ვახტანგ ძაბირაძე - “ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თავისი რიგები პოლიტიკოსებისაგან გაეწმინდა, არადა პოლიტიკოსებისაგან დაცლილი პოლიტიკა არ არსებობს

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, რადგან საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მეორე ტურის თარიღი ცნობილია და რადგან კარგა ხანია ქართული პოლიტიკის ყველაზე აქტუალური თემა სწორედ საპრეზიდენტო არჩევნებია, რაც ახლა აშკარად ყველაზე აქტიურად განხილვადი თემაა, თქვენ როგორ შეაფასებდით საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ქვეყანაში ჩამოყალიბებულ რეალობას და თქვენი დაკვირვებით როგორი თავისებურებებით ხასიათდება იგი?

- გულწრფელად გეტყვით - არჩევნების პირველი ტური ჩემთვის საკმაოდ მოულოდნელი შედეგით დასრულდა. რა თქმა უნდა, მოულოდნელობაში არ ვგულისხმობ იმას, რომ მეორე ტურის გამართვა გახდა აუცილებელი. ვინც თვალს ადევნებდა პროცესებს, დარწმუნებული იყო, რომ მეორე ტური იქნებოდა. მოულოდნელი არც ერთპროცენტიანი სხვაობა ყოფილა, რაც დაფიქსირდა სახელისუფლებო და ოპოზიციურ კანდიდატებს შორის, მოულოდნელი იყო ხმების რაოდენობა, რომელიც მეორე ტურში გასულმა კანდიდატებმა მიიღეს.

თუ ჯამურად შევხედავთ ვაშაძე-ბაქრაძის მიერ მიღებულ ხმებს, ვნახავთ, რომ მათი საერთო ოდენობა 770 ათასს აღემატება. 2012 წელს „ნაცმოძრაობამ“ მიიღო 860 ათასი ხმა. არჩევნებიდან 6 წლის შემდეგ კი 770 ათასი ხმა. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტია

ოპოზიციურმა კანდიდატმა დაახლოებით იმდენივე ხმა მიიღო, რამდენიც სახელისუფლებო კანდიდატმა. თუ ჯამურად შევხედავთ ვაშაძე-ბაქრაძის მიერ მიღებულ ხმებს, ვნახავთ, რომ მათი საერთო ოდენობა 770 ათასს აღემატება. 2012 წელს „ნაცმოძრაობამ“ მიიღო 860 ათასი ხმა. არჩევნებიდან 6 წლის შემდეგ კი 770 ათასი ხმა. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტია. მაშინ ამომრჩევლის აქტიურობა საკმაოდ მაღალი იყო და 2 მილიონ 600 ათასი შეადგინა. წელს კი იყო 1 მილიონ 600 ათასი. აღსანიშნავია ისიც, რომ მაშინ „ნაცმოძრაობა" ფლობდა სახელისუფლებო რესურსს და მაშინ რეპრესიული სისტემა არსებობდა.

დასკვნა ასეთია - „ნაცმოძრაობამ“ ფაქტობრივად დაიბრუნა თავისი ამომრჩეველი. ის ამომრჩეველი, რომელიც მას 2012 წელს ჰყავდა. ეს მათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობის პირობებში მიიღეს. ამაში წვლილი არ აქვს მიღებული არც ადმინისტრაციულ რესურს და არც რეპრესიულ აპარატს.

საუბარი იმაზე, რომ ცალკე აღებულმა ვაშაძემ, ბაქრაძემ, ან ზურაბიშვილმა მიიღეს ხმები, არ იქნება რელევანტური. 28 ოქტომბერს საარჩევნო უბნებთან მისულთა უმრავლესობა არჩევანს ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის აკეთებდა

„ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელთან შედარებით დაკარგა დაახლოებით 500 ათასი ხმა. მეორე ტურში „ოცნებას“ რესურსები ნამდვილად აქვს, მაგრამ ჩემი აზრით, პირველი ტურის შედეგებით ახალი რეალობაა ჩამოყალიბებული, მაგრამ ამჯერად როლებია შეცვლილი, ხელისუფლებაში „ოცნებაა“, ხოლო ოპოზიციაში „ნაცმოძრაობა“.

ახლა „ოცნების“ ხელშია ადმინისტრაციული რესურსი და სახელმწიფო აპარატის რესურსი. საუბარი იმაზე, რომ ცალკე აღებულმა ვაშაძემ, ბაქრაძემ, ან ზურაბიშვილმა მიიღეს ხმები, არ იქნება რელევანტური. 28 ოქტომბერს საარჩევნო უბნებთან მისულთა უმრავლესობა არჩევანს ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის აკეთებდა.

- თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ რა აღმოჩდა მიზეზი იმისა, რომ 2012 წლის მსგავსად ახლაც საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ისევ ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის მოუწიათ და 28 ნოემბერსაც მოუწევთ?

- სამწუხაროდ, 2012 წლიდან მოყოლებული, „ოცნებამ“ და „ნაცმოძრაობამ“ დრო ერთმანეთთან დაპირისპირებაში გაატარეს. მნიშვნელოვნად მიმაჩნია იმაზე ყურადღების გამახვილება, რომ სხვადასხვა დონის არჩევნები ჩატარდა 2013-ში, 2014-ში, 2016-ში და ახლა 2018 წლის 28 ოქტომბერს. არჩევნებს შორის დრო ცოტა იყო, მაგრამ ამ პერიოდში მხარეები ძირითადად ერთმანეთთან დაპირისპირებით იყვნენ დაკავებული.

არ გაჩენილა შუალედი, რომლის დროსაც მოდუნებულ ამომრჩეველს ექნებოდა იმაზე ფიქრის საშუალება, რომ ამ ორი პოლიტიკური ძალის გარდა კიდევ არიან ქვეყანაში სხვა პოლიტიკური ძალები, რომლებსაც შეეძლოთ მესამე პოლიტიკური ძალის როლის შესრულება.

როგორც ჩანს, ჩვენი საზოგადოება არ არის მიჩვეული მესამე ფერის დანახვას. პოლიტელიტა ფიქრობს, რომ მესამე ძალის გამოჩენა კარგი იქნება, მაგრამ ფაქტია მოსახლეობა ამისთვის მზად არ არის.

„ოცნებამ“, 2012 წლიდან მოყოლებული, „ნაცმოძრაობისაგან“ მტრის ხატის შექმნითა და შიშით წარმართა პოლიტიკური პროცესი, ამგვარმა ვითარებამ ქართულ პოლიტიკაში ორი პოლუსი ჩამოაყალიბა, რომლის აქტორები „ოცნება“ და „ნაციონალები“ არიან

აქ მთავარი ისაა, რომ „ოცნებამ“, 2012 წლიდან მოყოლებული, „ნაცმოძრაობისაგან“ მტრის ხატის შექმნითა და შიშით წარმართა პოლიტიკური პროცესი, მათ შორის ყველა ის არჩევნები, რაც საქართველოში 2012 წლის შემდეგ ჩატარდა და მათ ყველა ეს არჩევნები მოიგეს. ამგვარმა ვითარებამ ქართულ პოლიტიკაში ორი პოლუსი ჩამოაყალიბა, რომლის აქტორები „ოცნება“ და „ნაციონალები“ არიან.

- საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდე ფსიქოლოგმა ნოდარ სარჯველაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს 2012 წლის მსგავსად ახლაც მოსახლეობას არჩევანის გაკეთება ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის მოუწევს.

პირველ ტურამდე რომ ვითარება ამგვარი იყო, ამის დანახვა ძნელი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს როგორც ჩანს, „ოცნებას“ დარჩა შეუმჩნეველი? ამგვარად კითხვის აუცილებლობა იმის გამო ჩნდება, რომ „ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნების მოგებას პირველივე ტურში უპრობლემოდ გეგმავდა...

- ხელისუფლებამ ეს არა თუ დაინახა, ხელი შეუწყო იმას, რომ არჩევანი სწორედ ამ ორ ძალს შორის გაკეთბულიყო. ხელისუფლება დარწმუნებული იყო იმაში, რომ მოსახლეობაში კიდევ ერთხელ იმუშავებდა სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების შიში. მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას - ხელისუფლება არ ელოდა, რომ პირველი ტურის შედეგები მისთვის, რბილად რომ ვთქვათ, ასეთი არასასიამოვნო იქნებოდა.

- ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამის მიზეზი შეიძლება იყოს ისიც, რომ ივანიშვილმა „შუა გაკრიფა“ ისე, რომ ქართულ პოლიტიკურ ველზე აღარაფერი ხარობს „ყინვაგამძლე“ „ნაციონალების“ გარდა?

- ამას მთლად ვერც ივანიშვილს და ვერც „ნაცმოძრაობას“ ვერ დავაბრალებთ. როგორც ჩანს, თავად საზოგადოება არ იყო მზად იმისთვის, რომ ეფიქრა. გარდა ამისა, საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი იმდენად დაშინებული იყო და ახლაცაა „ნაცმოძრაობით“, რომ არც უშვებს იმას, რომ სხვა ძალის მხარდაჭერაზე იფიქროს.

თუ არჩევნების შემდეგ მესამე ძალა არ გამოჩნდა, ამ არჩევნების შემდეგაც "ოცნებისა“ და „ნაციონალების“ ამარა დარჩება ქართული პოლიტიკა. ასე იქნება მანამ, სანამ ვიღაც ქარიზმატული ლიდერი არ გამოჩნდება

ახლა ამაზე ბევრი საუბრობს. მე კი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხშირად ვამახვილებდი ამაზე ყურადღებას. ვგულისხმობ მესამე პოლიტიკური ძალის გაჩენის აუცილებლობას. თუ პოლიტელიტა მედიასთან ერთად ამ თემაზე აქტიურად დაიწყებს მსჯელობას. ეს ნამდვილად წაადგება პოლიტიკურ პროცესს.

არჩევნების შემდეგ ეს მეტად აქტუალური და მნიშვნელოვანი თემა დავიწყებას არ უნდა მიეცეს. თუ არჩევნების შემდეგ მესამე ძალა არ გამოჩნდა, ამ არჩევნების შემდეგაც ოცნებისა“ და „ნაციონალების“ ამარა დარჩება ქართული პოლიტიკა. ასე იქნება მანამ, სანამ ვიღაც ქარიზმატული ლიდერი არ გამოჩნდება.

- ვხედავთ, რომ “ნაციონალების“ წინააღმდეგ „ოცნების“ ყველაზე თვალშისაცემი არგუმენტია ხალხის სააკაშვილის ჩამოსვლით შეშინება. პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ამგვარი პერსპექტივით ხალხი აღარ შინდება.

ასევე ვხედავთ, რომ „ოცნებას“ თავის ტაქტიკაში კორექტივები არ შეუტანია, ლოზუნგი „არა მიშას“! ხელისუფლების მთავარი სლოგანია. და ეს მაშინ, როცა პირველი ტურის შემდეგ პრემიერმა ბახტაძემ განაცხადა, რომ „ხალხისგან მესიჯი მიღებულია“.

დამკვირვებელთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ამომრჩეველს პოზიტიურ დღის წესრიგს არ თუ ვერ სთავაზობს. თქვენ როგორ შეაფასებთ პირველი ტურის შემდეგ ხელისუფლებისა და „ოცნების“ როგორც მმართველი ძალის მოქმედებას?

- პირველმა ტურმა კი აჩვენა, რომ ხალხს საკაშვილის დაბრუნება არ აშინებს, მაგრამ ჩემი აზრით, ახლა ვითარება მთლად ასეც არაა. 500 ათასი ამომრჩევლის დიდ ნაწილს, რომელსაც 2012 წელს მიშასი ეშინოდა, სავარაუდოდ, 28 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაც არ მიუღია. როგორც ჩანს, მათი უმრავლესობა თვლიდა, რომ „ოცნება“ გაიმარჯვებდა. თქვენს კითხვაზე პასუხს მეორე ტური გასცემს.

პირველი ტურის შემდეგ ხელისუფლებამ თავისი რესურსის მობილიზება დაიწყო. რამდენად შეძლებს იგი ამ რესურსის ამოქმედებას, მეორე ტური აჩვენებს

რაც შეეხება ხელისუფლების მოქმედებას. პირველი ტურის შემდეგ ხელისუფლებამ თავისი რესურსის მობილიზება დაიწყო. რამდენად შეძლებს იგი ამ რესურსის ამოქმედებას, მეორე ტური აჩვენებს.

- იყო მოლოდინი, რომ ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს გადადგამდა ყოფილ მთავარ პროკურორ ფარცხალაძის, ასევე პროკურორ სუბელიანთან მიმართებაში, რომელსაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი საქმის გაუხსნელობა ედება ბრალად.

ამ თემაზე ხათუნა ლაგაზიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „როგორც ჩანს, ხელისუფლებას სუბელიანის და ფარცხალაძის განდგომისა და პირის დაღების უფრო ეშინია, ვიდრე მათ გამო ამომრჩევლის განაწყენების“. თქვენი დაკვირვებით, რატომ არ დგამს ამ საკითხებზე ხელისუფლება ხელშესახებ ნაბიჯებს? ძნელი დასაჯერებელია ხელისუფლებას არ ესმოდეს, რომ ამ თემებზე საზოგადოება მისგან ხელშესახები ნაბიჯების გადადგმას ელოდება...

- ხელისუფლებას ძალიან ცოტა დრო აქვს იმისთვის, რომ მოახდინოს თავისი პოტენციური ამომრჩევლის მობილიზება. ხელისუფლებამ ისე უნდა იმოქმედოს, რომ მის მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა ოპოზიციურ მხარეს არ ათქმევინოს, სლენგისთვის ბოდიშს ვიხდი - ჩვენ რომ მივაწექით და ხელისუფლება კედელთან მივაყენეთ, იგი იძულებული იყო გადაედგა ეს ნაბიჯები.

ხელისუფლებას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ის 770 ათასი, ვინც ხმა „ნაციონალებსა“ და „ევროპულ დემოკრატებს“ მისცა, საქართველოს მოქალაქეები არიან და თუ ზურაბიშვილი გახდა პრეზიდენტი, პოლიტიკური პროცესი ამით არ დასრულდება

შესაძლოა, ეს იყოს იმის მიზეზი, რომ ახლა არ ხდება სუბელიანისა და ფარცხალაძის საქმეებთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. აქ პრობლემა იმაშია, რომ არჩევნების შემდეგ ეს თემები აქტუალობას არ დაკარგავს, ვინაიდან სუბელიანისა და ფარცხალაძის თემები საზოგადოებისთვის არც ამოწურული და არც დახურული არ იქნება.

ხელისუფლებას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ის 770 ათასი, ვინც ხმა „ნაციონალებსა“ და „ევროპულ დემოკრატებს“ მისცა, საქართველოს მოქალაქეები არიან. თან აქტიური მოქალაქეები არიან. ხელისუფლებას ასევე უნდა ახსოვდეს, რომ თუ მას ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება უნდა, იმ შემთხვევაშიც კი თუ ზურაბიშვილი გახდა პრეზიდენტი, პოლიტიკური პროცესი ამით არ დასრულდება.

- ხელისუფლება ამტკიცებს, რომ „ნაციონალებისა“ და სააკაშვილის წინააღმდეგ გაერთიანებულია მთელი საქართველო. ლოზუნგმა „არა მიშას!“, გააერთიანა „ოცნების“ „ძველი გვარდია“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ქართული მარში“, იგორ გიორგაძე და ისეთი პოლიტიკური ფიგურები და პარტიები, რომლებისთვისაც საქართველოს ევროპული და ატლანტიკური საგარეო პოლიტიკა ყოველთვის მიუღებელი იყო.

არადა, „ოცნების“ მტკიცებით მათი საპრეზიდენტო კანდიდატი სწორედ ქვეყნის არჩეული საგარეო პოლიტიკური კურსის გამტარებელი იქნება.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ რას შეიძლება ნიშნავდეს ზურაბიშვილის მხარდამჭერების პოლიტიკური გემოვნებების აშკარა სიჭრელე?

- დავიწყებ იმით, რომ “ოცნების“ გარდა „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნება ყველა იმ ძალისთვის იქნება პრობლემატური, ვინც ახლა ზურაბიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა. რეპრესიების მოლოდინმა და ამ შიშმა გააერთიანა ახლა ისინი „ოცნებასთან“.

შესაძლოა, საზოგადოების დაბალ ფენებში „ნაციონალების“ შიში არ იყო, მაგრამ პოლიტიკურ ელიტებში, პოლიტიკურად აქტიურ წრეებში, ბიზნესწრეებში რომ შიში დიდი იყო, გვახსოვს. გარდა ამისა, ხელისუფლებას გაუჭირდა და თავის „ძველ გვარდიას“ უხმო.

„ოცნება“ საკმაოდ მწირი პოლიტიკური რესურსით იბრძვის გამოცდილი, პოლიტიკური ბრძოლის ნიუანსებში გარკვეული „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ. ეს ეტყობა როგორც სარჩევნო პროცესს, ისე 2016 წლის შემდეგ საპარლამენტო სხდომებს

ე.წ. „ძველი გვარდიის“ "გენერალიტეტი", რომელმაც 2012 წელს სხვებთან ერთად არჩევნებით არა მარტო დაამარცხა რეპრესიული სისტემა, არამედ უზრუნველყო არჩევნების მხარდაჭერა საერთაშორისო ასპარეზზე, დღეს „ოცნებაში“ აღარ არიან.

არც ის შტაბი არსებობს, რომელიც 2012 წელს იყო. დღეს „ოცნება“ საკმაოდ მწირი პოლიტიკური რესურსით იბრძვის გამოცდილი, პოლიტიკური ბრძოლის ნიუანსებში გარკვეული „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ. ეს ეტყობა როგორც სარჩევნო პროცესს, ისე 2016 წლის შემდეგ საპარლამენტო სხდომებს.

- დამკვირვებელთა ნაწილის აზრით, „ნაციონალები“ ცდილობენ გაერთიანებული ოპოზიციის სახით გამოვიდნენ ასპარეზზე. სხვა საქმეა ეს როგორ გამოსდით, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო კამპანიისას „ოცნებაზე“ გაცილებით მოქნილები არიან გამოწვევებზე რეაგირების თვალსაზრისით. როგორ შეაფასებდით არჩევნების პირველ ტურამდე და მეორე ტურის წინ “ნაციონალების“ მოქმედებასა და საარჩევნო კამპანიას?

- გულწრფელად გეტყვით - მე არასდროს მოვიხსენიებ ვაშაძეს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატად, და არც ზურაბიშვილს მოვიხსენიებ „დამოუკიდებელ“ კანდიდატად.

ასევე გულწრფელად გეტყვით - მე მაღიზიანებს როგორც ერთი, ისე მეორე. საქმე იმაში კი არაა, ვინ რას დაირქმევს.

პრინციპში ორივე პოლიტიკური ძალა შეურაცხყოფას გვაყენებს ყველას იმით, რომ უნდათ დაგვაჯერონ თითქოს ზურაბიშვილი „დამოუკიდებელი“ კანდიდატია, ხოლო ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი. არადა, ამ გაერთიანებულ ოპოზიციაში მყოფი ადამიანები სულ რაღაც 2 წლის წინ „ნაცმოძრაობაში“ იყვნენ.

თუ ოპონენტებს დავუჯერებთ, ორივე კანდიდატი რუსეთის პროექტია, აქედან გამომდინარე გამოდის, რომ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, მოგებული რუსეთი იქნება

რაც შეეხება მათ მოქნილობას. „ნაციონალების“ ლიდერების უმრავლესობა 20 წელზე მეტია არა მარტო არიან აქტიურ პოლიტიკაში, არამედ აქვთ ხელისუფლებაში საქმიანობის დიდი გამოცდილება. მათ აქვთ პოლიტიკური ბრძოლის, ოპონირების საკმაოდ დიდი გამოცდილება. უარს არ ამბობენ პოლიტიკური ბრძოლის არანაირ მეთოდებზე.

მათ შეუძლიათ საზოგადოების მობილიზება. ამაშიც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ. რაც მთავარია, მე მომწონს თუ არა, ამ საქმეს აკეთებენ კარგად და არიან პოლიტიკოსები.

“ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თავისი რიგები პოლიტიკოსებისაგან გაეწმინდა, არადა პოლიტიკოსებისაგან დაცლილი პოლიტიკა არ არსებობს. შესაძლოა, ხვალ ან ზეგ „ოცნების“ საპარლამენტო გუნდი ჩამოყალიბდეს ძალიან კარგ მებრძოლ გუნდად, მაგრამ დღეს რომ ასე არაა, ფაქტია.

ეს რომ ასეა საკმარისია დავაკვირდეთ პარლამენტის სხდომებს, ნებისმიერი პრობლემური საკითხი, რომელიც პარლამენტში განიხილება, კარგად გვანახებს თუ რას წარმოადგენს ერთი გუნდი და რას მეორე.

გასაგებია, რომ ოპოზიცია უფრო თავისუფალია თავის ქმედებებში, ვიდრე ხელისუფლება. ამას კი ოპოზიცია ძალიან კარგად იყენებს. ამიტომაცაა, რომ ისინი საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას უფრო მოქნილები ჩანან.

- ვხედავთ, რომ ოპონენტები ნაკლებად მსჯელობენ ქვეყნის წინაშე დაგროვილი პრობლემების გადაჭრის გზებზე და უპირატესად დრო და ენერგია იხარჯება იმის მტკიცებაზე, თუ რომელი კანდიდატი უფრო მეტადაა კრემლის ფავორიტი.

პრეზიდენტობის კანდიდატები ნაკლებად საუბრობენ ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე და იმაზე, სავარაუდოდ როგორი პოლიტიკის გატარებას აპირებენ ისინი რუსეთთან მიმართებაში. თქვენი აზრით, ამ საკითხებზე რატომ არ ამახვილებენ პრეზიდენტობის კანდიდატები ყურადღებას?

- პირველ ტურამდე პრეზიდენტობის კანდიდატები ამ საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე საუბრობდნენ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მედია მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და ნამდვილად კარგად შეძლო პრეზიდენტობის კანდიდატების სოციალური პროგრამების სერიოზულად გაკრიტიკება. ანუ იმაზე საუბარი, რომ სოციალური საკითხები პრეზიდენტის პრეროგატივა არაა და შესაბამისად პრეზიდენტი მათ ვერ მოაგვარებდა.

რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, ვერც ერთ ვარიანტში ვერ ვიღებთ ისეთ პრეზიდენტს, რომელიც პოლიტიკური ძალების გამაერთიანებელი იქნება ანუ ისეთი, როგორიც პრეზიდენტი უნდა იყოს. სამწუხაროდ, ასეთი რეალობა გვაქვს

შეიძლება ითქვას, რომ მედიამ პრეზიდენტობის კანდიდატები კედელთან მიაყენა. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ მათ შეცვალეს რიტორიკა. ახლა დარჩა მხოლოდ ერთი თემა - რუსეთთან ურთიერთობები და საგარეო პოლიტიკა. ამ თემების აქტუალიზაციამ მთლიანად ნეგატიური გახადა მთელი საარჩევნო პროცესი.

შედეგად აბსურდული ვითარება მივიღეთ. თუ ოპონენტებს დავუჯერებთ, ორივე კანდიდატი რუსეთის პროექტია, აქედან გამომდინარე გამოდის, რომ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, მოგებული რუსეთი იქნება.

ახლა რაც შეეხება იმას, რატომ არ საუბრობენ კანდიდატები მნიშვნელოვან თემებზე. ვითარებაში, როცა პრეზიდენტის უფლებამოსილებები მნიშვნელოვნად შეზღუდულია, ისინი ამ თემებზე ბევრს ვერც ისაუბრებენ. ფაქტობრივად, საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტი დამოუკიდებლად ვერ იმოქმედებს. მას ყველა თავისი ნაბიჯი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით აღმასრულებელ ხელისუფლებასთან აქვს შესათანხმებელი.

ხელისუფლებისთვის პრობლემა „ნაცმოძრაობის“ ლიდერების ციხიდან გამოსვლა კი არაა, არამედ მათ მხარდამჭერთა რაოდენობაა. ვიმეორებ, 770 ათასი მათი მხარდამჭერი საქართველოს მოქალაქეები არიან

გარდა ამისა, მთელი პოლიტიკური სპექტრი საპრეზიდენტო არჩევნებს განიხილავს როგორც სტრატეგიულ სიმაღლეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ამიტომ, კანდიდატები დღეს მუშაობენ ხვალინდელ დღეზე. ამიტომ მეორე პლანზეა გადასული მომავალი პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში მსჯელობა და დისკუსიები.

ხელისუფლების კანდიდატი აცხადებს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანა სტაბილური იქნება, ხოლო მისი ოპონენტი აცხადებს, რომ თუ ის გახდება პრეზიდენტი, 50 თუ 10 ათას ადამიანს ქუჩაში გამოიყვანს.

რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, ვერც ერთ ვარიანტში ვერ ვიღებთ ისეთ პრეზიდენტს, რომელიც პოლიტიკური ძალების გამაერთიანებელი იქნება ანუ ისეთი, როგორიც პრეზიდენტი უნდა იყოს. სამწუხაროდ, ასეთი რეალობა გვაქვს.

- ბატონმა ალექსანდრე თვალჭრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა -„პოლიტიკური დაპირისპირება არც ერთ შემთხვევაში სამოქალაქო დაპირისპირებაში არ გადაიზრდება - პოლიტიკურ ძალებს „მოიერიშეები“ დააკლდებათ“.

ძალიან კი მინდა გავიზიარო ბატონ ალექსანდრეს ოპტიმიზმი, მაგრამ ვხედავთ, რომ მეორე ტურამდე დარჩენილ დროში ოპონენტები სწორედ „მოიერიშეთა“ გუნდების მომზადებით არიან დაკავებული. თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მეორე ტურის შემდეგ პროცესები რევოლუციური სცენარით განვითარდეს?

- დასაზუსტებელია რას გულისხმობ ბატონი ალექსანდრე რევოლუციაში და რას გულისხმობს ხელისუფლება სტაბილურობაში. 30 წელია ხელისუფლებისგან გვესმის, რომ ოპოზიცია დესტაბილისათვისთვის ემზადება. თუ საუბარია იმაზე, რომ არჩევნების შემდეგ პროცესები ქუჩაში გადავა, სწორია. პროცესები ქუჩაში ნამდვილად გადავა მიუხედავად იმისა, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს და ვინ გახდება პრეზიდენტი.

ხელისუფლებისთვის პრობლემა „ნაცმოძრაობის“ ლიდერების ციხიდან გამოსვლა კი არა, არამედ მათი მხარდამჭერთა რაოდენობაა. ვიმეორებ, 770 ათასი მათი მხარდამჭერები საქართველოს მოქალაქეები არიან.

პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და არა ვინმე სხვას

როდესაც ყოფილი სამხედროები სამხედრო ფორმაში ერთვებიან საარჩევნო კამპანიაში ერთ-ერთი კანდიდატის სასარგებლოდ, მარტივად იკითხება შემდეგი - „ნაცმოძრაობას“ სურს დაარწმუნოს მოსახლეობა, რომ სამხედროების ნაწილი მხარს მათ უჭერს.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი საზოგადოებას რაღაც გარკვეული ტიპის დესტაბილიზაციისთვის ამზადებენ. ეს კი ნამდვილად შეიძლება აღმოჩდეს პრობლემა.

ხელისუფლებას ყოველთვის გააჩნდა და დღესაც გააჩნია ბერკეტი იმისათვის, რომ ქუჩაში გადასული პოლიტიკური პროცესი სამოქალაქო დაპირისპირებისკენ არ წაიყვანოს.

- ბატონო ვახტანგ, რადგან ალბათ არჩევნებამდე ვეღარ შეგეხმიანებით, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ როგორი იქნება თქვენი პროგნოზი 28 ნოემბრის არჩევნებთან დაკავშირებით?

- ძალიან მიჭირს პროგნოზის გაკეთება. იმისათვის, რომ ხელისუფლების კანდიდატმა გაიმარჯვოს, მას ხელისუფლების პოტენციური 500 ათასი მხარდამჭერიდან სჭირდება არჩევნების დღეს დაახლოებით 250-300 ათასი მხარდამჭერის არჩევნებზე მიყვანა. თუ იგი ამას შეძლებს, ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატი გაიმარჯვებს.

ქვეყნისთვის ხელისუფლების არჩევნებში დამარცხება უკეთესია, ვიდრე არჩევნების გაყალბება. შესაძლოა, არჩევნების გაყალბებამ უმართავი პროცესები გამოიწვიოს. ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ მას საქმე აქვს „ნაცმოძრაობის“ იმ ჯგუფთან, რომელმაც ასეთი ტექნოლოგია ერთხელ გამოიყენა.

დიახ, „ნაციონალებს“ აქვთ გამოცდილება სათავისოდ გამოიყენენ არჩევნების გაყალბება, მაგრამ ყველა ხელისუფალს გააჩნდა ბერკეტები, პროცესები რევოლუციური სცენარით არ განვითარებულიყო. პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და არა ვინმე სხვას.

„ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო