ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2018

კალაძესა და კობახიძეს პარტიული თანამდებობებიდან უშვებენ

"ოცნებამ" ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თუ არ დანიშნა, 2020 წლამდე ვერ მიაღწევენ

გაზი 5 თეთრით გაძვირდება და 6 წლის წინანდელ ფასს დაუბრუნდება

კალაძესა და კობახიძეს პარტიული თანამდებობებიდან უშვებენ

“მმართველ პარტიაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილება იგეგმება. გავრცელებული ინფორმაციით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პარტიის ხელმძღვანელობის გადახალისებას გეგმავს. არაოფიციალური ინფორმაციით, თბილისის მერი კახა კალაძე "ოცნების" გენერალური მდივნის თანამდებობას დატოვებს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი "ოცნების" აღმასრულებელი მდივნის თანამდებობიდან გადადგება. თანამდებობას დატოვებს მმართველი პარტიის რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძეც, თუმცა ისინი "ოცნების" პოლიტსაბჭოში დარჩებიან. ცვლილების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია საკუთარ მიმართვაში ნაწილობრივ დაადასტურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემაც. ბიძინა ივანიშვილს გვარები არ დაუკონკრეტებია, მაგრამ განაცხადა, რომ პარტიაში ძირეული ცვლილება იგეგმება. "ოცნების" შიდა წყაროებიდან კი ცნობილი გახდა, რომ წინასაარჩევნო მარათონში ყოფილი პრემიერები - ირაკლი ღარიბაშვილი და გიორგი კვირიკაშვილიც ჩაერთვებიან, თუმცა რა სახით, ჯერჯერობით უცნობია“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, კალაძესა და კობახიძეს პარტიული თანამდებობებიდან უშვებენ

"რეზონანსთან" საუბარში მმართველი გუნდის დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ კალაძესთან და კობახიძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა პარტიაში ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო დაბრუნებას მიესალმებიან."ქართული ოცნების" მთავარ ოფისში შეხვედრები და კონსულტაციები გუშინ მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე დილიდან რეგიონების წარმომადგენლებსა და ქალაქის მერებს ხვდებოდნენ. საკადრო ცვლილება განხორციელდება იქ, სადაც საჭირო იქნება - პარტიასა თუ სამთავრობო სტრუქტურებში, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის განცხადების შეფასებისას. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ დღეს არჩევნები ტარდება თავისუფალ გარემოში და ყოველგვარი შიშის გარეშე, არის სწორედ ამ ხელისუფლებისა და ყველა იმ ადამიანის დამსახურება, რომელთაც წვლილი აქვთ შეტანილი ამ საქმეში."მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ, "ქართულ ოცნებას", მთავრობას, დანახული გვაქვს ყველა ის პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს და მათ შორის, შეფასებული და გაანალიზებულია არჩევნების შედეგიც. "სრულად ვეთანხმები ბატონ ბიძინას იმ შეფასებაში, რომ შესაძლოა, ხელისუფლება ყოველთვის არ იყო მოწოდების სიმაღლეზე და მოსახლეობის ყველა პრობლემა არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ ხელისუფლების დასჯის სურვილი არ უნდა გაიგივდეს იმ რეჟიმის მხარდაჭერასთან, რომელსაც ერთად ვებრძოდით და რომლის დაბრუნების წინააღმდეგიც ვართ ყველანი", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა“, - აღნიშნავს გამოცემა.

"მოსალოდნელია თუ არა საკადრო ცვლილება სამთავრობო გუნდში, ამ შეკითხვის პასუხად მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ "საკადრო ცვლილებები ყოველთვის უნდა განვსაზღვროთ საჭიროებებიდან გამომდინარე. ის უნდა ემსახურებოდეს ამოცანას და ეფექტიანობის გაზრდას. შესაბამისად, საკადრო ცვლილებები განხორციელდება იქ, სადაც ეს საჭირო იქნება - პარტიასა თუ სამთავრობო სტრუქტურებში". გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე პარტიულ თანამდებობებს დატოვებენ, მმართველი გუნდის წევრი რომან კაკულია "რეზონანსთან" ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის. თუმცა, მისი თქმით, ახლა რაიმეს გადაბრალება კონკრეტულ ადამიანებზე სწორი არ იქნება. არჩევნების შედეგებს გააზრება და გაანალიზება სჭირდება."წარმოდგენა არ მაქვს, რა საკადრო ცვლილებებზეა საუბარი. ჩემს საქმეში იმდენად ვარ ჩაფლული, რომ ამ ამბების საქმის კურსში ნამდვილად არ ვარ. "რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, სწორად არ მიმაჩნია, რომ ეს კონკრეტულ ადამიანებს დაბრალდეს. ალბათ ამ ყველაფერს უფრო კარგად გაანალიზება სჭირდება. ახლა მთავარია, საზოგადოების წყენა ბოლომდე გავიგოთ და ამაზე ვიმუშაოთ", - აღნიშნა რომან კაკულიამ "რეზონანსთან", - განაგრძობს გამოცემა.

"ანალიტიკოსი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" ამბობს, რომ ახლა მსგავსი საკადრო ცვლილება ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს, ასეთი გადაადგილებები "ოცნებას" ზიანს უფრო მიაყენებს. თანაც მეორე ტურამდე საკმაოდ ცოტა დროა დარჩენილი, ცვლილება დროშიც ვერ მოესწრება და იმედოვნებს, რომ ეს ინფორმაცია რელობას არ შეესაბამება."პრობლემა ასეთი საკადრო ცვლილებებით არ წყდება. "ოცნების" მთავარი გასაჭირი ახლა სისტემურია და არა იმდენად პერსონალური პრობლემა. არ მგონია, რომ ღარიბაშვილისა და კვირიკაშვილის მოსვლით იმ პრობლემების გააზრება მოხდეს, რის წინაშეც მმართველი გუნდი დგას. "ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამ ხელისუფლების მთავარი პრობლემა კოლექტიური მურუსიძეები არიან. პორტირებული "ნაციონალები" მმართველ გუნდში იმდენად არიან მოდებულები, რომ მათი გაწმენდა და ქირურგიული ჩარევა ასეთი მარტივი არ იქნება. ერთ თვეში ამ ადამიანებისგან თავი როგორ უნდა გაითავისუფლონ? "ვხედავთ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებასაც, რამაც კიდევ უფრო ბევრი კითხვა გააჩინა. ჩემი აზრით, საერთოდ რომ არაფერი ეთქვათ, სჯობდა. ასეთი ქცევით ნეიტრალურ ამომრჩეველს უფრო აღიზიანებენ. ამას სჯობდა, ეს საკითხი დროებით დაევიწყებინათ", - წერს სტატიის ავტორი.

"ოცნებამ" ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თუ არ დანიშნა, 2020 წლამდე ვერ მიაღწევენ

"ტვინს ცოტა ძალა დაატანონ და ისე აკეთონ საქმე... პიარჯგუფი გვყავს მაგარიო და თუ ეს მაგარი პიარჯგუფია, ღმერთმა სიკეთეში მოახმაროთ... "ნაცმოძრაობა" კი არ არის პროტესტი, 800 000 ჩვენი მოქალაქეა პროტესტი. 800 000 ხმა, მე მგონი, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბოლოს 2012 წელს აიღო. ამას უნდა მიხედვა და ამ ხალხს მოაბრუნებს ფარცხალაძის 5000-ლარიანი გირაოთი გამოშვება?!" - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე. იგი ხელისუფლებას ურჩევს, ახლავე დააანონსოს პროპორციული სისტემით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ოქტომბრისთვის. სხვა შემთხვევაში არ გამორიცხავს, რომ სომხური სცენარი განმეორდეს“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ოცნებამ" ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თუ არ დანიშნა, 2020 წლამდე ვერ მიაღწევენ - ძაბირაძე

"კორესპონდენტის თქმით, ყოფილ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარუდგინეს, თუმცა 5000-ლარიანი გირაოთი გამოუშვეს. "ოცნების“ განცხადებით, ეს ბრალდება ამტკიცებს, რომ დაუსჯელი არავინ იქნება, თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს არის დასჯის იმიტაცია ამომრჩევლის მოსატყუებლად. კითხვაზე, რამეში წაადგება თუ არა ოცნებას ეს ნაბიჯი, ანალიტიკოსის თქმით, ძალიან დიდი "გენიოსები“ არიან პროკურატურაში. მოფიქრება არ გინდოდა იმისა, რაც გააკეთეს?! ნუთუ ამ ხელისუფლებაში არ არის ადამიანი, ვისაც შეუძლია, ოდნავ გვერდიდან შეხედოს და შეაფასოს ის, რის გაკეთებასაც გეგმავენ და თუ პირდაპირ სიმართლეს არ ეტყვის, ირიბად მაინც მიახვედროს? იმაზე კიარ უნდა ფიქრობდნენ, უმრავლესობის წევრები როგორ შეაფასებენ ამას, არამედ იმაზე, ამომრჩეველი როგორ მიიღებს“, - აღნიშნავს გამოცემა.

"კორესპონდენტის კითხვაზე, როგორ მიიღებს ხალხი პროკურატურის ამ ნაბიჯს, ანალიტიკოსის თქმით, ეს არის საზღვრის გადასვლა და ხალხის აბუჩად აგდება, ვიდრე რამის გადაწყვეტის სურვილი. თუ ეს სვლა გათვლილია იმ ადამიანებზე, ვინც არჩევნების დღეს სახლში დარჩა, ან ოპოზიციის მხარეს გადავიდა, მათზე ეს არ იმოქმედებს. ეს ხალხი უფრო დარწმუნდება იმაში, რომ პირველ ტურში სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. არსებობს ორი სამართალი. ერთი არის იურისპრუდენცია, სასამართლო და ა.შ., მეორეა პოლიტიკური სამართალი, რომელიც საზოგადოებაში შექმნილიაზრის მიხედვით ფორმირდება. საზოგადოებაში ფარცხალაძის მიმართ აბსოლუტურად უარყოფითი დამოკიდებულებაა. ანგელოზი რომც იყოს, პოლიტიკურად მისთვის რაღაცის გაკეთება წამგებიანია "ქართული ოცნებისთვის“ და ამის მიხვედრას ამდენი დრო სჭირდება?! თუ წაგება უნდათ, წააგონ პატიოსნად და დაამთავრონ ეს ალიაქოთი“, - განაგრძობს გამოცემა.

"ფარცხალაძის წინააღმდეგ ბრალდება "ოცნებისთვის“, პოლიტიკური თვალსაზრისით, უფრო უარყოფით შედეგს მოიტანს, ვიდრე დადებითს. თუ ასეთი ფორმით უნდა შეხებოდნენ, სჯობდა, საერთოდ არ შეხებოდნენ. თუ ამ საქმეს წინასაარჩევნოდ მოკიდეს ხელი, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მაინც უნდა შეეფარდებინათ. იცით როგორი შთაბეჭდილება მრჩება?ეს რომ თქვა ივანიშვილმა: რატომ უნდა დავსაჯო ფარცხალაძე, არაფერი დაუშავებიაო, ამის შემდეგ ნახეს შედეგი და ახლა შეცდომების გამოსწორებას ცდილობენ, მაგრამ უშვებენ უარეს შეცდომებს. არ ვიცი, ვინ ურჩევს ამას. პიარჯგუფი გვყავს მაგარიო და თუ ეს მაგარი პიარჯგუფია, ღმერთმა სიკეთეში მოახმაროთ. მე რაც შემიძლია, იმას ვაკეთებ, რასაც გულწრფელად ვფიქრობ, იმას ვლაპარაკობ. თუ ხელისუფლების შენარჩუნება სურთ, მაშინ სტრატეგიას უნდა გეგმავდნენ. ივანიშვილი 1 წელს რომ ითხოვს, თუ არჩევნებამდე არ იტყვიან, რომ პროპორციული სისტემით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა იგეგმება, არ ექნებათ ეს 1 წელი. ძალიან მეშინია, საქართველოში სომხური სცენარი არ განვითარდეს, ფაშინიანის სცენარს ვგულისხმობ და რეალურია, რომ ეს მოხდეს. სულ ერთია ვინ მოიგებს, პროტესტი ის 800 000 კაცია, რომელთა დიდი ნაწილი ქუჩაში გამოვა. ერთადერთი საშუალება პოლიტიკური სტაბილურობისთვის არის ის, რომ უნდა ითქვას, ჩავატარებთ ვადამდელ არჩევნებს პროპორციული სისტემით“, - წერს სტატიის ავტორი.

გაზი 5 თეთრით გაძვირდება და 6 წლის წინანდელ ფასს დაუბრუნდება

"დიდი ალბათობით, მოსახლეობას გაზის გადასახადი გაუძვირდება. სავარაუდოდ, ტარიფი 6 წლის წინანდელ ნიშნულს დაუბრუნდება და 1 კბ/მ 50 თეთრი გახდება. ლარი უკვე ისეთ ზღვარზეა, როცა გადასახადის შენარჩუნებაზე საუბარი თითქმის შეუძლებელია. სემეკში ამ ეტაპისთვის შესულია განცხადება ბუნებრივი აირის ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით. მარეგულირებელი კომისია მოსალოდნელ გაძვირებას არ ადასტურებს, მაგრამ არც გამორიცხავს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრ დავით ნარმანიას თქმით, სემეკი განიხილავს კომპანიების განაცხადს ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით. რაც შეეხება დენისა და წყლის საფასურს, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, გაზი 5 თეთრით გაძვირდება და 6 წლის წინანდელ ფასს დაუბრუნდება

"ამ ეტაპზე ჩვენთან შემოსულია წინადადებები მხოლოდ გაზის ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით. ესეც არის გეგმური, ვინაიდან დადგენილი ტარიფები მოქმედებს ამ წლის ბოლომდე, შესაბამისად, სემეკმა წარმოდგენილი განაცხადების მიხედვით უნდა განიხილოს, თუმცა ეს დაკავშირებული არ არის კურსის ცვალებადობასთან", - აცხადებს ნარმანია. სატარიფო ცვლილებასთან დაკავშირებით სემეკში წინასწარ არ საუბრობენ. თუმცა, როგორც სემეკის კიდევ ერთი წევრი გოჩა შონია „რეზონანსთან" ამბობს, ტარიფში ლარის კურსი, სხვა კომპონენტებთან ერთად, გათვალისწინებული იქნება. "ტენდენცია ჯერ არ ჩანს და გადასახადის გაძვირების თემაზე საუბარი ნაადრევია. დეპარტამენტი ახლა გადის ხარჯების აუდიტს და დეტალურად ყველა ხარჯს აჯამებს. ეს არის გეგმური გადახედვა. მოქმედ ტარიფს ვადა გასდის 31 დეკემბერს, ამიტომ უნდა მოხდეს ამ განაცხადების განხილვა. ეს არ არის მხოლოდ სამომხმარებლო ტარიფი, საკმაოდ კომპლექსური თემაა, რომელიც ეხება მიწოდების ნაწილს, ტრანსპორტირებისა და განაწილების ტარიფებს, დიდი სამუშაოა გასაწევი“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ცხადია, კურსი თავისთავად მოქმედებს გაზის სექტორზე, რადგან ბუნებრივი აირის შესყიდვა ხდება უცხოურ ვალუტაში. აქედან გამომდინარე, კურსს გარკვეული ზეგავლენა აქვს. შესაძლოა, მიწოდების ნაწილში ტარიფი გაძვირდეს, მაგრამ განაწილების კომპლექსში შემცირდეს, არაფერი არ არის გამორიცხული. ცხადია, ინვესტიციების ხარჯიც იქნება გათვალისწინებული, მაგრამ როგორ შეიცვლება ტარიფი, ამაზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით", - ამბობს გოჩა შონია. სპეციალისტები არ მალავენ, რომ გაზის გადასახადის გაძვირებას ელოდებიან. როგორც ენერგეტიკოსი გია არაბიძე აღნიშნავს, ლარის კურსი 2,80-იან ნიშნულს უახლოვდება, რაც გადასახადის შენარჩუნების შანსს არ ტოვებს. "ლარი საბედისწერო ზღვარზეა. ასე თუ გაგრძელდა და ყოველდღე თითო პუნქტით გაუფასურდება ლარი, ბუნებრივია, რომ ტარიფის დაჭერა გაგვიჭირდება. ძველი ტარიფი ჩვენ დავგეგმეთ 2,50-ზე, ახლა 2,70-ზეა საუბარი, რაც გადასახადის გაძვირების ალბათობას ზრდის. წარმოდგენაც არ მინდა, რა მოხდება, თუკი კურსი 2,80-ს გადააჭარბებს, რაც, ფაქტობრივად, ტარიფის შენარჩუნების შანსს არ ტოვებს. ტენდენცია საკმაოდ დამაფიქრებელია, ცხადია, რომ პრობლემა შეგვექმნება. მით უმეტეს, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტარიფში მარტო კურსი არ არის, ყველა პრობლემა წარმოიშვება როგორც გატარების, ისე შესყიდვის თვალსაზრისითაც. თუმცა, კურსიდან გამომდინარე, შესყიდვის კომპონენტში მაინც მეტი პრობლემაა. ჩემი აზრით, ჩადებული ინვესტიციების ამოღების საკითხი არ იქნება, რომ ტარიფი ამ მხრივ დაიტვირთოს, ახლა ეს საკითხი არ დადგება. ცვლილება ზრდისკენ იქნება მიმართული, მაგრამ 1 კბ/მ-ის ფასი 50 თეთრს არ უნდა გასცდეს. ჩვენთვის ყველაზე მთავარი სავალუტო კრიზისია, რის გავლენასაც გაზის ტარიფი ვერ გაექცევა", - განაგრძობს გამოცემა.

"პრობლემაა ბუნებრივი აირის დანაკარგიც. ამ მხრივ დიდი სამუშაოა გასაწევი. დანაკარგის შესამცირებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამომხმარებლო ქსელის რეაბილიტაცია, რაც ტარიფზე სამომავლოდ აისახება. "ბუნებრივი აირის დანაკარგს 3-5%-მდე თუ ჩამოიყვანენ, ეს მოითხოვს დიდ ხარჯს. ბევრი ფულია ჩასადები, რომ ამ კუთხით ვითარება მოგვარდეს. ფაქტია, რომ ქსელი მოსაწესრიგებელია. ცოტა ადრე ჩვენ ვსაუბრობდით, რომ "ყაზტრანსგაზმა" 3%-მდე შეიძლება შეამციროს დანაკარგი, მაგრამ რეალური მონაცემი 10%-ზე მეტია. ცვლილებას ველოდები გადასახადთან დაკავშირებით და ამას ზამთარში მოსახლეობა საკმაოდ მტკივნეულად გადაიტანს", - დასძენს ენერგეტიკოსი. გია არაბიძე ვერც იმ ფაქტს უარყოფს, რომ გაზის ტარიფის გაძვირება სოციალური ფონის გაუარესებას გამოიწვევს. "საქართველოს მოსახლეობისთვის გადასახადის ზრდა მსუბუქი ტვირთი ნამდვილად არ არის. ვერ ვიტყვი, რომ ამ პროცესს სოციალური უკმაყოფილება მოჰყვება, თუმცა სოციალური ფონი კიდევ უფრო გაუარესდება და ამას ყველა იგრძნობს", - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო