ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2018

მამუკა არეშიძე - “ვერც მეორე ტურის წინ მოახერხა “ქართულმა ოცნებამ" საბოტაჟის აღმოფხვრა”

ყველაზე ნეგატიური საარჩევნო კამპანია საქართველოს ისტორიაში

თინა ხიდაშელი - “მთავარი ამბები არჩევნების შემდეგ დაიწყება”

* * *

მამუკა არეშიძე - “ვერც მეორე ტურის წინ მოახერხა “ქართულმა ოცნებამ" საბოტაჟის აღმოფხვრა ”

“ისეთი სიბინძურე ტრიალებს, მით უმეტეს, სატელევიზიო და ელექტრონულ სივრცეში, სრულიად გასაგებია ამომრჩევლის დაბნეულობა. ამ ტიპის კამპანიის ტონის მიმცემი “ნაციონალური მოძრაობა” და მისი პარტიული ორგანო “რუსთავი 2” არიან. ამას აჰყვნენ გარკვეული ეტაპიდან “ქართული ოცნებაც” და ასევე მედია, რომელიც მის ინტერესებს წარმოადგენს ან “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგია, რაც, ჩემი აზრით, ძალიან არასწორია. სამწუხარო ტრენდად იქცა ერთმანეთის ჯიბრით უარესი და უარესი სიბინძურის ფრქვევა, რითაც ურთულეს ვითარებაში შეჰყავთ ქვეყანა, საზოგადოება, რომელსაც პოლარიზებისა და რადიკალიზმისკენ პირდაპირ უბიძგებენ. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ეს ყველაფერი დაიწყო "ნაციონალურმა მოძრაობამ”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა გეგმები აქვს ივანიშვილს არჩევნების შემდეგ?! / “არჩევნების შემდეგ ძალიან სერიოზული ცვლილებები იგეგმება, მაგრამ, ალბათ, ივანიშვილს შეხვდება დიდი წინააღმდეგობებიც” .

“ამ პარტიის საარჩევნო მეთოდოლოგია რადიკალიზმი აქამდეც იყო, მაგრამ ახლა განსაკუთრებული მასშტაბი მისცეს ამ ყველაფერს. ამ მეთოდოლოგიის არსი აგრესიულობაა. აგრესიულ საარჩევნო კამპანიაში, რომელიც მიღებული ფორმაა დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც, ცუდი განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ უნდა არსებობდეს წითელი ხაზები... “ნაციონალური მოძრაობის” ახალი მეთოდია, იქით შედავების პრინციპით მოქმედება, - რასაც თვითონ აკეთებდნენ, ახლა სხვას უკიჟინებენ და აბრალებენ. რუსული თემა ავიღოთ. ამ საკითხის ასეთი პედალირება უკვე სასაცილო ხდება. საქართველო პატარაა და არაფერი იმალება, პოლიტტექნოლოგიად რუსული თემის ასეთი აქტუალიზება “ნაცმოძრაობის” ჩამოყვანილი რუსი პიარსპეციალისტების დამსახურებაა. ეს მათი იდეა იყო, რადგან კარგად იცოდნენ ვაშაძის ბიოგრაფია და ის, რომ მასში ზოგიერთი ეპიზოდი საორჭოფო გახდებოდა. ამიტომაც გადაწყვიტეს, იქით დაედოთ ბრალი სალომე ზურაბიშვილისთვის და რუსეთთან თანამშრომლობაში დაედანაშაულებინათ. სხვათა შორის, ამან ეფექტიანად იმუშავა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“ამომრჩევლის ერთი ნაწილი სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგოდ ნამდვილად განაწყვეს - ვინც პირველ ტურში არ მონაწილეობდა, ძალიან ბევრი გადაწყვეტილებას იმიტომ ვერ იღებს, რომ “ნაციონალებისთვის” მხარდაჭერა არ უნდა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილიც არ მოსწონს. პირველ ტურამდე, სანამ “ნაციონალური მოძრაობა” თავის საარჩევნო კამპანიას აწარმოებდა, ხელისუფლება და “ქართული ოცნება” გაოგნებული უყურებდნენ. პრაქტიკულად, კონტრღონისძიებების ჩატარებისთვის თავი არ მოუკლავთ, შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ახლა “ოცნებაში” აშკარად მეტად მობილიზებული გახდნენ, რაღაც ლოგიკაზე ააგეს თავიანთი მოქმედება, თითქოს მეთოდოლოგიაც შეიმუშავეს, მაგრამ მაინც ამ მეთოდოლოგიის ნაწილი თავის მართლების პრინციპზეა დაფუძნებული, რაც ცუდია. წინასწარ უნდა გაეთვალათ, რა სავარაუდო ნაბიჯები შეიძლება გადაედგა “ნაციონალურ მოძრაობას”. ხელისუფლების ნებისმიერ სისუსტეს რომ გამოიყენებდა `ნაციონალური მოძრაობა~, ამის გაანალიზებას რა უნდოდა?!” - განაგრძობს რესპონდენტი.

“საოცარია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო მეთოდოლოგიაში გაჩნდა კიდევ ერთი თემა - როდესაც მათი ხელისუფლებისას ჩადენილ დანაშაულებზეა ლაპარაკი, საკითხს ასე აყენებენ: თუ დამნაშავეები ვიყავით, რატომ არ გაგვასამართლეთო?! ესეც იმის მაგალითია, კოაბიტაცია “ქართულ ოცნებას” თავის წინააღმდეგ რომ შემოუბრუნდა. კეთილშობილური გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოთხოვნით და ხელისუფლების ზოგიერთმა “თვალსაჩინო” წევრმა უმახინჯესი ფორმა მისცა, ასე მოუბრუნდათ - დღეს “ნაციონალები” ამას თავიანთი შეტევითი მეთოდოლოგიის ძალიან მნიშვნელოვან სეგმენტად იყენებენ. ავიღოთ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე, რომლის განაჩენი გასულ კვირას გამოაცხადეს და ეს ხალხი გაამართლეს, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ამის გარკვევას რად უნდოდა 6 წელიწადი?! მიხარია, რომ ეს საქმე, ბოლოს და ბოლოს, დასრულდა, მაგრამ არაერთი სხვა საქმეა, რომლებზეც სიმართლის დადგენას არ დაადგა საშველი, მათ შორის ქონების ჩამორთმევის საქმეებიც არის. ეს ყველაფერი კი დიდწილად სწორედ იმ პირების გამო მოხდა, რომლებიც წინა რეჟიმის საყრდენს წარმოადგენდნენ, მერე კი “ქართულმა ოცნებამაც” შეიტკბო და გამოიყენა...”, - მიიჩნევს ექსპერტი

“მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის განცხადება ძველი გვარდიის შესახებ იყო სრულიად გასაგები და დაბალანსებული, ბევრგან ეს ვერ ან არ გაიგეს. არაერთი პროფესიონალი მზად არის გვერდით დაუდგეს “ქართულ ოცნებას” და მიიღოს ბიძინა ივანიშვილის მიწვევა, თუმცა მათ არავინ ეხმიანება და უყურადღებოდ არიან დარჩენილი კვლავაც. “ქართული ოცნების” სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ ზოგიერთი ფუნქციონერი ჩამოეშორებინათ საარჩევნო პროცესისგან, რადგან აშკარაა “ქართული ოცნების” შიგნით საბოტაჟის მცდელობა, განსაკუთრებით კი რეგიონებში. “ქართულმა ოცნებამ~ ვერც მეორე ტურის წინ მოახერხა ამ საბოტაჟის აღმოფხვრა. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, ამ ძალამ “რუსთავი 2”-თან ერთად იმდენი ტალახი ისროლა, იმდენი სიბინძურე გადმოაფრქვია, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელიც არ აპირებდა ზურაბიშვილისთვის მხარის დაჭერას, მისი მოკავშირე გახადა”, - ამბობს მამუკა არეშიძე.

”ნაცმოძრაობამ ამ სიბინძურის სროლაში საკუთარ თავსაც გადააჭარბა. იყო სხვა პატარ-პატარა შეცდომებიც, მაგალითად, ვაშაძის მიერ ფეხბურთსა თუ თეატრზე გაკეთებული­ განცხადებები. თუმცა ერთ-ერთი დიდი პრობლემა მაინც მიხეილ სააკაშვილის აქტიურობა და საარჩევნო კამპანიის მთავარ სახედ მისი წარმოჩენაა. ამანაც ძალიან უარყოფითი როლი ითამაშა, იმდენად, რომ `ნაციონალური მოძრაობის~ მხარდამჭერთა ერთმა ჯგუფმა სოციალურ ქსელში მას თხოვნით მიმართა, საჯარო გამოსვლებისგან თავი შეიკავე და 28-ში 8 საათის მერე გამოჩნდიო. მისმა მუქარებმა, ბიზნესმენების განკულაკების დაპირებამ, მთელმა მისმა რიტორიკამ ამომრჩეველს მხოლოდ ის დაანახა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნება იქნება უკიდურესად მძიმე ქვეყნისთვის, ეს იქნება უფრო რეპრესიული რეჟიმი... ვფიქრობ, უკიდურესად რადიკალური რევანშის საფრთხე ცხადად დაინახა ამომრჩეველმა, - განმარტავს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ინტერვიუში ივანიშვილმა განაცხადა: ` პროფესიონალური კვლევებიც არ ჩაატარეს... მე ამაზე მკაცრი საუბარი მქონდა~... ეს ხომ არ არის მინიშნება იმაზე, რომ მას რეალურ ვითარებას გარემოცვა უმალავდა?”, - პასუხობს:

“ის ზოგიერთი პირის აზრს უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა, რაც, ჩემი აზრით, მისი პირადი შეცდომაა, რომლის გამოსწორებაზე თვითონვე ზრუნავს - ვიცი, რომ იმ პირთა ნაწილი, ვინც ამგვარ ინფორმაციას აწვდიდა, უკვე აღარ არიან საარჩევნო პროცესში. სულ სხვა ჯგუფს დაევალა სოციოლოგიური კვლევების ჩატარებაც და საარჩევნო პროცესის წარმართვაც, მიუხედავად იმისა, რომ ნომინალურად ზოგიერთი ისევ დარჩა ძველ თანამდებობაზე. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, ეს იქნება ძალიან კარგი პარტიის ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებისთვის... ვიცი, მას აქვს გეგმა საკადრო პოლიტიკის შესახებ და არჩევნების შემდეგ ძალიან სერიოზული ცვლილებები იგეგმება, მაგრამ, ალბათ, ივანიშვილს შეხვდება დიდი წინააღმდეგობებიც, რადგან არიან ისეთები, რომლებიც თვლიან, რომ ამ წლებმა მათ ზურგზე გადაიარა და მათ წინაშე “ქართული ოცნება” ვალშია”.

“საკადრო პოლიტიკაში კატასტროფული ვითარებაა რეგიონებში და არ ვიცი, ამას როგორ მოევლება. ცალკე პრობლემაა პორტირებული პირების თემა, რომლებიც ჯერ “ნაცების” სამსახურში იყვნენ, მერე კი “ქართულ ოცნებაში” გადავიდნენ. ასეთი ტიპის ადამიანებს ყოველი ხელისუფლება იყენებს, მაგრამ ერთი რამ ავიწყდებათ - ასეთები როგორც კი ძალის ცენტრს სხვაგან დაინახავენ, ეგრევე იხუვლებენ და იქით გადავლენ. პირველ ტურზე სწორედ ამის საფრთხე დაინახა “ქართულმა ოცნებამ” და იმედია, ახლა მაინც მიხვდებიან, რომ ამ ხალხის სამსახურზე უარი უნდა თქვან. რაც შეეხება სოციალურ პოლიტიკას და ამის მოგვარების გეგმებს, ამაზე ვერაფერს ვიტყვი. ფრაგმენტულად მესმის, რომ ხელისუფლებაში აქვთ რაღაც სურვილები, მაგრამ კარგად დალაგებული გეგმა არ ჩანს, ისევე როგორც ინდუსტრიული მრეწველობის განვითარების გზა, რისი პერსპექტივაც საქართველოს ნამდვილად აქვს. ამ ყველაფრის დროულად მოვლა მოუწევს “ქართულ ოცნებას”, ისედაც ძალიან დიდი დრო დაკარგა. ბევრი სხვა უპასუხო საკითხიცაა, მაგრამ 2020 წლის არჩევნებიც კარზეა მომდგარი, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება ცაიტნოტშია”, - დაასკვნის არეშიძე.

“ყველაზე კარგი, რაც ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე მოხდა, ის არის, რომ ქართველი საზოგადოება მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდა, მან თავისი ფუნქცია და დანიშნულება გააცნობიერა, დაინახა და პოლიტიკურ ძალებსაც დაანახა, რომ მის გარეშე არჩევნებს ვერავინ მოიგებს, არც გაყალბებას მოითმენს. შესაბამისად, იმ მასშტაბით ვერავინ გაბედავს გაყალბებას, რომ ამან ხალხის ნება გადაწონოს. 2020 წლის არჩევნების გასაღები ხალხის ხელშია. მას შეუძლია მოთხოვნები წაუყენოს ხელისუფლებას და მკაცრად მოითხოვოს მათი შესრულება. სახალხო მოძრაობის, საზოგადოებრივი ჯგუფების აქტივობა სწორედ ამ შედეგამდე მიგვიყვანს. რა თქმა უნდა, ახლა მოინდომებენ გარკვეული სატელიტების შექმნას, რათა არ ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი აზრი, მაგრამ ახლა ამის გაკეთება და ვინმეს მოტყუება ძალიან გაძნელდება. ხალხმა თავისი ძალა იგრძნო და ურთულესი იქნება მასთან ვაჭრობის დაწყება. ამ პერიოდში “ქართულმა ოცნებამ” შუის გაკრეფაზე კი არ უნდა იფიქროს, არამედ უნდა იფიქროს იმაზე, რომ რაც შეიძლება ფართოდ გახსნას პოლიტიკური სივრცე ახალშექმნილი პოლიტიკური ორგანიზაციებისთვის. დღემდე “ქართული ოცნება” იმას ცდილობდა, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე მხოლოდ `ნაციონალური მოძრაობა~ დაეტოვებინა თავის კონკურენტად, რაც შეცდომა იყო და ახლა უნდა შეცვალოს ეს მიდგომები”, - დასძენს ექსპერტი.

ყველაზე ნეგატიური საარჩევნო კამპანია საქართველოს ისტორიაში

“წელს პრეზიდენტს არჩევნების მეორე ტურზე პირველად ვირჩევთ. ამომრჩევლების მიერ მეორე ტურში გასული კანდიდატებისთვის 28 ოქტომბრის კენჭისყრისას თითქმის თანაბარი მხარდაჭერა მიუთითებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მაღალი კონკურენტულობით გამოირჩევა. ამდენად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ქართული დემოკრატიის განვითარებისა და კონსოლიდაციისთვის მნიშვნელოვანი ტესტი იქნება. თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ არის და მოსახლეობა წინასაარჩევნოდ მეორე ტურისთვის საკმაოდ ნეგატიურ და სიძულვილის ენით გაჯერებულ საარჩევნო კამპანიას ადევნებს თვალს. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ სიტუაცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის კიდევ უფრო გამძაფრდა და წესების გარეშე ბრძოლა დაიწყო. კანდიდატები ახალს ვერაფერს ამბობენ და ამტკიცებენ, რომ ის იმიტომ უნდა აირჩიო, რომ მეორე მასზე უარესია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ყველაზე ნეგატიური საარჩევნო კამპანია საქართველოს ისტორიაში.

“ანალიტიკოსების აზრით, პარტიებსა და მათ კანდიდატებს დაავიწყდათ, რომ საზოგადოებას აქვს პრობლემები, ქვეყნის წინაშე დგას კონკრეტული გამოწვევები და ამომრჩეველი ამ კითხვებზე მსჯელობას ელოდა. ამ პრობლემურ საკითხებზე კი დისკუსია საერთოდ არ შედგა, ვინაიდან კანდიდატებმა და მათმა პიარსპეციალისტებმა კომპრომატების ომი გააჩაღეს... არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოლარიზებული და ნეგატიური კამპანიით ხასიათდება. როგორც “სამართლიანი არჩევნები” საკუთარ ანგარიშში წერს, საარჩევნო გარემო პირველ ტურთან შედარებით კიდევ უფრო მეტად პოლარიზებული და ნეგატიური გახდა მეორე ტურში. წინასაარჩევნო კამპანიისას როგორც “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, ასევე “ძალა ერთობაშიას” კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე უცხოელი პოლიტტექნოლოგების მომსახურებით სარგებლობენ. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანის კამპანია მეორე ტურისთვის საკმაოდ ნეგატიური და შავ პიარზე აგებულია. ზურაბიშვილს კონსულტაციას უწევს ისრაელის მოქალაქე მოშე კლუგჰაფტი, ვაშაძის კამპანიას კი აშშ-ის მოქალაქე, წარმოშობით ბელარუსი ვიტალი შკლიაროვი ხელმძღვანელობს. ორივე მათგანი სხვადასხვა დროს არაერთ ქვეყანაში გამართულ არჩევნებში მონაწილეობდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“შკლიაროვი ვაშაძის კამპანიაში პირველივე ტურიდან მონაწილეობს. მაშინ მმართველი გუნდი ოპოზიციას ადანაშაულებდა აგრესიულ, ოპონენტის დისკრედიტაციაზე ორიენტირებულ კამპანიაში. იგულისხმება საარჩევნო კლიპები ზურაბიშვილის წინააღმდეგ და ექსცესები მის საარჩევნო შეხვედრებზე, ასევე, აგვისტოს ომის თემით მანიპულირება, რაც მის წინააღმდეგ მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში აქტიურად იქნა გამოყენებული. ამის შემდეგ კი, მეორე ტურის წინ ზურაბიშვილის კამპანიაში მოშე კლუგჰაფტი ჩაერთო და თბილისში “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო ბანერები, საარჩევნო კლიპები და სლოგანი “პრინციპული არჩევანი” გამოჩნდა. როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში ორივე კანდიდატის წინააღმდეგ არაერთი ყალბი ამბავი და პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალი გავრცელდა მედიითა თუ სოციალური ქსელებით”, - განაგრძობს გამოცემა.

“სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას მიმდინარე საარჩევნო კამპანია შეაფასა და აღნიშნა, რომ რუსული, ბოლშევიკური მეთოდების გამოყენება ხდება წინასაარჩევნო კამპანიაში ადამიანის ყველა კუთხით დისკრედიტაციისთვის. “მე მქონდა წინადადება, რომ ჩაგვეტარებინა ევროპული სტილის კამპანია, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემი კონკურენტების არჩევანი იყო, ეს ყოფილიყო ფსიქოლოგიური ძალადობის კამპანია. ყველაზე მეტად შემაშფოთებელი ის არის, რომ ამ კამპანიის დროს ვრცელდება ის, რაც ტიპურად არის რუსული, ბოლშევიკური მეთოდები - ადამიანის დისკრედიტაცია ყველა კუთხით, რაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო. ამას მე ვპასუხობდი მოთმინებით და ბოლომდე გავიტან მოთმინებას”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ წინასაარჩევნო გარემო გააკრიტიკა. “მიუღებელია სიძულვილის ენა და მუქარა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებიდან და სხვადასხვა კანდიდატის მიმართ ისმის. ჩვენ იმედი გვაქვს, გამოძიება, რომელიც უკვე დაწყებულია მუქარასთან და სიძულვილის ენასთან დაკავშირებით, წარმატებით დასრულდება და უწყება ამას გამოიძიებს”, - განუცხადა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს. “საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელი თორნიკე შარაშენიძის აზრით, პრეზიდენტობის კანდიდატების ასეთი ნეგატიური კამპანია ქვეყნისთვის დამაზიანებელია. "ქართულმა ოცნებამ" აგრესიული საარჩევნო კამპანიით ბევრი რამ დადო სასწორზე. ექსპერტი პოლიტიკოსებს ურჩევს, სახე შეინარჩუნონ, რადგან მსგავსი ქცევით საზოგადოების გაღიზიანებას იწვევენ”, - დასძენს გამოცემა.

“ვერ გამიგია, რატომ არის, რომ ერთი საკამათო და უვარგისი კანდიდატის გამო “ქართულმა ოცნებამ” ყველა რესურსი მოისროლა, ყველაფერი დადო სასწორზე, თავისი თავი დადო სასწორზე. მსგავსი აგრესიული კამპანია, რომელიც მხოლოდ შავ პიარზეა აწყობილი, ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს და ისევ მმართველ გუნდს დაუბრუნდება უკან. მთელი ამ არჩევნების განმავლობაში ასეთი სიძულვილის ენის გამოყენებით მხოლოდ მოსახლეობის გაღიზიანებას აღწევენ”, - განაცხადა შარაშენიძემ. საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში მმართველი პარტიის ქმედებებს კრიტიკულად აფასებს ანალიტიკოსი ნოდარ ხარშილაძეც, აქცენტს მმართველი გუნდის მიერ გამართულ აქციებზე სვამს და ამბობს, რომ სასაცილოა, როდესაც ოპოზიციას მიტინგს ხელისუფლება უმართავს. “დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მიტინგებს უწყობს ოპოზიციას. ძალიან ბევრი ქვეყანა მინახავს, სადაც ოპოზიცია მიტინგებს უწყობს ხელისუფლებას, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ხელისუფლება უწყობს მიტინგს ოპოზიციას და ასეთი დინამიკით მიდის კამპანია, რაც, ჩემი აზრით, ძალიან სასაცილოა, სევდიანი რომ არ იყოს. ალბათ კანდიდატებს საზოგადოებისთვის სათქმელი სხვა არაფერი აქვთ, გარდა იმისა, რომ მეტოქე მასზე უფრო ცუდია”, - თქვა ხარშილაძემ. “მოღალატე, თავისი არსით, არის ის, ვისაც გულში აქვს მტრული სახელმწიფოს სიყვარული - ეს არის ამ შემთხვევაში გრიგოლ ვაშაძე”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ - ირაკლი კობახიძის თქმით, ზურაბიშვილის მიმართ ბინძური კამპანია მიმდინარეობს. მმართველ გუნდს კი ევროპული ტიპის კამპანიის წარმართვა უნდა და არ სურს, მარგინალურ პოლიტიკურ ძალებს დაემსგავსოს”, - წერს სტატიის ავტორი.

“ჩვენ არ გვინდა, რომ შავი პიარისა და კამპანიის ფონზე წარიმართოს ეს არჩევნები, თორემ იმდენი ფრაზა არსებობს გრიგოლ ვაშაძის, მაგალითად, იმასთან დაკავშირებით, რომ მას უყვარს რუსეთი, ის არის რუსეთის განუყოფელი ნაწილი, რომ არ ვიცი, ფაქტობრივად, ჩვენ რუსეთის განუყოფელ ნაწილს “ვირჩევთ” საქართველოს პრეზიდენტად. უბრალოდ, ჩვენ არ გვინდა ამაზე კამპანიის აგება. როდესაც კაცი გამოდის და ლაპარაკობს იმაზე, რომ მნიშვნელობა არ აქვს, მას რუსეთის პასპორტი ედება თუ არა ჯიბეში, მთავარია, რომ მის გულში მუდმივად რჩება რუსეთი და მას აქვს პრეტენზია საქართველოს პრეზიდენტობაზე, იმ ქვეყნის პრეზიდენტობაზე, რომელსაც აქვს ასეთი დამოკიდებულება რუსეთთან, უფრო სწორად, რუსეთს აქვს ასეთი დამოკიდებულება, მტრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ეს არის, უბრალოდ, პარადოქსი. ამაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ. არ გვინდა, დავემსგავსოთ მას. სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით გესმით აბსოლუტურად ბინძური კამპანია, მოღალატე და ა.შ. მოღალატე, თავისი არსით, არის ის, ვისაც გულში აქვს მტრული სახელმწიფოს სიყვარული. ეს არის გრიგოლ ვაშაძე. უბრალოდ, ამაზე ლაპარაკი ჩვენ არ გვინდა. გვინდა, რომ ცივილიზებული, ევროპული ტიპის კამპანია წარვმართოთ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომლის განმარტებით ,არ სურთ, დაემსგავსონ გრიგოლ ვაშაძეს, “ევროპულ საქართველოს”, “ნაციონალურ მოძრაობას” - ამ აბსოლუტურად მარგინალურ პოლიტიკურ ძალებს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

თინა ხიდაშელი - “მთავარი ამბები არჩევნების შემდეგ დაიწყება”

“თითქმის ყველა არჩევნების მონაწილე ვარ და ასეთი ქვეყნის დამანგრეველი კამპანია არ მახსენდება. ეს არჩევნები იყო ერთ-ერთი ყველაზე ბინძური, მხოლოდ სიძულვილზე დაფუძნებული, ყველაზე უკონცეფციო კამპანია, კლიპებშიც იმას გვეუბნებიან, რატომ უნდა გვეზიზღებოდეს მეორე და ამ ზიზღის საფუძველზე გავაკეთოთ არჩევანი. მეორე ტურის შედეგი კარგად გამოაჩენს, ამ კამპანიამ როგორ იმუშავა... დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში იმ მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა მივა, ვისაც პირველ ტურში არც ერთისთვის არ მიუცია ხმა. ამიტომ მნიშვნელოვანია, ისინი რა არჩევანს გააკეთებენ. შესაძლოა მათი არჩევანი სულაც საპროტესტო გადაწყვეტილება იყოს და არც ერთს არ მისცენ ხმა. ზუსტად ამით დავინახავთ, რამდენად იმუშავა სიძულვილის კამპანიამ და ამ ურთიერთგანადგურების ფონზე ამომრჩეველმა რა ტიპის არჩევანი გააკეთა~, - აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თინა ხიდაშელი: “მთავარი ამბები არჩევნების შემდეგ დაიწყება” / “ამ პოლიტიკური პროცესის ბატონ-პატრონი დარჩებიან ისევ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” თუ დანიშნავენ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს. თუ არ დანიშნავენ, ივანიშვილს გარანტიას ვაძლევ, რომ რიგგარეშე არჩევნებს ხალხი დაანიშვნინებს. ამიტომ ახლა მხოლოდ მისი გადასაწყვეტია, დაიტოვებს პოლიტიკური მართვის სადავეს თუ გაუშვებს ხელიდან და იძულებული გახდება, სხვას გადასცეს”.

“თუკი პრეზიდენტობას აპირებ და სახელმწიფოზე ზრუნავ წარმოუდგენელია, ვიწროპარტიული ამოცანის შესრულებას ქვეყნის ინტერესი გადააყოლო - ამ შემთხვევაში, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ყველაზე მეტად გააკეთა ყველაფერი, რომ ეს ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელი ყოფილიყო. რაც უნდა პარტიული ამოცანა გქონდეს, დაუშვებელია ჯარისკაცებისა და ასეთი თემების საარჩევნო პლატფორმად გამოყენება და ამას არც ერთი პასუხისმგებლიანი ძალა არ გააკეთებდა... რაც შეეხება ყალბი პირადობის მოწმობებიდ ბეჭდვას მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი მხარე არ გამოიყურება დამაჯერებლად. არც იუსტიციის სამინისტროს ფეისბუკსერიალია დამაჯერებელი, რადგან ნორმალურ ქვეყანაში თანამდებობის პირები ასე არ იქცევიან. მით უმეტეს, ამ არჩევნების შემდეგ მაინც უნდა შეეგნოთ, რომ ასეთი თავდაჯერებული და ყველასთვის ზევიდან მაყურებელი ქცევის გამო დასაჯა ისინი ამომრჩეველმა. მაგრამ არასაკმარისია ის ინფორმაციაც, რომელიც არასამთავრობოებმა საზოგადოებას მოგვაწოდეს. გასაგებია, რომ მათთან მივიდა ინფორმაცია და ვალდებული იყვნენ, მისთვის მსვლელობა მიეცათ, - თეორიულადაც თუ არსებობს საფრთხე, ის უნდა გამოირიცხოს, მაგრამ იმ წყაროს ინფორმაცია, რასაც არასამთავრობოები ავრცელებენ ამჟამად დამაჯერებელი ნამდვილად არ არის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თინა ხიდაშელი.

“ჯერ იყო “ოცნების” პატარა შეცდომები, მერე ამას მოჰყვა დიდი შეცდომები და ბოლოს მაკვალიფიცირებელ შეცდომებში გადაიზარდა. ეს ცხადი იყო უკვე 2014 წლის შემდეგ და ჩვენ ამაზე საჯაროდ ვლაპარაკობდით. ეს ყველაფერი განპირობებული იყო ამოცანით, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ყოფილიყო მათი ერთადერთი პოლიტიკური ოპონენტი იმ პოლიტიკურ ველზე, სადაც”ქართული ოცნება” არსებობს, იქნება ეს პარლამენტი თუ ადგილობრივი საკრებულოები, და ახლა საპრეზიდენტო არჩევნებიც დაემატა. ამას ერთადერთი ახსნა აქვს - მათ ეგონათ, “სისხლიანი ცხრა წლის” ძახილით შეძლებდნენ ნებისმიერი ოპოზიციური მოთხოვნის ანულირებას. ივანიშვილმა ჩათვალა, რომ საუკეთესო გარემო მოიწყო. 2016 წელს ეს კარგად რომ გამოუვიდა, ეგონა, ახლაც გამოუვიდოდა, მაგრამ ის ვერ გათვალა, რომ ერთ მდინარეში ორ-სამჯერ და მით უმეტეს, ცხრაჯერ ვერ შეხვალ... ამ არჩევნებზე ივანიშვილისთვის იდეალური ვარიანტი მეორე ადგილზე გასული ბაქრაძე იქნებოდა - ან თუნდაც გამარჯვებული. როდესაც თქვა, პრეზიდენტის პოსტი ოპოზიციამ წაიღოსო, დარწმუნებული ვარ, დავით ბაქრაძეს გულისხმობდა. მე არ ვამბობ იმას, რასაც პოლიტიკურ წრეებში ლაპარაკობენ, რომ ივანიშვილი “ევროპულ საქართველოს” ფულს უხდის, არა, მე ვამბობ ივანიშვილისთვის მისი რაციონალური გათვლით იდეალური ვარიანტი რა იქნებოდა - რომ პირადად მიშას დაამარცხებდა, მაგრამ ოპონენტად ისევ “ნაციონალური მოძრაობა” ეყოლებოდა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ეს სქემა ახალი არ არის, ეს ჰქონდა შევარდნაძესაც, სააკაშვილსაც, მაგრამ ვერ მიხვდნენ, რომ არ მუშაობს. რამდენჯერ უნდა დაგვემართოს, რომ მიხვდნენ, საქართველო არ არის ორპარტიული და მით უმეტეს, ერთპარტიული რეჟიმის შემგუებელი ქვეყანა. როგორც კი ამას ამომრჩეველი ხედავს, აღარ მიჰყვება ხელისუფლებას. 28 ნოემბრის შემდეგ, იმის მიუხედავად, რა შედეგი დადგება და ვინ გახდება პრეზიდენტი, პოლიტიკური პროცესის სადავე ხელში ისევ “ქართულ ოცნებას” დარჩება, ამიტომ პოლიტიკურად აღარც არის საინტერესო, ვინ გახდება პრეზიდენტი - პოლიტიკურად ის არის საინტერესო, ივანიშვილი რამდენად გაიმეორებს იმავე შეცდომას, რაც თავის დროზე დაუშვა შევარდნაძემ და მერე სააკაშვილმა, როდესაც არც ერთი ნაბიჯი არ დათმო უკვე წაგებულ პოლიტიკურ პროცესში და ამის შედეგად ორივემ მიიღო ხელისუფლებიდან აბსოლუტური ჩამოშორება და ოპოზიციისთვის ხელისუფლების აბსოლუტური გადაბარება”, - მიიჩნევს თინა ხიდაშელი.

“თუ ივანიშვილი უფრო გონიერი აღმოჩნდება, ვიდრე სააკაშვილი და მიხვდება, რომ პოლიტიკური დინამიკა შეიცვალა და პარლამენტს, რომელიც დღეს საკონსტიტუციო უმრავლესობით ჰყავს წარმოდგენილი, აღარ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობის ლეგიტიმაცია (და რომ არა აქვს, ყველამ კარგად ვნახეთ, რადგან პრაქტიკულად ყველა მაჟორიტარული ოლქი წააგო, საერთო ჯამურ რიცხვებზე რომ აღარაფერი ვთქვათ), ამ პოლიტიკური პროცესის ბატონ-პატრონი დარჩებიან ისევ ბიძინა ივანიშვილი და `ქართული ოცნება~ თუ დანიშნავენ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს - თუ არ დანიშნავენ, ივანიშვილს გარანტიას ვაძლევ, რომ რიგგარეშე არჩევნებს ხალხი დაანიშვნინებს. ამიტომ ახლა მხოლოდ მისი გადასაწყვეტია, დაიტოვებს პოლიტიკური მართვის სადავეს თუ გაუშვებს ხელიდან და იძულებული გახდება, სხვას გადასცეს. მას ახლა ეს გადაწყვეტილება აქვს მისაღები და როგორც გითხარით, მნიშვნელობა არა აქვს, რომელი კანდიდატი მოიგებს. ახლა რომ არჩევნების მოგებაზე არიან გადართული, გასაგებია. ახლა ისინი მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველს ელაპარაკებიან და 29 ნოემბერი რომ გათენდება, ამისთვის რა გეგმა აქვთ და რას ეტყვიან მთელი ქვეყნის მოსახლეობას და არა მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველს, ეს არის მნიშვნელოვანი”, - დასძენს ყოფილი თავდაცვის მინისტრი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს