გია ხუხაშვილი - არა მგონია, რომ “თიბისი ბანკის“ საქმეს პერსპექტივა ჰქონდეს და პროცესები დრამატულად  განვითარდეს

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” დამოუკიდებელ ანალიტიკოსს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გია, იყო მოლოდინი, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან წასული ეკა ბესელია ხმაურიან განცხადებებს გააკეთებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ბესელიას განცხადებებმა და განმარტებებმა?

- ქალბატონ ეკა ბესელიას პრესკონფერენციაზე ახალი არაფერი უთქვამს.

პრესკონფერენციაზე ბესელიას რაიმე სიახლის შემცველი არც არაფერი უთქვამს

მან გაიმეორა ის, რასაც წინა დღეებში ამბობდა. მან კიდევ ერთხელ ახსნა მიზეზი, რის გამო დატოვა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი და ისაუბრა იმაზე, თუ რა მოქმედებების გეგმა უნდა იყოს მოსამართლეთა სკანდალურ სიასთან დაკავშირებით სამომავლოდ. ამ თემებზე საზოგადოება შეჯერებულია და პრესკონფერენციაზე ბესელიას რაიმე სიახლის შემცველი არც არაფერი უთქვამს.

- „ოცნების“ ლიდერებს ბესელიასა და ფოფხაძის პარტიაში ყოფნასთან დაკავშირებით საკმაოდ მწვავე განცხადებები აქვთ გაკეთებული. ამ განცხადებების შემდეგ ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ თანაგუნდელები არ გაიყრებოდნენ. პრესკონფერენციაზე ეკა ბესელიამ განაცხადა - „უმრავლესობას იმ შემთხვევაში დავტოვებ, თუ მმართველი გუნდი მოსამართლეთა სიას დაამტკიცებსო“. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები მმართველ გუნდში?

- მე არ მგონია, რომ ეს საერთოდ მნიშვნელოვანი თემა იყოს. „ოცნება“ ყოველთვის იყო ეკლეკტიკური წარმონაქმნი და ასეთადვე რჩება. უნდა ითქვას, რომ გუნდურობა, რომელზეც ახლა „ოცნების“ ლიდერები აპელირებენ, ამ პარტიაში არასდროს ყოფილა. გუნდი თანამოაზრეების ჯგუფია, რომელიც გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებს გუნდურად ემსახურება.

სინამდვილეში „ოცნება“ ანტაგონისტური წარმონაქმნია, რომლის გამაერთიანებელი იყო არა ერთიანი მსოფლმხედველობა, არამედ ბიძინა ივანიშვილის მხრებზე პარაზიტირება. შიდა პრობლემებმა, დაპირისპირებამ, ანტაგონისტურმა განწყობებმა სისტემური ხასიათი მიიღო. ამასაც აქვს თავისი მიზეზი, ივანიშვილის პოზიციები დასუსტდა და მას ახლა უჭირს თავის მხრებზე ტვირთის ტარება. შესაბამისად, შიდა დაპირისპირება გარეთ გადმოიღვარა. ასე რომ, განსაკუთრებული არაფერი ხდება.

ბესელია და ფოფხაძე „ოცნებაში“ დარჩებიან თუ არა, პულტებს ერთად დააჭერენ თუ არა, ჩემი აზრით, ეს უკვე აღარ არის საინტერესო, ვინაიდან „ქართული ოცნების“ დეგრადაციის პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს

ბესელია და ფოფხაძე „ოცნებაში“ დარჩებიან თუ არა, პულტებს ერთად დააჭერენ თუ არა, ჩემი აზრით, ეს უკვე აღარ არის საინტერესო, ვინაიდან „ქართული ოცნების“ დეგრადაციის პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ბესელია და ფოფხაძე ან კიდევ ვინმე სხვა ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, ამით ბევრი არც არაფერი შეიცვლება.

ჩვენ უკვე ვიცით, რომ ამ ადამიანებს არაფერი აერთიანებს. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი რჩება ძალის ცენტრად, მას შეუძლია ამ ადამიანების ემოციების დროებით მაინც ჩაცხრობა, მაგრამ ეს იქნება ტაქტიკური და დროებითი გადაწყვეტილებები. გრძელვადიან პერსპექტივაში პირობით კობახიძესა და პირობით ბესელიას ერთობლივი მომავალი არ უწერიათ. მე მათ პოლიტიკურ მომავალსაც საკმაოდ სკეპტიკურად ვუყურებ, მაგრამ ერთად რომ ვერ იქნებიან, ეს ცხადია.

- ახლა ყველა საუბრობს იმაზე, რომ მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე იმუშავებენ, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, იუსტიციის საბჭოს ახალ სიაში იქნებიან თუ არა ისევ ჩინჩალაძე, გვრიტიშვილი და მიქაუტაძე?

- ამ თემის განხილვა ისეთი კუთხით მიმდინარეობს, რომ შედეგი მხოლოდ ფსევდოშედეგის მომტანი შეიძლება იყოს. რეალურად პრობლემა ამ სიაში კი არა, არამედ იმ ალგორითმშია, რომლითაც ასეთი ტიპის სიები დგება. ალგორითმი ემყარება იმას, რომ სასამართლო სისტემა უნდა იყოს ჩასმული რაღაც პოლიტიკურ ვერტიკალში. ეს გახლავთ მანკიერება და ამ მანკიერების განხორციელების ინსტრუმენტი არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სადაც მოსამართლეთა ამგვარი სიები დგება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა იციან მხოლოდ პოლიტიკური დავალების შესრულება, რასაც მართლმსაჯულებასთან საერთო არაფერი აქვს. რაც არ უნდა კრიტერიუმები იქნას შემუშავებული, ფაქტია ისიც, რომ ვიდრე დისკრედიტებული ხალხი არ ჩამოშორდება პროცესს, კრიტერიუმებზე საუბარს აზრი არ ექნება

იუსტიციის საბჭო მუშაობს პოლიტიკურ შეკვეთაზე. ეს სია რომც ჩავარდეს, ჩინჩალაძე, გვრიტიშვილი და მიქაუტაძე რომც ამოიღონ ამ სიიდან, თუ ალგორითმი იგივე დარჩა, ამათზე უარესი ხალხი შეიძლება მოხვდეს მოსამართლეთა ახალ სიაში. საუბარი უნდა იყოს ალგორითმის ცვლილებაზე.

კარგია, რომ ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა, მაგრამ ფაქტია, რომ რეპუტაციადაკარგული იუსტიციის საბჭოც უნდა გაიხვეტოს. ასე უნდა მოხდეს თუნდაც იმის გამო, რომ ამ საბჭოში მომუშავე ადამიანებს სხვა ალგორითმში მუშაობა არ შეუძლიათ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა იციან მხოლოდ პოლიტიკური დავალების შესრულება, რასაც მართლმსაჯულებასთან საერთო არაფერი აქვს. რაც არ უნდა კრიტერიუმები იქნას შემუშავებული, ფაქტია ისიც, რომ ვიდრე დისკრედიტებული ხალხი არ ჩამოშორდება პროცესს, კრიტერიუმებზე საუბარს აზრი არ ექნება.

თუ ჩინჩალაძე და მიქაუტაძე ჩავარდება და სხვა გავა მათ ნაცვლად, ჩვენ არ გვექნება იმის განცდა, რომ ახლად შერჩეული მოსამართლეები მათზე უკეთესები იქნებიან

ფაქტია, რომ იუსტიციის საბჭოს სრული დისკრედიტება მოხდა. იუსტიციის საბჭოში არიან ადამიანები, რომლებსაც არასდროს არაფერზე ხმა არ ამოუღიათ და მათი საქმიანობა ცალკე შესწავლის საკითხია. არადა, ეს ხალხი ახლა ეკრანებიდან არ ჩამოდის და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. თუ ჩინჩალაძე და მიქაუტაძე ჩავარდება და სხვა გავა მათ ნაცვლად ჩვენ არ გვექნება იმის განცდა, რომ ახლად შერჩეული მოსამართლეები მათზე უკეთესები იქნებიან.

- არ ცხრება ვნებათაღელვა „თი-ბი-სი ბანკთან“ დაკავშირებით აგორებულ სკანდალზე. ამ თემაზე ბევრი მოსაზრება კი გამოითქვა, მაგრამ თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ როგორ განვითარდება პროცესები „თი-ბი-სი ბანკთან“ დაკავშირებით?

- რაც მოხდა, საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. იმ ფორმით რა ფორმითაც მოხდა „თი-ბი-სი ბანკზე“ ინფორმაციის „გაჟონვა“, ეს იყო აბსოლუტური უპასუხისმგებლობა. ძალიან დიდი რისკის ქვეშ დადგა არა მხოლოდ „თიბისი ბანკი“, არამედ მთლიანად ქვეყანა.

როდესაც საფინანსო სისტემებს ეხები, უნდა იცოდე, რომ ეს თემა საკმაოდ სენსიტიურია და მას შეიძლება სახიფათო პროცესები მოჰყვეს. „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით უკვე მომხდარს საფინანსო სისტემის მიმართ საბოტაჟადაც კი შევაფასებდი.

„თი-ბი-სი ბანკთან“ დაკავშირებით უკვე მომხდარს საფინანსო სისტემის მიმართ საბოტაჟადაც კი შევაფასებდი

რაც შეეხება იმას, სავარაუდოდ თუ როგორ განვითარდება პროცესები. არა მგონია რომ "თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს პერსპექტივა ჰქონდეს და ამ ბანკთან მიმართებაში პროცესები დრამატულად განვითარდება. ფულის გათეთრებაზე საუბარი სრული სისულელეა.

ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია რის საფუძველზე საუბრობს გამოძიება ფულის გათეთრებაზე. შესაძლოა, ვიღაცამ ისაუბროს თვალთმაქცურ გარიგებაზე, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ როგორც ირკვევა აქედან სარგებელი არავის არ მიუღია, ამაზეც ლაპარაკიც ზედმეტია, ვინაიდან ძიებას საქმის ხანდაზმულობის კუთხითაც აქვს პრობლემა. ასე რომ, მე არ ველოდები იმას, რომ ეს თემა დიდხანს არ იქნება განხილვის საგანი.

- პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირველი პრესკონფერენცია ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზეც უკვე ბევრი რამ ითქვა, მე მაინც გკითხავთ - თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა პრეზიდენტის პირველმა პრესკონფერენციამ?

- მე საერთოდ ვერ გავიგე თუ რატომ ჩაატარა მან პრესკონფერენცია. ჩემი აზრით, ზურაბიშვილის პრესკონფერენცია ჟურნალისტების შეურაცხყოფა იყო. როდესაც ჟურნალისტები სახელმწიფოს მეთაურთან მიდიან პრესკონფერენციაზე მათ აქვთ მოლოდინი, რომ იგი უპასუხებს იმ მწვავე თემებზე, რაც მოცემული მომენტისთვის ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე დგას.

გაუგებარია როგორ შეიძლება სახელმწიფოს მეთაური არ იყოს პოლიტიკური პერსონა? იგი უნდა იყოს ზეპარტიული, მაგრამ მაინც პოლიტიკური პერსონა. საოცარია, რომ ქალბატონმა ზურაბიშვილმა ეს არ იცის

არადა, ფაქტია, რომ პრეზიდენტს არც ერთ მწვავე თემაზე პასუხი არ გაუცია. პრაქტიკულად მან თქვა, რომ ის საკითხები, რაზეც მას ეკითხებოდნენ, მისი კომპეტენცია არ იყო. მეტიც, მან ასევე თქვა, რომ იგი პოლიტიკური პერსონა არ ყოფილა. პოლიტიკური პერსონა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის ვიღაცის მხარეზე უნდა იყოს.

გაუგებარია როგორ შეიძლება სახელმწიფოს მეთაური არ იყოს პოლიტიკური პერსონა? იგი უნდა იყოს ზეპარტიული, მაგრამ მაინც პოლიტიკური პერსონა. საოცარია, რომ ქალბატონმა ზურაბიშვილმა ეს არ იცის.

პრაქტიკულად ზურაბიშვილმა ყველა თემაზე ხელი დაიბანა. ერთადერთი თქვა, რომ ის იცხოვრებს ფრანგულ პენსიაზე და არა ქართულ ხელფასზე, რაც პირდაპირ გეტყვით ტრაგიკომიკურია. თუ მას უნდოდა რაღაც ფონდში ფულის ჩარიცხვა, მას პირიქით უნდა გაეკეთებინა, ფონდში უნდა ჩაერიცხა ფრანგული პენსია და პრეზიდენტის ხელფასზე უნდა ეცხოვრა. ამით ის ხაზს გაუსვამდა იმას, რომ მას ფინანსურადაც კი გაწყვეტილი აქვს კავშირი, იქედან მიღებულ შემოსავალს ფონდში რიცხავს და ცხოვრობს პრეზიდენტის ხელფასით.

ზურაბიშვილის ნათქვამიდან გამოდის, რომ ის უფრო კომფორტულად გრძნობს თავს საფრანგეთის პენსიონერად, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტად

ადამიანი რომ ხელფასს არ იღებს, ეს არ არის საამაყო. პირიქით, ეს კითხვის ნიშნებს ბადებს. ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ ზურაბიშვილი სულაც არ არის მილიონერი. კახი კალაძე რომ არ იღებს ხელფასს, გასაგებია, ვინაიდან მას აქვს ამის შესაძლებლობა. ზურაბიშვილის ნათქვამიდან გამოდის, რომ ის უფრო კომფორტულად გრძნობს თავს საფრანგეთის პენსიონერად, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტად. მეტიც, მას არ უნდა ამ ქვეყნის წინაშე რაიმე ვალდებულებები ჰქონდეს აღებული? როცა ხელფასს იღებს ეს იმასაც ნიშნავს, რომ ადამიანი მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს.

- მართალია, პრეზიდენტმა კითხვების უმეტესობას არ უპასუხა, მაგრამ საკმაოდ ბევრი ისაუბრა ცილისწამების შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებაზე. თუ მას არაფერი ეხება, რატომ შეიძლება ეხებოდეს ცილისწამებასთან დაკავშირებული საკითხები?

- ერთი მხრივ ის ამტკიცებდა, რომ ის ვერაფერში ვერ ჩაერევა, მაგრამ თვლის, რომ რაც მას პირადად შეეხო, იმაზე აქტიურად გამოხატა თავისი პოზიცია. ცილისწამებაზე საუბრისას კარგად გამოჩნდა ზურაბიშვილის პრიორიტეტები - პირად პრობლემებს სახელმწიფოებრივზე წინ აყენებს.

ცილისწამებაზე საუბრისას კარგად გამოჩნდა ზურაბიშვილის პრიორიტეტები - პირად პრობლემებს სახელმწიფოებრივზე წინ აყენებს

რაც შეეხება თავად საკითხს. აქაც აღრევა ხდება. ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებშიც კარგად გამოჩნდა, რომ ისინი ერთმანეთში სხვადასხვა რამეს ურევენ. ცილისწამებისა და ფეიკ-ნიუსების გაიგივება მოხდა. ცილისწამებაზე მათი ინტერპრეტაციაც აბსოლუტურად გაუგებარი იყო.

ცილისწამებაზე მუხლი ისედაც არსებობს. პატივისა და ღირსების შელახვაზე შეგიძლია ადამიანს უჩივლო და ეს საკითხი ჩვენი კანონმდებლობით საკმაოდ კარგადაა დარეგულირებული. საჯარო პირს აქვს მტკიცების ტვირთი, მაშინ როდესაც ჩვეულებრივ მოქალაქეს ამის ვალდებულება არ აქვს.

- თქვენი დაკვირვებით სავარაუდოდ, რა შეიძლება ყოფილიყო იმის მიზეზი, რომ პრეზიდენტმა ცილისწამების კანონის გამკაცრებაზე ისაუბრა?

- არა მგონია რომ ეს მისი მხრიდან რაიმე მიზანმიმართული კამპანია იყოს. როგორც ჩანს, ეს გახლავთ ზურაბიშვილისა და მისი შვილის ისტერიული რეაქციები იმაზე, რასაც მათ მიმართ საპრეზიდენტო კამპანიის მსვლელობისას ჰქონდა ადგილი.

ცილისწამება ზურაბიშვილის მიმართაც იყო გამოყენებული, მაგრამ მას არ უნდა დაავიწყდეს რომ მისი მხარეც საარჩევნო კამპანიისას იმავე მეთოდს საკმაოდ მსუყედ იყენებდა

ცილისწამება ზურაბიშვილის მიმართაც იყო გამოყენებული, მაგრამ მას არ უნდა დაავიწყდეს, რომ მისი მხარეც იმავე მეთოდს საარჩევნო კამპანიისას საკმაოდ მსუყედ იყენებდა.

ვაშაძის კგბ-ს წიგნაკს რომ აქვეყნებდნენ ეს რა იყო? კი ბატონო, ფეიკ-ნიუსზე ზოგადად კი შეიძლება მსჯელობა, მსოფლიოში ამაზე მართლაც მსჯელობენ, მაგრამ ამაში ის არ იგულისხმება, რასაც საქართველოს პრეზიდენტი გულისხმობდა.

“ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

მიხეილ კალანდია - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 19 წლის ასაკში პოლიტიკური პატიმარი ვარ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.11.2019
დავით უსუფაშვილი - „გერმანული მოდელი“ სწორედ იმიტომ იქნა შერჩეული, რომ იგი ყველაზე ადეკვატური კონტრნაბიჯია, რათა პროცესები კონტროლიდან არ გამოვიდეს
სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმები და შესაძლებლობები - კონფერენცია "ექსპოჯორჯიაში" გაიმართება
დიდი ხანია ემზადები შავი პარასკევისთვის?! (R)
BCard - "ემბისის" ბიზნეს ბარათი მცირე ფერმერებისა და მიკრო მეწარმეებისთვის
უნიმანია "უნიქარდისგან" - ექსკლუზიური შეთავაზება მინიმალური ქულებით (R)