საკონსტიტუციო სასამართლომ ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული  სარჩელი სრულად დააკმაყოფილა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული მოქალაქე ხ.ყ.-ს საკონსტიტუციო სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაცით, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმები სამართლიანი სასამართლოსა და თანასწორობის უფლებების არათანაზომიერ შეზღუდვად მიიჩნია და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 მაისს მიმართა. სარჩელი ეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების არაკონსტიტუციურად ცნობას. ორგანიზაციის მიერ საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს იმავე თემაზე, სარჩელით კიდევ სამმა მოქალაქემ მიმართა. საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელები გააერთიანა და 20 სექტემბერს ერთ სხდომაზე განიხილა. იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრმა პირველმა მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, სასამართლომ პირველ მომხსენებელ მოსარჩელედ ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ქობესაშვილი დანიშნა.

„საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმების თანახმად, სასამართლოში არ საჩივრდებოდა პროკურორის დადგენილება ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულით დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმისა და ამავე კატეგორიის დანაშაულით დაზარალებულად ცნობის დადგენილების გაუქმების შესახებ. აღნიშნული წესი ეწინააღმდეგებოდა პირის უფლებას, სასამართლოსადმი მიმართვის გზით დაიცვას თავისი უფლებები (საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი). ამასთანავე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირებს შეეძლოთ პროკურორის დადგენილების პირველი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრება. ამგვარი წესი უთანასწოროდ ეპყრობოდა ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულით დაზარალებულ პირებს და არღვევდა კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას (საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი).

მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის პოზიციით, ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულით დაზარალებული პირებისათვის პროკურორის დადგენილების გასაჩივრების უფლების დიფერენცირებულად შეზღუდვა ემსახურებოდა სასამართლოს გადატვირთვისაგან დაცვას. შესაბამისად, მოპასუხე მიიჩნევდა, რომ სახეზე არ იყო სამართლიანი სასამართლოსა და თანასწორობის უფლებების დარღვევა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, სისხლის სამართლის პროცესში კანონმდებლობით განსაზღვრულ მნიშვნელოვან უფლებებზე წვდომის წინაპირობაა. შესაბამისად, პირს აქვს დაზარალებულის სტატუსთან დაკავშირებით მიღებული პროკურორის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების მომეტებული ინტერესი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ერთი მხრივ, პროკურორის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების ინტერესი და, მეორე მხრივ, ამ ურთიერთობაში დისკრიმინაციისაგან დაცვის საჭიროება აღემატებოდა სადავო ნორმით დაცულ სიკეთეს - სასამართლოს გადატვირთვის პრევენციას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმები სამართლიანი სასამართლოსა და თანასწორობის უფლებების არათანაზომიერ შეზღუდვად მიიჩნია და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით“, - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს