სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, „სუბარუს“ მარკის ავტომანქანის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, ამოტრიალდა და არხში ჩავარდა. შემთხვევის შედეგად მძღოლი, 65 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ორი პირი კი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, მას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება, ხოლო მეორეს ტრავმები გულ-მკერდის არეში აქვს მიღებული და მისი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. თვითმხილველის თქმით, მანქანაში ერთი ოჯახის 5 წევრი და მეზობელი იმყოფებოდა, რომელიც გარდაიცვალა.

„აქ ძალიან ცუდი მოსახვევია. ვნახე, როგორ ამოტრიალდა მანქანა და როგორ ჩავარდა არხში. ადგილობრივებმა ორი ქალბატონი და ერთი მოზარდი ამოვიყვანეთ, მაქსიმალურად შევეცადეთ დავხმარებოდით. სამწუხაროდ, არის ერთი გარდაცვლილი“, - განაცხადა თვითმხილველმა ვალტერ კირთაძემ.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო: ერთი დაღუპული და 2 დაშავებული - სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს