სახელფასო შემოსავლის ოდენობის 35%-იანი დანამატი შესაძლოა, მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სკოლებსა და ბაღებში დასაქმებულმა ყველა პირმა მიიღოს

სახელფასო შემოსავლის ოდენობის 35%-იანი დანამატი შესაძლოა, მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სკოლებსა და ბაღებში დასაქმებულმა ყველა პირმა მიიღოს.

“მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ მოქმედი კანონით, სოციალური შეღავათები მაღალმთიანი რეგიონების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგებზე ვრცელდება და ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალს არ მოიცავს.

პარლამენტს განსახილველად საკანონმდებლო ინიციატივა წარედგინა, რომლის მიხედვითაც, სოციალური შეღავათი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ ყველა პირზე გავრცელდება. ამასთანავე, იგივე შეღავათი გავრცელდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულ პირებზე.

კანონპროექტის თანახმად, სოციალური შეღავათით უკვე მოსარგებლე პირთა წრეს დაემატება შემდეგი კატეგორია: მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირები, რომლებთანაც გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განათლების განმახორციელებელ დაწესებულებებში დასაქმებული პირები, რომლებთანაც გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება.

“კანონპროექტი გავლენას მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რის შედეგადაც საჭირო გახდება წელიწადში დაახლოებით 5.000.000 ლარის გამოყოფა, ბენეფიციარებზე სოციალური შეღავათების გასაცემად. აქედან დაახლოებით 4,4 მილიონი ლარი უნდა გამოიყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო 600 ათასი ლარი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან. 4,4 მილიონი ლარი, რომელიც უნდა გამოიყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დააკმაყოფილებს მაღალმთიან დასახლებებში მდებარე საჯარო სკოლებში დასაქმებულ პირებს. აქედან 1300-მდე პირი დირექციის წარმომადგენელია, რომელთა საშუალო თვიური ხელფასი 400 ლარია, ხოლო 3500-მდე პირი ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის წარმომადგენელია, რომელთა საშუალო ხელფასი 150 ლარია. 600 ათასი ლარით, რომელიც მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს, დაფინანსდება ადრეულ და სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული დაახლოებით 800 ადამიანის, რომელთა საშუალო ხელფასი 200 ლარია, სახელფასო დანამატი“, - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

“მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიციატორები არიან: გია ჟორჟოლიანი, ბექა ნაცვლიშვილი, კობა ნარჩემაშვილი, გედევან ფოფხაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, მირიან წიკლაური, რუსლან პოღოსიანი, ირაკლი აბუსერიძე და ზაზა პაპუაშვილი.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა