იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე „სამარცხვინოს“ უწოდებს პროექტს, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაზე გადაყვანას ითვალისწინებს

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე “სამარცხვინოს“ უწოდებს პარლამენტში ინიცირებულ ინიციატივას, რომლის მიხედით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირები უნდა გახდნენ.

როგორც ბარამიძე აცხადებს, “საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის მიღება ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო, რომლის შესრულების წყალობით საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მოიპოვა.

„ამ კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად, მისი მიღების მიზნებს შორის იყო “პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტის ჩამოყალიბება და მათთვის შესაბამისი გარანტიების შექმნა“, “პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება“ და “საჯარო სამსახურში მიღებისა და დაწინაურების გამჭვირვალე სისტემის ფორმირება, რაც გამორიცხავს ნეპოტიზმის, პროტექციონიზმისა და მიკერძოების ნებისმიერი ფორმის არსებობას“.

ნიშანდობლივია, რომ თავის საქმიანობას ახალი პრეზიდენტი, რომლის პრეზიდენტად გაყვანაც მმართველმა ძალამ ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ცუდად ჩატარებული არჩევნების წყალობით მოახერხა, თავის მოღვაწეობას იმით იწყებს, რომ პარლამენტის უმრავლესობის წევრების ხელით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი ამ ახალი კანონით დაწესებული რეჟიმიდან გაჰყავს. ამგვარი ნაბიჯის დასასაბუთებლად კი ინიციატორებს მხოლოდ ეს “არგუმენტი“ მოჰყავთ: - “საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურა, ადმინისტრაციის როლისა და ფუნქციების გათვალისწინებით, სრულყოფილად ვერ პასუხობს საჯარო სამსახურის კანონით შემოთავაზებულ ლოგიკას. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები რეალურად წარმოადგენენ რა საქართველოს პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის უფლებამოსილებების განხორციელებაში ხელშემწყობ პირებს, უნდა იყვნენ ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულები“. სამარცხვინო ამბავია!“, - წერს ალექსანდრე ბარამიძე “ფეისბუქის“ გვერდზე.

“საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ინიცირება პარლამენტის 10 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე მოხდა. პროექტი დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს უნდა განეხილა, თუმცა განხილვა გადაიდო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო