი არა, ფართო საზოგადოებაში მოიძიონ.

- არჩევნების მეორე ტურის შედეგებზე საუბრისას პოლიტიკის დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „მეორე ტურის შედეგები დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ მოიგებს საინფორმაციო ომს დარჩენილ დროში“.

მე მეჩვენება, რომ არჩევნების დღეს „ქართული ოცნება“ სრული შეიარაღებით დახვდება

თქვენი დაკვირვებით, მეორე ტურში რა შანსები აქვთ ხელისუფლებისა მიერ და „ნაციონალების“ მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატებს?

- დღეს რომ იყოს არჩევნები, მას „ნაცმოძრაობა“ მოიგებდა. მაგრამ რაც დრო გადის, ხალხი ეიფორიიდან გამოდის და „ოცნების“ შანსები დღითი დღე იზრდება. მე მეჩვენება, რომ არჩევნების დღეს „ქართული ოცნება“ სრული შეიარაღებით დახვდება.

„ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო