ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2019

რა უბედურებაც არ უნდა მოხდეს ქვეყანაში, ყველაფერი მაინც ივანიშვილს ბრალდება - ხუხაშვილი

10 განრისხებული მოსამართლე და აქცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან

***

რა უბედურებაც არ უნდა მოხდეს ქვეყანაში, ყველაფერი მაინც ივანიშვილს ბრალდება - ხუხაშვილი

"საზოგადოებას არ აინტერესებს „ოცნების“ შიგნით რა ხდება, ან ვინ ვის კვანტი გამოუდო, რადგან რაც უბედურება ხდება ქვეყანაში, მაინც ბიძინა ივანიშვილს ბრალდება, ასეთია საზოგადოების აღქმა“, - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა უბედურებაც არ უნდა მოხდეს ქვეყანაში, ყველაფერი მაინც ივანიშვილს ბრალდება - ხუხაშვილი

"როდესაც ტრაგედია ხდება, პასუხისმგებლობას პოლიტიკურ ფიგურას აკისრებენ. ოპოზიციაც ზოგადად დაინტერესებულია ხელისუფლების მხილებაში და სადაც სისუსტეს დაინახავს, იქ დაარტყამს. მითუმეტეს, რომ ამ ტრაგედიის შემდეგ ყველა ერთმანეთისკენ იშვერდა ხელს, კალაძემ კი თავისი განცხადებებით ცეცხლზე ნავთი დაასხა. ფაქტია, რომ საქმე ეხება თბილისის გაზით მომარაგებას და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხს, ეს კი კალაძემ კარგად უნდა იცოდეს, რადგან იგი არა მხოლოდ ქალაქის მერი, არამედ ენერგეტიკის ყოფილი მინისტრია“, - აღნიშნავს გამოცემა.

"რამდენად გამოიყენებს ამ ტრაგედიას ოპოზიცია კალაძესთან პოლიტიკური ბრძოლისთვის, ან თავად რა გადაწყვეტილებას მიიღებს ივანიშვილი, ეს დღეს არავის აინტერესებს, რადგან რა უბედურებაც არ უნდა მოხდეს ქვეყანაში, მაინც ბიძინა ივანიშვილს ბრალდება, ალბათ ისეთიც, რომლის აზრზეც თვითონაც არ არის. ასეთია საზოგადოების აღქმა და დღევნედელი მოცემულობა. არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი ისეთი მიამიტი იყოს, რომ ამას ვერ გრძნობდეს, რა შეიძლება მოყვეს, თუ ჩრდილში იქნება. ამიტომ ვფიქრობ, რომ გამოსავალი არის მისი გაპრემიერება, რადგან დისტანციურად, პულტით ქვეყნის მართავამ სადამდე მიგვიყვანა, ვნახეთ. საზოგადოებას დღეს რეალური ნაბიჯები აინტერესებს და არ ის, რა ხდება დღეს „ოცნებაში“, ვინ ვის კვანტი გამოუდო, ან ვინ ვის უპწკინა, წავა თუ არა ოპოზიციაში ბესელია, ან რა ელის კალაძეს. გადაჭარბებული მგონია მოსაზრება მათი პოპულარობის შესახებაც. პირადად მე ვერ ბესელიას და ვერც კალაძეს სერიოზულ პოლიტკურ ფიგურებად ვერ მივიჩნევ და არ მგონია, რომ მათ რაიმე ბერკეტები გააჩნდეთ. რა, ახალ პარტიას შექმნიან?“ - წერს სტატიის ავტორი.

10 განრისხებული მოსამართლე და აქცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან

"უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნ მოსამართლეთა 10-კაციან სიას პარლამენტი არ განიხილავს. ყველასგან მოულოდნელად ეს თავად ამ "შავი სიის" წევრებმა მოითხოვეს და მიმართეს პარლამენტს, რომ სიის აცილება მოხდეს, რითაც ორშაბათ დილით არასამთავრობო სექტორის მიერ გამართულმა საპროტესტო აქციამ მცირე, თუმცა პირველი გამარჯვება მოიპოვა. სიაში მყოფი ოდიოზური მოსამართლეების მთავარი სამეული - ჩინჩალაძე, გვრიტიშვილი და მიქაუტაძე - უზენაესში უვადოდ დასანიშნთა მარათონს გამოეთიშა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ნებისმიერ კრიუტერიუმს დააკმაყოფილებდნენ და მათ წინააღმდეგ გამოთქმული პრეტენზიები უსაფუძვლო იყო“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, 10 განრისხებული მოსამართლე და აქცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან / პარლამენტში წარდგენილი სკანდალური სიის წევრებმა აცილება მოითხოვეს

"ჯერ ორშაბათ დილით იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან საპროტესტო აქცია მოეწყო პლაკატებით: "უვადო მურუსიძე - უვადო უსამართლობა"; "ხალხი იმსახურებს ღირსეულ სასამართლოს"; "გაათავისუფლეთ სასამართლო ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისაგან". პლაკატებით შეიკრიბნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები და ადვოკატები. მათ დემონსტრაციულად მოაწერეს ხელი სპეციალურ მანიფესტს, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ 11 წევრის გადადგომას ითხოვენ, ვინც უზენაეს სასამართლოში გასამწესებელი მოსამართლეების ათკაციან სიას მხარი დაუჭირა. აქციაზე გაცხადდა მოთხოვნები: პირველი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ შემადგენლობამ, რომელმაც მხარი დაუჭირა 10-კაციანი სიის გაგზავნას პარლამენტში, თანამდებობები უნდა დატოვოს; მეორე - სასამართლო სისტემა უნდა დატოვონ ლევან მურუსიძემ და მიხეილ ჩინჩალაძემ, ვინაიდან ისინი არიან სიმბოლო მორჩილი მოსამართლეებისა; მესამე - აუცილებელია, რომ პარლამენტმა ფართო დისკუსიებით დაიწყოს მსჯელობა კრიტერიუმებსა და პროცედურებზე; მეოთხე - სიის ნომინირება მოხდეს მაშინ, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა განახლდება. ამ აქციას იუსტიციის საბჭოს 2 არამოსამართლე წევრი - ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილიც შეუერთდნენ. როგორც ანა დოლიძემ განაცხადა, ეს მხოლოდ დასაწყისია: "იწყება მოძრაობა, რომელიც დაასრულებს სასამართლოში კლანურ მმართველობას და სასამართლოში ჩვენ შევიყვანთ სუფთა, დამოუკიდებელ ადამიანებს", - აღნიშნავს გამოცემა.

"არასამთავრობოების პროტესტს ფარსი და მისამართლეების დევნა უწოდეს იმ მოსამართლეებმა, ვინც კრიტიკის მთავარი ობიექტები არიან."ეს არის ფარსი იმიტომ, რომ დღეს საბოლოოდ დადასტურდა ამ მანიფესტით, რომ ეს არის დევნა ჩვენ მიმართ. როგორც კაპიტანმა გიგაურმა დაადასტურა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში, საუბარია 20 ადამიანზე, რომელიც, მისი თქმით, თუ მოშორდება სისტემას, სისტემა გაჯანსაღდება," - განაცხადა უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძის განცხადებით კი, არასამთავრობოები პროტესტს კონკრეტული მოსამართლეების დევნით გამოხატავენ. მისი თქმით, თუ კანდიდატურები იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, როგორც ეს ხდებოდა აქამდე უზენაეს სასამართლოში წარსადგენ კანდიდატებთან მიმართებით, მაშინ ყველა კმაყოფილი იქნება. ხოლო თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებლად წარადგენს კანდიდატურებს, ყველანაირი გარე ძალების ჩარევის გარეშე, ეს არასამთავრობოების უკმაყოფილებას იწვევს და თან უკვე პიროვნული დევნის ფორმით, კონკრეტული მოსამართლეების დევნის ფორმით გამოხატავენ პროტესტს. ამის შემდეგ კი, უკვე საღამოსკენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-ვე კანდიდატმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა და პარლამენტს მიმართეს, არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა მათი კანდიდატურების განხილვას“, - განაგრძობს გამოცემა.

"როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით, კანონმდებლობის სრული დაცვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს წარედგინა მათი კანდიდატურა 10-კაციანი სიით, რასაც არაჯანსაღი აჟიოტაჟი მოჰყვა და დაინტერესებულმა ჯგუფებმა პოლიტიკური სპეკუალაციებისთვის გამოიყენეს, რაც აზარალებს სასამართლო სისტემას. გაცხადებაში მინიშნებულია, რომ მათი ეს გადაწყვეტილება დილით გამართულ აქციასაც უკავშირდება. "ხშირ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა წარდგენილი კანდიდატების მიმართ არაეთიკურ და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, რაც მოგვიანებით გადაიზარდა სასამართლო ხელისუფლებაზე უპრეცედენტო ზეწოლის კამპანიაში, სადაც უკვე პირდაპირ გაისმის მოწოდებები, რეპრესიული გზით დაიშალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო სისტემიდან განიდევნონ სიაში მყოფი მოსამართლეები, რაც ზიანს აყენებს სასამართლო დამოუკიდებლობას და უხეშად ხელყოფს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს," - წერია განცხადებაში. სიაში მყოფი 10 მოსამართლის მტკიცებით, რადგანაც საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას, აქედან გამომდინარე, არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მიმართავენ პარლამენტს, არ მისცეს მსვლელობა სიის განხილვას. განცხადებას ხელს აწერს სიის 10-ვე მოსამართლე. ამ განცხადებას გამოხმაურებებიც მოჰყვა. მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ სიის გამო კრიტიკა ხელოვნურად ატყდა და მის დაჩქარებულად დამტკიცებას თავად მმართველი გუნდის წევრებიც ეწინააღმდეგებოდნენ. "მგონია, რომ ეს პროცესი იყო ხელოვნურად აჟიტირებული იმის ფონზე, როდესაც ჩვენ განვაცხადეთ, რომ არ მოხდება ამ პროცესის ფორსირებულად წარმართვა და ეს განვაცხადეთ თავიდანვე. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ჩვენ მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება ჩვენი საზოგადოების ინტერესში და როდესაც იქნება წარმოდგენილი ახალი კრიტერიუმები და გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე ახალი სია, ბუნებრივია, იმ სიაზე მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას," - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ“, - დასძენს გამოცემა.

"იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ დავით მათიკაშვილის თქმით კი, მიუხედავად იმისა, რომ სიის წარდგენისას არ იყო არანაირი სამართლებრივი დარღვევა, "საზოგადოების მაჯისცემას ადეკვატურად შეხვდა" იუსტიციის უმაღლესი საბჭო. სწორედ აქედან გამომდინარე იქნა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებული თვითონ ამ მოსამართლეთა კანდიდატების მხრიდანაც. ეს სათანადოდ, ადეკვატურად უნდა იყოს შეფასებული და აღქმული და პარლამენტმაც, ცხადია, შესაბამისი შემხვედრი ნაბიჯით განსაზღვრა, რომ დავადგენთ აუცილებლად კრიტერიუმებს და შემდეგ მოხდება უკვე ახალი სიის ფორმირება," - განაცხადა მათიკაშვილმა. არასამთავრობოების თქმით კი, ეს არის მცირე გამარჯვება და ფიქრობენ, რომ სასამართლოს გავლენიანმა ჯგუფმა ეს გადაწყვეტილება მიიღო საზოგადოებრივი პროტესტის დროებით ჩასაცხრობად. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური აცხადებს, რომ ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ. "საზოგადოების პროტესტმა შედეგი გამოიღო, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ეს განცხადება არის ძალიან კარგი მაგალითი ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისთვის და ამ სიის მხარდამჭერი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის, რომ თავად დაწერონ განცხადებები და თავისი ინიციატივით დატოვონ სისტემა. მათ უნდა მისცენ საშუალება სასამართლოში კეთილსინდისიერ მოსამართლეებს, ემსახურონ მართლმსაჯულებას. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ამ ბრძოლას გავაგრძელებთ ბოლომდე, სანამ მურუსიძისნაირი მოსამართლეები არ მოსცილდებიან ჩვენ სასამართლოს", - აღნიშნა გიგაურმა.საბჭოს წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ "კლანმა" პირველი მარცხი იწვნია, თუმცა მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ეს იყოს ახალი გარიგების ნაწილი "კლანსა" და ხელისუფლებას შორის, რომლის მიხედვითაც, "კლანი" კვლავ წარადგენს საზოგადოებისთვის შედარებით ნაკლებად ცნობილ პირებს. ეს მიმართვა არის მკვდარზე მიყოლებული თაიგული. არის ფორმალური გაფორმება იმისა, რაც ჩვენ შევძელით და ეს არის სიის გაგრძელება. სინამდვილეში კვლავ რჩება შესაძლებლობა, საბჭომ მიიღოს მწარე გამოცდილება და შეიძლება ახალი ფორმით, შეცვლილი კრიტერიუმებით, იგივე ან სხვა გვარ-სახელები შემოგვთავაზონ კოლექტიური მურუსიძის სიიდან," - ამბობს დოლიძე“ - წერს სტატიის ავტორი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა