თემურ აბაზოვისა და აზერ სულეიმანოვის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდების მოწმე, გამომძიებელი მერაბ მერაბიშვილი დაიკითხა

რუსთავის საქალაქო სასამართლოში, მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის, საქართველოს პარლამენტის წევრ აზერ სულეიმანოვის, ასევე, რამინ ალახვერდიევისა და ელიხან გულიევის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდების მოწმე, გამომძიებელი მერაბ მერაბიშვილი დაიკითხა.

მერაბ მერაბიშვილმა ბრალდებულებისა და სხვა პირების ტელეფონებიდან, ასევე სოციალური ქსელიდან გამოძიების მსვლელობისას ამოღებული და მის მიერ შესწავლილი შეტყობინებები და ვიდეოები მტკიცებულებების სახით წარადგინა. მანვე სასამართლოს დეტალურად გააცნო ის მიმოწერა, რომელიც თემურ აბაზოვს, რამინ ალახვერდიევს, ელიხან გულიევსა და სხვა პირებს შორის დანაშაულის ჩადენის ღამისა და დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ასევე წარადგინა, ის ვიდეომასალა, რომელიც დაზარალებულის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ასახავდა და მისი განცხადებით, ბრალდებულების მიერ სოციალურ ქსელის მეშვეობით გავრცელდა, ასევე, გაზიარდა ,,ვოთსაფის“ ჯგუფში.

მერაბ მერაბიშვილის განცხადებით, თემურ აბაზოვმა რამინ ალახვერდიევს 10 ივნისს 11:36 საათზე მიწერა, რომ გავრცელებული ვიდეო, სოციალური ქსელიდან წაეშალათ. ,,11:36 საათზე თემურ აბაზოვი წერს რამინ ალახვერდიევს: - ჩვენებს უთხარი, ვიდეო აიღონ ინტერნეტიდან... რამინ ალახვერდიევი: - ვეტყვი ვისაც აქვს, წაშალოს. რატომ, რას ამბობენ, არ უნდა გვექნა?! თემურ აბაზოვი: - აბა რას იტყვიან“, - განაცხადა ბრალდების მოწმე მერაბ მერაბიშვილმა მტკიცებულებების წარდგენისას.

თემურ აბაზოვის, ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ბრალდებას, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ აქვს, გარდა ერთი მოწმის, თავად დაზარალებულის ჩვენებისა. „დღევანდელ პროცესზე მოხდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა, თუმცა დღემდე გამოკვლეული მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება, რომ მხოლოდ ერთადერთი ე.წ. დაზარალებული პირის ჩვენებით არის თემურ აბაზოვი პასუხისგებაში მიცემული და ბრალი წარდგენილი აქვს მხოლოდ ამ ერთადერთი ე.წ. დაზარალებული პირის ჩვენებებით. დადგენილი ფაქტია, ასევე, თემურ აბაზოვის მიმართ ე.წ. დაზარალებულს, სუბიექტური დამოკიდებულება გააჩნდა, შესაბამისად, ამ ყველაფრის და ბრალდების მტკიცებულების გამოკვლევის შემდეგ, დაცვას ექნება შესაძლებლობა, სასამართლოს წარუდგინოს ჩვენი მტკიცებულებები. საბოლოოდ მე მაქვს იმედი, რომ სასამართლო ობიექტურად და სამართლიანად შეაფასებს თემურ აბაზოვის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს და გამოიტანს ერთადერთ - გამამართლებელ განაჩენს“, - განაცხადა თემურ აბაზოვის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა.

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი პროკურატურამ 13 ივნისს დააკავა. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით 157-ე მუხლის პირველი პრიმას პირველი და მეორე ნაწილით აქვს წაყენებული, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას; პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გადაღება-გავრცელების ორგანიზებას გულისხმობს. ალახვერდიევის, სულეიმანოვისა და გულიევის მიმართ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) მიმდინარეობს. ე. გულიევსა და რ. ალახვერდიევს 157-ე მუხლის პირველი პრიმას პირველი და მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული. მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი, პარლამენტარი აზერ სულეიმანოვი, რამინ ალახვერდიევი და ელიხან გულიევი წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე