07.07.2025 / 08:38
გიორგი მარგველაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ნიკოლ ფაშინიანს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში მისი ბლოკის „ჩემი ნაბიჯი“ გამარჯვება მიულოცა და მას სახელმწიფოებრივი განვითარების საქმეში შთამბეჭდავი ნაბიჯი უწოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა წარმატებები უსურვა ნიკოლ ფაშინიანს იმ რეფორმების გზაზე, რომელიც სომხეთში იგეგმება და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო - სომხეთს შორის ისტორიული მეგობრობა და ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება.

„როგორც სატელეფონო საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, სომხეთში ჩატარებული არჩევნების შედეგები დადებითად აისახება სომხეთის მომავალ დემოკრატიულ განვითარებაზე.

თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა გიორგი მარგველაშვილს მადლობა გადაუხადა მილოცვისათვის და იმ პერსონალური წვლილისათვის, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა შეიტანა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების საქმეში და განაცხადა, რომ სომხეთი დიდად აფასებს საქართველოს, როგორც მეგობარი ქვეყნისა და საიმედო პარტნიორის მხარდაჭერას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს