დავით სერგეენკო განმარტავს, სოციალურად დაუცველი პირები დასაქმების შემთხვევაში რა ტიპის დახმარებით ისარგებლებენ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განმარტებით, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირი დასაქმების შემთხვევაში, პირველი ერთი წლის განმავლობაში როგორც ფულადი, ისე არამონეტარული დახმარებით, მაგალითად, ჯანდაცვის პაკეტით ისარგებლებს, მეორე წელს კი მხოლოდ არამონეტარული დახმარება შეუნარჩუნდება. ამის შესახებ დავით სერგეენკომ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დავით სერგეენკოს თქმით, ეს არის „განლევადი სოციალური დახმარების“ მოდელი, რომელიც პირს საშუალებას აძლევს, სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებულებიდან ნაბიჯ-ნაბიჯ გამოვიდეს და სოციალურად აქტიური გახდეს.

„მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა ყველა ქვეყნისთვის ერთგვარი გამოწვევაა. ჩვენ ბევრი ქვეყნის პროექტის ანალიზი გვაქვს გაკეთებული. ერთ-ერთი მეთოდი იმისთვის, რომ ამ პროგრამაში დასაქმების დემოტივაცია შეამცირო, მომხმარებელი სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებული არ გახადო და არ შეამცირო მოტივაცია, რომ თავისი შრომით შეინახოს ოჯახი, არის ასეთი მცნება, რომელსაც ქართულად შეიძლება, „განლევადი სოციალური დახმარება“ მიუსადაგო. ახლა მოქმედებს შეწყვეტადი სოციალური დახმარება, რომლის მიხედვითაც, თუ გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება არ ხდება, ის მაშინვე წყდება.

განლევადი სოციალური დახმარება კი გულისხმობს იმას, რომ თუ გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება არ მოხდება, ის ნელ-ნელა შეწყდება. არსებული მოდელით, თუკი პირი მუშაობას დაიწყებს და შემოსავალი გაუჩნდება, დახმარება შეუწყდება, 2019 წლის პირველი იანვრიდან კი პირს ორივე სარგებელი ერთი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება: მონეტარული ანუ ფულადი სოციალური დახმარება იმ სახით, რა სახითაც არის და არამონეტარული, მაგალითად, ჯანდაცვის პაკეტი, რომლითაც სოციალურად დაუცველები ახლა სარგებლობენ. ერთი წლის შემდეგ შეწყდება ფულადი დახმარება, თუმცა კიდევ ერთი წლის განმავლობაში არამონეტარული დახმარება გაგრძელდება და პირს მიეცემა საშუალება, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებულებიდან გამოვიდეს და სოციალურად აქტიური გახდეს”, - აღნიშნა მან,

კითხვაზე, რატომ დადგა ახალი მოდელის 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედების საჭიროება, დავით სერგეენკომ უპასუხა, რომ ეს საკითხი აქამდეც იდგა, თუმცა მკაფიო ხედვა იყო ჩამოსაყალიბებელი.

„ამის საჭიროება ყოველთვის იდგა. ჩამოსაყალიბებელი იყო მკაფიო ხედვა, თუ ეს როგორ უნდა გაკეთდეს. ამის გაკეთება დავიწყეთ 2015 წლის მაისში, როდესაც სოციალური დახმარება ბავშვთა კეთილდღეობაზე აქცენტირებული გახდა. 2016 წლის მეორე ნახევარში მეორე ნაბიჯი გადაიდგა. კერძოდ, სავალდებულო გახდა, რომ სოციალური დახმარების მიმღებები დარეგისტრირებულიყვნენ სამუშაოს მაძიებელთა პროგრამა Worknet-ში. თუ ისინი ამას არ გააკეთებდნენ, სოციალური დახმარება უწყდებოდათ. ამის შემდეგ, დრო დასჭირდა გათვლებს, თუ ის როგორი განლევადობით უნდა გაკეთებულიყო. ამ გათვლებზე მივედით და მისი რეალიზაცია იანვარში დაიწყება“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ