კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგოზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, დასრულებულ პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

პროექტით გათვალისწინებული 7,3 კმ სიგრძის მონაკვეთის (ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩიდან აეროპორტის ხიდებამდე) სრული რეაბილიტაცია ახალი ბორდიურის, ტროტუარის, სანიაღვრე ქსელისა და გზის ორზოლიანი სავალი ნაწილის მოწყობას ითვალისწინებდა.

"კახეთის გზატკეცილის სათადარიგო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა, რისთვისაც მინდა, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ მადლობა გადავუხადო. მოწესრიგდა, როგორც წყლისა და წყალარინების ქსელი, ასევე, სადრენაჟო სისტემა. ფაქტობრივად, ყველაფრის რეაბილიტაცია განხორციელდა. ცენტრალური გზის მეორე მხარეს ანალოგიური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც სავარაუდოდ, იანვარში დასრულდება. უკვე მომავალი წლიდან შეგვეძლება, კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია განვახორციელოთ, რომელიც საკმაოდ მასშტაბურ სამუშაოებს მოიცავს. გზის აღნიშნული მონაკვეთი ქალაქისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რომელიც დღეს არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ინფორმაციით, კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაციის ფარგლებში, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ორ მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა, რომლის დროსაც, წყლისა და წყალარინების (საკანალიზაციო) ქსელები შეცვალა. პარალელურად, მიმდინარეობს კახეთის გზატკეცილის მარჯვენა სათადარიგო ზოლის კაპიტალური რეაბილიტაცია, მომავალ წელს კი, კახეთის გზატკეცილზე ცენტრალური გზის სავალი ნაწილის სრული განახლება იგეგმება.

აღნიშნულ სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან რვა მილიონი ლარი დაიხარჯა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ჯეუ გრუპმა“ აწარმოა.

კახეთის გზატკეცილზე თბილისის მერთან ერთად, ისნისა და სამგორის რაიონის გამგებლები კახა ლაბუჩიძე და კახა გულედანი, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, ასევე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება