ქართული პრესის მიმოხილვა 08.11.2018

“მოსახლეობა ამ ზამთარს შიმშილით ამოწყდება, ყანები ოკუპანტებმა მიიტაცეს” - ახალი მავთულხლართები ატოცში

გია ნოდია - “ივანიშვილმა არ იცის რა ქნას”

უახლოეს დღეებში ყველაფერი მასობრივად გაძვირდება

* * *

“მოსახლეობა ამ ზამთარს შიმშილით ამოწყდება, ყანები ოკუპანტებმა მიიტაცეს” - ახალი მავთულხლართები ატოცში

“საქართველოს მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. სოფელ ატოცის მოსახლეობა მიწებს კარგავს. დილიდან რუსი ოკუპანტები ახალ მავთულხლართებს ავლებდნენ. 30 ჰექტარი მიწა უკვე საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ოკუპანტები ბორდერიზაციას აგრძელებენ. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები “რეზონანსთან” ყვებიან , ატოცის მინდვრებში რუსი ოკუპანტები დილიდან გამოჩნდნენ და სოფელთან ახალი ბარიერების ინტენსიური გამაგრება დაიწყეს. ერთი კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე. ოკუპანტები ამონტაჟებენ ბოძებს და რკინის ღობეს. მოსახლეობა ამბობს, რომ მათ საკუთარ მიწის ნაკვეთებზე საშემოდგომო სამუშაოები დასრულებული აქვთ და ოკუპანტების მიერ წართმეულ მიწაზე მოსავალს ვეღარ აიღებენ. ისინი რუსი ოკუპანტების მიერ მათი მიწების მიტაცებას შორიდან უყურებენ და საკუთარ ბაღებში შესვლის უფლება აღარ აქვთ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “მოსახლეობა ამ ზამთარს შიმშილით ამოწყდება, ყანები ოკუპანტებმა მიიტაცეს” - ახალი მავთულხლართები ატოცში.

“არ ვიცი რა უნდა ვქნათ. სპეციალურად ამთხვევენ მოსავლის აღების დროს. მთელი წელი ვმუშაობდით, ყანა გვაქვს დათესილი. ორი თვის პენსია გამოვიტანე, სახლში 5 სული ოჯახი ვართ, არ ვიცი რა უნდა ვქნათ ამ ზამთარს, ალბათ შიმშილით ამოვწყდებით. ჩემს ყანაში ვინღა შემიშვებს, დაგეშილები არიან. ახლა შორიდან უნდა ვუყურო ჩემს ნამუშევარს, როგორ მიითვისებენ. არ ვიცი ამას რა უნდა ვუწოდოთ, პირდაპირ, რომ გვესროლონ და დაგვხოცონ არ სჯობია? ახლა ბაღებშიც ჩაგვისაფრდებიან და გატაცებებსაც დაიწყებენ. ამ ზამთარს ჭამა ხომ უნდათ. თან გატაცების გადასახდელი თანხაც გააძვირეს... დილიდან მობილიზებულები არიან, მთელი ტექნიკა მოიყვანეს. ახლოს მისვლას ვერ ვახერხებთ. მივალთ თუ არა დაგვაკავებენ და ცალკე ახლა გამოსასყიდის ფულები უნდა ვუხადოთ. სადაც უნდა იქ ჩაარჭობენ ამ მავთულხლართებს. რომელი ყანა და ბაღიც მოეწონებათ. მაგათი ნება არაა. დილას საწყალმა ხალხმა საკუთარი ადგილებიდან ძლივს გამოასწრეს. ამ ზამთარს სოფლის მცხოვრებლები შიმშილით ამოვწყდებით”, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები. ატოცელები ამბობენ, რომ ამ დრომდე ოკუპანტებს ატოცში 30 ჰექტარზე მეტი ფართობი ჰქონდათ მითვისებული, ხოლო დღეს მათ კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პარლამენტარები სოფელ ატოცში მიმდინარე მცოცავ ოკუპაციას აფასებენ. მათი თქმით, დაწყებული პროცესი რუსეთის მხრიდან მორიგი პროვოკაცია და უკანონო ქმედებაა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ მომხდარს შესაბამისი შეფასება მისცეს. “არის ცალსახად პროვოკაციული ქმედება რომლის მომსწრენიც პერიოდულად ვხდებით, ეს არის ხალხის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ მიმართული ქმედება და არის დაუშვებელი. ჩვენ ვართ მოწოდებული იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ჩართულობა გვქონდეს, მეტი შესაძლებლობები გავხადოთ ხელმისაწვდომები ჩვენი საზოგადოებისთვის მათ შორის საოკუპაციო ხაზს მიღმა”, - ამბობს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ უკანონო ბორდერიზაციის განახლების მიზეზი საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან არათანამიმდევრული პოლიტიკის შედეგია, რასაც სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურაც ხელს უწყობს. “მავრთულხლართების გაბმა, ეს არის პირდაპირი მუქარა საქართველოს მისამართით და გაფრთხილება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის, რომ თუკი არჩეული იქნება ისეთი კანდიდატი, რომელიც არ არის პრორუსულად განწყობილი, საქართველოს შეექმნება პრობლემები”, - ამბობს რომან გოცირიძე. სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი სოფელ ატოცში ჩავიდა”, - დასძენს გამოცემა.

“ციხელაშვილი სოფელში მიმდინარე ვითარებას პირადად გაეცნო და განაცხადა, რომ ოკუპანტების ეს ქმედება პროვოკაციის მახინჯი ფორმაა. მისი თქმით, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა ეს პროცესი შეჩერდეს. ციხელაშვილის განცხადებით, ახალი მავთულხლართების გავლებით, კიდევ უფრო გართულდება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანთა პრობლემები. “ჩვენ ამას არ შევეგუებით არ გავტყდებით, კიდევ უფრო გავძლიერდებით და არ შევწყვეტთ ჩვენს მშვიდობიან ბრძოლას, ვიდრე ბოლო მეტრი ამ სამარცხვინო მავრთულხლართების არ დაიშლება ამ ტერიტორიაზე. მე მინდა აქ ყოფნით ატოცის მოსახლეობის მიმართ გამოვხატო მხარდაჭერა. დღეს რასაც აკეთებენ ესენი, ეს არის რომ შემოსაზღვრონ სამხედრო გეტო, სადაც ცხოვრობს 20-30 ათასი მოსახლე, ფაქტობრივად დაცლილი ცხინვალის იზოლაციას აკეთებენ”, - განაცხადა ციხელაშვილმა, რომლის თქმით, მათთვის, ვინც იქ არის დარჩენილი ქმნიან გაუსაძლის პირობებს,” - წერს სტატიის ავტორი.

გია ნოდია - “ივანიშვილმა არ იცის რა ქნას”

“არჩევნებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას არ უნდა “ქართული ოცნება”. ასევე ის მითი, - რომ დღევანდელი არსებული ოპოზიცია ვერ დაამარცხებდა “ქართულ ოცნებას”, რადგან ყველა ბერკეტი და ბიძინას ფულები მის ხელშია, - ეს მითი დაინგრა. ეს შეძლო არსებულმა ოპოზიციამ და არა მესამე ძალამ, რომელიც სადღაც ზეციდან ჩამოფრინდა. რაც შეეხება ხელისუფლებას, როგორც ჩანს, ისინი პანიკაში არიან...” - აცხადებს პოლიტოლოგი გია ნოდია, რომელსაც “რეზონანსი” მეორე ტურის მოსალოდნელ შედეგებზე ესაუბრა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ივანიშვილმა არ იცის რა ქნას” - ნოდია.

“ივანიშვილმა თავის გამოსვლით ცხადყო, რომ არ იცის, რა ქნას, ვინ დაიჯერებს, თუ ექვს წელიწადში ვერაფერი ვერ გააკეთეს, ერთ წელიწადში გააკეთებენ. არც იმაზე უსაუბრია, რას გააკეთებს კონკრეტულად. ერთადერთი გაზვნილი იყო, რომ მოდის “ნაციონალური მოძრაობა”, ეს არის დამნაშავე ძალა და ჩვენ ისინი უნდა გავაჩეროთ; ანუ, ამბობს იმას, რასაც ამბობდა 2012 წელში. ამან ყველაფერმა პირველ ტურში თუ ვერ იმაშავა, რატომ უნდა იმუშაოს მეორე ტურში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ნოდია.

“რაც შეეხება მეორე ტურში გამარჯვებულს, თუ ოპოზიციამ პირველ ტურში გაიმარჯვა, დიდი ალბათობით მეორე ტურშიც გაიმარჯვებს, მაგრამ “ოცნება” ისევ ხელისუფლებაში დარჩება, თუმცა აღქმული იქნება, რომ იგი დასუსტებულია. გამარჯვებული ოპოზიციის პრეზიდენტიც ბევრს ვერაფერს შეცვლის, მაგრამ ოპოზიციას აძლევს ოპტიმიზმს, გაიმარჯვოს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. ეს კი არ ნიშნავს სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებას, რადგან არჩევნებმა აჩვენა, რომ სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერის გარეშე ცალკე აღებული “ნაცმოძრაობა” ვერ იგებს. იმ შემთხვევაში, თუ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, ეს იქნება ოპოზიციური კოალიცია,” - დაასკვნის გია ნოდია.

უახლოეს დღეებში ყველაფერი მასობრივად გაძვირდება

“ლარის არნახულმა გაუფასურებამ პროდუქტის მორიგი გაძვირება გარდაუვალი გახადა. დისტრიბუტორები არ მალავენ, რომ უახლოეს დღეებში სურსათზე ფასი კიდევ გაიზრდება. სამომხმარებლო ბაზარზე არანაკლებ გავლენას ახდენს საწვავის გაძვირებაც, რაც ასევე მზარდია. პირველ რიგში, იმპორტული საქონლის ფასი მოიმატებს, განსაკუთრებით კი მედიკამენტების ღირებულება გაიზრდება. მდგომარეობა მძიმეა დისტრიბუტორებისთვისაც, რომელთან განცხადებით, ხშირ შემთხვევაში წაგებაზე მუშაობენ, რომ გაკოტრებას გადაურჩენენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით უახლოეს დღეებში ყველაფერი მასობრივად გაძვირდება / “შესაძლოა, ეს პროცესი ხვალიდანვე დაიწყოს. ლარი ისეთ ნიშნულზეა, რომ ფასის შენარჩუნებაზე საუბარი ზედმეტია”.

“სადისტრიბუციო კომპანია “გრანდის” დამფუძნებელი ივა ჭყოვია ამბობს, რომ ფასები შენარჩუნება უკვე შეუძლებელია. იმპორტიორთა თქმით, მოსალოდნელია, რომ ჯერ პირველადი მოხმარების პროდუქტი გაძვირდება და შე,მდეგ ყველა ნაწარმის ღირებულება მოიმატებს. “აქციების ხარჯზე ვცდილობთ რაღაცნაირად ფასის გარკვეულ დონეზე შენარჩუნებას, მაგრამ გაძვირების ტალღას ამით ვერ გავაჩერებთ. ლარის კურსი უკვე კრიტიკულ ზღვარზეა... ამ დღეებში გაძვირდება ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი - შაქარი, ზეთი, წიწიბურა და სხვ. ამ სეგმენტზე ცვლილება მყისიერად მოქმედებს უცებ იმატებს ფასი... ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდით”, - ამბობს ჭყონია. სუპერმარკეტებში არ მალავენ, რომ ფასების შეცვლა უკვე დაწყებულია და თითქმის ყოველდღიურად უწევთ. “საფასო პოლიტიკას გადავხედეთ - ძალიან მალე მოვახდენთ ცვლილებას - შესაძლოა ეს პროცესი სუპერმარკეტში ხვალიდანვე დაიწყოს - ლარი ისეთ ნიშნულზეა, ფასის შენარჩუნებაზე საუბარი ზედმეტია”, - ამბობს მაღაზია “არანისის” მენეჯერი. საფასო ცვლილებას ელოდებიან ფარმაცევტულ ბაზარზეც, სადაც ფასი მუდმივად მაღლა მიდის. ექსპერტი ჯანდაცვის საკიტხებში თიტა ტურძელაძე ამბობს, რომ ფასების შესაკავებლად კომპანიების ზომებს არ იღებენ, რის გამოც ტენდენცია სამომავლოდაც გაგრძელდება” - აღნიშნავს გამოცემა.

“ სპეციალისტების თქმით, იმპორტიორები ლარის გაუფასურებით სარგებლობენ და ხშირად ფასებს თვითნებურად ზრდიან. ფინანსისტ მერაბ ჯანიაშვილის თქმით, ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ნავთობპროდუქტებისა და მედიკამენტების სეგმენტში, სადაც ყველაზე დაბალი კონკურენციაა. “უმეტესად ძვირდება ის პროდუქტი, სადაც ნაკლები კონკურენციაა - ეს არის ნავთობი, მედიკამენტები, საბანკო მომსახურება და სხვა - სადაც მონოპოლიაა. სავალუტო ფონდის დასკვნაში პირდაპირ მითითებულია, რომ საბანკო და ფარმაცევტული ბაზარი მონოპოლიურია. ყოველთვის აქვთ შანსი ფასები გაზარდონ და ამისთვის ლარის გაუფასურების ფაქტს შეგნებულად იყენებენ”, - ამბობს ჯანიაშვილი, რომლის აზრით, მედიკამენტების ფასის ინფლაციასთან შედარებით უფრა გაზრდის მატებას, სახელმწიფომ ყირადღება უნდა მიაქციოს”, - დასძენს გამოცემა.