ქართული პრესის მიმოხილვა 17.01.2019

გია ხუხაშვილი - “ასე ცხოვრებას ვერ გავაგრძელებთ. ივანიშვილს რა უნდა, საერთოდ აღარ არის საინტერესო”

“ამას მოჰყვებოდა ნატოს გაქრობა!” - ტრამპი აშშ-ს ალიანსიდან შესაძლო გასვლაზე ისევ ალაპარაკდა

ზაზა ხატიაშვილი - “ეს პოლიტიკური დაკვეთაა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის”

* * *

გია ხუხაშვილი - “ასე ცხოვრებას ვერ გავაგრძელებთ.ივანიშვილს რა უნდა, საერთოდ აღარ არის საინტერესო”

“რა სურს ივანიშვილს, არ ვიცი, მაგრამ უნდა დავამთავროთ ის ეპოქა, როდესაც ისე კეთდებოდა ყველაფერი, როგორც სურდა ივანიშვილს. ასე ცხოვრებას ვერ გავაგრძელებთ. ძალიან ბევრი წლებია ვუყურებთ, როდესაც ქვეყანაში ასე კერძო სურვილებით წყდება საკითხები. ბაბილონის გოდოლი აგვიშენეს, რომელიც ახლა ინგრევა. ვხედავთ რომ დაპირისპირებაა სასამართლო სისტემაში, პარლამენტში, ეკლესიაში. ფაქტობრივად ნულიდან გვაქვს სახელმწიფოებრივი პროცესი დასაწყები და აქ უკვე ივანიშვილის საკონტროლო პაკეტის თემა დასრულდა”, - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ასე ცხოვრებას ვერ გავაგრძელებთ - უნდა დავამთავროთ ის ეპოქა, როდესაც კეთდებოდა ყველაფერი ისე, როგორც სურდა ივანიშვილს.

“ივანიშვილს რა უნდა, საერთოდ აღარ არის საინტერესო. რა გვინდა ჩვენ - ასე უნდა წავიდეს პროცესი. ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ. რა თქმა უნდა, თავისი ნებით არავინ არაფერს არ დათმობს, ამიტომაა მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა. მათ ვურჩევ, რომ მთელ სურათს შეხედონ და ნუ გახდებიან მანიპულირების სუბიექტები და ნუ ჩათვლიან, რომ ერთი ჩინჩალაძე თუ არ იქნება სიაში, პრობლემა გადაწყდა. ჩვენ ვიცით ეს სია როგორც შეიქმნა. კი ამბობენ, რომ დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა, იუსტიციის საბჭომ შეადგინა, მაგრამ ჩვენ ხომ პატარა ბავშვები არ ვართ და გვესმის, ეს არის პოლიტიკური და სასამართლო ხელისუფლების თანამშრომლობის პროდუქტი. ალგორითმია მანკიერი და იუსტიციის საბჭო არის პოლიტიკურად ანგაჟირებული. აქედან გამომდინარე ეს სია რომც გაუქმდეს, შეიძლება უარესებიც ჩაწერონ ახალ სიაში, თუ ალგორითმი არ შეიცვალა და თუ იუსტიციის საბჭომ იგივე პოლიტიკურ დაკვეთაზე გააგრძელა მუშაობა... მაინტერესებს, სხვა ინსტანციის მოსამართლეებმა იგივე ფილტრი არ უნდა გაიარონ? ჩვენ დიდ რეფორმაზე უნდა წავიდეთ და ყველა დონის მოსამართლე უნდა გაიტესტოს. ახლა რა პრინციპით ვატარებთ რეფორმას, რომ ზედა დონეზე არ მოსულა და ქვედა დონეზე ყველაფერი მოსულა?! მრჩება შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი ნახევრად გადაწყვეტით დაკმაყოფილდება და საბოლოო ჯამში, სახელმწიფოებრივი ამოცანა შესრულებული არ იქნება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ერთ ჩინჩალაძეს რომ ამოიღებენ სიიდან, ბედნიერი იქნება ერი და სასამართლოს რეპუტაცია ამით აღდგება?! ან ორი კვირის წინ მურუსიძე რომ დანიშნეს უვადო მოსამართლედ, ეს უნდა დარჩეს?! ყველაფერი უნდა გადაიხედოს, მთელ სასამართლო სისტემაში უნდა მოხდეს ხელმეორე ატესტაცია და ერთ-ერთი მთავარი პარამეტრი უნდა იყოს რეპუტაციული საკითხი. წარდგენა ღია კონკურსის სახით უნდა იყოს და ყველა ადამიანს ვადა უნდა მიეცეს, თუ ამა თუ იმ მოსამართლეზე რაიმე პრეტენზია აქვს, წარადგინოს და ამის განხილვაც უნდა მოხდეს. იუსტიციის საბჭო ავგიას თავლას დაემსგავსა და ამის კლასიკური მაგალითია, თუნდაც სერგო მეთოფიშვილი. ის აბსოლუტურად პაროდიული ფიგურაა და პრინციპში, ძალიან კარად წარმოადგენს იმ პრობლემებს, რაც სასამართლო სისტემაშია”, - განაგრძობს ექსპერტი.

“კიდევ ერთ რამეზე ვარ აღშფოთებული. ის, რომ უკრაინის ხელისუფლებას არ ულოცავენ ან არ ელაპარაკებიან, ამის მთავარ არგუმენტად მოჰყავთ ეკლესიის პოზიცია. დიდი ბოდიში, მაგრამ ეკლესია თავის გადაწყვეტილებებში ხელმძღვანელობს ისეთი საკითხებით, რაც პოლიტიკის სფეროში არ დევს - ეს არის კანონიკური საკითხები და ასე შემდეგ. შესაბამისად, პოლიტიკოსების მხრიდან საკუთარი უმოქმედობის ეკლესიაზე გადაბრალება, ეს ხელის შეხოცვას ემსგავსება და აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ნაბიჯია. ეკლესია როგორ მოიქცევა ეკლესიასთან მიმართებაში, რა კავშირშია იმასთან, რა ნაბიჯს გადადგამს საერო ხელისუფლება?! ეს ორი საკითხი უნდა გავმიჯნოთ. არ იციან რა ქნან. თან უნდათ და თან ეშინიათ, როგორც ყოველთვის. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა ისაა, რომ პრინციპული გადაწყვეტილების მიღების უნარი არ აქვს. ამიტომაც ვართ ამ სტაგნაციის პირობებში”, - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ცილისწამების წინააღმდეგ კანონის შემოღება სურს „ოცნებას" და ამისკენ საგანგებო პრესკონფერენციაზე მოუწოდა მათ პრეზიდენტმაც. რას მოიტანს ეს?” - პასუხობს:

“საერთოდ გასაკვირია პრეზიდენტის პარადოქსალური აზროვნება, რადგან რაც მართლა აქტუალური და მნიშვნელოვანია ქვეყანაში, ყველაფერზე გამოაცხადა, რომ ჩემი კომპეტენცია არ არისო და ხელი დაიბანა. მაშინ ეს საკითხიც არ არის მისი კომპეტენცია და მაინცდამაინც ამ საკითხზე რატომ აქტიურობს?! ის თვლის, რომ პირადად რაღაც შეეხო და ამიტომ ამ საკითხზე დაიწყო აქტიურობა, ყველა სხვა საკითხი კი არ ეხება და ამიტომ ხელები დაიბანა. ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო საქციელი”.

“საკუთრივ საკითხს რაც შეეხება, სასამართლო წესით ცილისწამება დღესაც დასჯადია და სისხლის სამართალში გადატანა ძალიან სახიფათო ნაბიჯი იქნება, რადგან ეს ინტერპრეტაციების თემა გახდება. გასაგებია, მისი შვილი ფიქრობს, რომ ცილისწამება მას შეეხო, ამიტომ დედიკოსთან იჩივლა და დედიკო შვილის დასაწყნარებლად აქტიურობს. გასაგებია, მას აქვს ამის უფლება როგორც დედას და არა როგორც პრეზიდენტს, მაგრამ მეორეს მხრივ, ეს პრობლემა მარტო ოპონენტების მხრიდან არ იყო. იმაზე როგორ არის, როდესაც იგივე ვაშაძის გაყალბებულ წიგნაკს აქვეყნებდნენ კაგებეს თანამშრომლობაზე?! ეს იყო ორმხრივი სიბინძურე. დღეს ინტერნეტ ტროლებზეა საუბარი და არსებობს ეჭვი, რომ ხელისუფლებასთან აფილირებული უწყებების მხრიდანაა დაფინანსებული და ამას რას ვუშვებით?” - დასძენს გია ხუხაშვილი.

“ამას მოჰყვებოდა ნატოს გაქრობა!” - ტრამპი აშშ-ს ალიანსიდან შესაძლო გასვლაზე ისევ ალაპარაკდა

“აშშ-მა შესაძლოა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) დატოვოს, რაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინიციატივას წარმოადგენს. იმ შემთხვევაში თუკი, ნატო-სთვის ისეთმა მნიშვენელოვანმა სახელმწიფომ, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დატოვა, ეს ალიანსის დაშლასა და გაქრობას გამოიწვევს. ტრამპი აშშ-ის ნატო-დან გაყვანის საკითხს დაუბრუნდება იმ შემთხვევაში, თუკი ალიანსის წევრები სამხედრო დანახარჯებს არ გაზრდიან - ტრამპის ახალი ინიციატივის შესახებ “ნიუ იორკ თაიმსი” აცხადებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ამას მოჰყვებოდა ძალიან მძიმე შედეგები და ნატოს გაქრობა” - ტრამპი აშშ-ს ალიანსიდან შესაძლო გასვლაზე ისევ ალაპარაკდა.

“ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, რომ ტრამპი აშშ-ის ნატო-დან გაყვანას ვერ შეძლებს: “მოკავშირეები ვერ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებას; აშშ რა ვალდებულია თავის მოკავშირეებს გაუწიოს ასეთი დახმარებები, როდესაც მოკავშირეები ვერ ხვდებიან, თუ რა მნიშვნელოვანი გაერთიანებაა ნატო”, - ეს ტრამპის მოსაზრებაა, იგი პრაგმატული ტიპის გათვლებით გამოირჩევა. ტრამპი თვლის, რომ თანხები, რასაც ამერიკა ნატო-ში დებს, ჯობს შიდა ეკონომიკური განვითარების ტემპის გაზრდას მოხმარდეს. მისი ეს ინიციატივა კი, გაუაზრებელია. აშშ-ის ნატო-დან გასვლა არარეალურია, რადგან ამას კონსგრესის ორივე პალატის თანხმობა სჭირდება. ამასთანავე, აშშ-ის პრეზიდენტს ძალიან რთული სიტუაცია აქვს - მას სამშობლოს ღალატს აბრალებენ”, - აცხადებს მაისაია. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ტრამპი აშშ-ის ნატო-დან გასვლის შესახებ ღიად საუბრობს; პირველად, 2018 წლის ზაფხულში, ბრიუსელში გამართულ ნატო-ს სამიტზე და მეორედ, - ახლა. საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი ტრამპის ინიციატივას “შემაშფოთებელს” უწოდებს, თუმცა აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს მსგავსი “არაორდინალური” განცხადებების გაკეთება ახასიათებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მას შემდეგ, რაც ტრამპმა თეთრ სახლში მოღვაწეობა დაიწყო, მის მიერ არაერთი არაორდინალური წინადადება და იდეა იქნა წინ წამოწეული. ასეთი თემა სერიოზული განხილვის საგანი ხდება გარემოცვაში. ნატო-ს შესახებ გამოთქმული ეს ეჭვი დღის წესრიგიდან იქნა მოხსნილი. თავად ამ იდეის გაჩენა, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, მაგრამ აშშ-ის დემოკრატია საკმარისად ეფექტურ დამაბალანსებელ მექანიზმებს შეიცავს და ასეთი დესტრუქციული გადაწყვეტილებები, როგორც წესი, იქ ნეიტრალდება. აშშ-ის მიერ ნატო-ს დატოვება სრულიად არარეალუსტურია, რადგან თანამებრძოლთა და თანამოაზრეთა ისეთ სისტემაში, როგორიც ჩრდილოატლანტიკური კავშირების სისტემა წარმოადგენს, ეს ასე მარტივად ვერ განხორციელდება” - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი.

“ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მსგავსი გამოსვლები ქევყნის გეოსტრატეგიულ ინტერესებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის - “ტრამპის ასეთი ინიციატივით ყველა აფორიაქებულია. იგი ამაზე უკვე მეორედ საუბრობს; აშშ-ის ნატო-დან გასვლა, ალიანსის მთლიანად დასამარებას ნიშნავს. აშშ ნატო-ს მთავარსარდალია. ამაზე სერიოზული რა უნდა იყოს? - ამით ნატო შეწყვეტს არსებობას. ევროპელი მოკავშირეები შეიძლება გადავიდნენ ახალ კოლექტიური თავდაცვის სისტემის შექმნაზე. ტრამპის ასეთი მიდგომები და ინიციატივები, რა თქმა უნდა, აზიანებს ამერიკის გეოსტრატეგიულ ინტერესებსაც. ეს იქნება ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის ინიციატივა, თუ სხვა. მას აქვს ისეთი ინიციატივები, რომელიც ამერიკის თავდაცვის უნარიანობას აზიანებს” - თვლის ვახტანგ მაისაია. ირაკლი მენაღარიშვილი თვლის, რომ აშშ-მა უნდა იფიქროს ურთიერთობების განმტკიცებაზე და არა მნიშვნელოვანი კავშირების გაქრობაზე, რაც აშშ-ისთვის უპირობოდ წამგებიანი იქნება”, - დასძენს გამოცემა.

“მართალია, ნატო ცივი ომის დროს შეიქმნა, მაგრამ მას შემდეგ ნატო მსოფლიოში სტაბილურობის ერთ-ერთი წამყვანი გარანტია. არსებობს უამრავი უმძიმესი გამოწვევა, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლისთვის დასავლეთს და აშშ-ს თანამებრძოლთა ერთგული, პროფესიული და ეფექტური გუნდი სჭირდება. ნატო-ს დავიწყებაზე და უარის თქმაზე საუბარი, ჯერჯერობით, ძალიან ადრეა. ისეთი რადიკუალური იდეების მქონე პოლიტიკოსის მხრიდანაც კი, როგორიც პრეზიდენტი ტრამპი გახლავთ, რეალობა დღეს ამერიკას ერთმნიშვნელოვნად კარნახობს მოკავშირეობის განმტკიცებას, ტრადიციულ და გამოცდილ მოკავშირეებთან და არა ამ ერთობის დარღვევას. ამაზე საუბარი აზრს მოკლებულია. ამას მოჰყვებოდა ძალიან მძიმე შედეგები, - ნატო-ს გაქრობა! როგორც კი ეს კავშირი მოირღვევა, ნატო შეწყვეტს არსებობას. რა დაემართება მსოფლიოში ისედაც რთულ სიტუაციაში მყოფ სახელმწიფოებს, მსოფლიო წესრიგის დღევანდელ პირობებში, ძნელი წარმოსადგენი არ არის”, - დაასკვნის ირაკლი მენაღარიშვილი.

ზაზა ხატიაშვილი - “ეს პოლიტიკური დაკვეთაა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის”

“მათ სჭირდებათ, რაც შეიძლება შეზღუდონ ადამიანების მხრიდან გამოხატვის თავისუფლების ფარგლები”, - ეს განცხადება იურისტმა ზაზა ხატიაშვილმა პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ კანონში ცილისწამებასთან დაკავშირებით მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა. მან აღნიშნა, რომ კანონში ცვლილების შეტანა უნდა გულისხმობდეს არა ცილისწამებას, არამედ ყალბი ინფორმაციის გავრცელებას. მისი თქმით, კანონში ცვლილებების შეტანა პოლიტიკური დაკვეთაა და შეიძლება ისეთი ნორმა მიიღონ, რომ ადამიანის გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ეს პოლიტიკური დაკვეთაა და გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს”, - ხატიაშვილი

„სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საკმაოდ ლიბერალური კანონია საქართველოში. არა მგონია, საფრთხე დაემუქროს გამოხატვის თავისუფლებას, თუ იქნება ისეთივე კონტექსტში მიღებული, როგორიც არის ევროკავშირის ქვეყნებში. აქ ლაპარაკი უნდა იყოს არა ცილისწამებაზე, არამედ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე. ადამიანმა თუ იცის, რომ ინფორმაციას, რომელსაც წერს, არის ყალბი, ამ შემთხვევაში შეიძლება დაეკისროს ადამიანს პასუხისმგებლობა. მაგრამ, თუ ადამიანმა არ იცის, რომ ეს არის ყალბი ინფორმაცია და ავრცელებს, მაშინ პასუხისმგებლობისგან უნდა გათავისუფლდეს. ფაქტია, რომ ეს პოლიტიკური დაკვეთაა და პოლიტიკური დაკვეთა როცა არის, საერთოდ შეიძლება ისეთი ნორმა იქნას მიღებული, რომ ადამიანის გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს, ვინაიდან, თქვენ ხედავთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” კატასტროფულად წააგო არჩევნები და არნახული გაყალბების მეთოდი გამოიყენა, რომ პრეზიდენტი გაეყვანა”, - აცხადებს “რეზონანსთან” საუბრისას ზაზა ხატიაშვილი.

“ქართული ოცნებისთვის” არის ძალიან მძიმე 2 წლის შემდგომი არჩევნები, იმიტომ რომ წინასწარ იციან, რომ წააგებენ. ამიტომ მათ სჭირდებათ, რაც შეიძლება შეზღუდონ ადამიანების მხრიდან გამოხატვის თავისუფლების ფარგლები და მერე მურუსიძეებით და ჩინჩალაძეებით დააკომპლექტონ სასამართლოს სისტემა, რომ თუ ადამიანს მოუნდება, ვთქვათ, ხმების გადათვლა, სასამართლომ ეს პრეცედენტი არ დაუშვას. ველოდები ისეთივე არჩევნებს, როგორიც იყო 2008 წელში, როდესაც სააკაშვილმა თბილისში საპრეზიდენტო არჩევნები ლევან გაჩეჩილაძესთან წააგო და მერე ოქმები გადაწერეს, რომ როგორმე პირველ ტურში გაეყვანათ. აი, ამ დონის არჩევნებისთვის ემზადება, ჩემი აზრით, “ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი. მას სჭირდება კანონმდებლობის გამკაცრება და მას სჭირდება მურუსიძეებითა და ჩინჩალაძეებით სასამართლო სისტემის დაკომპლოქტება”, - განაგრძობს რესპონდეტი.

“ეს არის პოლიტიკური გარიგების ნაწილი. თქვენ თუ გახსოვთ 2 წლის წინ მე ვითხოვდი თეა წულუკიანზე - გადააყენეთ-მეთქი. მან და ბარამიძემ პარლამენტში შეიტანეს კანონპროექტი. საქართველოს პრეზიდენტს წაართვეს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების სიის წარდგენის უფლება და ეს უფლება მისცეს იუსტიციის საბჭოს. რატომ? იმიტომ, რომ იუსტიციის საბჭომ აიღო ვალდებულება, რომ ხმები არ გადაითვლებოდა. ნინო ბურჯანაძეს საკმაოდ დასაბუთებული საჩივრები შეჰქონდა და ითხოვდა რომ ხმები გადაეთვალათ, რადგან არასწორი ციფრი ეწერა. სასამართლო სისტემამ ერთი უბნის ხმა მაინც გადათვალა? არ გადათვალა. მე ორი წლის წინ ვამბობდი, რომ ეს არის პოლიტიკური გარიგება და ახლა ორი წლით ადრე ვამბობ, რომ ჩინჩალაძეები და მურუსიძეები სჭირდება ივანიშვილს, რომ არცერთი ხმა არ გადაითვალოს, როცა არჩევნები გაყალბდება”, - დასძენს ზაზა ხატიაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო