ქართული პრესის მიმოხილვა 17.12.2018

მამუკა არეშიძე - “ზურაბიშვილისა და “ოცნების” კონფლიქტს არ გამოვრიცხავ, მაგრამ...”

დაუნდობელი მუშტი-კრივი და მშვიდი ინაუგურაცია

ნოდარ ხარშილაძე - “არა მგონია, ბიძინა ივანიშვილმა მმართველობითი სისტემა შეცვალოს”

უკრაინის მიტროპოლიტი აირჩიეს, ავტოკეფალია ოფიციალურად 6 იანვარს გამოცხადდება

* * *

მამუკა არეშიძე - “ზურაბიშვილისა და “ოცნების” კონფლიქტს არ გამოვრიცხავ, მაგრამ...”

“ბევრი ჩასაფრებული თვალი უყურებს ახალ პრეზიდენტს, მაგრამ მეეჭვება, ვინმეს მოეხერხებინა რაიმე უარყოფითი მხარის დანახვა. რაც შეეხება პრეზიდენტის სიტყვას, მრავალმხრივი და საინტერესო იყო. მან რამდენჯერმე აღნიშნა, რა მნიშვნელოვანია სახელმწიფოს წინსვლისთვის ერის ერთიანობა და რომ ის ეცდება, იყოს ყველას პრეზიდენტი. მნიშვნელოვანი იყო ემიგრაციისადმი მიმართვა, იმაზე ყურადღების გამახვილება, რომ ის არის პირველი ემიგრანტების ნაკადიდან და პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავზე მან მართლაც შეკრა წრე, რითაც კვლავ მოხდა იმ ანტიიმპერიული განწყობების დემონსტრირება, რაც ემიგრაციის პირველ ტალღას ჰქონდა და რომლის წიაღშიც გაზრდილია სალომე ზურაბიშვილი”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ზურაბიშვილისა და “ოცნების” კონფლიქტს არ გამოვრიცხავ, მაგრამ...” / “გაზაფხულზე ახალი საპროტესტო ტალღის აგორებას ეცდებიან. იქნება თუ არა ეს პროტესტი პოლიტიკურად შედეგიანი, “ქართულ ოცნებაზე” იქნება დამოკიდებული” / “ბიძინა ივანიშვილს ახასიათებს ერთი თვისება - ის ზოგჯერ ძალიან მკაცრია წესრიგის დამრღვევი თანამებრძოლების მიმართ, რაც მათთვის მძიმედ მთავრდება ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ უცნაურად იცის წაყრუება”.

“ზურაბიშვილს რუსული პოლიტიკის მიუღებლობა, შეიძლება ითქვას, აკვნიდან დაჰყვა. ის იყო კორექტული რუსეთთან დაკავშირებით, მაგრამ რაც სათქმელი იყო, თქვა. სწორად იყო შერჩეული შეიარაღებული ძალებისადმი მიმართვის ფორმა, ასევე - ვეტერანებთან დაკავშირებული სათქმელი. მის მიერ დასმული გეოპოლიტიკური აქცენტებიც უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით კი მისი განცხადება კავკასიასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ საქართველო უნდა იქცეს კავკასიის ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ ცენტრად. ეს არის საქართველოს ფუნქციის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ეს იყო საინტერესო გზავნილი როგორც შიდა, ისე გარე მოხმარებისთვის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამიკა არეშიძე.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” გზიდანვე დაიწყო ვითარების გამწვავება. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას რომ აქციის მონაწილეები თავს დასხმოდნენ პოლიციელთა მანქანებს, მინები ჩაემსხვრიათ ავტობუსებისთვის, ქვები დაეშინათ სამართალდამცავებისთვის, ციხეში ჩაყრას არ აკმარებდნენ, ძვლებს დაულეწავდნენ... ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობა” მხოლოდ პროცესების ესკალაციას ცდილობს - რაც მეტად დაუთმობენ, უფრო მეტს გააკეთებენ. ძალიან მძიმე განცხადებები მოვისმინეთ ნიკა მელიასა თუ გრიგოლ ვაშაძისგან - ხელისუფლების დამხობისკენ იყო მოწოდებები. ინაუგურაციის წინ სააკაშვილმა მათ მისცა დავალება - ვითარების უკიდურესად გამწვავება. ამიტომაც არ მიიღო ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალამ ამ აქციაში მონაწილეობა. რადიკალიზმი და აგრესია მათი დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა. ისინი ცდილობენ, უფრო გააღრმაონ საზოგადოებაში გაჩენილი ბზარები და მუდმივი დესტრუქციის პირობებში გვაცხოვრონ. გაზაფხულზე ახალი საპროტესტო ტალღის აგორებას ეცდებიან. იქნება თუ არა ეს პროტესტი პოლიტიკურად შედეგიანი, "ქართულ ოცნებაზე" იქნება დამოკიდებული”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მარგველაშვილის პრეზიდენტობის ფინალი განსხვავებულია დამოუკიდებელი საქართველოს სხვა პრეზიდენტების ფინალისგან... ის არის პრეზიდენტი, რომელიც დაესწრო ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას. მარგველაშვილი ცდილობდა, მართლაც ყველას პრეზიდენტი ყოფილიყო, თუმცა პოლიტიკური გამოუცდელობისა თუ მართვის ბერკეტების არქონის გამო ძალიან ბევრი შეცდომაც დაუშვა, რამაც მისი პრეზიდენტობის პერიოდის უფერულობა განაპირობა. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ის მიზანმიმართულად, ხელოვნურადაც კი ართულებდა ურთიერთობას ხელისუფლების სხვა შტოებთან, თუმცა ობიექტურობა მოითხოვს, ითქვას, რომ ამ თვალსაზრისით “ქართული ოცნების” ხელისუფლებაც გვარიანად სცოდავდა... განსაკუთრებული გარღვევა, ისეთი ნაბიჯები, რაც შთამომავლობას დარჩება, მარგველაშვილს არ ჰქონია, თუმცა მარგველაშვილს პიროვნული თვისებები, განათლება, კულტურა მართლაც გამოარჩევს, მაგრამ შედეგიანი პოლიტიკური მოღვაწეობისთვის მარტო ეს არ აღმოჩნდა საკმარისი”, - მიიჩნევს ექსპერტი და შეკითხვაზე - “არაერთი ექსპერტი აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილს, შესაძლოა, მარგველაშვილზე მეტი პრობლემა შეუქმნას. მოახერხებს კი ის, იყოს მართლაც დამოუკიდებელი პრეზიდენტი?” - პასუხობს:

“ჩემი აზრით, მოახერხებს. მეტიც, შეიძლება ზოგ შემთხვევაში ზედმეტად დამოუკიდებელიც კი იყოს. მისი პრეზიდენტობისგან უპირველესად იმას ველი, რაც ასე აკლდა მარგველაშვილს, ანუ არაორდინარული ნაბიჯების გადადგმას, რაც ვითარებას შეცვლის. იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტის უფლებები უკიდურესად შეზღუდულია, მას აქვს საშუალება, საგარეო მიმართულებით იყოს აქტიური და გამოიჩინოს ინიციატივა, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეეხება. სალომეს მსგავსი დიპლომატიური გამოცდილება საქართველოში ბევრს არა აქვს... სალომე ზურაბიშვილის კავშირებისა და გამოცდილების გამოყენებამ, ვფიქრობ, მისი პრეზიდენტობისას ბევრი დადებითი შედეგი უნდა მოიტანოს. რაც შეეხება კონფრონტაციას “ქართულ ოცნებასთან”, ამგვარ კონფლიქტებს არ გამოვრიცხავ, მაგრამ იმედი მაქვს, ეს იქნება საქმიანი ურთიერთობის თანამდევი და არ იქცევა მიზანმიმართულ პროცესად, რომელიც ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს”.

ბიძინა ივანიშვილს ახასიათებს ერთი თვისება - ის ზოგჯერ ძალიან მკაცრია წესრიგის დამრღვევი თანამებრძოლების მიმართ, რაც მათთვის მძიმედ მთავრდება ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ უცნაურად იცის წაყრუება.. ის, რომ საკადრო ცვლილებები იგეგმება, ცნობილია. თუმცა მთავარი მაინც სისტემური ცვლილებებია, მაგალითად, თვითმმართველობასთან დაკავშირებული მიდგომები თუ არ შეიცვალა, არაფერს ექნება აზრი, ერთი კორუმპირებული უსაქმური წავა და მის ადგილას სხვა მოვა. დღეს რეგიონებში კატასტროფული ვითარებაა როგორც ადმინისტრაციული მართვის, ასევე “ქართული ოცნების” პარტიული სტრუქტურის თვალსაზრისით. ვხედავთ გუბერნატორებს, რომელთაც ლამის სრულად დაკარგეს ფუნქცია, აღარც აინტერესებთ საქმის კეთება... გვყავს მუნიციპალიტეტების მერები, რომელთაც საკუთარ მუნიციპალიტეტებში ხალხი არ იცნობს... რეგიონებში გამეფებულ კორუფციაზე აღარაფერს ვამბობ. რაც შეეხება მმართველ პარტიას, უსაქმურებთან ერთად, ძალიან დიდ პრობლემას ქმნიან პორტირებული წევრები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ არიან “ქართულ ოცნებაში”, რომ როგორმე ხვალინდელი დღე გაიუმჯობესონ და არა იმიტომ, რომ საზოგადოებას ემსახურონ. ეს პრობლემა პირველი ტურის შემდეგ, წესით, კარგად დაინახა “ქართულმა ოცნებამ”, დაინახა ცვლილებების აუცილებლობაც, მაგრამ ჩემდა გასაოცრად, ჯერჯერობით არ ჩქარობენ, არადა, საზოგადოება მნიშვნელოვან ნაბიჯებს ელის”, - დაასკვნის მამუკა არეშიძე.

“დეკემბრის ბოლოს კონტურები მაინც უნდა გამოჩნდეს თუ რა მიმართულებით გეგმავს ივანიშვილი სიახლეებს როგორც საკადრო, ისე ინსტიტუციური თვალსაზრისით. “ქართულ ოცნებას” ბევრი დრო არ დარჩა, ფაქტობრივად, კარს არის მომდგარი 2020 წლის არჩევნები და იმედია, ხვდებიან, რომ დროის დაკარგვის ფუფუნება აღარ აქვთ. ჩემი ინფორმაციით, გუნდში რამდენიმე საკადრო ცვლილება უკვე გადაწყვეტილია, მათ შორის - რამდენიმე მინისტრისა და გუბერნატორის. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ბახტაძის გახარიათი ჩანაცვლების თაობაზე, თუმცა ეს სრულიად ალოგიკური მგონია. ბახტაძეს ბევრი გეგმა აქვს და მას აუცილებლად უნდა დააცადონ... ბარემ აქვე ვიტყვი - ბოლო ხანს მაია ცქიტიშვილს საყვედურობენ, რომ თურმე თავის საქმეს ვერ აუდის, მაგრამ ეს ურთულესი უწყებაა, ეს არის სამინისტრო-მონსტრი, რომელში გაერთიანებულია ორი ურთულესი მიმართულება - ინფრასტრუქტურა და ადგილობრივი მმართველობა. ვერ აუვა ამ ყველაფერს ერთი ადამიანი, მით უფრო შესყიდვების ისეთი წესის ფონზე, როგორიც ჩვენ გვაქვს. ეს ტენდერები იქცა კორუფციის ბუდედ, თანაც გადაწყვეტილების მიღებისას ყოვლად მოუქნელია. მაია ცქიტიშვილის წინამორბედის კი არა, იმის წინამორბედისას დაწყებული პროექტებია შეჩერებული, ზოგ შემთხვევაში ტექნიკური მიზეზით, ზოგჯერაც - მოუქნელი კანონის გამო. ვურჩევდი ხელისუფლებას, გადახედოს შესყიდვების კანონს. შეიძლება ნემსის შესყიდვის გამო თვეობით გრძელდებოდეს ტენდერები?!”, - დასძენს არეშიძე.

დაუნდობელი მუშტი-კრივი და მშვიდი ინაუგურაცია

“საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი უკვე ოფიციალურად სალომე ზურაბიშვილია. ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში, ჩატარდა. მთელი დღის განმავლობაში პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად სიტუაცია კახეთში უკიდურესად დაძაბული იყო. გაერთიანებული ოპოზიციის კოლონა, რომელიც თელავში აქციის ჩასატარებლად მიემართებოდა, გომბორის გზაზე არ გაუშვეს. ამის შემდეგ მათ გურჯანიის გავლით გადაწყვიტეს წასვლა, თუმცა სოფელ ველისციხესთან პოლიციის კოლონამ გზა გადაუღობა და ამიტომაც გურჯაანიდან თელავის მიმართულებით გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს. პოლიციამ გზის გადაკეტვის მოტივად მოძრაობის გადატვირთვა დაასახელა. მათი განცხადებით, ოპოზიციას ყვარლის შემოვლითი გზით სარგებლობა შესთავაზეს, მაგრამ აქციის მონაწილეებმა ამაზე თავად თქვეს უარი. რამდენიმე საათის განმავლობაში ადგილზე სიტუაცია საკმაოდ დაძაბული იყო. დაპირისპირება სამართალდამცავებსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის მოხდა. პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად ოპოზიცია თელავში აქციის გამართვას გეგმავდა, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. აქციის გამართვის შესახებ ინფორმაცია მათ რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით დაუნდობელი მუშტი-კრივი და მშვიდი ინაუგურაცია.

“ამის საპასუხოდ “ნაციონალური მოძრაობის” თელავის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა უშუალოდ თელავში ერეკლე მეფის სასახლისაკენ მიმავალი გზები გადაკეტეს და ცდილობდნენ, ინაუგურაციაზე მიმავალი სტუმრები არ გაეტარებინათ. ველისციხესთან დეპუტატ ნიკა მელიასა და საპატრულო პოლიციის უფროსს შორის სიტყვიერი შელაპარაკებაც მოხდა. დაპირისპირების გამო აქციის მონაწილე ქალბატონი შეუძლოდ გახდა. ნაცემია აქციის ერთი მონაწილე. მისი თქმით, მოულოდნელად უცნობი პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინაუგურაციის დასრულების შემდეგ თელავშიც ვითარება დაიძაბა. გაერთიანებული ოპოზიციის აქციის მონაწილეებმა რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, რის გამოც რამდენიმე წუთის განმავლობაში მოძრაობა შეიზღუდა. დაზიანდა ერთ-ერთი სახელმწიფო მანქანა. აქაც მოხდა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება. სიტუაცია მოგვიანებით კვლავ განიმუხტა. სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია, მიუხედავად დაძაბული სიტუაციისა, მშვიდობიანად და ექსცესების გარეშე დასრულდა. თუმცა პოლიცია აქციის მონაწილეებს თელავში წასვლის უფლებას კიდევ დიდხანს არ აძლევდა - შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე იქ იმყოფებოდა და ამბობდა, რომ დღის ბოლომდე გზას არ გახსნიდნენ”, - განაგრძობს გამოცემა.

“აქციის მონაწილეები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ, ხელოვნურად შექმნილი ბარიერები საკუთარი ძალებით გაერღვიათ და ავტომობილებისგან გზა გაეთავისუფლებინათ. დაპირისპირების გამო რამდენიმე ავტომობილია დაზიანებული, მათ შორის გაერთიანებული ოპოზიციის კოლონის შემადგენელი ავტომობილებიც. “ორჯერ მითხრა, რომ გახსნიდა გზას, ორივეჯერ მოიტყუა და პირიქით, სპეცნაზი მოიყვანა, დაამატა ძალები იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაეწია ჩვენი ხალხისთვის. ეს არის ჩვეულებრივი ძალადობა, ჩვენ მივდივართ მოლაპარაკებაზე, გვინდა, რომ შევთანხმდეთ და ისინი ყველა შეთანხმებას არღვევენ”, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ, რომელიც სოფელ ველისციხეში აქციის კოლონასთან ერთად იმყოფებოდა. საპატრულო პოლიციის უფროს თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, დაპირისპირების დროს სამი პოლიციელი დაშავდა. ოპოზიციას კი გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდა და მათი ლიდერების ნაწილი ყვარლის მიმართულებით წავიდა. სამართალდამცავებს აქციის მონაწილეებისთვის არც ფეხით წასვლაში შეუშლიათ ხელი. შექმნილი ბარიერების შემდეგ კახეთში აქცია აღარ გამართულა. გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქციის თბილისში გამართვის გადაწყვეტილება მიიღო. მათ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკან დაბრუნებისა და აქციის თბილისში გამართვისკენ მოუწოდა”, - დასძენს გამოცემა.

“შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მომხდარის გამო ყველა დამნაშავეს მოეთხოვება შესაბამისი პასუხი, რაც მან სოფელ ველისციხეში 16 დეკემბერს განვითარებული მოვლენების შეფასებისას აღნიშნა. მისი თქმით, სამართლებრივად გაანალიზებული იქნება ყველა პროვოკაციული ქმედება, რომელიც კვირას სხვადასხვა წერტილში გამოვლინდა. სამართალდამცველებმა პატივი სცეს პრეზიდენტის ინსტიტუტს და იმაზე უფრო მეტიც მოითმინეს, ვიდრე მათ ეს თმენის ვალდებულებით ევალებათ... “განურჩევლად სტატუსისა, ყველას მოეთხოვება შესაბამისი პასუხი. ნიკანორ მელიას ერთხელ დავპირდი, რომ როდესაც მსგავს საქციელს ექნებოდა ადგილი, როგორიც ჰქონდა წინა შემთხვევაში, შედეგი დადგებოდა იგივე. თუ ნიკანორ მელიას საქციელში სისხლის სამართლებრივი შემადგენლობა გამოიკვეთება, შედეგი იქნება იგივე,” - განაცხადა გიორგი გახარიამ. დაპირისპირების პარალელურად საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ფიცი დადო და სიტყვა წარმოთქვა. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ თანამოქალაქეებს თავად მისცემს მაგალითს და დაარწმუნებს, რომ ეროვნული თანხმობა არსებითად მნიშვნელოვანია. “ჩვენ წლები დავკარგეთ პოლიტიკურ დაპირისპირებაში. მე, პირველ რიგში, თავად მივცემ მაგალითს ჩემს თანამოქალაქეებს და დავარწმუნებ მათ, რომ საქართველოს განვითარებისა და გამთლიანებისთვის ეროვნული თანხმობა არის არსებითად მნიშვნელოვანი”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, ჩვენს ქვეყანას სჭირდება დამშვიდება და განვითარება. საქართველოს კი აქვს ძლიერი ადამიანური რესურსი, აქვს ეკონომიკური პოტენციალი, მოდის შესანიშნავი, ნიჭიერი თაობა”, - წერს სტატიის ავტორი.

“აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზურაბიშვილის ინაუგურაციას “ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არ დასწრებია. ინაუგურაციის დასკვნითი ღონისძიება და მიღება თელავის თეატრში გაიმართა. ზურაბიშვილი საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისა და სომხეთის მოქმედ პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეხვდა. კახეთში მთელი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ანალიტიკოსი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება - “გახარია არის იშვიათი გამონაკლისი ხელისუფლებაში, ვისაც გააჩნია დასახული ამოცანის გადაწყვეტისა და კრიზისების მართვის უნარი. ბრიყვები უფრო და უფრო რთულ ამოცანებს სვამენ მის წინაშე. ისიც ჯერჯერობით ართმევს თავს ყველაფერს. სამწუხარო ის არის, რომ სიბრიყვეს საზღვარი არა აქვს, ადამიანურ შესაძლებლობებს კი - აქვს”, - წერს ხუხაშვილი. ანალიტიკოსი ლადო პაპავა კი აღნიშნავს, რომ ხელისუფლების არჩევანი სწორია, რომ ოპოზიციას არეულობის საშუალება არ მისცა, რაც მათი პირდაპირი მოვალეობაც იყო - “ოცნებამ” თავის დროზე არათუ არ მისცა “ნაცების” ცხრაწლიან დანაშაულებრივ მმართველობას პოლიტიკური შეფასება და სათანადო სამართლებრივი რეაგირება, არამედ “ნაცების” გუნდის ზოგიერთი წევრის “ქოცების” გუნდში პორტირებასაც კი შეუწყო ხელი. ხოლო რაც ინაუგურაციის დღეს მოხდა, ეს ყველაფერი ამის გამოძახილია. ხელისუფლებას ჰქონდა ვალდებულება უსაფრთხოების და მან თავი გაართვა”, - განაცხადა პაპავამ, რომლის აზრით, “დღეს უკვე სახეზეა მოძლიერებული “ნაციონალური მოძრაობა”, რაც “ქართული ოცნების” პოლიტიკურ და საკადრო გადაწყვეტილებებში შეცდომების შედეგია”, - დასძენს სტატიის ავტორი.

ნოდარ ხარშილაძე - “არა მგონია, ბიძინა ივანიშვილმა მმართველობითი სისტემა შეცვალოს”

“მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები მოსალოდნელია და როგორც ვიცი, დიდი ალბათობით, თავდაცვის მინისტრი შეიცვლება. ლაპარაკია პრემიერისა და სხვა მინისტრების შეცვლაზეც, მაგრამ ამას ვერ დავადასტურებ... თავდაცვაში რაიმეს შეცვლა რთულია, რადგან თავდაცვის უწყებას უპირველესად გასააზრებელი ის აქვს, თუ რაში სჭირდება ჯარი. კარდინალურ ცვლილებებს მთავრობაში არ ველოდები. სახელმწიფოს პოლიტიკა იგივე დარჩება, მას ბიძინა ივანიშვილი ქმნის. ასე რომ, ვინ იქნება შემსრულებელი, დიდი მნიშვნელობა არა აქვს”, - აცხადებს პოლიტოლოგი ნოდარ ხარშილაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ერთადერთი ასე თუ ისე დამოუკიდებელი ფიგურა კალაძეა, ხოლო თუ ივანიშვილი ჩანაცვლებას შეეცდება, შეიძლება შიდა კრიზისი დაიწყოს. დანარჩენი - კობახიძე იქნება თუ თალაკვაძე - ბიძინა ივანიშვილის კრებსითი ერთეულები არიან” / “არა მგონია, კობახიძე ჩაანაცვლონ, მაგრამ რომც მოხდეს, ვერანაირ ცვლილებას ვერ ვხედავ - უბრალოდ, სხვა ადამიანები ილაპარაკებენ იმავე სისულელეს, რასაც ესენი ლაპარაკობენ ივანიშვილის სახელით”.

“არა მგონია, ბიძინა ივანიშვილმა მმართველობითი სისტემა შეცვალოს, რადგან მას ასეთი ხედვა აქვს - ჯერ კიდევ არჩევნებამდე ტელეეთერში თქვა, რომ ყველაფერი კარგად არის. მერე თქვა, ერთი წელი მაცალეთ და ყველაფერს გამოვასწორებო. ერთი თვე გავიდა და ვერაფერს ვამჩნევ. კარდინალურ ცვლილებებზე არც ფიქრობენ, რომც მოინდომონ, საამისო რესურსი არ გააჩნიათ. მთავრობაში დასაქმებულ არც ერთ პირს არ უსახელებია თავი განსაკუთრებული და რეფორმისტული პროექტებით. ამ ხალხის თავიდან მოშორებისთვის ივანიშვილის პოლიტიკური ნებაა საჭირო, მაგრამ ამას არ იზამს. რაც ფარცხალაძის შემთხვევაში მოხდა, სწორედ ამის კარგი სიგნალია და გამოჩნდა, რა მიმართულებითაც წავა ყველაფერი. ფარცხალაძე დააკავეს, გადაახდევინეს რაღაც თანხა და გამოუშვეს. ამ კაცის დანაშაული ქვეყნის წინაშე თურმე მხოლოდ ის ყოფილა, რომ ვიღაცას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და არა ის, რომ უკვე წლებია ატერორებს როგორც ბიზნესმენებს, ისე მინისტრებს, და პრაქტიკულად ხელისუფლების სახელით დანაშაულებს სჩადის. ასე რომ, მანკიერი პრაქტიკა, რომელიც საქართველოში არსებობდა, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან, გრძელდება. მიშას დროს ამის ცოტა მოდიფიცირება მოხდა, რადგან ის ბიუჯეტში არიცხვინებდა ფულს, ესენი კი ფულს თავიანთი ჯიბისთვის ართმევენ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნოდარ ხარშილაძე.

“ქართული ოცნება~ ნელ-ნელა ძალიან დაემსგავსა იმ ძალას, რომელსაც აკრიტიკებდა და ებრძოდა. უბრალოდ, მისი პოლიტიკა უფრო არაეფექტიანია. მარიონეტების გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება. ერთადერთი ასე თუ ისე დამოუკიდებელი ფიგურა კალაძეა, ხოლო თუ ივანიშვილი ჩანაცვლებას შეეცდება, შეიძლება შიდა კრიზისი დაიწყოს. დანარჩენი _ კობახიძე იქნება თუ თალაკვაძე - ბიძინა ივანიშვილის კრებსითი ერთეულები არიან. არა მგონია, კობახიძე ჩაანაცვლონ, მაგრამ რომც მოხდეს, ვერანაირ ცვლილებას ვერ ვხედავ - უბრალოდ, სხვა ადამიანები ილაპარაკებენ იმავე სისულელეს, რასაც ესენი ლაპარაკობენ ივანიშვილის სახელით”, - დასძენს პოლიტოლოგი და შეკითხვაზე - “რიგგარეშე არჩევნები თუ განმუხტავს კრიზისს?” - პასუხობს:

“რიგგარეშე არჩევნები არ უშველის კრიზისს, რადგან თავად სისტემაა მანკიერი და ისევ ხელისუფლება მოიგებს. სანამ არ ჩატარდება ისეთი არჩევნები, რომელიც ხალხის ნებას გამოხატავს, მანამდე არაფერი დალაგდება”.

უკრაინის მიტროპოლიტი აირჩიეს, ავტოკეფალია ოფიციალურად 6 იანვარს გამოცხადდება

“უკრაინაში დიდი ზეიმია. ისტორიული საეკლესიო კრება შედგა. კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში შეკრებილმა მღვდელმთავრებმა უკრაინის ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური აირჩიეს - 39 წლის მიტროპოლიტი ეპიფანე, რომელიც მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა სტამბულში უკვე დაპატიჟა, სადაც 6 იანვარს გადასცემს კიდეც ავტოკეფალიის ტომოსს და მართლმადიდებელ ოჯახში კიდევ ერთი ავტოკეფალური ეკლესია გაჩნდება. უკრაინის ეკლესიის გამაერთიანებელი კრება 15 დეკემბერს გაიმართა. კრებას 192 ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ტაძრის გარეთ მოედანზე კი ისტორიულ კრების ათასობით უკრაინელი გულშემატკივრობდა. საეკლესიო კრებაზე შეკრებილმა მღვდელმთავრებმა ეკლესიათა გაერთიანება გამოაცხადეს და ახალი, ერთიანი, დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურად აირჩიეს პერეიასლავისა და ბელოცერკოვის მიტროპოლიტი ეპიფანე (ერისკაცობაში სერგეი დუმენკო), რომელიც იქამდე არაკანონიკური უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს ეპისკოპოსი იყო და ამავე ეკლესიის პატრიარქის, ფილარეტის მხარდაჭერით სარგებლობდა. ის 39 წლისაა და კიევის მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების აკადემიის რექტორი და ბიბლიური და ფილოლოგიური კათედრის პროფესორია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით უკრაინის მიტროპოლიტი აირჩიეს, ავტოკეფალია ოფიციალურად 6 იანვარს გამოცხადდება.

“უკრაინის ეკლესიის მეთაურის არჩევა ტაძრის წინ, მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ამცნო. “ეს დღე შევა ისტორიაში, როგორც წმინდა დღე უკრაინის ავტოკეფალური ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნისა. დღე, როდესაც საბოლოოდ მივიღეთ დამოუკიდებლობა რუსეთისაგან”, - მიმართა პოროშენკომ შეკრებილებს. პოროშენკოსთვის, რომელიც 2019 წელს კვლავ იყრის კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში, უკრაინის ეკლესიის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვება ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირებაა. დღეიდან, უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელ ეკლესიის მეთაურის ტიტულია - კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე. ახალი, გაერთიანებული უკრანული ეკლესიის მეთაურის რანგში პირველი წირვა მიტროპოლიტმა ეპიფანემ 16 დეკემბერს აღავლინა. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ეპიფანეს უკრაინის ეკლესიის მეთაურად არჩევა ტელეფონით იმავე საღამოს მიულოცა და სტამბოლში მიიწვია. უკრაინული მედიის ცნობით, სწორედ 6 იანვარს უნდა ჩავიდეს მეთაურად ახლად არჩეული ეპიფანე სტამბულში, სადაც ბართლომეოსი მას ავტოკეფალიის ტომოსს გადასცემს, რაც იქნება უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების დამაგვირგვინებელი პროცედურა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საეკლესიო კრება წმინდა სოფიას ტაძარში 15 დეკემბრის დილით დაიწყო. განსახილველი საკითხები წინასწარვე იყო ცნობილი - უკრაინის ერთიანი ეკლესიის შექმნა, მისი დებულების დამტკიცება და წინამძღოლის არჩევა. უკრაინული მედიის ცნობით, საერთო ჯამში კრებაში მონაწილეობდა 192 ადამიანი - 64 ეპისკოპოსი, 64 მღვდელი და 64 ერისკაცი. მანამდე უკრაინაში სამი მართლმადიდებელი ეკლესია მოქმედებდა: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია - კიევის საპატრიარქო, რომლის წინამძღოლი იყო ფილარეტი; უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის წინამძღოლი იყო მაკარი და ასევე რუსეთის ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია - მოსკოვის საპატრიარქო, რომლის წიმანძღოლიც გახლავთ ონუფრი. პირველი ორი ეკლესიის მღვდელმთავრები კრებაზე პრაქტიკულად სრული შემადგენლობით იმყოფებოდნენ, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ეკლესიიდან კი კრებას რამდენიმე ეპისკოპოსი დაესწრო”, - განაგრძობს გამოცემა.

“რუსეთის ეკლესია კატეგორიულად ეწინააღმდეგება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას და მიიჩნევს, რომ უკრაინა მისი კანონიკური ტერიტორიაა. რუსეთის პატრიარქმა კირილემ კრების წინ მიმართვები დაუგზავნა რომის პაპ ფრანცისკეს, კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ასევე რიგ ქვეყნებს, სადაც კირილე აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე. ცნობისათვის, კონსტანტინოპოლმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცედურები 11 ოქტომბერს დაიწყო. მსოფლიო პატრიარქმა კანონიკურ სტატუსში დააბრუნა კიევის პატრიარქი ფილარეტი, ასევე უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი მაკარი და დააანონსა, რომ ამ ეკლესიების გაერთიანების და ახალი მეთაურის არჩევის შემდეგ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია მიენიჭებოდა. რუსეთის ეკლესიამ ამ გადაწყვეტილების გამო 15 ოქტომბერს მსოფლიო საპატრიარქოსთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა და კონსტანტინოპოლი მოსკოვის საპატრიარქოს კანონიკურ საზღვრების დარღვევაში დაადანაშაულა”, - დასძენს გამოცემა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო