ლადო პაპავა  - არჩევნებისადმი მერყევმა დამოკიდებულებამ  წყალი „ნაცების“ წისქვილზე დაასხა, დღეს სახეზეა მოძლიერებული „ნაცმოძრაობა,“ რაც „ოცნების“ პოლიტიკურ და საკადრო გადაწყვეტილებებში შეცდომების შედეგია

2018 წლის ბოლოს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობასა და 2019 წლის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პერსპექტივებზე ”ინტერპრესნიუსი” პროფესორ ლადო პაპავას ესაუბრა.

- ბატონო ლადო, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში შედგა. ინაუგურაცია ოპოზიციის ხმაურიანი საპროტესტო აქციების ფონზე გაიმართა. ოპოზიცია იმაზე ამახვილებდა ყურადღებას, რომ სტუმრებს შორის არათუ წამყვანი ქვეყნის, არამედ მეზობელი ქვეყნების პრეზიდენტები არ იყვნენ. თქვენ როგორ შეაფასებდით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას და იმ პროცესებს, რომელიც მას თან ახლდა?

- უწინარეს ყოვლისა ქალბატონ სალომეს ვულოცავ საქართველოს პრეზიდენტად გახდომას და ვუსურვებ წარმატებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!

საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ფიცი უშუალოდ პარლამენტში დადო და ამით მისი გაპრეზიდენტების მნიშვნელობა სულაც არ ყოფილა დაკნინებული. შემდეგმა პრეზიდენტებმა ფიცის დადება ინაუგურაციის ფორმატში განახორციელეს.

„ნაციონალური“ ოპოზიციის ერთადერთი მიზანია არეულობის მოწყობა ყველგან იქ, სადაც გამოუვა - პარლამენტში, ინაუგურაციასა და მთლიანად ქვეყანაში... ამიტომ მთავრობის უმთავრესი ამოცანაა არ დაუშვას შეცდომა

მე მქონდა შესაძლებლობა უშუალოდ დავსწრებოდი პრეზიდენტების ედუარდ შევარდნაძის, მიხეილ სააკაშვილის და გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის პროცესებს. ვფიქრობ, უფლებაშეზღუდული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადება პარლამენტში უფრო გამართლებული იქნებოდა.

ის, რომ ინაუგურაცია საპროტესტო აქციების ფონზე გაიმართებოდა, წინასწარ იყო ცნობილი. „ნაციონალური“ ოპოზიციის ერთადერთი მიზანია არეულობის მოწყობა ყველგან იქ, სადაც გამოუვა - პარლამენტში, ინაუგურაციასა და მთლიანად ქვეყანაში. ამიტომ მთავრობის უმთავრესი ამოცანაა არ დაუშვას შეცდომა, არ აჰყვეს ნებისმიერ პროვოკაციას. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა მეტი საპატიო სტუმარი ჩამოსულიყო...

- ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ ვითარებასა და პრობლემებზე „ინტერპრესნიუსს“ თქვენთან ბევრჯერ უსაუბრია, მაგრამ რადგან 2018 წელი სრულდება, ამჯერადაც გვინდა თქვენთან ამ თემაზე საუბარი. ვიდრე ეკონომიკურ თემებზე ვიმსჯელებთ, ჩვენი ფორმატიდან გამომდინარე ფაქტია, რომ პოლიტიკურ თემებს გვერდს ვერ ავუვლით. თქვენ როგორ შეაფასებდით, „ქართული ოცნების“ მეექვსე წელს და 2018 წლის ბოლოს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას?

- სამწუხაროდ, პოლიტიკური სიტუაცია საკამოდ დაძაბული აღმოჩნდა განსაკუთრებით 2018 წლის ბოლოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში. ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი თავიდანვე ვერ ჩამოყალიბდა საპრეზიდენტო პოსტთან და კანდიდატთან დაკავშირებით. თავიდან ამ პოსტის ოპოზიციისთვის დათმობასაც კი აპირებდა, რადგანაც პრეზიდენტის უფლებები ახალი კონსტიტუციით საკმაოდ შეზღუდულია.

საპრეზიდენტო არჩევნებისადმი თავიდანვე მერყევმა, ჩამოუყალიბებელმა დამოკიდებულებამ საბოლოო ჯამში წყალი „ნაცების" წისქვილზე დაასხა და დღეს უკვე სახეზეა მოძლიერებული „ნაცმოძრაობა,“ რაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ და საკადრო გადაწყვეტილებებში შეცდომების შედეგია

„ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაც პირველ ტურში ფორმალური იყო, ხოლო ამ ტურის სავალალო შედეგებმა „მეოცნებეთა“ პარტია აქცია უკვე არა დამოუკიდებელი, არამედ მისი უშუალო კანდიდატის ძლიერ მხარდამჭერად.

საპრეზიდენტო არჩევნებისადმი თავიდანვე მერყევმა, ჩამოუყალიბებელმა დამოკიდებულებამ საბოლოო ჯამში წყალი „ნაცების“ წისქვილზე დაასხა და დღეს უკვე სახეზეა მოძლიერებული „ნაციონალური მოძრაობა,“ რაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ და საკადრო გადაწყვეტილებებში შეცდომების შედეგია.

„ოცნებამ“ თავის დროზე არათუ არ მისცა „ნაცების“ ცხრაწლიან დანაშაულებრივ მმართველობას პოლიტიკური შეფასება და სათანადო სამართლებრივი რეაგირება, არამედ „ნაცების“ გუნდის ზოგიერთი წევრის ქოცების გუნდში პორტირებასაც კი შეუწყო ხელი.

- აღარავინ დავობს, რომ 2018 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა საპრეზიდენტო არჩევნები იყო. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულმა პერიპეტიებმა ნათლად დაგვანახა, რომ ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში დღის წესრიგის უმთავრესი საკითხები იქნება არა მხოლოდ ახლად არჩეული პრეზიდენტის ურთიერთობა თავის კონკურენტებთან არამედ ის, თუ როგორი ურთიერთობა ექნება „ქართულ ოცნებას“ იმ პოლიტიკურ ძალასთან, მხედველობაში მაქვს „ძალა ერთობაშია“- "ნაცმოძრაობა“, რომელმაც ბოლო არჩევნებზე ქვეყნის მოქალაქეთა საკმაოდ ბევრი ხმა მიიღო.

თქვენი დაკვირვებით, შიდა პოლიტიკაში რა ტენდენციები დაგვანახა 2018 საპრეზიდენტო არჩევნებმა და სავარაუდოდ, რა გაგრძელება ექნება იმ ტენდენციებს, რაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა მოცემულობად აქცია?

- ის, რაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოხდება ქართულ პოლიტიკაში ნაკარნახები იქნება მხოლოდ და მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად.

ის, რაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოხდება, ქართულ პოლიტიკაში ნაკარნახები იქნება მხოლოდ და მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად

გამორიცხული არ არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც, თუმცა ეს არ მოხდება, თუ მთავრობა არ დაუშვებს შეცდომებს და არ გაებმება ნაცების მიერ დაგებულ პროვოკაციულ მახეში.

2018 წელი მთავრდება იმის აშკარა დაფიქსირებით, რომ საზოგადოებრივი დაკვეთაა ქართულ პოლიტიკაში მესამე ძალის გაჩენა.

2019 წელს ველი როგორც არსებული პოლიტიკური პარტიების გააქტიურებას, ისე ახალი პოლიტიკური პარტიების გაჩენასაც.

2018 წელი მთავრდება იმის აშკარა დაფიქსირებით, რომ საზოგადოებრივი დაკვეთაა ქართულ პოლიტიკაში მესამე ძალის გაჩენა

ეს კი პოლიტიკური ცხოვრების მრავალფეროვნებისთვის სულაც არ იქნება ურიგო.

- ვიდრე თქვენ ეკონომიკურ საკითხებზე სასაუბროდ დაგიკავშირდებოდით, საკმაოდ საინტერესო სტატისტიკა მოვიძიე. ამას წინათ პრესისთვის ცნობილი გახდა ეკონომიკის შესახებ სამწუხარო სტატისტიკა. საქართველოს ბიუჯეტის ფორმირება ძირითადად, დაახლოებით 300 ბიზნესსუბიექტის ხარჯზე ხდება. მათ შორის ლიდერობს 50 მსხვილი კომპანია ვაჭრობისა და აზარტული სფეროდან.

ყველაზე მსხვილ 50 კომპანიას შორის მხოლოდ 8 მწარმოებელია, 10 ყველაზე მსხვილ კომპანიას შორის მხოლოდ ერთია მწარმოებელი, 3 ტოტალიზატორი, დანარჩენი იმპორტიორია.

გამოდის, ყველაზე მეტად დამსაქმებელი კომპანიები შემოტანილი ნაწარმისა თუ საქონლის გამყიდველები არაინ, ქვეყანაში ბევრი არც არაფერი იქმნება, რაც იწვევს უმუშევრობასა და ქვეყნიდან ვალუტის გადინებას. რა დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა ეს სტატისტიკა?

- ეს არის მცდარი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. იმის ნაცვლად, რომ მთავრობა ხელს უწყობდეს ეკონომიკის რეალური სექტორის ანუ ეკონომიკის მწარმოებლური დარგების განვითარებას, ის აქცენტს აკეთებდა საბანკო-საფინანსო სექტორის, რესტორნების, სასტუმროებისა და ზოგადად ტურიზმის განვითარებაზე. ამ ეკონომიკურ პოლიტიკას საფუძველი „ნაცების“ მმართველობისას ჩაეყარა და სამწუხაროდ, „ოცნებამ“ ის არ შეცვალა.

ეკონომიკაში არსებული ვითარება არის მცდარი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. იმის ნაცვლად, რომ მთავრობა ხელს უწყობდეს ეკონომიკის რეალური სექტორის ანუ ეკონომიკის მწარმოებლური დარგების განვითარებას, ის აქცენტს აკეთებდა საბანკო-საფინანსო სექტორის, რესტორნების, სასტუმროებისა და ზოგადად ტურიზმის განვითარებაზე

ბატონი ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობისას გაჩნდა იმედი, რომ ეს ეკონომიკური პოლიტიკა შეიცვლებოდა, როცა მისი ინიციატივით საქართველოს მთავრობაში ქართველი და უცხოელი ეკონომისტების ფართო ჩართულობით მომზადდა საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგია - „საქართველო-2020“.

ეს დოკუმენტი დაამტკიცა მთავრობამ, რომელსაც უკვე ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა, თუმცა მისმა შემცვლელმა გიორგი კვირიკაშვილმა ეს დოკუმენტი გვერდზე გადადო და გააგრძელა ნაცების დროინდელი ეკონომიკური პოლიტიკა...

- საქართველოში რეგისტრირებულია 709 729 ბიზნესსუბიექტი, რომელთა შორის აქტიურია მხოლოდ 184 660, მათ შორის კი 180 437 კერძო პირია.

2018 წლის მე-3 კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა და გამომუშავებულმა პროდუქციამ შეადგინა 21,8 მილიარდი ლარი, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17,3%-ით მეტია. შესაბამისად 6,6%-ით გაიზარდა გამომუშავებული პროდუქციის მაჩვენებელი და მიაღწია 10,7 მილიარ ლარს. აღსანიშნავია, რომ ამ მოცემულობას ქმნის მსხვილი ბიზნესის 44,3%, საშუალო ბიზნესის 23,6% და მცირე ბიზნესის 32,1%.

სტატისტიკით, ეკონომიკური ზრდა კი ფიქსირდება, მაგრამ ფაქტია, რომ ბიზნესსუბიექტების მხოლოდ მესამედზე ნაკლებია აქტიური. თქვენ როგორ შეაფასებდით, ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდას და თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ ბიზნესსუბიექტების მხოლოდ მესამედზე ნაკლებია აქტიური?

- ეკონომიკური ზრდა სტატისტიკურად ფიქსირდება მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის დონის ზრდით. მის ზრდაში კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საფინანსო სექტორი და რესტორნებისა და სასტუმროების მომსახურება.

რაც შეეხება ბიზნესსუბიექტებს, მათი რეგისტრირება ჯერ კიდევ „ნაცების“ მმართველობისას არსებითად გამარტივდა, რაც ძალიან კარგია, თუმცა უმოქმედო ბიზნესსუბიექტების ბაზრიდან გასვლა პრაქტიკულად იმდენადაა გართულებული, რომ ისინი ამჯობინებენ საქმიანობის შეჩერების რეჟიმზე გადასვლას.

რა თქმა უნდა, ეს საკითხი მოითხოვს აუცილებელ გადაწყვეტას, რათა უმოქმედო ბიზნესსუბიექტს ისევე ადვილად შეეძლოს იურიდიული სტატუსის გაუქმება, როგორც ამ სტატუსის მოპოვება.

- ეკონომიკაზე საუბრისას პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი 4-პუნქტიან გეგმაზე ამახვილებდა ყურადღებას. ქვეყანაში უმუშევრობის დონე და სავალალო ფინანსური მდგომარეობა, - მხედველობაში მაქვს ლარის გაუფასურება, - ხელისუფლებას უბიძგებს იმისკენ, რომ კორექტივები შეიტანოს თავის ეკონომიკურ პოლიტიკაში.

რამდენად შეიძლება გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მმართველი გუნდი სერიოზულ კორექტივებს შეიტანს თავის ეკონომიკურ პოლიტიკაში და გარდატეხას მოახდენს იმ სამარცხვინო ტენდენციების დაძლევაში, რაც დღეისათვის რეალურად არსებობს?

- სამედიცინო განათლების და მენეჯერული გამოცდილების მქონე გიორგი კვირიკაშვილს არ ესმოდა ეკონომიკის, ამიტომაც ზემოხსენებული სერიოზული ეკონომიკური დოკუმენტი „საქართველო-2020“ ჩაანაცვლა პრიმიტიული ოთხპუნქტიანი გეგმით. ფაქტია, რომ მისი პრემიერ-მინისტრობა ქვეყნისთვის, მისი ეკონომიკისთვის იყო საზიანო.

მეორე ტურის წინ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას მისცა დაპირება, რომ ერთ წელიწადში სიტუაციას გამოასწორებს. ერთ წელიწადში ეკონომიკას ვერ უშველი, თუმცა ეს ერთი წელი სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ეკონომიკაში სასიკეთო ძვრები გამოიკვეთოს

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას მისცა დაპირება, რომ ერთ წელიწადში სიტუაციას გამოასწორებს. ერთ წელიწადში ეკონომიკას ვერ უშველი, თუმცა ეს ერთი წელი სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ეკონომიკაში სასიკეთო ძვრები გამოიკვეთოს.

ეს კი შესაძლებელი გახდება პრინციპულად ახალი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებისას, რომლის მიზანიც იქნება ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის შექმნა და ეკონომიკის ინდუსტრიალიზაცია. ამგვარმა პოლიტიკამ კი შესაძლოა ზოგიერთი საკადრო ცვლილებაც და საპარლამენტო თანამდებობებზე გადაადგილებებიც გამოიწვიოს.

- კარგა ხანია ჩვენი ეკონომიკის პრობლემა იმაშია, რომ სამომხმარებლო კალათის 80-70% შემოტანილ საქონელზე მოდის. თქვენი დაკვირვებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში რამდენად შეიცვალა ამ თვალსაზრისით ვითარება? თუ შეიცვალა, რის ხარჯზე?

- საგარეო სავაჭრო ბალანსის ეს სიმახინჯე, როცა იმპორტი რამდენჯერმე აღემატება ექსპორტს უკვე დიდი ხანია, რაც ჩამოყალიბდა. არც „ნაცმოძრაობას" და არც „ქართულ ოცნებას“ არ გაუტარებიათ ისეთი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ამ სიტუაციას არსებითად შეცვლიდა.

უკვე დიდია ხანია იმპორტი რამდენჯერმე აღემატება ექსპორტს... არც „ნაცმოძრაობას“ და არც „ოცნებას“ არ გაუტარებიათ ისეთი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ამ სიტუაციას არსებითად შეცვლიდა

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ექსპორტის ზრდის ტემპი მცირედით აღემატება იმპორტის ზრდის ტემპს, თუმცა ეს პრინციპულად ვერ ცვლის მკვეთრად უარყოფითი სავაჭრო ბალანსის არასახარბიელო სურათს.

- რამდენად წარმატებული და ეფექტიანია მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტი „აწარმოე საქართველოში"? შეგიძლიათ დაასახელოთ მისი ეფექტურობის ყველაზე ხელშესახები მაგალითი?

- პროექტი „აწარმოე საქართველოში“ თავისი იდეით ძალიან კარგია, მაგრამ მისი მასშტაბი იმდენად მცირეა, რომ მას არსებითი ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, სამწუხაროდ, არ აქვს.

- რადგან წელი მთავრდება, უნდა გკითხოთ - რას მიიჩნევდით 2018 წელს მთავრობის ყველაზე წარმატებულ და წარუმატებელ ეკონომიკურ პროექტებად?

- 2018-მა წელმა უმთავრესად თავი დაგვამახსოვრა ორი რამით: წლის ბოლოს მოსახლეობისთვის უიმედო ვალების განულებით და არშემდგარი კანონპროექტით, რომლის თანახმადაც საქართველოში უნდა დაწყებულიყო სამედიცინო დანიშნულების მარიხუანის საექსპორტოდ წარმოება.

დიდი მადლობა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მთლიანად ქართულ საზოგადოებას, რომელმაც აიძულა საქართველოს მთავრობა საპრეზიდენტო არჩევნების რთული ფონის გათვალისწინებით პარლამენტიდან გაეწვია ხსენებული კანონპროეტი.

2018-მა წელმა უმთავრესად თავი დაგვამახსოვრა ორი რამით: წლის ბოლოს მოსახლეობისთვის უიმედო ვალების განულებით და არშემდგარი კანონპროექტით, რომლის თანახმადაც საქართველოში უნდა დაწყებულიყო სამედიცინო დანიშნულების მარიხუანის საექსპორტოდ წარმოება

2018 წელმა ასევე თავი დაგვამახსოვრა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული ორი, ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებით, რომელთაგან ერთი ისევ და ისევ მარიხუანის მოხმარებას ეხება, ხოლო მეორე კი სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე მიყიდვის სამთავრობო მარატორიუმის გაუქმებას ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე 9 დღით ადრე, რამაც გააჩინა საკანონმდებლო ხვრელი საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებისთვის.

დაბოლოს, 2018 წელს ვაცილებთ პურზე გაძვირებული ფასით. უკვე რამდენიმე წელია სოფლის მეურნეობის აკადემიის აკადემიკოსი, ბატონი პაატა კოღუაშვილი ითხოვს მთავრობისგან მარცვლეულის წარმოების სუბსიდირებას, ეს გაზრდიდა ქართულ ბაზარზე საქართველოში წარმოებული ხორბლის მიწოდებას, რაც შეამცირებდა საგარეო ფაქტორების შესაძლო უარყოფით ზეგავლენას. სამწუხაროდ, ბატონი პაატას ეს შეთავაზება საქართველოს მთავრობამ არ გაიზიარა და სახეზეა გაძვირებული პური...

- ოპოზიცია მთავრობას იმას საყვედურობს, რომ მას წლის ბოლომდე გაუხარჯავი რჩება 2-3 მილიარდი ლარი და გაუგებარია 2 კვირაში ამ თანხას როგორ აითვისებს, მაშინ როცა ამ თანხით უამრავი კარგი საქმის გაკეთება შეიძლებოდა. თქვენი აზრით, რატომ ვერ შეძლო 2018 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული 2-3 მილიარდი ლარის დახარჯვა? რა უნდა ვიფიქროთ, შარშანდელი ბიუჯეტი იყო არასწორად დაგეგმილი თუ მთავრობამ ჩააგდო გარკვეულ სფეროებში საქმეების კეთება?

- სამწუხაროდ, ეს თემა სულაც არ არის ახალი, რადგანაც მთავრობა უკვე წლებია ვერ ახერხებს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ათვისებას.

მთავრობა უკვე წლებია ვერ ახერხებს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ათვისებას... ამ კონტექსტში აუცილებელია საბოლოო სინათლე იქნას შეტანილი იმ 700 მლნ ლარის „გაქრობასთან“ დაკავშირებით, რაც თავად „ქართული ოცნების“ ლიდერებმა საჯაროდ დააფიქსირეს

ამ კონტექსტში აუცილებელია საბოლოო სინათლე იქნას შეტანილი იმ 700 მლნ ლარის „გაქრობასთან“ დაკავშირებით, რაც თავად „ქართული ოცნების“ ლიდერებმა საჯაროდ დააფიქსირეს. თუმცა, გამოძიება დღემდე არაფერს გვეუბნება...

- პარლამენტმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. თქვენ როგორ შეაფასებდით 2019 წლის ბიუჯეტის პარამეტრებს? თქვენი დაკვირვებით, რამდენად იქნება 2019 წლის ბიუჯეტი ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებაზე, რასაც ასე საჭიროებს ქვეყანა?

ახალი ეკონომიკური ხედვა ჯერჯერობით მთავრობას არ ჩამოუყალიბებია და აქედან გამომდინარე, ის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშიც ვერ აისახებოდა

- 2019 წლის ბიუჯეტის პარამეტრები არის იმ ეკონომიკური პოლიტიკის ადეკვატური, რის გაგრძელებასაც მოქმედი მთავრობა აპირებს 2019 წელს რომ გაატაროს.

მასში ასახულია ზომიერი ეკონომიკური ზრდა, თუმცა რამე ახალი ეკონომიკური ხედვა ჯერჯერობით მთავრობას არ ჩამოუყალიბებია და აქედან გამომდინარე, ის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშიც ვერ აისახებოდა.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა