2018 წლის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგები და 2019 წლის პერსპექტივები

2018 წლის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგები და 2019 წლის პერსპექტივებზე „ინტერპრესნიუსი” ფილოსოფოსსზაზა ფირალიშვილსა და კონსტიტუციონალისტსა და პოლიტოლოგს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

თქვენი დაკვირვებით, შიდა პოლიტიკაში რა ტენდენციები დაგვანახა 2018 საპრეზიდენტო არჩევნებმა?

ზაზა ფირალიშვილი - მთავარი ტენდენცია, რომელიც 2018 წელს დაფიქსირდა, ალბათ, ამომრჩევლის საგრძნობი გაუცხოვებაა პოლიტიკური სპექტრისაგან

ვახტანგ ძაბირაძე - მოსახლეობაში დაიწყო ხელისუფლებისადმი გაუცხოების და პოლარიზაციის პროცესი, რაც თვალნათლივ გამოჩნდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურში

ზაზა ფირალიშვილის აზრით, "მთავარი ტენდენცია, რომელიც 2018 წელს დაფიქსირდა, ალბათ ამომრჩევლის საგრძნობი გაუცხოვებაა პოლიტიკური სპექტრისაგან. დღეს საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ამომრჩევლის განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობს.“

მისივე თქმით, "ის, რომ ბოლო არჩევნებზე არჩევანი ვიღაცის რადიკალური უარყოფის ნიშნით გაკეთდა და პოზიტიური იმედების ხვედრითი წილი მინიმალური იყო, ბევრ რამეზეა მიმანიშნებელი. „დარწმუნებული ვარ, ჩვენი პოლიტიკური ელიტა თავადაც გრძნობს ამას, მაგრამ, უბრალოდ, ჯერჯერობით, სხვაგვარად ქცევა არ იცის” - დასძენს ზაზა ფირალიშვილი.

ზაზა ფირალიშვილი დარწმუნებულია, რომ „მომავალი წელი, ალბათ, ერთდროულად პოლიტიკური დუღილისა და საზოგადოების მხრიდან ამ დუღილის მიმართ განურჩეველი დამოკიდებულების წელი იქნება.”

მისივე დაკვირვებით, ორივე მხარის აქტივისტები და პროპაგანდისტები შეეცდებიან, პოლიტიკური ქარიშხლებისა თუ შესაძლო სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის შთაბეჭდილება შექმნან, მაგრამ „ჯერჯერობით არ ჩანს პოლიტიკური ჯგუფი თუ ცალკეული პოლიტიკოსი, ვისაც ამ გაუცხოვების დაძლევა შეუძლია.“

მისივე მტკიცებით, არ არის გასაკვირი, რომ მუდმივად ახალი ძალის დაბადების მოლოდინში ვართ. ჩვენი პოლიტიკური სისტემა ახალგაზრდაა საიმისოდ, რომ სტაბილური პოლიტიკური რელიეფის იმედი გვქონდეს.

„ამას ემატება ისიც, რომ ქართველმა კაცმა არ იცის წასვლა და სხვებისათვის ადგილის დათმობა. თავის პიროვნულ მარცხს კოსმიური მასშტაბების მარცხად აღიქვამს. ეს ხდება ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში და, ცხადია - პოლიტიკაშიც” - აღნიშნავს ზაზა ფირალიშვილი, რომლის აზრითაც „შედეგად კი გვაქვს ის, ვინც მოცემულ ეტაპზე თავისი რესურსები ამოწურა, დროებით განზე კი არ დგება, არამედ საქმე იქამდე მიჰყავს, სანამ უმრავლესობისათვის კატეგორიულად მიუღებელი არ გახდება და ამის შემდეგაც, თუნდაც, რადიკალური სამოქალაქო დაპირისპირების ფასად იბრძვის უკან მოსაბრუნებლად.“

ვახტანგ ძაბირაძის აზრით, „საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განვითარებულმა პროცესებმა არა მარტო განსაზღვრა პოლიტიკური პროცესის ხასიათი, არამედ წარმოაჩინა საზოგადოებაში არსებული განწყობები, როგორც ხელისუფლების, ასევე, ზოგადად, პოლიტიკური სპექტრის მიმართ.“

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ვერც „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო პოლიტიკური პროცესის ახლებურად წარმართვა და წინამორბედთა ყველა შეცდომა გაიმეორა - მათ მსგავსად, ჯერ პოლიტიკური პარტნიორები ჩამოიშორა და იზოლაციაში მოექცა, შემდეგ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებითა და ადგილობრივ არჩევნებში მიღწეული წარმატების ფონზე სრულ კონტროლქვეშ მოაქცია როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლება, რასაც მოჰყვა პარტიული და სახელმწიფო სტრუქტურების შერწყმა და პოლიტიკური უმრავლესობის მართვის ნაცვლად, მივიღეთ ერთპარტიული მმართველობა.

„მოსახლეობაში დაიწყო ხელისუფლებისადმი გაუცხოების და პოლარიზაციის პროცესი, რაც თვალნათლივ გამოჩნდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურში. ეს პროცესი, ცხადია, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებასთან ერთად არ დასრულებულა და მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე გაგრძელდება, ოღონდ, როგორი იქნება ინტენსივობა ეს ძირითადად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება.“- აღნიშნავს ვახტანგ ძაბირაძე.

რა გაკვეთილები მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“?

ზაზა ფირალიშვილი - მმართველი გუნდისთვის არჩევნების მთავარი გაკვეთილი ისაა, რომ „ოცნება“ აღარ ფლობს უპირობო მორალურ უპირატესობას

ვახტანგ ძაბირაძე - ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შესანარჩუნებლად მხოლოდ ერთი შანსი აქვს - დაკარგული ამომრჩეველი უნდა დაიბრუნოს

ზაზა ფირალიშვილის აზრით, „მთავარი გაკვეთილი ისაა, რომ „ოცნება“ აღარ ფლობს უპირობო მორალურ უპირატესობას, ამის მიზეზი კი გახლავთ გამოუძიებელ საქმეებთან დაკავშირებული სკანდალები, მარიხუანას კულტივაციის შესახებ საკითხის დასმა, ძალიან ბევრისთვის მიუღებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, გაუგებარი საკადრო პოლიტიკა, რომლის ნაწილიც იყო კოჰაბიტაციის სახელით ისეთი ადამიანების დაწინაურება, რამაც იგი ეჭვმიტანილის მდგომარეობაში დააყენა იმ ადამიანების თვალშიც კი, ვინც უპირობოდ ენდობოდა მას.“

მისივე თქმით, ნდობის რესურსი ამოწურვადია და მისი ისეთი ულმობელი ექსპლუატაცია, როგორც ამას „ოცნება“ აკეთებდა, დაუშვებელია, რადგან ჩვენი მოქალაქეც უფრო ფრთხილი, რაციონალური და ნაკლებად ემოციური ხდება პოლიტიკურ მოვლენებთან და აქტორებთან დამოკიდებულებაში.

„ივანიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გაიაზრა ის, რაც ვერ გაიაზრა სააკაშვილმა 2008 წელს. ის მიხვდა, რომ მის მიმართ ნდობის კაპიტალი კრიტიკულ ნიშნულს მიუახლოვდა და რაღაც უნდა მოემოქმედებინა, რომ სწორედ „შუა“-ს განწყობები ბატონდებოდა. ვნახოთ, რამდენ ხანს შეინარჩუნებს ამ განწყობას.“- აღნიშნავს ზაზა ფირალიშვილი.

მისივე თმით, ახლა "ივანიშვილის გარემოცვა ახლა ყველანაირად შეეცდება, რომ იგი დაამშვიდონ და კმაყოფილებაში ჩაძირონ, რადგან ფხიზელი ივანიშვილი მათთვის საშიშროებაა. ფხიზელმა ივანიშვილმა ნათლად შეიძლება დაინახოს თითოეული მათგანის ფასი.“

ზაზა ფირალიშვილი განმარტავს, რომ „ივანიშვილს, როგორც ბიზნესმენს, ნაკლებად ესმის იდეური ლოიალურობის ფასი. მას ხშირად არ ესმის, რომ ოპონენტი არ ნიშნავს მტერს და „ფარულ ნაცს" და რომ ოპონენტი ხშირად უკეთესი თანამშრომელია, ვიდრე ის, ვინც თვალებში შემოგციცინებს და განგადიდებს.”

ვახტანგ ძაბირაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ საფიქრალი და გასაანალიზებელი, მართლაც რომ, ბევრი აქვს, დრო კი, ცოტა.

მისივე აზრით, ვითარებაში, როცა „ოცნებას“ ძალაუფლების შესანარჩუნებლად რეიტინგი აქვს შესანარჩუნებელი, დიდია ცდუნებაა, რომ მმართველმა გუნდმა არჩევანი ძალოვანი სტრუქტურების სასარგებლოდ გაკეთოს. „თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ „რეპრესიულმა სისტემამ ვერ იხსნა „ნაცმოძრაობა“ 2012 წელს ძალაუფლების დაკარგვისაგან, მით უფრო ვერ შეძლებს ამას „ქართული ოცნება“. - აღნიშნავს ვახტანგ ძაბირაძე, რომლის აზრითაც რეპრესიული სისტემის ასამოქმედებლად „ოცნებას“ შესაფერისი საკადრო კონტიგენტიც კი არა ჰყავს და როგორც არ უნდა მოინდომოს, საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ დროში ამ კონტიგენტის მოძიებას და შესაფერის კონდიციამდე მიყვანას ვერ მოახერხებს”. „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შესანარჩუნებლად მხოლოდ ერთი შანსი აქვს - დაკარგული ამომრჩეველი უნდა დაიბრუნოს. - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე, რომლის თქმითაც ივანიშვილმა მეორე ტურის წინ ამომრჩეველს მხარდაჭერა სთხოვა და სანაცვლოდ „ერთ წელიწადში ვითარების გამოსწორების პირობა დადო. ძნელი სათქმელია, ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ ირწმუნა ბ. ივანიშვილის დაპირების თუ „ნაცმოძრაობას“ უთხრა უარი, მაგრამ, ფაქტია, რომ მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა.“

მისივე თქმით, ცხადია, ერთ წელიწადში ვითარების რადიკალურად გამოსწორება შეუძლებელია, მაგრამ, შესაძლებელია მოსახლეობაში უკეთესი მომავლის მოლოდინი გაჩენა. „ამისათვის კი საჭიროა პირველ რიგში ბ. ივანიშვილმა პრემიერის პოსტი დაიკავოს, რასაც უნდა მოჰყვეს ხელისუფლების სისტემური, სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები. ამასთანავე, საჭიროა არაორდინალური ეკონომიკური და სოციალური პროექტების შემუშავება და განხორციელება. ხელისუფლება უნდა იყოს ისეთივე მობილური და ეფექტური, როგორიც იყო არჩევნების პირველ და მეორე ტურს შორის.“ - აღნიშნავს ვახტანგ ძაბირაძე.

რა გაკვეთილები მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციამ, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ „ძალა ერთობაშია“-"ნაცმოძრაობამ?

ზაზა ფირალიშვილი - „ნაცმოძრაობას“ ახალი არაფერი გაუგია. ის ან დაიჯერებს და ან არა, რომ მოსახლეობის კრიტიკულად დიდი ნაწილისათვის გუშინდელი სახით ის სრულიად მიუღებელია

ვახტანგ ძაბირაძე - თუ „ნაცმოძრაობას“ ამომრჩევლების მხარდაჭერის მოპოვება უნდა, აუცილებელია იმიჯი შეიცვალოს

ზაზა ფირალიშვილის თქმით, “ნაცმოძრაობას“ ახალი არაფერი გაუგია. ის ან დაიჯერებს და ან არა, რომ მოსახლეობის კრიტიკულად დიდი ნაწილისათვის გუშინდელი სახით ის სრულიად მიუღებელია. არადა, „ნაცმოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის წყალობით არსებობს და მისივე წყალობით იძირება."

მისივე აზრით, 2003-2004 წლების განწყობათა რეანიმირება ისეთივე გულუბრყვილობაა, როგორიც ამ რამდენიმე წლის წინ ახალი ეროვნული მოძრაობის დაწყების მცდელობა იყო. “ნაცმოძრაობა დაუსრულებლად იმეორებს ქცევისა და საზოგადოებისადმი დამოკიდებულების იმ წესს, რომელიც ჩვენ ყველამ დიდი ხანია მოვინელეთ. როგორც ჩანს, მისი ახლანდელი ლიდერები ძნელად თუ შეცვლიან რამეს.“- აღნიშნავს ზაზა ფირალიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძის თქმით, „მიუხედავად იმ დარღვევებისა, რაც მეორე ტურს ახლდა და რაც ჩვენი არჩევნებისთვის, შეიძლება ითქვას, ტრადიციულია, არჩევნების შედეგი სრულიად ლოგიკურია“.

მისივე აზრით, 2012 წლიდან დაწყებული, რაც „ნაცმოძრაობა“ ოპოზიციაში გადავიდა, მუდმივად იყო საუბარი რებრედინგის აუცილებლობაზე, რამაც 2016 წელს პარტიის გახლეჩაც კი გამოიწვია. „ვინც 16 დეკემბერს ველისციხეში მომხდარ დაპირისპირებას ადევნებდა თვალს, დამეთანხმება, რომ „ნაცმოძრაობა“ არც შეცვლილა და არც ძველ მეთოდებზე უთქვამს უარი.” - აღნიშნავს ვახტანგ ძაბირაძე, რომლის დაკვირვებითაც ნეიტრალური ამომრჩევლისთვის „ნაცმოძრაობა“ კვლავაც რჩება საშიშ ძალად და „თუ „ნაცმოძრაობას“ ამომრჩევლების მხარდაჭერის მოპოვება უნდა, აუცილებელია იმიჯი შეიცვალოს.“

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ „ოცნება“ 2010 წლის „ნაცმოძრაობას“ დაემსგავსოს?

ზაზა ფირალიშვილი - “ოცნება“ თავის თავში იკეტება ისევე, როგორც ეს „ნაციონალებს“ მოუვიდათ სადღაც 2005-2006 წლებისათვის

ვახტანგ ძაბირაძე - “ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის გარკვეული მსგავსება ნამდვილად არის. თუნდაც ის, რომ ორივე ცდილობს ძალაუფლება შეინარჩუნოს

ზაზა ფირალიშვილის დაკვირევბით, “ოცნება“ თავის თავში იკეტება ისევე, როგორც ეს „ნაციონალებს“ მოუვიდათ სადღაც 2005-2006 წლებისათვის. მისივე თქმით, მას უნდა დაიჯეროს ივანიშვილის საჯარო განცხადება არჩევნების მეორე ტურის წინ რაიმეს შეცვლის, თუმცა „აქვე მიჩნდება კითხვა - გააჩნია კი "ოცნებას“ საამისო საკადრო გემოვნება“?

ამავე თემაზე მსჯელობისას იგი სვამს მეორე რიტორიკულ კითხვას - "დაუშვებენ კი „ოცნების“ ახლანდელი ლიდერები განსხვავებული ქცევის წესის ადამიანების წინა პლანზე წამოწევას, თუ ისევ და ისევ ახალი და ახალი „მომხიბლავი ფასადის“ შექმნის გზით ივლიან?"

ზაზა ფირალიშვილი შენიშნავს - "ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შეძლებს ივანიშვილი თავი დააღწიოს მისი გარემოცვის ბევრი წარმომადგენლის მცდელობას, ჩაკეტილ საინფორმაციო სივრცეში ამყოფონ და რეალობის გრძნობა დაუკარგონ."

მისივე დაკვირვებით, „მსგავსებას არ ექნება აშკარა ხასიათი. ეს ორი ძალა თავისი ხასიათითა და ტემპერამენტით მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან, თუმცა კი ბევრ საერთო ნიშანს მაინც აღმოვაჩენთ. ერთი ასეთი ნიშანი, თუ გნებავთ, კრიტიკოსების წინააღმდეგ საკადრო პოლიტიკით ბრძოლაა”.

ვახტანგ ძაბირაძის დაკვირვებით, “ოცნებასა“ და ნაცმოძრაობას“ შორის გარკვეული მსგავსება ნამდვილად არის. თუნდაც ის, რომ ორივე ცდილობს ძალაუფლება შეინარჩუნოს, საკუთარ თავზე მოირგოს კანონმდებლობა, კერძოდ, საარჩევნო სისტემა, იგნორირება გაუკეთოს კრიტიკულ მოსაზრებებს და, ზოგადად, კრიტიკოსებს და ა. შ.”

მაგრამ, მისივე თქმით, არის თვისობრივი სხვაობა: "2010 წლის „ნაცმოძრაობა“ იყო რეპრესიული სისტემის შემქმნელი და გამტარებელი პოლიტიკური ძალა, რომლის გამოვლინებაც იყო 2011 წლის 26 მაისის დარბევა, მაშინ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ კრიმინალურ ქმედებებში გადაზრდილი ბათუმის აქციის აღკვეთაც კი გაუჭირდა."

სავარაუდოდ რა გაკვეთილები მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებზე საზოგადოებამ?

ზაზა ფირალიშვილი - ქართულმა საზოგადოებამ პირველად შეძლო აშკარა უნდობლობა გამოეცხადებინა როგორც “ოცნებისთვის“ ისე „ნაცმოძრაობისთვის და დაადასტურა, რომ ფულით და მოსყიდვით მისი მართვა მხოლოდ გარკვეულ ზღვრამდეა შესაძლებელი

ვახტანგ ძაბირაძე - ვახტანგ ძაბირაძე - საპარლამენტო არჩევნები, ცხადია, ორპოლუსიანი ვერ იქნება, მაგრამ შეძლებს კი ჩვენი საზოგადოება კონკურენტუნარიანი მესამე ძალის შექმნას?

ზაზა ფირალიშვილის თქმით, “ქართულმა საზოგადოებამ პირველად შეძლო აშკარა უნდობლობა გამოეცხადებინა როგორც “ოცნებისთვის“ ისე „ნაცმოძრაობისთვის. ესაა ძალზე მნიშვნელოვანი პრეცედენტი. მან დაადასტურა, რომ მხოლოდ დიდი ფულადი რესურსებით თუ პიარტექნოლოგიების მთელი არსენალის გამოყენებით მისი მართვა მხოლოდ გარკვეულ ზღვრამდეა შესაძლებელი.“

მისივე აზრით, ჩვენი პროგრესი დაიწყება მაშინ, როდესაც ჩვენი საზოგადოების წევრთა კრიტიკული რაოდენობა აღმოაჩენს, რომ თავად არის პასუხისმგებელი იმ სამყაროს გამო, რომელშიც ვცხოვრობთ და რომ ხელისუფლება მხოლოდ ინსტრუმენტია მისთვის. „მესამე ძალას," რომელზეც ამდენს ლაპარაკობენ, სერიოზული რესურსი აქვს. მაგრამ არ ჩანს ის ნიჭიერი ტრიბუნი, ამ რესურსის მობილიზებას რომ შეძლებდა. ეს რესურსია თუნდაც ის 48 000-მდე აქტიური მოქალაქე, რომელიც არჩევნებზე მხოლოდ იმიტომ მივიდა, რომ ორივე კანდიდატი გადაეხაზა.“- აღნიშნავს ზაზა ფირალიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძის თქმით, „თუ არჩევნების პირველი და მეორე ტურის შედეგებს ერთობლობაში გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ ელექტორატი, ფაქტობრივად, სამ ტოლ ნაწილად გაიყო - „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ რეალური მხარდამჭერები და ისინი, ვინც, ასე ვთქვათ, „იძულებით“ იმ პოლიტიკურ ძალას დაუჭირა მხარი, რომელიც არ მოსწონს, მაგრამ ხმა მეორე პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ მისცა.“

მისივე აზრით, სწორედ ამომრჩევლის ამ ნაწილში გაჩნდა ერთგვარი დაუკმაყოფილებლობისა და უხერხულობის განცდა, რადგან არჩევანის გაკეთებამ საკუთარი ნების წინააღმდეგ მოუწია, რამაც მესამე ძალაზე მოთხოვნა გააჩინა.

„საპარლამენტო არჩევნები, ცხადია, ორპოლუსიანი ვერ იქნება, მაგრამ შეძლებს კი ჩვენი საზოგადოება კონკურენტუნარიანი მესამე ძალის შექმნას? ისიც გასათვალისწინებელია, რომ ორივე ძალა, როგორც „ოცნება“, ასევე „ნაცმოძრაობა“ და მათი მხარდამჭერი მედიასაშუალებები ყოველნაირად შეეცდებიან მესამე ძალის წარმოქმნას ხელი შეუშალონ, მათთვის მომგებიანია ამომრჩეველი კვლავ ურთიერთალტერნატივის წინაშე დატოვონ.” - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე, რომლის თქმითაც, სწორედ ამიტომ „ნეიტრალურ საზოგადოებას და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს მეტი აქტიურობა და კოორდინაცია მართებთ.“

რას მიიჩნევდით საგარეო ასპარეზზე ქვეყნის ყველაზე დიდ წარმატებად და რას მიიჩნევდით საგარეო პოლიტიკაში ყველაზე დიდ წარუმატებლობად?

ზაზა ფირალიშვილი - წარმატებებიდან გამოვყოფდი აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის მიერ საქართველოს მხარადამჭერი აქტის ერთსულოვნად დააამტკიცებას

ვახტანგ ძაბირაძე - ვფიქრობ, გასულ წელს საგარეო პოლიტიკაში რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება ან წარუმატებლობა არ გვქონია

ზაზა ფირალიშვილის თქმით, იგი“ წარმატებებიდან ერთს გამოყოფდა წარმომადგენლობითი პალატის მიერ საქართველოს მხარადამჭერი აქტის ერთსულოვნად დააამტკიცებას,“ რომლის მნიშვნელობა თანდათან უფრო და უფრო ნათელი გახდება."

„წარუმატებლობებს შორის დავასახელებდი პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ საერთაშორისო გამოხმაურებებს. ესეც თავის შედეგებს იქონიებს.“- დასძენს ზაზა ფირალიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, „გასულ წელს საგარეო პოლიტიკაში რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება ან წარუმატებლობა არ გვქონია.“ მისივე თქმით, შესაძლოა ასე იმიტომ იყო, რომ საგარეო ფრონტზე ჩვენი საქმიანობის განმსაზღვრელი რეალურად ჩვენი პარტნიორები არიან. „ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური ან საკვანძო საკითხების გადაწყვეტა, ძირითადად, მათ მზაობაზეა დამოკიდებული.” - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

თუ კრემლმა 2019 წელს საქართველოს მიმართულებით მეტად გააქტიურების გადაწყვეტილება მიიღო, სავარაუდოდ, რა ნაბიჯებია მისგან მოსალოდნელი?

ზაზა ფირალიშვილი - განვლილმა საუკუნეებმა სახელმწიფოებრივი ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობითობათა სისტემა, სახელმწიფოებრივი ინსტიქტები და ქცევის ზნეობრივი მატრიცა შეასუსტა, რაც აღსადგენი გვაქვს და თანაც სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბასთან ერთად

ვახტანგ ძაბირაძე - თუ გეოპოლიტიკური ვითარება კარდინალურად არ შეიცვალა, მომავალ წელს რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებას ნამდვილად არ ველოდები

ზაზა ფირალიშვილის თქმით, მას შემდეგ რაც „ჩვენ უარი ვთქვით ლუსტრაციის კანონის მიღებასა და ყველაფრისათვის თავისი სახელის დარქმევაზე. ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ, დიდი ალბათობით, ძველი აგენტურა ახალმა ჩაანაცვლა.”

მისივე აზრით, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უცხო ქვეყნისადმი სამსახურის მიმართ ასეთი რელატივისტური და „გამგები“ დამოკიდებულება ჩვენივე საზოგადოებას ანადგურებს.

ზაზა ფირალიშვილის თქმით, „განვლილმა საუკუნეებმა სახელმწიფოებრივი ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობითობათა სისტემა, სახელმწიფოებრივი ინსტიქტები და ქცევის ზნეობრივი მატრიცა შეასუსტა. ყველაფერი ეს აღსადგენი გვაქვს და თანაც სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბასთან ერთად.“

ზაზა ფირალიშვილი მიიჩნევს რომ „ბოლოს და ბოლოს ჩვენ უნდა გავბედოთ და პოლიტიკური ასპარეზიდან წასვლა უნდა მოვთხოვოთ ადამიანებს, ვინც რუსეთთან მიმართებაში არა მხოლოდ ამგვარ ვითარებას ქმნის, არამედ თავისი ქცევით, ნებსით თუ უნებლიეთ, სხვებსაც მოუწოდებს ამგვარი ქცევისაკენ.”

აგენტობაში ბრალდება იოლიც გახდა და, სამწუხაროდ, უვნებელიც. თუ ეს ზნეობრივი ეროზია არ შევაჩერეთ, რუსეთს საგანგებო დაძაბვაც არ დასჭირდება. ამგვარი რელატივისტური გარემო თავად შობს ადამიანებს, რომლებიც თავის სამსახურს შესთავაზებენ.

„ჩვენი ცნობილი მომღერალი პოლიტიკოსი, რომელიც ხან დასავლური ორიენტაციის სასარგებლოდ აკეთებს რადიკალურ განცხადებებს და ხან თავისი ქვეყნის უდიდეს მტერს უმღერის მოსკოვში, რელატივიზმის სიმბოლოა.“- აღნიშნავს ზაზა ფირალიშვილი.

მისივე თქმით, როდესაც ჩვენში ლაპარაკობენ, რომ კულტურა და პოლიტიკა ერთ კონტექსტში არ უნდა განვიხლოთ, სულ მინდა კითხვა დავუსვა: „ვცხოვრობთ კი ისეთ სამყაროში, სადაც პოლიტიკა ცალკეა, ხოლო კულტურა, რელიგიური მრწამსი - ცალკე? ჩვენი ჩრდილოელი მეზობლებიც ასე გამოჰყოფენ ერთმანეთისაგან ამ სფეროებს“?

ვახტანგ ძაბირაძის თქმით, „მას შემდეგ, რაც რუსეთმა თავის მიერვე ოკუპირებული აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა, რუსეთ-საქართველოს დაპირისპირებამ პოზიციური ხასიათი მიიღო.“ ასეა მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად რუსეთისთვის, ისევე, როგორც დასავლეთისთვის, გაცილებით მნიშვნელოვანია უკრაინაში მიმდინარე პროცესები და დაპირისპირების ხაზიც უკრაინაზე გადის და არა საქართველოზე.

„ამ ეტაპზე რუსეთს საქართველოს პროვოცირების რაიმე რეალური ბერკეტი არ გააჩნია და არც საქართველოში ხდება ისეთი რამ, რაც რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას კარდინალურად შეცვლის. სხვა საკითხია, როდესაც რეალურად დადგება ჩვენი ნატოსა თუ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი.”- დასძენს ვახტანგ ძაბირაძე, რომელიც დარწმუნებულია რომ „თუ გეოპოლიტიკური ვითარება კარდინალურად არ შეიცვალა, მომავალ წელს რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებას ნამდვილად არ ველოდები და არც ის მგონია, რომ რუსეთი მეთოდების გამოყენებისა და უკმაყოფილო განცხადებების ფარგლებს გაცდება.“

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ბრიუსელი თავის პოლიტიკას რუსეთის მიმართ არ შეცვლის?

ზაზა ფირალიშვილი - ბოლო ორიოდე წლის განმავლობაში მთავარი მოხდა: პუტინი დასავლელი ობივატელის თვალში უარყოფით პოლიტიკურ სიმბოლოდ იქცა

ვახტანგ ძაბირაძე - ბრიუსელის პოლიტიკა რუსეთის მიმართ არ შეიცვლება

ზაზა ფირალიშვილის განმარტებით, ჩვენ შეიძლება გვაღიზიანებდეს, რომ რუსეთის მიმართ დასავლური პოლიტიკა ნელა იცვლება, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ სხვაგვარად შეუძლებელიც იყო. „ბოლო ორიოდე წლის განმავლობაში მთავარი მოხდა: პუტინი დასავლელი ობივატელის თვალში უარყოფით პოლიტიკურ სიმბოლოდ იქცა. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ საკმაოდ დიდი დროა საჭირო საიმისოდ, რომ იმავე დასავლელმა პუტინთან საბოლოო პოლიტიკური დაპირისპირების გადაწყვეტილება მიიღოს”. - აღნიშნავს ზაზა ფირალიშვილი.

მისივე აზრით, ბუნებრივიცაა, რომ არსებობს ერთგვარი დასავლური ეგოიზმი, რომელიც ყველა ხერხით უფრთხილდება მშვიდობიან გარემოსაც და ეკონომიკურ კეთილდღეობასაც.

როგორც ჩანს, პუტინი ამას დასავლეთის სისუსტედ აღიქვამს და ადრე თუ გვიან დადგება მომენტი, როდესაც რუსეთთან დაპირისპირება ზვავისებრად განვითარდება.” – დასძენს ზაზა ფირალიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძის მტკიცებით, "რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობები დაახლოებით ისევე ვითარდება, როგორც საბჭოთა კავშირ-დასავლეთის ურთიერთობები ვითარდებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დასავლეთში გაჩნდა ილუზია, რომ რუსეთი უარს იტყოდა იმპერიულ ზრახვებზე და ევროპისა და მსოფლიო უსაფრთხოების პრობლემა მოგვარდებოდა.”

მისივე თქმით, დასავლეთმა სწორედ ამიტომ დაიწყო რუსეთთან სრულმასშტაბიანი თანამშრომლობა, მაგრამ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ვითარება თანდათან გაუარესდა.

დღეს დასავლეთი და რუსეთი ფაქტობრივად „ცივი ომის“ პირობებში არიან. ის, რომ ცალკეული სახელმწიფოები რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობენ, „ცივი ომისათვის“ დამახასიათებელი თვისებაა, მაგრამ, მთლიანობაში ეს ვითარებას ვერ ცვლის. ამიტომ მგონია, რომ ბრიუსელის პოლიტიკა რუსეთის მიმართ არ შეიცვლება". - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

თუ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუარესდა, რამდენად შეიძლება ჰქონდეს თბილისს ვაშინგტონის იმედი?

ზაზა ფირალიშვილი - რუსეთი არასოდეს არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელსაც ამერიკის მხრიდან რადიკალური პასუხი მოჰყვება. პუტინის სტრატეგია სიტუაციის დაძაბულობის ზღვარზე შენარჩუნებაა

ვახტანგ ძაბირაძე - თუ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები გამწვავდა რუსეთისათვის ეს იმაზე ტრაგიკული იქნება, ვიდრე საბჭოთა კავშირისათვის ავღანეთის ექსპედიცია იყო

ზაზა ფირალიშვილის თქმით, „რუსეთი არასოდეს არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელსაც ამერიკის მხრიდან რადიკალური პასუხი მოჰყვება. პუტინის სტრატეგია სიტუაციის დაძაბულობის ზღვარზე შენარჩუნებაა.“

მისივე აზრით, რუსულ მასმედიაში გაბატონებული საომარი რიტორიკა სხვა არაფერია, თუ არა დასავლელი ობივატელის შეშინების მცდელობა. ამასთან, ამგვარ ქცევას თავისი აქილევსის ქუსლი აქვს. შეუძლებელია, ვინმე მუდმივად შიშის ზღვარზე ამყოფო. ერთხელაც ამ ვიღაცას მობეზრდება თავისი შიშები და გიპასუხებს.

ამერიკული პოლიტიკური წრეებისათვის ჩვენი მხარდაჭერა თანდათან სიმბოლურ მნიშვნელობას იძენს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, რომ საქმე გვაქვს მეზობელთან, რომელიც განათლებულ საზოგადოებაში მოხვედრილი თავხედი მდაბიოსავით იქცევა.“- აღნიშნავს ზაზა ფირალიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძის აზრით, „ამერიკის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული დოკუმენტის მიღება ამ ურთიერთობებს უფრო სტაბილურს დინამიურს ხდის.“ ეს კი ნიშნავს, რომ ამერიკის ხელისუფლების ცვლილება ჩვენს ურთიერთობებზე არასასურველ გავლენას ვერ მოახდენს, რომ ჩვენ რეალურად ვხდებით რეგიონში ამერიკის და, შესაბამისად, დასავლეთის სტრატეგიული პარტნიორი.

„თუ გულწრფელნი ვიქნებით, ჩვენი უსაფრთხოების გარანტი დღესაც დასავლეთია. თუ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები გამწვავდა, დარწმუნებული ვარ, რუსეთისათვის ეს იმაზე ტრაგიკული იქნება, ვიდრე საბჭოთა კავშირისათვის ავღანეთის ექსპედიცია იყო.“ - აღნიშნავს ვახტანგ ძაბირაძე.

„ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა