ზაალ ანჯაფარიძე - ივანიშვილი, როგორც პარტიის თავმჯდომარე ვალდებულია საჯაროდ გამოხატოს დამოკიდებულება როგორც პარტიაში მიმდინარე დაპირისპირებაზე, ასევე მოსამართლეთა თემაზე და თქვას რას აპირებს

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” პოლიტიკის დამოუკიდებელ ანალიტიკოსს, ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

- ბატონო ზაალ, საახალწო განწყობების მიუხედავად, შიდა პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურ თემად რჩება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ეკა ბესელიას გადადგომა, მოსამართლეების სიის გამო მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს თემები საკმაოდ მრავალასპექტიანია, ალბათ აჯობებს ჩვენი საუბარი დავიწყოთ იმით, თუ რა ვითარებაა ჩამოყალიბებული „ოცნებაში“ მას შემდეგ, რაც ბესელია გადადგა და გადადგომის მიზეზად იუსტიციის საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი მოსამართლეთა სია დაასახელა?

- ალბათ გახსოვთ ბიძინა ივანიშვილის განცხადება „ქართულ ოცნებაში“ შექმნილი კრიტიკული მდგომარეობის შესახებ, მაშინ, როდესაც ის პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნდა. მან თქვა, რომ დაბრუნდა იმიტომ, რომ პარტიაში შექმნილი მდგომარეობა სახელმწიფოს სტაბილურობას უქმნიდა საფრთხეს.

“ოცნებაში“ შიდა დაპირისპირება არა მხოლოდ ღირებულებათა სისტემების და მსოფლმხედველობების კონფლიქტია, არამედ ინტერესების და ინტერესთა ჯგუფების კონფლიქტიც

თითქმის წელიწადი გავიდა მას შემდეგ და მმართველ პარტიაში შიდა დაპირისპირება გრძელდება და შესაბამისად საფრთხე სახელმწიფოს სტაბილურობისათვის არ მოხსნილა. ბესელიას გადადგომამ და მის შემდგომ განვითარებულმა პროცესებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ეს.

“ოცნებაში“ შიდა დაპირისპირება არა მხოლოდ ღირებულებათა სისტემების და მსოფლმხედველობების კონფლიქტია, არამედ ინტერესების და ინტერესთა ჯგუფების კონფლიქტიც.

ეს შიდაპარტიული ბრძოლები და აპარატული ინტრიგები ძალიან ნეგატიურად მოქმედებს ზოგადად ქვეყნის მართვასა და მმართველობაზე და მოსამართლეთა სიის საკითხმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, სააშკარაოზე გამოიტანა ის, რის დამალვასაც ასე გულდასმით ცდილობს მმართველი პარტია.

მოსამართლეთა სიის საკითხმა სააშკარაოზე გამოიტანა ის, რის დამალვასაც ასე გულდასმით ცდილობს მმართველი პარტია

ძალაუნებურად მახსენდება „მოქალაქეთა კავშირის“ ბოლო წლები. იქაც მსგავსი პროცესები დაიწყო და ვიცით რითაც დასრულდა. ეხლა ყველა ელოდება ბიძინა ივანიშვილის პოზიციას. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ის უბრალოდ ვალდებულია საჯაროდ გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება როგორც პარტიაში მიმდინარე დაპირისპირებაზე ასევე მოსამართლეთა თემაზე და ასევე უთხრას მოსახლეობას და „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს თუ რას აპირებს.

ვფიქრობ რომ უახლოეს დღეებში ჩვენ გავიგებთ მის პოზიციას. დროის გაყვანის ტაქტიკა ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იმუშავებს. პროცესი უკვე ისეთ სტადიაშია, რომ მისი მიჩქმალვა-მიჩუმათება აღარ გამოვა.

- სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები მას შემდეგ, რაც ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სააკაშვილის პერიოდისდროინდელი მოსამართლეების ლობირებაში დაადანაშაულა, ხოლო სპიკერმა განაცხადა, რომ ბესელიამ გუნდურობის თუ პარტიის „წესები დაარღვია“?

- ეკა ბესელიას ძალიან ხისტი რიტორიკა პარლამენტის თავმჯდომარის და მისი გუნდის მიმართ, როდესაც მან ირაკლი კობახიძე არა მხოლოდ დისკრედიტირებული მოსამართლეების ლობირებაში ამხილა, არამედ მატყუარადაც გამოიყვანა, მაფიქრებინებს რომ ბესელიამ უკვე იცის პარტიიდან და ფრაქციიდან მისი მოსალოდნელი განკვეთის შესახებ და აღარ ერიდება ხიდების დაწვას.

ბესელიამ სწორად გათვალა, დღეს მორალური უპირატესობა და საზოგადოების სიმპათიები მის მხარეს უფრო არის, ვიდრე პარტიაში მისი ოპონენტების, რომელთა დემონიზაციას ის წარმატებით ახდენს მედიის მეშვეობით

ამ საკმაოდ მკვეთრი სიტყვიერი ფარიკაობისა და მოსამართლეთა საკითხზე პრინციპული დაპირისპირების შემდეგ რთულად წარმომიდგენია როგორ შეძლებენ ერთ ფრაქციაში და პარტიაში მუშაობას ბესელია და კობახიძე. ისე კი, „ქართულ ოცნებაში“ ბესელიას პოზიციების შესუსტება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ის პოლიტსაბჭოდან გაიყვანეს. როგორც ჩანს, მის მიმართ რაღაც მიზეზ-გარემოებების გამო დამოკიდებულება შეიცვალა.

რაც შეეხება „გუნდურობის“ პრინციპს, როგორც ჩანს, ქართულ პოლიტიკურ კულტურაში ის განსხვავებულად ესმით ვიდრე დასავლეთის. გუნდურობა მონურ მორჩილებას არ ნიშნავს. ხოლო თუ გუნდის წევრი თვლის, რომ მას გუნდთან ღირებულებითი და მსოფლმხედველობითი შეუთავსებლობა წარმოეშვა, ის თავად მიდის გუნდიდან და თანაც დაუყონებლივ.

მოსამართლეთა საკითხი კი შეიძლება „ქართულ ოცნებასა“ და საპარლამენტო უმრავლესობაში სერიოზული დაპირისპირების დეტონატორი გახდეს. ბესელია მარტო არ არის და მის უარყოფით დამოკიდებულებას იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი სიის მიმართ არაერთი დეპუტატი იზიარებს.

მას შემდეგ რაც ივანიშვილი დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას, მათ შორის მოსამართლეების თემაზეც, ვფიქრობ საბოლოოდ ნათელი გახდება თუ ვისთან ერთად აპირებს ის პარტიული მოღვაწეობის გაგრძელებას და ვის აღარ დაედგომება პარტიასა და უმრავლესობაში

დიდია ალბათობა, რომ თუ კობახიძის ჯგუფმა მოახერხა და მოსამართლეთა ეს სია უცვლელი სახით გაიტანა, საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატმა დატოვოს და პარლამენტში ახალი კონფიგურაცია მივიღოთ.

ბესელიამ სწორად გათვალა, დღეს მორალური უპირატესობა და საზოგადოების სიმპათიები მის მხარეს უფრო არის, ვიდრე პარტიაში მისი ოპონენტების, რომელთა დემონიზაციას ის წარმატებით ახდენს მედიის მეშვეობით.

მას შემდეგ რაც ივანიშვილი დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას, მათ შორის მოსამართლეების თემაზეც, ვფიქრობ საბოლოოდ ნათელი გახდება თუ ვისთან ერთად აპირებს ის პარტიული მოღვაწეობის გაგრძელებას და ვის აღარ დაედგომება პარტიასა და უმრავლესობაში.

- ფაქტია, რომ მოსამართლეების სია აღმოჩნდა ის საკითხი, რამაც მმართველ გუნდში არა თუ აზრთა სხვადასხვაობა, არამედ განხეთქილებისთვის წინაპირობები შექმნა. როგორც ჩანს, მოსამართლეების სიით „ოცნების“ დეპუტატების საკმაოდ დიდი ნაწილია უკმაყოფილო, თუმცა ხმამაღლა ჯერ არ აფიქსირებენ თავის პოზიციას. თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ „ოცნებამ“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგოს?

- როგორც უკვე მოგახსენეთ, მოსამართლეთა სიის საკითხი უკვე ისე დგას, რომ დეპუტატებს სულ უფრო გაუჭირდებათ სირაქლემას პოზიციაში ყოფნა. პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვა ან შენარჩუნება დამოკიდებული იქნება რამდენიმე ფაქტორზე. კერძოდ, მოხერხდება თუ არა საგაზაფხულო სესიამდე უზენაეს სასამართლოს კანდიდატ მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით კომპრომისის მოძებნა და იქიდან ოდიოზური პირების ამოღება.

თუ პარლამენტის თავმჯდომარე და მისი გუნდი მოახერხებენ 76 დეპუტატის მობილიზებას მოსამართლეთა სიის არსებული ვარიანტის მხარდასაჭერად, ვფიქრობ ეს უცილობლად გამოიწვევს „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვას

თუ ეს ვერ მოხერხდა და პარლამენტის თავმჯდომარე და მისი გუნდი მოახერხებენ 76 დეპუტატის მობილიზებას სიის არსებული ვარიანტის მხარდასაჭერად, ვფიქრობ რამდენიმე დეპუტატი ნამდვილად დატოვებს უმრავლესობას. ზოგმა მათგანმა ამაზე უკვე ღიად განაცხადა.

ეს უცილობლად გამოიწვევს „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვას, იქიდან გამომდინარე, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მინიმუმ 113 დეპუტატს ნიშნავს, ხოლო ამჟამინდელი საკონსტიტუციო უმრავლესობა 115 დეპუტატს ითვლის .

- გია ხუხაშვილმა ამ თემაზე სოციალურ ქსელში დაახლოებით ამგვარი მოსაზრება გამოთქვა - ივანიშვილი ერთგვარ ცუგცვანგის მდგომარეობაშია. რაც არ უნდა გადაწყვიტოს, ბოლოში მაინც წაგებულია. ამიტომ ეცდება დროებითი, შუალედური გადაწყვეტილება იპოვოს, დროის მოსაგებად.

თუ თქვენი დაკვირვებითაც „ოცნების“ ლიდერი ივანიშვილი ამ ეტაპზე „შუალედურ გადაწყვეტილებებს მიიღებს“, სავარაუდოდ როგორი იქნება ეს გადაწყვეტილება?

- გააჩნია რა საკითხზე მოუწევს მას გადაწყვეტილებების მიღება. ჩემი დაკვირვებით, ივანიშვილს ეხერხება ლავირება და სიტუაციიდან გამომდინარე, ღებულობს როგორც რადიკალურ ისე შუალედურ გადაწყვეტილებებს.

შუალედური გადაწყვეტილებები უფრო ხანძრის ჩაქრობის საშუალებაა, მაგრამ არა პრობლემის გადაწყვეტის

გაიხსენეთ როგორ რადიკალურად გადაწყვიტა მან ორი პრემიერ-მინისტრის საკითხი და კიდევ არაერთი მაგალითის მოყვანა შემიძლია. მოსამართლეებთან დაკავშირებით, როგორც ხედავთ წარმოდგენილ სიაზე კენჭისყრა გადადებულია, ვიდრე საკანონმდებლო დონეზე არ გაიწერება მათი შერჩევის ახალი კრიტერიუმები, რაც დროს მოითხოვს.

ამ დროის მანძილზე შესაძლოა გამოიძებნოს ყველა მხარისათვის მეტნაკლებად მისაღები კომპრომისული ვარიანტი. თუმცა, შუალედური გადაწყვეტილებები უფრო ხანძრის ჩაქრობის საშუალებაა, მაგრამ არა პრობლემის გადაწყვეტის.

- თუ ისევ მოსამართლეების თემას დავუბრუნდებით, იურისტ დამკვირვებელთა და საქმეში ჩახედულ ექსპერტთა საკმაოდ დიდი ნაწილი თვლის - ისეთი ადამიანები, რომლებიც „ნაციონალების“ დროს იყვნენ მორჩილები და ახლა „ოცნების“ მორჩილები არიან, დამოუკიდებელ სასამართლოს ვერ შექმნიან. მეტიც - სანამ მართლმსაჯულების სისტემა სრულ ავტონომიურ მართვაზე გადავა, მანამდე ეს სისტემა უნდა გაჯანსაღდეს.

თქვენი აზრით, რატომ ჩათვალა „ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდის მოსამართლეები, რომლებიც ხელისუფლების პოლიტიკურ დავალებებს ასრულებდნენ, თავად იყვნენ მსხვერპლნი?

- ბიძინა ივანიშვილი კი ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილება სასამართლო სისტემაში დატოვებით შანსი მიეცათ სააკაშვილის პერიოდის მოსამართლეთათვის გათავისუფლებულიყვნენ პოლიტიკური გავლენებისგან, იყო სწორი, მაგრამ ვისურვებდი რომ მას საზოგადოებისათვის უფრო მეტი არგუმენტები მოეტანა მისი გადაწყვეტილების დასაბუთებისათვის.

მე არ მაქვს ზუსტი პასუხი კითხვაზე თუ რით ხელმძღვანელობდა ბიძინა ივანიშვილი. როგორც ჩანს არსებობდნენ შიდა თუ გარე ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენდნენ მის ამ გადაწყვეტილებაზე.

ამ მიდგომის შედეგი კი იყო ის, რომ როდესაც სამიოდე წლის წინ ივანიშვილთან მურუსიძის ცნობილი აუდიენციის შემდეგ სააკაშვილის რეჟიმის მომსახურე მოსამართლეთა ამ ჯგუფმა ფაქტიურად ინდულგენცია მიიღო, მათ მეთოდურად დაიწყეს სასამართლო სისტემაში საკუთარი პოზიციების გაძლიერება.

მიმდინარე მოვლენების ფონზე, მაკვირვებს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ოლიმპიური სიმშვიდე და მრავალმნიშვნელოვანი დუმილი მოსამართლეთა საკითხთან მიმართებაში, მაშინ როდესაც ის და იუსტიციის სამინისტრო მუშაობენ მართლმსაჯულების რეფორმაზე

ისე კი, უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებას არ ახსოვს არც ბესელიას და არც „ოცნების“ სხვა ლიდერების აქტიური პროტესტი, იმ დროს როდესაც სააკაშვილის პერიოდის მოსამართლეთა ამ ჯგუფის რეინკარნაცია ხდებოდა. ხმა მაშინღა ამოიღეს, როდესაც ამ ჯგუფმა ბრჭყალები გამოაჩინა და როდესაც დასჭირდათ ამ თემის სათავისოდ გამოყენება.

ივანიშვილის მხრიდან საზოგადოებისათვის ამ საკითხზე დამატებითი განმარტება ვფიქრობ აუცილებელია. საზოგადოება ელოდება ამას. ეს საჭიროა თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უსამართლოდ დაზარალდა და დაიტანჯა ამ მოსამართლეების გამოტანილი ვერდიქტების შედეგად და მათთვის, ვინც თავად თვლიდა თავს ამ მოსამართლეების მსხვერპლებად, განსაკუთრებით უსამართლო და მსუსხავია ამ მოსამართლეების სისტემის მსხვერპლებად გამოცხადება.

შეძლებისდაგვარად მოვიძიე საჯარო სივრცეში და მედიაში ხელმისაწვდომი ინფორმაცია ათივე მოსამართლეზე და ჩემი აზრით რამდენიმე მათგანის კანდიდატურა არ არის ასე ხელაღებით უკუსაგდები.

მიმდინარე მოვლენების ფონზე, მაკვირვებს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ოლიმპიური სიმშვიდე და მრავალმნიშვნელოვანი დუმილი მოსამართლეთა საკითხთან მიმართებაში, მაშინ როდესაც ის და იუსტიციის სამინისტრო მუშაობენ მართლმსაჯულების რეფორმაზე.

- მურუსიძე აცხადებს, რომ მოსამართლეთა კორპუსის ლიდერია. რჩება შთაბეჭდილება, რომ ბატონი მურუსიძე იმ მოსამართლეების ლიდერია, ვისაც პოლიტიკური დავალებების გათვალისწინებით აქვთ გამოტანილი განაჩენები.

გასაგებია, რომ ხელისუფლება მოსამართლეებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს, მაგრამ თქვენ რამდენად ხართ დარწმუნებული, რომ მურუსიძის ლიდერობით იგივე მოსამართლეები ახლა „ოცნების“ პოლიტიკურ დავალებებს არ შეასრულებენ?

- სადმე, რომელიმე დემოკრატიულ სახელმწიფოში გაგიგიათ ტერმინი „მოსამართლეთა კორპუსის ლიდერი“ იმ გაგებით რასაც მურუსიძე მასში დებს? ისე ხომ არ გამოდის, რომ მას, როგორც არაფორმალურ ლიდერს, გავლენა აქვს სხვა მოსამართლეებზე და არავინ იცის რამდენად ფართოა ეს გავლენა და ვრცელდება თუ არა სამოსამართლეო საქმიანობაზეც?

ცოტა არ იყოს, ეჭვი მეპარება, რომ მურუსიძე და მოსამართლეთა ის ცნობილი ჯგუფი ბოლომდე გათავისუფლდნენ ადეიშვილ-სააკაშვილის გავლენებისგან, თუმცა შეიძლება უნდათ რომ „ქართული ოცნება“ ამაში დაარწმუნონ

ცოტა არ იყოს, ეჭვი მეპარება, რომ მურუსიძე და მოსამართლეთა ის ცნობილი ჯგუფი ბოლომდე გათავისუფლდნენ ადეიშვილ-სააკაშვილის გავლენებისგან, თუმცა შეიძლება უნდათ რომ „ქართული ოცნება“ ამაში დაარწმუნონ.

პოლიტიკური დაკვეთების შესრულება კი ამ ტიპის მოსამართლეებს ხელობად გადაექცათ სხვადასხვა მთავრობების მსახურება მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მერე ყოველთვის იტყვიან, რომ კანონი მათ სხვა გზას არ უტოვებდა.

- 2019 წლიდან საპენსიო რეფორმის ფარგლებში უნდა ამოქმედდეს პენსიის დაგროვების ახალი სისტემა. პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ საკმაოდ ავანტიურიტული გეგმის განხორციელებას ისე იწყებს, რომ ჯერაც გაუგებარია დაგროვებული პენსიის თანხები ვის განკარგულებაში იქნება და რამდენად სანდო არიან ისინი. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა პენსიის დაგროვების ახალმა სისტებამ?

- კარგი იქნებოდა, რომ ამ სისტემის შემოღებამდე მოქალაქეებთან მეტი კომუნიკაცია ყოფილიყო და ეხლაც ოფიციალური ამოქმედების შემდეგ, მოქალაქეებს მეტი და მათვის გასაგებ ენაზე მიწოდებული ინფორმაცია მიეწოდოთ, რომ ამ სისტემის სარგებელი ირწმუნონ.

პენსიის დაგროვებითი სისტემა ბევრ ქვეყანაში წარმატებით მოქმედებს და ვფიქრობ მიუხედავად პირველი სირთულეებისა, ის საქართველოშიც თანდათანობით დამკვიდრდება.

ვისურვებდი, რომ პირველ ეტაპზე მაინც, ამ საპენსიო სისტემაში ჩართვა იყოს სრულიად ნებაყოფლობითი და ეტაპობრივად მოხდეს მისთვის სავალდებულო ხასიათის მიცემა

გამომდინარე იქიდან, რომ ეს მაინც სიახლეა ჩვენი მოქალაქეებისათვის, რომელთა უმრავლესობას საკმაოდ მწირი შემოსავლები აქვთ იმისათვის რომ საპენსიო ფონდში თუნდაც 2% ჩარიცხონ, ვისურვებდი, რომ პირველ ეტაპზე მაინც, ამ საპენსიო სისტემაში ჩართვა იყოს სრულიად ნებაყოფლობითი და ეტაპობრივად მოხდეს მისთვის სავალდებულო ხასიათის მიცემა.

- კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ბართლომემ 5 იანვარს ხელი მოაწერა ტომოსს, დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს უკრაინის ახალი მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკურ სტატუსს. გასაგებია, რომ მომხდარით მოსკოვი გაღიზიანებულია, მაგრამ ახლა აქტუალურია თუ რა პოზიციას დაიჭერს საქართველოს საპატრიარქო.

გასაგებია, რომ საპატრიარქოში აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ თუ ამ თემაზე საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებებს დავუკვირდებით, ცხადი ხდება, რომ ხელისუფლება ან იმას ელოდება, რომ კიევს პრეზიდენტი პუტინი მოილოცავს, ანაც გაურკვეველ მიზეზთა გამო ეკლესიურ კანონიკაზე მსჯელობას ამჯობინებენ, რაც თავის თავად უცნაურიც კია.

თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხში საქართველოს საპატრიაქროს სიფრთხილესა თუ აშკარა გაუბედაობას?

- ჩვენი საპატრიარქოს ფრთხილი და მომლოდინე პოზიცია ამ საკითხში შესაძლოა რამდენიმე ფაქტორით იყოს განპირობებული. პირველი - აფხაზეთის ეკლესიით, მეორე სურვილით, რომ ქვეყანას ააცილონ საფრთხეები და პრობლემები, რაც რუსეთისგან შეიძლება თავს დაატყდეს უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის შემთხვევაში და იმითაც, რომ საპატრიარქო კანონიკურ წესებს იცავს, როგორც თავად აცხადებს. შესაძლოა, იყოს სხვა მიზეზებიც და ამაზე თეოლოგებმა და ამ საქმის სპეციალისტებმა იმსჯელონ.

მედიაში და სოცქსელებში ამ თემაზე ატეხილი ხმაური, მათ შორის ეკლესიისკენ ტალახის სროლა, არ მგონია გამართლებული იყოს. ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიას პრობლემები არ აკლია

მედიაში და სოცქსელებში ამ თემაზე ატეხილი ხმაური, მათ შორის ეკლესიისკენ ტალახის სროლა, არ მგონია გამართლებული იყოს. ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიას პრობლემები არ აკლია.

მეორეს მხრივ, საკითხის გაჭიანურებამ შესაძლოა არასასურველი განწყობები ააგოროს აქაც და ქვეყნის გარეთაც, უპირველეს ყოვლისა უკრაინაში. დაველოდოთ როდის ჩატარდება წმინდა სინოდის მორიგი სხდომა ჩატარდება, რომელიც ტომოსს განიხილავს და გადაწყვეტილებას გამოიტანს. ვიტოვებ იმედს, რომ ეს ქვეყნის ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება.

“ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი