გიორგი კახიანი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტიდან გაიწვიონ

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის გაწვევას არ გამორიცხავს.

კახიანმა “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებზე გადაყვანის საკანონმდებლო ინიციატივის მიმართ პირადად მისი პოზიცია უარყოფითია და მხარს არ უჭერს.

“არ გამოვრიცხავ პროექტის ინიციატორებმა კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღონ. პირადად მე საკითხთან დაკავშირებით პოზიტიური პოზიცია არ მაქვს და მთელი რიგი კითხვები გამაჩნია. მსგავსი პოზიცია აქვს საპარლამენტო უმრავლესობის არა ერთ წევრს. ამ თემაზე კონსენსუსი არ არსებობს! ამიტომ ვფიქრობ, რომ კანონპროექტის ინიციატორები შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა იმ რეფორმასა და პრინციპებს ეწინააღდეგება, რომელიც თავის დროზე საჯარო სამსახურში განვახორციელეთ. ჩვენ “საჯარო სამსახურის შესახებ“ ძალიან კარგი კანონმდებლობა მივიღეთ. ეს კანონი პროფესიული მოხელეების მიმართ მთელ რიგ გარანტიებს ადგენს. ეს ის რეფორმაა, რომელიც მოწონებული იყო როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო სექტორის მხრიდან. ამ კანონის მიღებასთან მნიშვნელოვანწილად იყო დაკავშირებული ვიზალიბერალიზაციის საკითხი. არ უნდა მივიღოთ არც ერთი ისეთი ცვლილება, რომელიც შეიძლება უკან დახეულ ნაბიჯად იქნას აღქმული. პარლამენტში ინიცირებულ კანონროექტთან დაკავშირებით მთელი რიგი კითხვები არსებობს. იმის გათვალისწინებით, რომ გადაწყვეტილებებს კონსენსუსის საფუძველზე ვიღებთ, ეს მაფიქრებინებს, რომ ინიციატორებიც შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ და პროექტს გაიწვევენ“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ გიორგი კახიანმა.

“საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიციატორები არიან დეპუტატები გურამ მაჭარაშვილი და რატი იონათამიშვილი.

იხილეთ ვიდეო: მმართველ გუნდში არ გამორიცხავენ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტიდან გაიწვიონ

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს