რამაზ საყვარელიძე  - თვისობრივად ახალი რეალობის ჩამოყალიბება ჩემთვის ასეთი ცხადი არაა, „ოცნება“ ჯერჯერობით ისევ ოცნებაშია, „ნაციონალებიც“ ისევ იბრძვიან წესების გარეშე

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებულ რეალობასა და მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარებზე „ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, ვინაიდან ახლა ყველაზე განხილვადი თემა პარლამენტში დეპუტატებს შორის მომხდარი ინციდენტია, ამ თემით გვინდა თქვენთან საუბრის დაწყება. ამ თემაზე უამრავი სახუმარო კომენტარი გაკეთდა, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, სახუმაროდ სულაც არ გვაქვს საქმე.

გასაგებია, რომ პარლამენტში სხვადასხვა გემოვნების პოლიტიკური ძალები არიან, ყველა მათგანს თავისი მიზნები და დღის წესრიგი აქვს, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მათ შორის კონფრონტაციის დონე რომ გაღრმავებულია, ფაქტია. გასაგებია ისიც, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული „ძალა ერთობაშია“ დამარცხებას ვერ ეგუება, მაგრამ გამარჯვებული „ოცნება“ და „პატრიოტთა ალიანსი“ რომ გამარჯვებას ღირსეულად ვერ ირგებენ, ნათლად ჩანს. თქვენ როგორ აღიქვით და შეაფასებდით პარლამენტში დაპირისპირებულ ძალებს შორის მომხდარ შეხლა-შემოხლას?

- შეხლა-შემოხლა ბევრი გვინახავს, ეგ არაა ახალი ამბავი და დიდ გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს. გაკვირვებას იწვევს ის, რომ ჩხუბი მოხდა იმ ფონზე, როცა უმრავლესობა ამბობდა - მელიამ დადგა სპექტაკლი ჩხუბის პროვოცირებისთვისო. გასაკვირია, - თუ ეს იცი, რაც პირველი არაა, რატომ არ არის გამომუშავებული გუნდური რეაქცია ჩხუბის ასაცილებლად?

ჩხუბის აცილება რომ შეიძლება ადრე ვნახეთ, როცა იმავე მელიამ გახარიას დაუწყო აწეულ ტონში ლაპარაკი. გახარიამ რეაქცია არ მისცა ამ ტონზე, თუმცა მშვიდად დააფიქსირა თავის პოზიცია და ინციდენტმა ჩაიარა გართულების გარეშე.

საკუთარ ტალახში სხვისი ამოსვრა „ნაციონალებისთვის“ მომგებიანი აღმოჩნდა. ამიტომ, ისინი იგივე სტრატეგიას გააგრძელებენ. ეს ეხება ჩხუბებსაც. უზრდელობა “ნაციონალების” პოლიტიკურ ხელწერად იყო მიჩნეული

ამ ინციდენტზე მაინც რატომ არ დაფიქრდა უმრავლესობა და იმაზე, რომ შეიძლება პროვოკაციის აცილება? რატომ არ დაფიქრდა უმრავლესობა იმაზეც, რომ ჩხუბის პროვოცირებას გარკვეული პოლიტიკური მიზანი აქვს?

პრეზიდენტის ამ არჩევნებში გამოიკვეთა „ნაცმოძრაობის“ სტრატეგია, რომ „ქართული ოცნებისთვის“ იგივე ცოდვა, იგივე იარლიყი მიეწებებინა, რაც თავად ჰქონდა მიწებებული ხალხისგან - მოძალადე, გამყალბებელი, მოღალატე და ა.შ. სარალიძის, ოქუაშვილის, ფარცხალაძის სახელებთან დაკავშირებულ საქმეებზე, ზურაბიშვილის ერთ გამონათქვამზე 2008 წლის ომთან დაკავშირებით დაიწყო აქცენტის გადატანა “ნაცმოძრაობამ.”

ამით მოხერხდა ხალხში იმ განწყობის ჩამოყალიბება, რომ „ნაციონალები“ და „ოცნება“ ორივე ერთნაირია, რასაც მოჰყვა შედეგი - მოსახლების 50% არ წავიდა არჩევნებზე პირველ ტურში და ვაშაძის ხმები გაუტოლდა ზურაბიშვილისას.

რით ვერ უნდა მიხვდეს „ოცნება“, რომ „ნაციონალების“ მიზანი არის ხალხის თვალში „ოცნების“ დაყვანა თავის დონეზე? ეს მიუხვედრელობა მაკვირვებს და არა ჩხუბი

შესაბამისად, საკუთარ ტალახში სხვისი ამოსვრა „ნაციონალებისთვის“ მომგებიანი აღმოჩნდა. ამიტომ, ისინი იგივე სტრატეგიას გააგრძელებენ. ეს ეხება ჩხუბებსაც. უზრდელობა “ნაციონალების” პოლიტიკურ ხელწერად იყო მიჩნეული. ისინი ადრეც და ახლაც ცდილობენ უზრდელობა ჩაადენინონ თავის ოპონენტებსაც და დააკარგვინონ მათ სახე.

სახის დაკარგვის გამო იყო, რომ მელიასგან მწყობრიდან გამოსულმა კვირიკაშვილმა ბოდიში მოუხადა საზოგადოებას. ახლაც სახის დაკარგვის შემდეგ მობოდიშების მაგვარი ფრაზები გაისმა, ამდენად “ნაციონალების” მიზანი მიღწეულია. რით ვერ უნდა მიხვდეს „ოცნება“, რომ „ნაციონალების“ მიზანი არის ხალხის თვალში „ოცნების“ დაყვანა თავის დონეზე? ეს მიუხვედრელობა მაკვირვებს და არა ჩხუბი.

- ამ თემაზე სოციალურ ქსელში იყო დიდი ღლიცინ-ღლიცინი. ზოგი ირმა ინაშვილს უქებდა „ვაჟკაცობას,“ ზოგი ზაზა პაპუაშვილს უქებდა მარჯვენას ნიკოლოზ მელიას რომ ზურგიდან მიეპარა და დარტყმა სცადა - ბევრს ვეცადე, მაგრამ ვერც ერთის მოქმედება ვერ მოვიწონე, - მათ შორის ვერც ნიკოლოზ მელიას მოქმედება.

ახლა „ძალა ერთობაშია“ - „ნაცმოძრაობა“ „ოცნებას“ იმას საყვედურობს, რასაც ადრე ოპოზიცია სააკაშვილსა და „ნაცმოძრაობას" საყვედურობდა. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლებისგან მკაფიო და დამაჯერებელი პასუხი არ მოგვისმენია - ჯავახეთში ვაშაძის შტაბის წევრების ცემაზე, ზუგდიდში სკოლის დირექტორის გარდაცვალებაზე, ონში ასევე ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელის დაჭრაზე, მეორე ტურში ადმინისტრაციული რესურსის აშკარად გადაჭარბებულად გამოყენებაზე, საერთაშორისო დამკვირვებლების საკმაოდ კრიტიკულ შეფასებებზე.

რამდენიც არ უნდა ამტკიცოს „ოცნებამ“, რომ არჩევნები „ნაციონალების“ მიერ აპრობირებული მეთოდიკით არ ჩაუტარებია, ფაქტები სწორედ ამაზე მეტყველებს. თქვენი დაკვირვებით, ემსგავსება თუ არა „ოცნება“ ნაცმოძრაობას“ და რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ „ოცნება“ 2010 წლის „ნაცმოძრაობას“ დაემსგავსოს?

- ახლახანს ამას მოგახსენებდით - „ნაცმოძრაობის“ სტრატეგიაა, რომ ადამიანთა გონებაში ეს მსგავსება დაფიქსირდეს. ვცადოთ, რომ არ წამოვეგოთ ამ ანკესზე. კარგად გავიხსენოთ, რას ნიშნავდა „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, გავიხსენოთ ძალადობის მისეული მასშტაბები, „ორი ტრუპის“ დაკვეთა, ციხეებში პატიმრების რაოდენობა და მათი მდგომარეობა, წართმეული ქონება, უნივერსიტეტში პროფესურის „ჩარეცხვა“ და სხვა ამგვარი. ეს ძალადობის სისტემა იყო.

„ოცნებამ“ უნდა შეძლოს დამაჯერებელი პასუხი თქვენს მიერ ჩამოთვლილ საკითხებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ დაამსგავსებენ “ნაცმოძრაობას.” ობიექტურად ეს შეიძლება არაა სწორი, მაგრამ პოლიტიკაში მთავარია ის, თუ როგორი სუბიექტური რეალობა იქმნება, რაც „ოცნებამ“ ვერაფრით ვერ გაიგო

„ოცნებაში“ ძალადობის ფრაგმენტებია, მაგრამ სისტემის ნიშნებს ვერ ვხედავ და ალბათ ვერ ხედავს ხალხიც, რადგან ხმა მისცა „ნაცმოძრაობის“ დამარცხებას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში.

სამაგიეროდ, ვხედავ „ოცნების“ ისეთ უნიათობას, რომ მას მართლაც შეიძლება ბევრი რამ მიეწეროს ისეთი, რის გაკეთებას არც აპირებს. „ოცნებამ“ უნდა შეძლოს დამაჯერებელი პასუხი თქვენს მიერ ჩამოთვლილ საკითხებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ დაამსგავსებენ “ნაცმოძრაობას.” ობიექტურად ეს შეიძლება არაა სწორი, მაგრამ პოლიტიკაში მთავარია ის, თუ როგორი სუბიექტური რეალობა იქმნება, რაც „ოცნებამ“ ვერაფრით ვერ გაიგო.

- ანუ, გაქვთ იმედი, რომ პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე ხელს არ დააფარებს ყოფილ „ნაციონალს“, ახლა „ოცნებაში" პორტირებულ მკოიანს, შსს გამოიძიებს ყველა იმ ხმაურიან შეხლა-შემოხლას, რასაც ადგილი ჰქონდა წინასაარჩევნო პერიოდში?

ასევე ზუგდიდში სკოლის დირექტორის გარდაცვალებას, რომელიც გარდაცვალებამდე აცხადებდა, რომ მას აიძულებდნენ არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ემუშავა სკოლის მთელ კოლექტივთან ერთად...

- „ოცნებას“ ბევრი რამ აქვს შესაცვლელი, ბევრი რამ აქვს გამოსაძიებელი და სათქმელი საზოგადოებისთვის. თუ იგი ამას ვერ მოახერხებს, პარლამენტის არჩევნებისთვის დიდი ქაოსის სურათი შეიქმნება.

- ფაქტია, რომ უკანასკნელი არჩევნების შემდეგ ქვეყანაში თვისობრივად ახალი პოლიტიკური რეალობა ჩამოყალიბდა. თქვენ როგორ დაახასიათებდით არჩევნების შემდეგ ჩვენში არსებულ პოლიტიკურ სურათს და იმ პოლიტიკურ რეალობას, რომელიც ქვეყანაში არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდა?

- თვისობრივად ახალი რეალობის ჩამოყალიბება ჩემთვის ასეთი ცხადი არაა. „ოცნება“ ჯერჯერობით ისევ ოცნებაშია, „ნაციონალებიც“ ისევ იბრძვიან წესების გარეშე.

ძველ სიახლედ გამოჩნდა ის, რომ საზოგადოებისთვის „ნაციონალების“ ძალადობრივი პოლიტიკა კვლავ მიუღებელია. შეიძლება სიახლე იყოს, რომ უცხოეთი არ ამართლებს სააკაშვილის რევოლუციას და აპატურაი მოიხიბლა საქართველოს პრეზიდენტით.

თვისობრივად ახალი რეალობის ჩამოყალიბება ჩემთვის ასეთი ცხადი არაა. „ოცნება“ ჯერჯერობით ისევ ოცნებაშია, „ნაციონალებიც“ ისევ იბრძვიან წესების გარეშე

კიდევ ერთ სიახლედ შეიძლება ჩაითვალოს მესამე ალტერნატივის გაჩენის დიდი მუხტი და რომ ამის ყველაზე მეტი შანსი აქვს „პატრიოტთა ალიანსს“ ხალხის მობილიზაციის გამო, თუ თავისი იმიჯი არ დააკნინა მორიგი საპარლამენტო ვაჟკაცობით. სხვა სიახლეებს მე ვერ ვამჩნევ.

- ოპოზიციის მტკიცებით, ქვეყანაში ლეგიტიმურობისა და მოქალაქეების წინაშე დემოკრატიული ანგარიშვალდებულების კრიზისია. მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებას“ პარლამენტში დეპუტატების 3/4 ჰყავს, მათი აბსოლუტური უმრავლესობა მოწყვეტილია საზოგადობასა და მის ინტერესებს.

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ პრობლემა იმაშია, მმართველი ძალა მეშვიდე წელია ვერ გარკვეულა - „ნაცმოძრაობა“ უნდა გაასამართლოს თუ ითანამშრომლოს მასთან. მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ბოლო არჩევნებმა აჩვენა, „ნაციონალებს“ ამომრჩეველთა საკმაო რაოდენობა უჭერს მხარს, შესაბამისად, მმართველ გუნდი ვალდებულიც კია, მათთან კონსტრუქციულად ითანამშრომლოს.

თქვენი აზრით, რატომ ვერ ხვდება ვერც “ოცნება“ და ვერც „ნაცმოძრაობა“, რომ მათ შორის კონფრონტაციული ურთიერთობა ქვეყნისთვის ხიფათის შემცველია და ქვეყნისთვისაც უმჯობესი იქნებოდა თუ ორივე მხარე ემოციებს დაიცხრობს და დიალოგის ენაზე გადაერთვებიან?

- არჩევნებში მხარდამჭერთა თანაფარდობა იმდენად მკვეთრად განსხვავდება მიტინგებზე მოსულების თანაფარდობისგან, რომ ვემხრობი ინაშვილის მიერ საკითხის დასმას - გამორიცხული არაა საარჩევნო მანიპულაციები „ნაციონალების“ მხრიდან, რაც უნდა იყოს გამოკვლეული.

რაც შეეხება დიალოგს, ეს ევროპული რეცეპტი მეეჭვება ახლა გამოდგეს. დიალოგის ერთ-ერთი ფორმაა კოჰაბიტაცია, რაც, შეგახსენებთ, მიუღებელია საზოგადოებისთვის, რადგან კოჰაბიტაცია „ნაციონალების“ აგრესიული პოლიტიკის აღორძინების საფუძვლად გადაიქცა.

არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორი იყოს ჩვენთან არსებული დაპირისპირების მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში განხილვა. მას სამართლებლივი ჭრილიც თუ ექნება, უფრო კარგად გამოჩნდება, თუ რა აჯობებს ქვეყნისთვის

„ნაცმოძრაობა“ მის მიერ დეკლარირებული პოლიტიკისთვის არავის გაუკრიტიკებია. მას აკრიტიკებენ იმისთვის, რომ იგი სჩადიოდა დანაშაულს. დამნაშავესთან დიალოგი იქნება ქვეყნისთვის უმჯობესი? თავად ევროპამ ასე არ ჩათვალა და თავის დროზე აკრძალა ჰიტლერის პარტია. არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორი იყოს ჩვენთან არსებული დაპირისპირების მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში განხილვა. მას სამართლებლივი ჭრილიც თუ ექნება, უფრო კარგად გამოჩნდება, თუ რა აჯობებს ქვეყნისთვის.

- 16 დეკემბერს ახლად არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება. უკვე ვიცით, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება გიორგი მარგველაშვილი, რაც უდავოდ, კარგია.

მაგრამ, ასევე ცნობილია, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს საპროტესტო აქციები გაიმართება როგორც თელავში, ისე თბილისსა და რიგ ქალაქებში. ზაალ ანჯაფარიძის აზრით - „ოპოზიციის „ნაცმოძრაობის“ ფრთა ყველანაირად შეეცდება, როგორც მინიმუმ, ინაუგურაციას ჩრდილი მიაყენონ და დააკნინონ თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ თავის მომხრეებში საპროტესტო მუხტი შეინარჩუნონ“. თქვენი დაკვირვებით, რამდენად სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს საპროტესტო აქციები თელავსა და სხვა ქალაქებში?

- ალბათ, სასიამოვნო ფაქტად ამას არავინ მიიჩნევს, მაგრამ სახიფათოდაც, ალბათ, არ ჩაითვლება. „ჩრდილიანი“ ინაუგურაციაც ინაუგურაციაა და საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, სხვათა შორის, ძალიან საინტერესო პრეზიდენტი.

ალბათ, რუსული მედია ინაუგურაციის დღეს „ნაციონალების“ საპროტესტო აქციებსაც ზურაბიშვილის კრიტიკისთვის გამოიყენებს

მან უკვე მოახერხა როგორც დასავლეთის, ასევე რუსეთის ყურადღების მიზიდვა. მისი პრეზიდენტობის, მისი ევროპული კურსის თაობაზე ხშირია შეშფოთებული რეაქციები რუსულ მედიაში. ალბათ, რუსული მედია ინაუგურაციის დღეს „ნაციონალების“ საპროტესტო აქციებსაც ზურაბიშვილის კრიტიკისთვის გამოიყენებს.

- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ „სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერით ამომრჩეველმა ბოლო შანსი მისცა „ქართულ ოცნებას,“ რომელსაც 2020 წლამდე ცაიტნოტში მოუწევს მოქმედება.“

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ „ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ ის სერიოზულად გადახედავს მმართველ გუნდში საკადრო პოლიტიკას და მნიშვნელოვან კორექტივებს შეიტანს მმართველი გუნდის საქმიანობაში. ჯერჯერობით არაფერი ამის მსგავსი არ ხდება. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა ნაბიჯებს გადადგამს მმართველი პარტია და თქვენი აზრით, „ოცნებას“ აქვს რესურსი, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მისთვის სასარგებლო რეიტინგით შეხვდეს?

- გეთანხმებით, რომ „ოცნებას“ ჯერჯერობით არ დაუწყია ივანიშვილის დანაპირების შესრულება. მე მგონი, ჯერ ადრეც არის ამის მოლოდინი.

ხელისუფლების მხრიდან დაპირებულ ცვლილებებზე დიდად ოპტიმისტურად არც ვარ განწყობილი, რადგან „ოცნებამ“ შეცდომების დაშვების დიდი ნიჭი გამოავლინა

ხელისუფლების მხრიდან დაპირებულ ცვლილებებზე დიდად ოპტიმისტურად არც ვარ განწყობილი, რადგან „ოცნებამ“ შეცდომების დაშვების დიდი ნიჭი გამოავლინა. „ოცნების“ რეიტინგის მომატების რესურსი, ობიექტურად არსებობს, მაგრამ რესურსს გამოყენება უნდა.

- ვინაიდან „ნაცმოძრაობა“ - "ძალა ერთობაშიამ“ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ აღიარა, საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთ აქტუალურ თემად რჩება მმართველ გუნდსა და მთავარ ოპოზიციურ ძალას შორის ურთიერთობების თემა.

“ნაცმოძრაობამ“ პროპორციული სისტემით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვა. ახლა ამას მთელი ოპოზიციური სპექტრის უმრავლესობა ითხოვს.

ვახტანგ ძაბირაძის აზრით, თუ საპროტესტო მუხტი მაღალი იქნა, „ოცნება“ იძულებული იქნება ანგარიში გაუწიოს „ნაციონალების“ მოთხოვნას. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ რა ფორმას მიიღებს მმართველ გუნდსა და „ნაცმოძრაობას“ შორის ურთიერთობა თუნდაც ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხში?

- სიმართლე გითხრათ, კარგად არ მესმის, ასე ჯიუტად რატომ იბრძვის ოპოზიცია პროპორციული სისტემისთვის. ადვილად შეიძლება, რომ ვცდებოდე, მაგრამ ვთვლი, რომ ოპოზიციას მანდატების მოპოვების შანსი მაჟორიტარული სისტემით უფრო აქვს, ვიდრე პროპორციული სისტემით.

ვშიშობ, რომ პროპორციული სისტემით კიდევ უფრო ერთპარტიული იქნება ჩვენი პარლამენტი. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ მმართველი პარტია დაეთანხმოს ოპოზიციის მოთხოვნას - დემოკრატიაშიც ქულა ჩაიწეროს და შედეგიც კიდევ უფრო მოირგოს სათავისოდ

უფრო მეტი შანსია, რომ „ნაციონალების“ (უფრო წვრილ პარტიებზე აღარ ვლაპარაკობ) კონკრეტულმა წარმომადგენელმა მიიღოს მხარდაჭერა, ვიდრე „ნაცმოძრაობის“ სიამ ანუ პარტიამ.

ამ არჩევნებმაც აჩვენა ეს. ხოლო, თუ პარტიას არ შეუძლია ერთი კანდიდატი გაიყვანოს, რა ლოგიკით ელოდება, რომ პარტიულ სიას გაიყვანს, გაუგებარია. ვშიშობ, რომ პროპორციული სისტემით კიდევ უფრო ერთპარტიული იქნება ჩვენი პარლამენტი. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ მმართველი პარტია დაეთანხმოს ოპოზიციის მოთხოვნას - დემოკრატიაშიც ქულას ჩაიწეროს და შედეგიც კიდევ უფრო მოირგოს სათავისოდ.

- პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის რანგში ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა გამართა კავკასიის უნივერსიტეტში, რომლის ფარგლებშიც საკმაოდ ბევრი განცხადებებიც გააკეთა.

რადგან ახლა მარგველაშვილის პრეზიდენტობის შეფასებას ბევრი ცდილობს, თქვენ როგორ შეაფასებდით გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობას და უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებებს?

- უნივერსიტეტში გაკეთებული განცხადებები დიდად არ განსხვავდება იმისგან, რასაც მარგველაშვილი ამბობდა ადრე.

მარგველაშვილს მძიმე ბედი ერგო - უნდა ჩამოეყალიბებინა პრეზიდენტის ახლებური და დამოუკიდებელი ინსტიტუტი... მთლიანობაში, გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობა, ჩემი აზრით, საქართველოსთვის დადებითი მოვლენა იყო

არჩევნების კრიტიკული შეფასების მიუხედავად მან ეჭვქვეშ არ დააყენა შედეგი, რაც ეხმიანება დასავლეთის პოზიციას. მარგველაშვილს მძიმე ბედი ერგო - უნდა ჩამოეყალიბებინა პრეზიდენტის ახლებური და დამოუკიდებელი ინსტიტუტი.

თავისი შეუპოვრობით მან ეს მოახერხა, ხშირად საკუთარი ავტორიტეტის ხარჯზეც. ამავე დროს, მან ძალიან კარგად შეუწყო ხელი საქართველოს ევროპული კურსის გამყარებას საერთაშორისო ასპარეზზე.

შიდა პოლიტიკაზე მან დიდი გავლენა ვერ მოახდინა, რადგან ზღუდავდა კონსტიტუცია, ახალგაზრდული შეცდომებისგანაც არ იყო დაზღვეული. მთლიანობაში, გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობა, ჩემის აზრით, საქართველოსთვის დადებითი მოვლენა იყო.

„ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა