კახა გოგოლაშვილი - საქართველოში ყველას გაეხარდა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება, მაგრამ ამის გამოხატვა დაკავშირებულია რისკებთან

საქართველოში ყველას გაეხარდა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება, მაგრამ ამის გამოხატვა დაკავშირებულია რისკებთან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა კახა გოგოლაშვილმა უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადების კომენტირებისას განუცხადა. როგორც გოგოლაშვილმა აღნიშნა, ჩვენს მთავრობას არჩეული აქვს მიდგომა, რუსეთის პროვოცირება არ მოახდინოს.

„არ ვიცი ზუსტად რას გულისხმობდა არჩილ თალაკვაძე, რადგან საკითხი ეხება ავტოკეფალიის ცნობას ან არცნობას. ამაზე როგორი დისკუსია შეიძლება გაიმართოს უკრაინის მთავრობასთან, არ ვიცი. რა თქმა უნდა, უკრაინის მთავრობა იქნება მომხრე საქართველოს ხელისუფლებამ მიულოცოს უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის აღდგენა. როგორც ჩანს, ამ განცხადებით მას უნდოდა ეთქვა, რომ მთავრობის საქმე არ არის ჩაერიოს ეკლესიის საკითხებში და ავტოკეფალიის აღიარება ან არაღიარება დაუტოვა ეკლესიას.

სიფრთხილე შეიძლება გამოწვეული იყოს აფხაზეთის ეკლესიის საკითხით. ეშინიათ რუსეთმა არ აღიაროს აფხაზეთის ეკლესიის სუვერენიტეტი და არ მისცეს ლეგიტიმაცია აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის გამოყოფას საქართველოს ეკლესიის იურისდიქციიდან. პირველ რიგში, ალბათ, ეს საკითხი აწუხებთ. მეორე რიგში, რუსეთის გაღიზიანებას ერიდება. გრძნობენ, რომ მთლიანად ქვეყანა არ არის საკმარისად დაცული რუსეთის აგრესიისგან“, - განაცხადა გოგოლაშვილმა.

მისივე თქმით, ეს პოლიტიკა შეიძლება აღმოჩნდეს სწორი, შეიძლება - არა.

„გასაგებია, რომ საქართველოში ყველას გაეხარდა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება, მაგრამ ამის გამოხატვა დაკავშირებულია რისკებთან. ძნელია იმის თქმა, რა შედეგებს გამოიწვევს ეს გრძელვადიანად. ჩვენს მთავრობას არჩეული აქვს მიდგომა, რუსეთის პროვოცირება არ მოახდინოს. გარდა ამისა, რუსეთი ხშირად გვახსენებს იმას, რომ ცხინვალის რეგიონში არა გვაქვს დაცვის საშუალება და გადმოაქვთ საზღვრები როგორც მოესურვებათ. არც ღია დაპირისპირებამ და არც ფრთხილმა ნაბიჯებმა აქამდე შედეგი არ გამოიღო და რუსეთი იგივე პოლიტიკას აგრძელებს“, - განაცხადა გოგოლაშვილმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ კითხვაზე, რატომ არ ეხმაურება საქართველოს ხელისუფლება უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას, ასე უპასუხა: „დარწმუნებული ვარ, ამ საკითხზე ეკლესიას ექნება საუბარი და დისკუსია უკრაინის ეკლესიასთან, ხოლო ხელისუფლებას ექნება საუბარი და დისკუსია ხელისუფლებასთან“.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს