ქართული პრესის მიმოხილვა 21.01.2019

სანდრო თვალჭრელიძე - “ამ უბედურებების მიზეზია არაპროფესიონალიზმი როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე კერძო კომპანიებში”

ცხინვალი ბლოკადაშია - პროდუქტები ვერ შეაქვთ, მაღაზიის დახლები ნელ-ნელა ცარიელდება

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ ივანიშვილი პრემიერობას არ აპირებს, 2020 წელს ოპოზიციაში ყოფნა მოუწევს”

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “ამ უბედურებების მიზეზია არაპროფესიონალიზმი როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე კერძო კომპანიებში”

“უპირველესად მომეცით უფლება მომხდარის გამო მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს. რაც მოხდა, ეს არის არა მხოლოდ კომუნალური მეურნეობის გაუმართაობის, არამედ საზოგადოდ ინფრასტრუქტურული გაუმართაობის შედეგიც. პრობლემების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია: ეს შეეხება მიწისქვეშა წყლებს, სანიაღვრე სისტემას, 70-მდე მეწყერსაშიშ უბანს თბილისში, ქალაქის არასწორ განაშენიანებასა და ა.შ. ამ უბედურებების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი არის არაპროფესიონალიზმი, რომელიც მეფობს როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე კერძო კომპანიებშიც”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რამდენი ხანია გავიძახი, მივხედოთ ქალაქს, თორემ საშინელი ამბები დატრიალდება-მეთქი” / “საზედამხედველო სტრუქტურების სისუსტე და პრაქტიკულად არარსებობა მარტო ამ მიმართულებით კი არ იჩენს თავს, გვახსოვს, რამდენი უბედური შემთხვევა მოხდა მაღაროებში, მშენებლობებზე. მგონი, თვე არ გავა, ახალი ტრაგედია არ დატრიალდეს”.

“ყველაზე ამაზრზენი ამ ტრაგედიაში ის იყო, თუ როგორ ცდილობდა ყველა, ერთმანეთისთვის გადაებრალებინა მომხდარი. სამშენებლო კომპანია “ყაზტრანსგაზისკენ” იშვერდა ხელს, მერია საერთოდ იცილებდა ყოველგვარ პასუხისმგებლობას, ნაცვლად იმისა, საკუთარ წილ პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობდნენ და დანაშაულს აღიარებდნენ. საბოლოოდ ისე გამოჰყავთ, რომ ყველა ლამის მართალია... რა თქმა უნდა, "ყაზტრანსგაზი" დამნაშავეა, რომლის თანამშრომლები გამოიძახეს დასახმარებლად. ისინი მივიდნენ, შეამოწმეს თითქოს იქაურობა და ხალხს უთხრეს, რომ ყველაფერი რიგზე იყო - გამოდის, ფეხზე დაიკიდეს ადამიანების სიცოცხლე, მაგრამ მხოლოდ ისინი არ არიან დამნაშავენი - ყველაზე დიდი პრობლემაა მოშლილი რეგულაციები და ზედამხედველობის მექანიზმი. ყველაფრის მოშლა და გაუქმება ადვილია, მაგრამ მერე მისი სრულფასოვნად აღდგენაა რთული. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ის სპეციალისტები, რომლებიც თავის დროზე ზედამხედველობის სტრუქტურებში მუშაობდნენ, დაიფანტნენ, ამ გამოცდილების ხალხის თავიდან შეკრებას კი წლები სჭირდება. საზედამხედველო სტრუქტურების სისუსტე და პრაქტიკულად არარსებობა მარტო ამ მიმართულებით კი არ იჩენს თავს, გვახსოვს, რამდენი უბედური შემთხვევა მოხდა მაღაროებში, მშენებლობებზე. მგონი, თვე არ გავა, ახალი ტრაგედია არ დატრიალდეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“რამდენიც უნდა იკვლიო, ვერ გაიგებ, ვის რისი გაკონტროლება ევალება. წარმოიდგინეთ, მერია იბარებს ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსს, მაგრამ ის არ არის პასუხისმგებელი ბუნებრივი აირის, წყლისა თუ ელექტროენერგიის გაყვანილობების გამართულობაზე. უფრო უმთავრესი პრობლემაა შრომის უსაფრთხოების დაცვის საკანონმდებლო ვაკუუმი. მხოლოდ ამ ხელისუფლებას ვერ დავაბრალებთ ყველაფერს. ეს დაიწყო მას შემდეგ, რაც დაინგრა კომუნისტური სისტემა და ყველაფერი თავდაყირა დადგა. თავის დროზე ჩვენ შევიმუშავეთ მარეგულირებელი კომისიების ბრიტანული სქემა ქართული სინამდვილისთვის. მარეგულირებელ კომისიებს ეკისრებოდათ საზედამხედველო, მაკონტროლებელი ფუნქციები, მაგრამ ეს არავის გაუკეთებია. ტრაგედია ხდება ყველგან, ყველაზე გამართულ ქვეყნებშიც. მაგრამ იქ ეს გამონაკლისი შემთხვევაა, უიშვიათესად ხდება, ჩვენ კი ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ვცხოვრობთ. პრობლემები გვახსენდება მხოლოდ მაშინ, როცა ტრაგედია დატრიალდება, მერე ვივიწყებთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“სახელმწიფო მმართველობა ურთულესი ცოდნის დარგია, ჩვენში კი იგონებენ რაღაც სამთავრობო სისტემებს. აი, მაგალითად, მოდის ახალი პრემიერ-მინისტრი და გვთავაზობს რაღაც ისეთ სისტემას, რომლის აზრზე თვითონაც არ არის... 100%-ით ვარ დარწმუნებული, ზოგიერთის “დილიხორზეა” დამოკიდებული, იქნება ქვეყანაში, მაგალითად, კულტურის სამინისტრო თუ არა. უდიდესი, უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ქვეყანაში შეიძლება არ არსებობდეს კულტურის სამინისტრო? მოინდომა პრემიერ-მინისტრმა და გააუქმა. რომ ჰკითხოთ, რატომო, დარწმუნებული ვარ, არ ეცოდინება. იტყვის, ასეა საჭიროო, მაგრამ ამის დასასაბუთებლად ერთი არგუმენტიც არ ექნება, გარდა სუბიექტური აზრისა”, - ამბობს ექსპერტი.

“პოლიტიკაში მიდის ხალხი, რომელსაც აქვს ფული. ფული თუ არა გაქვს, პოლიტიკაში ვერ მოხვდები. მორალურად მდგრად, პატიოსან და პროფესიონალ ადამიანს, როგორც წესი, ფული არა აქვს. ეს არის ჯადოსნური წრე, რომელზეც 25 წელია დავდივართ და ვერაფრით ვარღვევთ. პოლიტიკაში არის ხალხი, რომელსაც მხოლოდ ყვირილი შეუძლია. ამას განსაკუთრებით შეუწყო ხელი პროპორციულმა სისტემამ, რომლის დროსაც არის ერთი ლიდერი და დანარჩენი მორჩილი უმრავლესობა - აბსოლუტურად უსახური ადამიანები, დიდწილად მორალური საჭურისები, ამის პარალელურად არსებობს ინტელექტუალ, პროფესიონალ და მორალურ ადამიანთა პოტენციალი საქართველოში, რომელიც არავის სჭირდება, რადგან ხშირად ლიდერებიც ვერ პასუხობენ ამ ინტელექტუალურ დონეს, თავისზე ჭკვიანი კი გვერდით არავის უნდა. ეს არის რეალობა, რომელიც სხვა ქვეყნებშიც შეიძლება იყოს, მაგრამ იქ არის ძლიერი სისტემური ინსტიტუციები. იქ პროცესებს ინსტიტუციები წარმართავენ და არა კონკრეტული პირები. ჩვენთან ინსტიტუციები სუსტია. მოდის პირველი პირი, რომელიც ყველაფერს თავიდან იწყებს, თითქოს მანამდე არაფერი არსებობდა. გამოსავალს მე ვერ ვხედავ, თუ მოსახლეობამ თვითონ არ გაზარდა საჯარო მოხელის, სახელმწიფო მოღვაწის, პოლიტიკოსის მიმართ მოთხოვნები”, - დაასკვნის სანდრო თვალჭრელიძე.

“ქართულ ოცნებაში” ორ ურთიერთსაწინააღმდეგო პროცესთან გვაქვს საქმე: ერთი მხრივ, თურმე არსებობს წითელი ხაზები, ზღვარი, რომლის გადალახვის უფლებასაც მორჩილი უმრავლესობის წევრებიც კი ვეღარ აძლევენ საკუთარ თავს, მეორე მხარეს კი არის დეპუტატთა ნაწილი, რომელიც ცდილობს ყველანაირად მართული სასამართლო გვქონდეს. იმედოვნებენ, რომ ადამიანი, რომელიც ერთი მთავრობის წინაშე იყო მუხლმოდრეკილი, მეორე მთავრობასაც ასევე სცემს თაყვანს. დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს, ანა დოლიძესა და ნაზი ჯანეზაშვილს, რომელთა ბრძოლამაც დაგვანახა ბევრი რამ, თორემ რიგითი მოქალაქე ამ პროცესს, ალბათ, არც მიაქცევდა ყურადღებას. ბევრი მოსამართლის გვარ-სახელი ჩემთვისაც არ იყო ცნობილი - მურუსიძე-ჩინჩალაძეს არ ვგულისხმობ. კიდევ ერთი კარგი რამ გვაჩვენა ამ პროცესმა: თურმე ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნისგან განსხვავებით, ჩვენთან ცოტა უფრო ძლიერი ყოფილა სამოქალაქო საზოგადოება. უკვე ვეღარ მოგვატყუებენ, თავმოყვარეობის შელახვის უფლებას აღარავის მივცემთ. სხვათა შორის, ცოტა მოულოდნელიც კი იყო ჩემთვის ზოგიერთი დეპუტატის პრინციპული პოზიცია...” - მიიჩნევს რესპონდენტი.

“არა მგონია, ამის შემდეგ მოახერხონ იმ მოსამართლეების გაყვანა, ვისაც ასეთი შემართებით ლობირებდა ზოგიერთი. თუმცა საზოგადოება მაინც ძალიან ფრთხილად უნდა იყოს და ამ პროცესს თვალი არ მოაშოროს. კომისია, რომელიც ახალ კრიტერიუმებზე იმუშავებს, უნდა დაფიქრდეს, რა საზოგადოებრივ პროცესებთან მოუწევს დაპირისპირება, თუ ისეთ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს, რასაც ელის საზოგადოება. იუსტიციის საბჭო იქცა მახინჯ წარმონაქმნად, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობის ყველაზე დიდი შემაფერხებელი რგოლია, შესაბამისად, ვიზიარებ აზრს, რომ აუცილებელია მისი რეფორმირება. ჩემი აზრით, ამანაც აჩვენა, რომ უმრავლესობაში ყველა ფრთხილობს. იცავენ საკუთარ პოზიციას, მაგრამ კონფრონტაციაზე არ მიდიან, რადგან ყველა ხვდება, რომ მათი პოლიტიკური მომავალი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ბიძინა ივანიშვილსა და საზოგადოდ, “ქართულ ოცნებაში” პროცესების განვითარებაზე. ვინც ამ პროცესების დაბალანსებას მართავდა უმრავლესობაში ივანიშვილის სახელით, ის ამისთვის აშკარად არაკომპეტენტურია. ვფიქრობ, უმრავლესობის შენარჩუნება შესაძლებელია, თუ გონივრულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ და არ იქნება ხელების გადაგრეხის მცდელობა. თუ ბიძინა ივანიშვილი გააანალიზებს ვითარებას, ის უმრავლესობას აუცილებლად შეინარჩუნებს. რასაკვირველია, ამისთვის დათმობაზე წასვლა დასჭირდება. ვინც პარლამენტის სახელით აქამდე ცდილობდა ვითარების დარეგულირებას, არასწორი მეთოდებით და უჭკუოდ აკეთებდა ამას. თუ მას ისევ მისცა ივანიშვილმა ამგვარად პროცესების წარმართვის უფლება, მაშინ უმრავლესობა აუცილებლად დაიშლება”, - დასძენს ექსპერტი და შეკითხვაზე - “პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს გულისხმობთ?” - პასუხობს:

“თქვენ გამოიცანით - ეს ბიჭი აშკარად უჭკუოდ იქცეოდა. ჰგონია, რაც უფრო ხმამაღლა იყვირებს და ვიღაცას რაღაცებს დააბრალებს, საკუთარ სიმართლეს დაამტკიცებს. ხანდახან ვფიქრობ, ჰგონიათ ჭადრაკს თამაშობენ დახურულ კლუბში-მეთქი. თუ სწორად მოიქცევიან, უმრავლესობის შენარჩუნება შესაძლებლად მიმაჩნია.... სამთავრობო ცვლილებებს კი ხვალ-ზეგ არა, მაგრამ ველი აუცილებლად, ბოლოს და ბოლოს, ის დაპირებები, რაც /;ქართულმა ოცნებამ/; საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გასცა, შესასრულებელია. სხვანაირად 2020 წლის არჩევნებს აუცილებლად წააგებს. ამ ვითარებას, სახელისუფლებო სტრუქტურებში არ ვიცი, მაგრამ ძალაუფლების ცენტრში, ვფიქრობ, აანალიზებენ”.

ცხინვალი ბლოკადაშია - პროდუქტები ვერ შეაქვთ, მაღაზიის დახლები ნელ-ნელა ცარიელდება

“დიდთოვლობის გამო უკვე რამდენიმე კვირაა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ერთგვარ ბლოკადაში მოექცა და საკვები პროდუქტების დიდი დეფიციტია. ცხინვალსა და ახალგორში მაღაზიების დახლები ლამის მთლიანად დაცარიელდა. მალფუჭებადი პროდუქტები - ხორცი, რძის ნაწარმი, ბოსტნეული და მწვანილი დახლებიდან გაქრა. ადგილობრივების ნაწილი უკმაყოფილოა, მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ მათ გადაიტანეს ომი, ათწლეულის განმავლობაში ბლოკადით იტანჯებოდნენ და გაუძლეს, ამიტომაც ახლა ამ რამდენიმე დღიან გზის ჩაკეტვასაც გაუძლებენ”... საქმე ისაა, რომ დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან დამაკავშირებელი როკის გვირაბი იანვარში რამდენჯერმე დაიკეტა...“, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ცხინვალი ბლოკადაშია - ოკუპირებულ ტერიტორიაზე პროდუქტები ვერ შეაქვთ, მაღაზიის დახლები ნელ-ნელა ცარიელდება.

“როკის გვირაბის გადაკეტვამ პიკს კი ახლა მიაღწია, როცა ერთი კვირის წინ “რესპუბლიკის” ავტომაგისტრალზე ზვავი ჩამოწვა და ერთი კვირაა მიმოსვლა შეწყვეტილია ვლადიკავკაზთან, საიდანაც ცხინვალში ხორცი და რძის პროდუქტები შემოჰქონდათ. ამას თან დაერთო მეორე პრობლემაც - დე ფაქტო ხელისუფლებამ "ღორის გრიპის" გავრცელების თავიდან აცილების მომიზეზებით ჩაკეტა ახალგორთან არსებული ე.წ. საზღვარი, რომელიც ახალგორს დანარჩენ საქართველოსთან აკავშირებდა და ბოსტნეული და ხილი შედიოდა, ამიტომაც დახლებიდან ყველაფერი გაქრა. ადგილობრივი მედია წერს, რომ როგორც კი ამინდი გაუმჯობესდება, ვლადიკავკაზთან დამაკავშირებელი გზა გაიხსნება და პრობლემაც მოგვარდება. თუმცა წლევანდელი დიდთოვლობის გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე იანვრის დიდი ნაწილი ამ მიმოსვლის გარეშე არიან და პირველი, რასაც ეს ბუნებრივი ბლოკადა ყველაზე მძიმედ დაეტყო, სასურსათო მაღაზიებია - “რესპუბლიკაში” მალფუჭებადი პროდუქციის შეტანა ვერ ხერხდება და ხორცისა და რძის პროდუქტების დიდი დეფიციტიც შეიქმნა. ადგილობრივი მედიის თქმით, საგზაო მოძრაობის უპრეცედენტო შეფერხების გამო სურსათის მაღაზიებმა მხოლოდ 4-დან 12 იანვრამდე მოახერხეს პროდუქციის შეტანა ცხინვალში, სანამ “რესპუბლიკა” თოვლის ახალი ციკლონით დაიფარებოდა და პრობლემა ისევ დაბრუნდებოდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გზის დაკეტვის გამო პროდუქციის ნაკლებობამ პრობლემები შექმნა თუ არა, ამ კითხვით ადგილობრივებს “ეხო კავკაზამაც” მიმართა და პასუხებიც სხვადასხვაგვარი მიიღო. “მაღაზიებში პროდუქტების ნაკლებობა შესამჩნევია, ყველი და მალფუჭებადი პროდუქტები - რძე, ახალი მწვანილი და ახალი ხორცი არ არის და გზის ჩაკეტვამ პრობლემები შექმნა არა მარტო პროდუქტების თვალსაზისით, ადამიანები ვლადიკავკაზში ექიმთანაც ვერ მიდიან”, - ამბობს ცხინვალის მკვიდრი ელენა. “როდესაც გზა დაიხურა იანვრის დასაწყისში, დეფიციტი უფრო მძიმე იყო. ალბათ, საახალწლოდ ყველამ იყიდა პროდუქტი და მაღაზიებმა ახალი მარაგის შემოტანა ვერ მოასწრეს. ახლა კი დეფიციტი ასე მწვავედ არ იგრძნობა. ცხადია, ზოგ მაღაზიაში დეფიციტი ისევ არის. სამწუხაროდ, ზოგ მაღაზიაში ბევრი ვადაგასული საქონელიცაა და კარგი იქნება ეს თუ გაკონტროლდება. გზა მსხვერპლის თავიდან აცილების გამო გადაიკეტა, თუმცა ხალხი მოუთმენელი გახდა. ეს არაფერია, ჩვენ გადავიტანეთ ომი, ბლოკადის გამო ათწლეული ვიტანჯებოდით და რამდენიმე დღიანი გზის ჩაკეტვასაც გავუძლებთ”, - ამბობს მერი. მიუხედავად იმისა, რომ 12 იანვრიდან უკვე ერთი კვირაა ცხინვალში ახალი პროდუქცია არსაიდან შესულა და ადგილობრივების ნაწილი სურსათის დეფიციტზე საუბრობს, ცხინვალის მედია ცდილობს წარმოაჩინოს, რომ არც პროდუქციის დეფიციტი იგრძნობა და არც რაიმე პრობლემა, მხოლოდ ადამიანების ძალიან მცირე ჯგუფი გამოხატავს უკმაყოფილებას, მაგალითად დედები, რომლებიც ჩვილი ბავშვებისთვის ყიდულობენ საკვებს და ამბობენ, რომ ბოლო დღეებია ეს დეფიციტი გახდა”, - დასძენს გამოცემა.

“როგორც ცხინვალის მედია წერს, სურსათის დეფიციტი შეინიშნება მხოლოდ მცირე სასურსათო მაღაზიებში, სადაც შემორჩენილია რამდენიმე ყუთი შედედებული რძე, რომელსაც ხანგრძლივი შენახვის ვადა აქვს და ნახევარფაბრიკატები ჰერმენტულ პაკეტებში, ხორცის მარაგი კი ამოწურულია. ცხინვალის მთავარ მოედანზე მდებარე პოპულარულ მაღაზიაში კი დეფიციტი არ იგრძნობა - თაროები ისევ სავსეა, როგორც წლის ყველაზე მშვიდ პერიოდში. ასევე სავსეა რძის და ხორცის პროდუქტების განყოფილებებიც, თუმცა მაცივრები ნამცხვრებისგან ცარიელია. ადგილობრივი მედია წერს, რომ მყიდველებს ტკბილეულის დეფიციტი არ ანერვიულებთ და მაინცდამაინც არ “სურსათის დეფიციტს” ამჩნევენ, რადგან თუ რაღაც ერთ მაღაზიაში არ არის, სხვაგან აუცილებლად იპოვნიან და ერთი კვირა არ არის იმდენად დიდი დრო, რომ პროდუქციის დეფიციტი პრობლემად იქცეს”, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ ივანიშვილი პრემიერობას არ აპირებს, 2020 წელს ოპოზიციაში ყოფნა მოუწევს”

ბიძინა ივანიშვილი რას აპირებს, არ ვიცი, მაგრამ თუ დროზე არ ამოქმედდა, მერე ძალიან გვიან იქნება. დრო “ქართული ოცნების” საწინააღმდეგოდ მუშაობს. ამის გააზრებას სოციოლოგიური კვლევები არ სჭირდება. უკვე იქამდე მივიდა საქმე, რომ რაც უნდა მოხდეს, ყველაფერს ხელისუფლებას აბრალებენ. ამიტომ საჭიროა ძალიან სწრაფი მოქმედება და ეს, უპირველეს ყოვლისა, ივანიშვილს ეხება. საჭიროა კონცეპტუალური გეგმა, რომელშიც გაწერილი იქნება ორწლიანი საქმიანობა. ხელისუფლებამ მოქმედება უნდა დაიწყოს. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სრული ვაკუუმი შეიქმნა. არსად არაფერი ჩანს. თუ რაღაც უბედურება მოხდა, მაშინ გამოჩნდებიან. არადა, არჩევნების მეორე ტურის წინ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლამ ხალხს გაუჩინა მოლოდინი, რომ რაღაც შეიცვლებოდა. სანამ ეს მოლოდინი ნიჰილიზმში გადავა, მანამდე უნდა გაკეთდეს რაღაც”, - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ბრძოლა მიდის, თუ ვინ იქნება პირველი ვეზირი ივანიშვილის კარზე”.

“მთავრობის ცვლილებას მაშინ ექნება აზრი, თუ ივანიშვილი თავად გახდება პრემიერი - თუ ივანიშვილი პრემიერობას არ აპირებს, 2020 წელს ოპოზიციაში ყოფნა მოუწევს.სასწრაფო მოქმედებაა საჭირო-მეთქი, რომ ვამბობ, ვგულისხმობ თუნდაც ხორავას ქუჩის ტრაგედიისა და მაჩალიკაშვილის საქმეების გამოძიების დასრულებას. ფარცხალაძის შესახებაც მოუწევს რაღაცის გადაწყვეტა და სხვა... უამრავი რაღაც არსებობს. მე ვიცი ხალხის დამოკიდებულება. სწრაფი და ეფექტიანი მოქმედება გააჩენს იმედს, რომ რაღაც იწყება. ვითარება ძალიან რთულია, კომპლექსური მიდგომებია საჭირო, ხელისუფლება კი საზოგადოებრივი აზრის საპირისპიროდ მიდის. თუ ივანიშვილს ის აქვს დაგეგმილი, რომ რაღაც მექანიზმებით ჩამოშორდეს პოლიტიკას, ეს სხვა საკითხია. დღეს “ქართულ ოცნებას” ძალაუფლების შენარჩუნებისთვის აქვს ორი არჩევანი: დაკარგული ამომრჩევლის დაბრუნება ან ავტორიტარულ რეჟიმად ჩამოყალიბება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“გახსოვთ, ალბათ, შევარდნაძის "რკინის მინისტრი", კახა თარგამაძე, რომელიც ძალოვან უწყებას ხელმძღვანელობდა. შევარდნაძე თარგამაძეზე დაყრდნობით ცდილობდა ძალოვანი სტრუქტურების გამოყენებას და რით დასრულდა ეს, კარგად გვახსოვს. იგივე იყო ქვეყნის “ხერხემალი" ვანო მერაბიშვილი, ეს “ხერხემალი” კი რამდენი ხანია ციხეში ზის. უნდა იცოდეს ყველამ, რომ ადგილობრივ ძალებზე დაყრდნობით დიქტატურას ან ავტორიტარულ მმართველობას ვერ დაამყარებ. სააკაშვილმა 2004 წელს ნელ-ნელა დაიწყო რეპრესიები და 2011 წლის 26 მაისს ამან კულმინაციას მიაღწია. ესეც როგორ დასრულდა, ვნახეთ. დღეს ხელისუფლება ასეთი ალტერნატივის წინაშე დგას. თუმცა "ქართულ ოცნებას" არა აქვს ამის რესურსი,­ მხოლოდ 200 გაწვრთნილი კაცი არ არის საკმარისი”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “არსებულ ვითარებაში გახარიას გაპრემიერება რამდენად რეალურია?” -პასუხობს:

“პრემიერი გახარია იქნება თუ ბახტაძე, ამით არაფერი შეიცვლება, გვარებს მნიშვნელობა არა აქვს. “ქართული ოცნება” დგას არჩევანის წინაშე: ან მიდის რეპრესიული სისტემის აწყობისკენ, ან იზრუნებს ხმების უკან დაბრუნებაზე. ამიტომ ვამბობ, რომ პრემიერი ივანიშვილი უნდა იყოს. მთელი კომპლექსური საკითხებია მოსაგვარებელი: სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური. თუ ივანიშვილი პრემიერობას დათანხმდება, საზოგადოებაში გაჩნდება აზრი, რომ რაღაც დაიწყება, გახარიას შემთხვევაში კი ასე არ იქნება. როგორც უნდა იყოს, ივანიშვილს უფრო მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვას”.

“ოცნებაში” დღეს ფორმალური ერთიანობაა. ყველა ჯგუფი ცდილობს გავლენის მოპოვებას ბიძინა ივანიშვილთან - თამაში მიდის, თუ ვინ იქნება პირველი ვეზირი ივანიშვილის კარზე, რომელიც შემდგომ 2020 წლის საპარლამენტო სიას დააკომპლექტებს.. მოსამართლეების თემა ძალიან მომგებიანია იმათთვის, ვინც ეს გაახმაურა. ამ ჯგუფს ადრეც და ახლაც ჰქონდა პრეტენზიები ამ მოსამართლეებთან, მაგრამ დღეს ნახეს, რომ ეს თემა პოლიტიკურად მომგებიანია და ამიტომ გააკეთეს განცხადებები. მათ ურჩევნიათ, გუნდიდან გარიცხონ, ვიდრე თვითონ წავიდნენ. ამით უფრო მეტ პოლიტიკურ ქულას მიიღებენ”, - დასძენს პოლიტოლოგი.