“ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალურმა დირექტორმა ბიზნესში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი, პაატა ლომაძე, ღონისძიებაზე სახელწოდებით -,,ბიზნეს ლიდერობა ქალთა გაძლიერებისთვის საქართველოში"- ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო . მან ქალთა გაძლიერების კუთხით ჯიპიაი ჰოლდინგში განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე, მიღწევებზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. როგორც პაატა ლომაძემ აღნიშნა, კომპანიამ ბოლო წლების მანძილზე რამდენიმე ფართომასშტაბიანი პროექტი განახორციელა, რომელიც სწორედ ქალთა გაძლიერებისკენ იყო მიმართული და ამ მიმართულებით მუშაობას კომპანია მომავალშიც ინტენსიურად აპირებს.

„მომავალი ორი წლის განმავლობაში, ამ პროექტის ორგანიზატორებთან თანამშრომლობის ფარგლებში და ზოგადად ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით დაგეგმილი გვაქვს კომპლექსური და საინტერესო ღონისძიებები, მათ შორის ცალკე მდგომი ქალი ბიზნესმენების ხელშეწყობა, რომელიც შეიძლება უშუალოდ არ იყვნენ დაკავშირებული სადაზღვევო ბიზნესთან. ვფიქრობ, მსგავსი აქტივობებით იზრდება კომპანიების ნაყოფიერება, რაც საბოლოოდ, სამუშაო ადგილების შექმნას, შემოსავლების ზრდას და ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს,“ - განაცხადა პაატა ლომაძემ.

ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაცია, სიდა და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით ჩატარდა. მას საქართველოში მოქმედი 100-ზე მეტი მსხვილი ბიზნეს კომპანიის აღმასრულებელი პირები ესწრებოდნენ. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა გენდერული თანასწორობის საკითხში ბიზნესის როლზე და საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საქმეში კერძო კომპანიების ჩართულობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

შეხვედრის დასასრულს, კომპანიების წარმომადგენლებმა, საჯარო ხელმოწერით დაადასტურეს საკუთარი მხარდაჭერა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გლობალური შეთანხმების ერთობლივი ინიციატივის - ქალთა გაძლიერების პრინციპების მიმართ (WEPs). ამჟამად აღნიშნულ საერთაშორისო ინიციატივას საქართველოში მოქმედი 26 წამყვანი ბიზნეს კომპანია უჭერს მხარს, მათ შორისაა „ჯიპიაი ჰოლდინგი“ , რომელიც პროგრამაში წლის დასაწყისიდან ჩაერთო.

***

ქალთა როლის გასაძლიერებლად 2016 და 2017 წლებში „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ მასშტაბური დასაქმების პროექტი განახორციელა, რომელმაც დასაქმების და კარიერული ზრდის საშუალება დაახლოებით 580 საშუალო და მაღალი ასაკის , სხვადასხვა სოციალური სტატუსის ადმიანს მისცა. ფორუმზე დასაქმებულთა 80% ქალია. დასაქმების პროგრამა წელსაც გრძელდება, კომპანია 150 ადამიანს დაასაქმებს.

ჯიპიაი ჰოლდინგის მიერ განხორციელებულმა დასაქმების მასშტაბურმა პროექტმა „ათწლეულის გამოწვევის ფონდის“ კონკურსში „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გაიმარჯვა და სპეციალური ჯილდო, ხოლო „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ შიდა კონკურსით საუკეთესო პროექტად დასახელდა, რომელმაც მასშტაბური გავლენა იქონია ადგილობრივ საზოგადოებაზე და „გიუნტერ გეირგის“ სახელობის საპატიო ჯილდო მიიღო.

(R)