ეკა გიგაური - ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ ზურაბიშვილის უფლებები

სრულიად გაუგებარია, თუ რა პასუხისმგებლობას გვაკისრებს სალომე ზურაბიშვილი ჩვენ და რატომ ცდილობს საზოგადოების თვალში ჩვენი რეპუტაციის შელახვას, რადგან მის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს არაერთხელ გამოვეხმაურე როგორც მე, ისე „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, - ასე გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.

როგორც გიგაურმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მუქარა ცალსახად მიუღებელია და მნიშვნელოვანია სამართალდამცავებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება და შექმნან პრეცედენტი ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით.

„მინდა გამოვეხმაურო სალომე ზურაბიშვილის განცხადებას მისი და მისი შვილების მიმართ განხორციელებული მუქარის შემცველი შეტყობინებების თაობაზე, რაც ცალსახად მიუღებელია. მნიშვნელოვანია, სამართალდამცავებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება და შექმნან პრეცედენტი. მართალია, საჯარო პირების კრიტიკა მისაღებია, მაგრამ მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ ისინი გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების სტანდარტს და მუქარები დაიწყეს, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და მათ ამისთვის პასუხი მოეთხოვებათ.

ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავეა ჩემთვის პირადად, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელისთვის და ქალისთვის, რომლისთვისაც მუქარის შემცველი გზავნილების მიღება უცხო არ არის - მე ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც სამართალდამცავებს კონკრეტული მუქარის გამოძიების თხოვნით მივმართე. გარდა ამისა, ჩემზე თავდასხმებს სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირებიც ახორციელებდნენ და ასეთ გარემოში მუშაობა ნამდვილად რთულია. სამწუხაროდ, ვერ ვიხსენებ ქალბატონ სალომეს რეაგირებას, როცა ხელისუფლებაში ვისაც არ დაეზარა, ყველამ შემოგვიტია და თან სრულიად უსაფუძვლოდ. მიუხედავად ამისა, ჩვენმა ორგანიზაციამ არაერთხელ განაცხადა მზადყოფნა, შეხვდეს ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს, მათ შორის ქალბატონ სალომეს. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ მას დეტალურად და დავიცვათ მისი უფლებები.

უნდა ითქვას, რომ აგრესიული რიტორიკა ერთადერთი პრობლემა არ არის, რაც თან სდევს წინასაარჩევნო გარემოს. პრობლემაა შეურაცხმყოფელი დეზინფორმაციის კამპანიებიც მიუხედავად იმისა, თუ ვისგან მომდინარეობს ის. ასევე, გვქონდა კამპანიისთვის ხელის შეშლის შემთხვევებიც.

აღნიშნულ პრობლემაზე ჩვენ ვსაუბრობდით „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ანგარიშშიც. თუმცა, როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ ანგარიშს სამწუხაროდ არ გაცნობია. ასევე მე პირადად გამოვეხმაურე სალომე ზურაბიშვილის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ოკუპაციის ხაზთან კამპანიის ფარგლებში სტუმრობის დროს. ამ ფონზე სრულიად გაუგებარია, თუ რა პასუხისმგებლობას გვაკისრებს ჩვენ და რატომ ცდილობს საზოგადოების თვალში ჩვენი რეპუტაციის შელახვას", - აცხადებს გიგაური.

როგორც ცნობილია, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო სექტორს მიმართავს.

ზურაბიშვილი სამოქალაქო სექტორისგან რეაგირებას ითხოვს ყველა იმ დარღვევაზე და უფლების დარღვევაზე, რაც მისი თქმით, მის მიმართ ხორციელდება.

„მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა ვალდებულებაც არის დაიცვან წინასაარჩევნოდ სიმშვიდე და წონასწორობა. გახსენებთ, რომ ჩემი პირველი მიმართვა დარჩა რეაგირების გარეშე იმ ორგანიზაციებისგან, რომლებიც უნდა იცავდნენ ადამიანის უფლებებს, გმობდნენ სიძულვილის ენას, გენდერულ დისკრიმინაციას და იცავდნენ პოლიტიკურ კორექტულობას. ამდენად, შესაძლო მოვლენების განვითარებაზე, ჩემი და ჩემი ოჯახის, ასევე ქვეყანაში შესაძლო დესტაბილიზაციის კუთხით, პასუხისმგებლობას ამ საქციელის ავტორებთან ერთად გაინაწილებენ, თუ სათანადო და მყისიერი რეაგირება არ მოჰყვა ამას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: სრულიად გაუგებარია, თუ რა პასუხისმგებლობას გვაკისრებს - არასამთავრობოების პასუხი სალომე ზურაბიშვილს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს