ირაკლი კობახიძე- საქართველო ყოველთვის ამაყობდა სამოქალაქო საზოგადოებით, რომლის ხმაც, პოლიტიკაში ბოლო წლებია  განსაკუთრებით გაძლიერდა

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო ყოველთვის ამაყობდა საკუთარი სამოქალაქო საზოგადოებით, რომლის ხმაც, ქართულ პოლიტიკაში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით გაძლიერდა და გააქტიურდა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ყოველწლიურ, რიგით მე-10 შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი კვლავ ღია იქნება ნებისმიერი ინიციატივისათვის, კრიტიკისათვის და აქტიურად ითანამშრომლებს ქართულ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებასთან.

„ჩვენ გვწამს, რომ ჩვენი დემოკრატიის ძლიერება ამგვარ თანამშრომლობას ემყარება“,- განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის შეხვედრაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ეს უმნიშვნელოვანესი მრავალმხრივი მცდელობაა ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატიების სამოქალაქო საზოგადოებების გაძლიერების მიზნით. ეს ასევე გახლავთ უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა, მოვახდინოთ იმ თანამოაზრეთა საზოგადოების სოციალიზება, რომლებიც მოტივირებულნი არიან იმისათვის, რომ უკეთესობისკენ შეცვალონ საკუთარი ქვეყნები და საზოგადოებები, და ასევე განიხილონ ის საკითხები, რომლებიც ერთობ სასიცოცხლო მნიშვნელობისაა დღესდღეობით ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლისათვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად მიმდინარე და მწვავე პოლიტიკური დებატებისა, საქართველოში კარგადაა გაცნობიერებული სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა.

„მიუხედავად მიმდინარე და მწვავე პოლიტიკური დებატებისა, ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას და მადლობელი ვართ თქვენი აქტიური ძალისხმევისათვის, რაც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის ანგარიშვალდებულებას და გამჭვირვალობას, ადამიანის ფუნდამენტალური უფლებებისა და თავისუფლების პოპულარიზაციას, და ასევე დემოკრატიული განვითარების სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების გაძლიერებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტი ღია იყო სამოქალაქო საზოგადოების წევრებისათვის. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობა სამაგალითო იყო 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, ისევე, როგორც ღია მართველობის პარტნიორობის ინიციატივა.

„ჩვენ უდიდეს მადლიერებას გამოვხატავთ სამოქალაქო საზოგადოებისადმი მათი ჩართულობის, კრიტიკისა და პარტნიორობისათვის. ის ფაქტი, რომ ჩვენ ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას საქართველოს პარლამენტში ვმასპინძლობთ, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ეპიცენტრში, კიდევ ერთი დადასტურებაა ჩვენი მხარდაჭერისა სამოქალაქო საზოგადოებისადმი. ნება მომეცით, დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს პარლამენტი კვლავ ღია იქნება ნებისმიერი ინიციატივისათვის, კრიტიკისათვის და აქტიურად ითანამშრომლებს ქართულ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებასთან. ჩვენ გვწამს, რომ ჩვენი დემოკრატიის ძლიერება ამგვარ თანამშრომლობას ემყარება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ
„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ
ჯპს 29 წლისაა - წლის განსაკუთრებული ფასდაკლებების ფესტივალი