სულხან ღლონტი - სადაც განვითარებულია ტურიზმი, იგულისხმება, რომ გააზრებულია ყველა თანამედროვე ტენდენცია

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ბოლო ორ წელში რეგიონში ტურიზმის განვითარების კუთხით განხორციელებული პროექტები შეაჯამა. დეპარტამენტმა რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით აჭარის რეკლამირება 16 სამიზნე ქვეყანაში აწარმოა, სერვისის გააუმჯობესების კუთხით კი სექტორში დასაქმებული ასობით მოქალაქე გადაამზადა. უფრო დეტალურად, რა გაკეთდა აჭარაში ტურიზმის განვითარების მიმართულებით და როგორია საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკა რეგიონში, ამ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტს ესაუბრა.

- ბატონო სულხან, სანამ უშუალოდ განხორციელებულ პროექტებზე გადავიდოდეთ, შევაჯამოთ მიმდინარე წელი. როგორია აჭარაში საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკა და რამდენად იზრდება რეგიონის მიმართ ინტერესი პოტენციურ ტურისტებში?

- აჭარა დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველწლიურად მეტ ტურისტსა და მოგზაურს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ბუნებრივია, განსაკუთრებული ინტერესი ამ შემთხვევაში ჩვენი 16 სამიზნე ქვეყნიდანაა, სადაც აქტიურ სარეკლამო კამპანიებს ვანხორციელებთ. 2018 წლის 10 თვის მონაცემებს თუ ავიღებთ, რეგიონში 1,725,468 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც 18%-მდე ზრდას გულისხმობს. ვიზიტების განსაკუთრებული მატება ამ შემთხვევაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან გვაქვს, საიდანაც რეგიონში 22%-ით მეტი საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა. ბუნებრივია, აეროპორტში გაზრდილი მოგზაურების რაოდენობა გაზრდილი საერთაშორისო ფრენების დამსახურებაა. 2018 წელს 2017 წელს თუ შევადარებთ, ფრენების რაოდენობამ ბათუმის მიმართულებით 41%-ით იმატა. პროცენტული ზრდის დადებითი ტენდენციები გვაქვს ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ესტონეთი +89%, გერმანია +88%, ლიეტუვა +43%, ისრაელი +48% და პოლონეთი +11%.

- თქვენ უკვე ახსენეთ, რომ ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით აქტიურ მარკეტინგულ და სარეკლამო ღონისძიებებს ახორციელებს. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, როგორ უწევთ პოპულარიზაციას რეგიონს საერთაშორისო მასშტაბით?

- ბოლო ორი წელია, აჭარის შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ისეთ საერთაშორისო მედიაპლატფორმებს, როგორებიცაა BBC, Euronews, CNN და Deutsche Welle, სადაც აქტიურად ტრიალებდა რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლები. შედეგად, კი მსოფლიოს 195 ქვეყანაში ვუწევდით პოპულარიზაციას რეგიონის სამთო და საზღვაო ტურისტულ პროდუქტებს. ახლაც, კურორტ გოდერძის ახალი საიმიჯო ვიდეორგოლი, რომლის პრემიერაც ჯერ შიდა ბაზარზე არ გვქონია Deutsche Welle-ს ეთერით გადაიცემა. საკონტრაქტო პირობები ვიდეორგოლების გაშვების გარდა საქართველოსა და კონკრეტულად აჭარის რეგიონის შესახებ გადაცემების მომზადებასაც ითვალისწინებდა. ჩვენ რეგიონს პოპულარიზაცია ასევე გავუწიეთ გარე რეკლამით (outdoor) სამიზნე ქვეყნების 35-ზე მეტ ქალაქში და აქტიური ონლაინ რეკლამით 14 ქვეყნის სოციალურ და ონლაინ პლატფორმებზე.

ჩვენთვის ასევე, მნიშვნელოვანია თითოეული სტატია, რეპორტაჟი და გადაცემა, რომლებიც ჩვენი ორგანიზებით სამიზნე ქვეყნების წამყვან მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა. ამ მიზნით პრეს და ინფოტურების ფარგლებში რეგიონში 963 ჟურნალისტსა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენელს ვუმასპინძლეთ. ძალიან მნიშვნელოვანია ის საერთაშორისო ტურისტული გამოფენები და ღონისძიებებიც, სადაც პირდაპირი კომუნიკაცია გვიწევს პოტენციურ ტურისტებთან და მსოფლიოში მასშტაბით წამყვან ტუროპერატორებთან და ზოგადად ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებთან. 2017 წლიდან დღემდე, 57 ასეთ გამოფენაზე ვიყავით წარმოდგენილი.

- როცა ტურისტებს ვეხებით, ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და ზოგადად, ქვეყნისთვის მომსახურების ხარისხი. რას ვახვედრებთ ჩვენ უკვე აქ ჩამოსულ ტურისტებს და რამდენად კმაყოფილები ბრუნდებიან ისინი უკან. ამ კუთხით რა მდგომარეობა გვაქვს და რა პროექტები განახორციელეთ?

- ახლახანს დავასრულეთ მუშაობა პროექტზე, რომლითაც ვამოწმებთ მომსახურების ხარისხს რეგიონში. დეკემბრის დასაწყისში ჩვენ უკვე საზოგადოებას გავაცნობთ როგორი მდგომარეობა გვაქვს სერვისის მიმართულებით. თქვენ იცით, რომ ბოლო წლებია ჩვენ აქტიურად ვატარებთ ტრენინგებსა და სემინარებს ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირებისთვის. ამ მიმართულებით 2700-ზე მეტი დასაქმებულის გადამზადება შევძელით. მათ შორის არიან კვებისა და განთავსების ობიექტების, ტურისტული სააგენტოების, საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლები და გიდები. გასულ წელს, ასევე დავიწყეთ ტრენინგები მთიან აჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლებისთვის, როგორც მომსახურების სტანდარტების გაცნობის, ასევე საკომუნიკაციო ინგლისურის შესწავლის კუთხით. მთიან აჭარაში ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იქ მყოფი ტურისტები მომსახურებით იყვნენ კმაყოფილები. საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და ტურისტული ობიექტებისთვის ასევე, შევქმენით ინგლისური ენის სასწავლო და სახანძრო-უსაფრთხოების ვიდეორგოლები, რომლებიც დამატებითი საშუალებაა მათთვის დამოუკიდებლად იმუშაონ.

გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ გიდების კვალიფიკაციის ამაღლების კუთხითაც. ბოლო ორ წელში მთიანი აჭარისა და დაცული ტერიტორიების მიმართულებით 150-ზე მეტი მოქმედი და დამწყები გიდი გადავამზადეთ. გარდა ტრენინგებისა გიდებისთვის დავბეჭდეთ ღვინის გიდის გზამკვლევი და გიდის პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომელიც ასევე ძალიან კარგი შესაძლებლობაა გიდებისთვის ცოდნა გაიღრმავონ. ზოგადად გიდების საკითხი საკმაოდ პრობლემურია ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ პრობლემის გადაჭრა ვერ მოხდება კვალიფიციური კადრების გარეშე, შესაბამისად ჩვენ ვცდილობთ დაინტერესებულ მოქალაქეებს გავუჩინოთ შესაძლებლობა და მოტივაცია დაინტერესდნენ ტურისტული ბიზნესით ზოგადად და ასევე ბუნებრივია გიდის ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიით. აღნიშნული კუთხით მუშაობა გაგრძელდება, ჩვენ საბოლოო ჯამში მივიღებთ საჭირო უნარებისა და კომპეტენციის გადამზადებულ მქონე გიდებს, რომლებიც შრომის ბაზარზე ადვილად იპოვნიან საკუთარ ადგილს.

- როგორც ვხედავთ, აქტიურად მუშაობთ მთიანი აჭარის მიმართულებითაც. როგორია ტურისტების დაინტერესება მთაში მოგზაურობით და რას აკეთებს ტურიზმის დეპარტამენტი მთაში ტურისტული პროდუქტების განვითარების მიმართულებით?

- ჩვენი მიზანია, რომ აჭარა არ ასოცირდებოდეს მხოლოდ ზღვაზე დასასვენებელ ადგილთან. ვთვლით, რომ რეგიონს გააჩნია ყველა რესურსი იმისთვის, რომ იქცეს ოთხივე სეზონზე დასასვენებელ ტურისტულ მიმართულებად. ამას ემსახურება ჩვენი სარეკლამო კამპანიებიც და დეპარტამენტთან არსებული ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს საქმიანობა. ბოლო სამ წელში, მთიან აჭარაში 15 საინტერესო და მრავალფეროვანი ტურისტული მარშრუტის განვითარება შევძელით, თავისი მარკირებით, ტურისტული რუკებითა და გზამკვლევებით. პარალელურად კი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებისა და გიდებისთვის მოვაწყვეთ 65 ინფოტური, რომლის ფარგლებშიც ისინი ადგილზე გაეცნენ იმ ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს, რაც მთაში გვაქვს. ამ ყველაფრის შედეგია უკვე მთიან აჭარაში 98%-ით გაზრდილი ვიზიტორების რაოდენობა. გარდა ამისა, მთიანი აჭარის მიმართულებით დონორებთან ერთად ვგეგმავთ სხვა საინტერესო პროექტებს რასაც მოგვიანებით გავაჟღერებთ. ვცდილობთ საკითხებს მივუდგეთ კომპლექსურად, მარშრუტის მარკირებასთან და მის პოპულარიზაციასთან ერთად, განვავითაროთ საჭირო ინფრასტრუქტურა. მაღალმთიან აჭარაში მიმდინარეობს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც ძალიან დაეხმარება საქართველოს ამ ულამაზეს მუნიციპალიტეტებს ტურიზმის განვითარებაში. საჭირო ინფრასტრუქტურაში ვგულისხმობ, როგორც გზებსა და ხიდებს, ასევე მაღალმთიანეთის გაზიფიცირების პროცესს, რომელიც საშუალებას იძლევა მაგალითად გოდერძისა და გომარდულის გარდა, სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილების განვითარების.

- არ შეიძლება არ გკითხოთ სტრატეგიის შესახებ. როგორც ვიცით წლის ბოლო მზად იქნება აჭარის ტურისტული განვითარების სტრატეგია. რამდენად მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტის შექმნა და რას ითვალისწინებს ის?

- ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი იმისთვის, რომ რეგიონში ტურიზმი თანმიმდევრულად განვითარდეს. რაც მთავარია, ამ შემთხვევაში უკვე კერძო სექტორსაც ეძლევა საშუალება წინასწარ იცოდეს, თუ რა სამოქმედო გეგმა აქვს სახელმწიფოს რეგიონში ტურიზმის განვითარების მიმართულებით. დოკუმენტში განსაზღვრული იქნება აჭარის ტურიზმის 2018-2025 წლებში მისაღწევი მიზნები და შესასრულებელი სამუშაოები. სტრატეგია მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან, თემატურ საკითხებს, როგორებიცაა: სერვისის განვითარების სტრატეგია, ტურისტული პროდუქტების განვითარების სტრატეგია და ბათუმის ისტორიული უბნის, ძველი ბათუმის როგორც ტურისტული პროდუქტის განვითარების კონცეფცია და ა.შ. ეს ყველაფერი კი ადგილობრივებისა და ტურისტების კვლევებზე იქნება დაფუძნებული. მთავარი საკითხი რაზეც ვართ ორიენტირებული, არის სეზონურობის დაძლევა, აჭარის ეკონომიკისთვის ტურიზმი დღეს წამყვანი მიმართულებაა, ინვესტიციების 50%-ზე მეტი ტურიზმის სექტორზე მოდის, შემოსავალი ტურიზმიდან განსაკუთრებით იგრძნობა ზაფხულის პერიოდში, თუმცა ჩვენი მიზანია ოთხივე სეზონზე საინტერესო მიმართულებად ვაქციოთ აჭარა, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს მეტ დასაქმებულ მოქალაქეს, უფრო მეტ შემოსავალს ბიუჯეტში და ეკონომიკის უფრო მეტ განვითარებას. თანმიმდევრული და კომპლექსური მიდგომა ზუსტად გულისხმობს მთისა და ბარის რესურსების თანაბარ ათვისებას და გამოყენებას, მეტი მოქალაქის ჩართვას ტურისტულ ბიზნესში, რომელიც თავის მხრივ მთელს მსოფლიოში არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და საინტერესო სფერო. დღეს ტურიზმი მსოფლიოსთვის არის დარგი, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, კულტურულ ურთიერთობებს, ტრანსპორტსა და ლოჯისტიკას და სხვა მნიშვნელოვანი სფეროების ერთობლიობას. ამ თვალსაზრისით ჩვენ თანამედროვე ტენდენციების და ექსპერტიზის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქ სადაც არის განვითარებული ტურიზმი, იგულისხმება, რომ არის გააზრებული ყველა თანამედროვე ტენდენცია და ჩვენი ამბიციაა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანები. ჩვენი რესურსების ანალიზი ამის სრულ შესაძლებლობას გვაძლევს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა