ქართული პრესის მიმოხილვა 25.01.2019

მოსამართლე მეთოფიშვილს სთხოვენ დაამტკიცოს, რომ ქუჩაში ემუქრებიან

"ივანიშვილმა სწორი ტაქტიკა აირჩია" - "ოცნებაში" ყველა კმაყოფილია და "მეორე რაუნდისთვის" ემზადებიან

გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება დადებითი ფაქტია - საყვარელიძე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე

***

მოსამართლე მეთოფიშვილს სთხოვენ დაამტკიცოს, რომ ქუჩაში ემუქრებიან

“იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ისტერიული განცხადებები და "ფეისბუქ“ თავდასხმები გრძელდება. ამჯერად მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი საკუთარ 12-კაციან „შავ სიას“ აქვეყნებს, რომელშიც ის არასამთავრობოები, პოლიტიკოსები, საბჭოს ის არამოსამართლე წევრები შედიან, ვინც მოსამართლეების შესახებ კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ და აცხადებს, რომ სწორედ ამ ადამიანების წაქეზებით მას ქუჩაში ემუქრებიან. მეთოფიშვილი ხელისუფლებასაც საყვედურობს - „რას ელოდებით, სანამ ქუჩებში დახოცვას არ დაგვიწყებენ?“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, მოსამართლე მეთოფიშვილს სთხოვენ დაამტკიცოს, რომ ქუჩაში ემუქრებიან

"პასუხად არასამთავრობოები აცხადებენ, რომ მეთოფიშვილმა ან მათი მხრიდან მუქარის კონკრეტული ფაქტები წარმოადგინოს, ან დადასტურდება, რომ ცრუპენტელაა და ბოდიში მოიხადოს. მისი ბრალდებების ერთ-ერთი ადრესატი, პარლამენტარი ლევან გოგიჩაიშვილი მოსამართლეს მიმართავს, რომ ისტერია თავისთვის შეინახოს. ხოლო ეკა ბესელიამ კი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდა, შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო სერგო მეთოფიშვილის დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე იმსჯელოს. მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმა, რომელიც იუსტიციის საბჭოს წევრებიდან ყველაზე „გამორჩეულია“ არასამთავრობოებზე თავდასხმით და არაკორექტული განცხადებებით, ამჯერად „ფეისბუქში“ დაწერა, რომ ბოლო დღეებში „პოლიტიზირებული ენჯეოების წარმომადგენლები და ბესელიასნაირი პოლიტიკოსები თითქმის ყოველ დღე მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ საზოგადოების ზეწოლით ე.წ. „კლანის წევრი“ მოსამართლეები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები გაგდებულ უნდა იქნენ სასამართლო სისტემიდან“ და ეს ზღვარგადასული თვითნებობა და თავხედობაა. მისი თქმით, ქუჩაში გამვლელმა ორმა მამაკაცმა ძალიან აგდებული ტონით ჰკითხეს გადადგებოდა თუ არა, რაზედაც უპასუხა, რომ არსად წასვლას არ აპირებს და ამის შემდეგ ისინი დაემუქრნენ“, - აღნიშნავს გამოცემა.

"მითხრეს: ცოტა ხანი გიყურებთ კიდევ და თუ არ გადადგები შენ მეგობარ მოსამართლეებთან ერთად, ოჯახებიანათ გადაგასახლებთ! ღმერთმა ნუ ქნას, რომ ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს ეს როგორმე მართლა შეეხოს, მაშინ მე ვიცი რას გავაკეთებ,“ - წერს მეთოფიშვილი და ხელისუფლებას მოუწოდებს, ნუ იქნება უპასუხისმგებლო მაყურებლის როლში. მეთოფიშვილი წერს, რომ მოსალოდნელი ძალადობის, შეურაცხყოფის და მსგავსი ხასიათის ფაქტებზე და ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ეკა გიგაურს, სულხან სალაძეს, გიორგი მშვენიერაძეს, სოფო ვერძეულს, ანა დოლიძეს, ნაზიბროლა ჯანეზაშვილს, ეკა ბესელიას, ლევან გოგოჩაიშვილს, გედევან ფოფხაძეს, ლევან კობერიძეს, დავით ჭიჭინაძეს და გია ხუხაშვილს; საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე საპასუხოდ აცხადებს, რომ სერგო მეთოფიშვილი აცდენილია ელემენტარული სამართლის ნორმების გაგებას, თუ რა არის მუქარა და მსგავსი განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საბჭოს შემადგენლობა დასაშლელია. „მოვუწოდებდი მეთოფიშვილს, რომ გააგრძელოს ასეთი პოსტები სოციალურ ქსელში. ყოველი მომდევნო პოსტი ერთმანეთზე უარესია და იმის ლუსტრაცია და დემონსტრირებაა, რომ რეალურად, ეს ადამიანი აცდენილია იმ თანამდებობას, რომელზეც იმყოფება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ასევე, ჩემი პირადი შეგრძნებაა, რომ აცდენილია ელემენტარული სამართლის ნორმების გაგებას, თუ რა არის მუქარა და ა.შ. ასე გააგრძელონ, ეს მხოლოდ გაგვიიოლებს იმის დემონსტრირებას, რომ აუცილებელია საბჭოს ამ შემადგენლობის შეცვლა“, - აცხადებს სალაძე“, - განაგრძობს გამოცემა.

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძის თქმით, მეთოფიშვილმა უნდა წარმოადგინოს ძალადობის წახალისების ერთი კონკრეტული მტკიცებულება, ან "საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, რომ ის არის ცრუპენტელა და ამ სიცრუეს ის ყოველდღიურად ავრცელებს სოციალური ქსელით“. ერთი შემთხვევა დაასახელოს. თუ არა, მოიხადოს ბოდიში განცხადებისთვის, რომელიც გაავრცელა. ეს არის მტკნარი სიცრუე. ჩვენ ვებრძვით "კლანს“ სასამართლო სისტემაში. ვებრძვით ადამიანებს იმ სამართლებრივი გზებით, რომელიც არსებობს და გარანტირებულია საქართველოში კონსტიტუციით. ეს ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში. ვიბრძვით იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა დატოვონ თანამდებობები. ჩვენ არ ვგავართ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, რომლებიც საკუთარ კრიტიკას მიმართავენ არა ადამიანების, არამედ მათი ოჯახის წევრების მიმართ“, - განაცხადა მშვენიერაძემ“, - დასძენს გამოცემა.

"ამ განცხადებების შემდეგ „ფეისბუქიდან“ არასამთავრობებზე შეტევა გააგრძელა იუსტიცის საბჭოს მეორე წევრმა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილმაც. მოსამართლეების ამ ისტერიას გამოეხმაურა დეპუტატი ეკა ბესელიაც. მისი თქმით, მეთოფიშვილმა გაიხადა მოსამართლის მანტია, დაარღვია კონსტიტუცია, შევიდა პოლიტიკურ პროცესში და დაკარგა ლეგიტიმაცია. ამიტომაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მის დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე უნდა იმსჯელოს. მივმართავ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, დისციპლინური პასუხისმგებლობის ფარგლებში იმსჯელოს მოსამართლეზე, რომელმაც აშკარად კონსტიტუციას გადააბიჯა და კანონი დაარღვია. ეს არის ჩემი ბოლო კომენტარი ამაზე და ნუ დამაკარგვინებთ დროს, რომ მეთოფიშვილის განცხადებების სერიოზულ კომენტირებაზე ვიფიქრო“, - განაცხადა ბესელიამ. დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილმა კი ამბობს, რომ მეთოფიშვილი არაადეკვატურია და მოსამართლეს "ურჩევს“ ისტერია თავისთვის შეინახოს. სერგო მეთოფიშვილთან დაკავშირებით ჩემი ჩამოყალიბებული პოზიცია მაქვს. არ მიმაჩნია, რომ ეს ადამიანი რამე კრიტერიუმით ოდესმე დააკმაყოფილებს, რითიც უნდა იყოს არჩეული სასამართლოს მოსამართლეები შერჩევის დროს. ამიტომ, ეს ისტერია, რასაც ის ახორციელებს, თავისთვის შეინახოს. ის ტექსტი მე წავიკითხე, სხვა სფეროა, შეიძლება იქით გადავიდა. როდესაც ადამიანი არაადეკვატურია, შეიძლება სხვა დახმარებები სჭირდება. ჩვენ ვსაუბრობთ სასამართლოზე და სასამართლოს მომავალი გვაღელვებს“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა“, - წერს სტატიის ავტორი.

"ივანიშვილმა სწორი ტაქტიკა აირჩია" - "ოცნებაში" ყველა კმაყოფილია და "მეორე რაუნდისთვის" ემზადებიან

"ქართულ ოცნებაში" კონსულტაციების პირველი რაუნდი დასრულებულია. როგორც გუშინ სხდომიდან გამოსულმა დეპუტატებმა განაცხადეს, შეხვედრა დღესაც გაგრძელდება. ხუთშაბათს კი "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა გაფართოებული სხდომა 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა. რომელიმე დეპუტატის გარიცხვის საკითხი არ დამდგარა და ივანიშვილი ყველა გამომსვლელს მოთმინებითა და გულისყურით უსმენდა. როგორც დეპუტატები ამბობენ, ეკა ბესელიას სიტყვით გამოსვლის და პოზიციის გამოხატვის საშუალება რამდენჯერმე მიეცა. პარტიის ლიდერი ყველას აზრს ისმენდა და ცდილობდა, რომ გამაერთიანებლის როლი შეესრულებინა.დეპუტატების ნაწილმა სხდომაზე გამოსვლა ვერ მოასწრო და ამიტომაც გადაწყდა, რომ პარტიის შეხვედრა პარასკევსაც გაიმართოს. არ არის გამორიცხული, რომ ივანიშვილმა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება დღეს მიიღოს და ყველა დეპუტატის მოსმენის შემდეგ გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე თავისი პოზიციაც გამოთქვას“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ივანიშვილმა სწორი ტაქტიკა აირჩია" - "ოცნებაში" ყველა კმაყოფილია და "მეორე რაუნდისთვის" ემზადებიან

"ანალიტიკოსები კი "რეზონანსთან" აცხადებენ, რომ ივანიშვილის ამოცანა ახლა მარტივია, მისი მთავარი მიზანი გუნდში არსებული დაპირისპირების ჩაცხრობა და პარტიის სრული სახით შენარჩუნებაა. ისინი არ ელიან, რომ იგი პარტიიდან ვინმეს გარიცხვის გადაწყვეტილებას მიიღებს, ან რომელიმე დაპირისპირებულ ჯგუფს მხარს დაუჭერს. ის შეეცდება, რომ გამაერთიანებლის როლი ითამაშოს და შეინარჩუნოს ის, რაც თავად შექმნა. თუმცა ექსპერტები თანმხდებიან იმაზე, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ივანიშვილი ახალი სახეების ძიებას დაიწყებს და ამ გუნდს არჩევნებისთვის მთლიანად დაშლის. მას ახლა დროის მოგება სჭირდება, რასაც პირველსავე სხომაზე თავი გაართვა. უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძის თქმით, სხდომაზე დისკუსიისას განიხილეს, თუ რა წესებსა და კრიტერიუმებს უნდა დაეფუძნოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა. დეპუტატის აზრით, ივანიშვილის დამსახურებაა, რომ შეხვედრა კონსტრუქციულად წარიმართა. თალაკვაძის განცხადებით, გუნდის რომელიმე წევრის გარიცხვაზე მსჯელობა არ ყოფილა. დისკუსია არგუმენტების მოსმენით მიმდინარეობდა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ არსებობს რესურსი, გუნდში პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება მოხდეს“,- აღნიშნავს გამოცემა.

"პროცესი უკვე უბრუნდება ნორმალურ სამუშაო კალაპოტს და ვფიქრობ, არის რესურსი ძირითად პრინციპებზე შეთანხმებისა, რითაც ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ სამუშაო პროცესში უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების დროს გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით. დღეს გუნდში არსებობს თანხმობა, რომ ჩვენ ყველა ვიმუშავებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც ემსახურება სასამართლოს დამოუკიდებლობას და ისეთ სასამართლოს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპულ განვითარებას სჭირდება", - აცხადებს თალაკვაძე. ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, შეხვედრაზე სასამართლო სისტემაში განსახორციელებელ რეფორმებზე იმსჯელეს, მათ შორის უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ კადრებზე. დეპუტატების ნაწილმა ვერ შეძლო პოზიციის გამოთქმა, რის გამოც შეხვედრა დღესაც გაგრძელდება. ე.წ. ამბოხებულმა დეპუტატებმა კი სცადეს კოლეგების დარწმუნება იმ პოზიციის სისწორეში, რაც მათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით აქვთ. დღეს არის პოლიტიკური პროცესი, კრიტერიუმები - ეს არის იურიდიული მიმართულება, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ," - ამბობს გოგიჩაიშვილი“, - განაგრძობს გამოცემა.

"საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილი მედიატორის როლს ასრულებდა და თავის პოზიციასაც გამოხატავდა."ის, რა თქმა უნდა, თავის ჩანართებს აკეთებდა," - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა. ეკა ბესელია საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის გამართული შეხვედრით კმაყოფილია. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი შეხვედრას მედიატორობას უწევდა და რამდენიმე დეპუტატმა განსხვავებული მოსაზრება გამოთქვა მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით. მას ჰქონდა ლიდერისა და მედიატორის ის როლი და ფუნქცია, რომლითაც მან შეძლო, რომ ეს სხდომა წაეყვანა მაქსიმალურად კონსტრუქციულად, მაქსიმალურად კოლეგიალურად, კულტურულად და ეთიკურად. ამიტომ, მე ვამბობ, რომ მისი როლი იყო დღეს ძალიან მნიშვნელოვანი," - აცხადებს ბესელია. იგი არ გამორიცხავს, რომ ორ დღეზე მეტხანს გაგრძელდეს შეხვედრა. თავად კი პრინციპულ პოზიციას არ დათმობს სიის შედგენასა და მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ე.წ. ამბოხებული დეპუტატების პარტიიდან შესაძლო გარიცხვას, ბესელიას თქმით, ამასთან დაკავშირებით შეხვედრაზე არ უსაუბრიათ. ბიძინა ივანიშვილმა მედიატორის ფუნქცია შეასრულა და ადრე ნათქვამი, როცა მან ბესელია გუნდურობის პრინციპის დარღვევაში დაადანაშაულა, არ გაუმეორებია“, - დასძენს გამოცემა.

"გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ პარტიაში ბესელიასა და კობახიძის დაპირისპირება სახელმწიფოებრივად საინტერესო არ არის და ამიტომაც ახლა საზოგადოების მთავარი ინტერესი იქით უნდა იყოს მიმართული, მოსამართლეების საკითხზე ივანიშვილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ივანიშვილის ამოცანა ახლა ძალიან მარტივია, მას არარსებული ერთიანობის შენარჩუნება სურს - რომ ამ ადამიანების თანაცხოვრების ფორმულა იპოვოს და როგორმე მათი ერთად ყოფნა გაახანგრძლივოს. რაც სხდომაზე ხდებოდა, ეს არის ივანიშვილის ტაქტიკა, რათა მან გუნდის შენარჩუნება შეძლოს. ბოძი შეუდგას ან რაიმე გასამაგრებელი საშუალება, რომ გუნდი არ წაექცეს და დაეშალოს. ახლა მთავარი საკითხავი ის არის, ქართული სახელმწიფოსთვის აქედან რაიმე პოზიტიურს უნდა ველოდოთ თუ არა. ჩემი აზრით, კარგი არაფერი იქნება. ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, პარტიას ბესელია ან ფოფხაძე დატოვებს თუ დარჩებიან? ჩვენ ახლა მოსამართლეების საკითხზე ხელისუფლებასთან ოპონირება თუ თანამშრომლობა უნდა გავაგრძელოთ. სხვა რა გზა აქვს ახლა ივანიშვილს, იძულებულია, რომ 2020 წლისთვის ამ გუნდით არჩევნებამდე როგორმე მივიდეს. უკეთესი არ ჰყავს, რაც აქვს, იმის შენარჩუნებას ცდილობს. ეს არის მისი შემოქმედების ნაყოფი და რა ქნას, მას უნდა მოუაროს. როდესაც რაღაც ზიზღზეა აშენებული, დაპირისპირება ყოველთვის ამოფეთქავს. "ოცნება" ძალიან ჰგავს იმ ცოლ-ქმარს, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ, მაგრამ ვიღაცამ სახლში იმ პირობით შეასახლა, რომ ერთად უნდა იცხოვრონ. ასეა ამ პარტიის საქმეც, მანამდე ეცდებიან ერთად ცხოვრებას, სანამ ივანიშვილი მათ გარეთ გარეკვას არ მოისურვებს", - წერს გამოცემა.

"მისივე თქმით, ივანიშვილს მოსამართლეთა 10-კაციანი სია შეაჩეჩეს, რადგანაც მან ამ მოსამართლეების უმეტესობა არც იცის, ვინ არიან. მისი აზრით, აქ მოსამართლეების ვინაობას კი არა აქვს მნიშვნელობა, არამედ მთავარია ალგორითმი, თუ ვისი ვერტიკალის ქვეშ უნდა ყოფილიყო სასამართლო სისტემა, რა პირობით შეუთანხმეს მას ეს სია. უნდა ყოფილიყო სასამართლო სისტემა პოლიტიკური ვერტიკალის ქვეშ, თუ თავისუფალი სასამართლო სჭირდებოდათ. ტექნიკურად, ვფიქრობ, რომ ეს სია კობახიძემ და მისმა ჯგუფმა შეადგინა და შემდეგ მიიღეს ვიზა. პარლამენტში კი როგორც დავალება ისე მიიტანეს. პირადად ივანიშვილი რომ ამ სიას არ დაწერდა, ეს კარგად ვიცი. რა მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის, ვინ იქნებოდა ამ სიაში. მთავარია, ალგორითმი ის ყოფილიყო, რაც მას უნდოდა - სასამართლო იყოს ისეთი, როგორიც მას უნდა და თუ უნდათ, ჩინჩალაძე კი არა, ვინმე ქიბროწაშვილი ჩაწერონ", - ამბობს "რეზონანსთან" ხუხაშვილი. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე აღნიშნავს, რომ ახლა ივანიშვილის მთავარი საზრუნავი გუნდში დაპირისპირების ჩაცხრობაა, რაც ტაქტიკურად სწორი არჩევანია და მას სხვა გზა არც აქვს. იგი "ოცნების" ამ შემადგენლობით საპარლამენტო არჩევნებამდე მისვლას შეეცდება, თუმცა პარალელურად იზრუნებს იმაზე, რომ სიაში ბესელია და ის პირები აღარ მოხვდნენ, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ პიროვნული შუღლი აქვს. პოლიტოლოგი ვარაუდობს, რომ ივანიშვილისთვის ხელსაყრელი არაა, ბესელიამ ცალკე ფრაქცია შექმნას და პარტიიდან გაირიცხოს. იგი გუნდში სიტუაციის ჩაცხრობის პარალელურად საზოგადოების ყურადღების სხვა საკითხზე გადატანას შეეცდება და სამთავრობო ცვლილებას დაიწყებს. "ივანიშვილი, როგორც გამოჩნდა, არ არის დაინტერესებული, რომ "ოცნება" დეპუტატების ნაწილმა დატოვოს, რისი საფრთხეც ნამდვილად გაჩნდა. ჩვენ ვნახეთ, სხდომამდე ჟორჟოლიანის კაბინეტში ბესელია და სხვა დეპუტატები როგორ თათბირობდნენ. ბესელიას 9 დეპუტატამდე ჰყავს მომხრე, რომლებიც მოსამართლეების საკითხზე მის პოზიციას იზიარებენ. "რა თქმა უნდა, კობახიძეც ცდილობს, რომ მართვის სადავეები საკუთარ თავზე აიღოს, თუმცა პარტიაშიც და თავად ივანიშვილიც კარგად აცნობიერებს, რომ თუ პარლამენტში გუნდის დაშლის პროცესი დაიწყო, პარტიის რეიტინგზე ცუდად აისახება და საპარლამენტო არჩევნებისთვის ეს პროცესი მძიმე დარტყმა იქნება. "ამიტომაც ივანიშვილი 2020-მდე ამ გუნდს მიიყვანს, მაგრამ მათ ახალი სახეებით ჩაანაცვლებს. ამ ხალხს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ვეღარ ვიხილავთ. რა თქმა უნდა, ივანიშვილის მხრიდან ეს სწორი ტაქტიკაა და მას სხვა გზა არც აქვს. ბესელიას შეუძლია, დარწმუნებული იყოს, რომ ივანიშვილი მას სიაში აღარ შეიყვანს", - წერს სტატიის ავტორი.

გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება დადებითი ფაქტია - საყვარელიძე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე

"ხუთშაბათს, 24 იანვარს „ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა გაიმართა. მთავარი სამსჯელო თემა უზენაეს სასამართლოში დასანიშნ მოსამართლეთა სია და შერჩევის კრიტერიუმები იყო. შეკრებას პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. ამავე საკითხზე მსჯელობა ხვალაც გაგრძელდება. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ მმართველი პარტია ერთ შეკრებაზე არ შეეცადა მის შიგნით დაგროვილი პრობლემებისა და უთანხმოების მოგვარებას და ამ საკითხებზე მსჯელობის გაგრძელებას აპირებს“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება დადებითი ფაქტია - საყვარელიძე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე

"რამაზ საყვარელიძის თქმით, როდესაც გადაწყვეტილება ძნელად მიიღება, ეს დადებითი ფაქტია. თუკი გადაწყვეტილების მიღება გაიწელა, ეს ნიშნავს, რომ მოქმედ პირებს სურთ უმრავლესობის პოზიცია გახდეს რაღაცის არგუმენტი, გააადვილოს ამ პოზიციამ შემდგომი ნაბიჯები და ა.შ.პირადად მე უფრო დადებითად ვაფასებ პროცესის ასეთ შენელებას, ვიდრე უარყოფითად. ცნობილია, რომ როდესაც აშშ-ში საპარლამენტო გადაწყვეტილების მიღება ერთ-ერთი ხანგრძლივი პროცესია მსოფლიოში, რადგან ისინი ცდილობენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გაითვალისწინონ ბევრი რამ. თუ ჩვენც ამ გზით წავალთ მგონია, რომ ეს მოქალაქეებსაც და პარლამენტარებსაც გამოადგებათ“, - აღნიშნავს გამოცემა.

"კორესპონდენტის კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება მოსამართლეთა ამ ჯგუფმა? საყვარელიძის თქმით, ეს ჯგუფი უცხო არ იყო ხელისუფლებისთვის, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ის არ იყო უცხო ხელისუფლებისთვის და ამავე დროს ხელისუფლებას ამ ჯგუფის გამო შეექმნა პრობლემები, არ გამოვრიცხავ თვითონ ხელისუფლების ინიციატივა იყო სწორედ ეს განცხადება. ერთი რამ ცხადია, რომ ხელისუფლება არ ცდილობს წინ აღუდგეს საზოგადოებრივ აზრს, პირიქით - როდესაც საზოგადოების აზრი მის გადაწყვეტილებას უპირისპირდება, ხელისუფლება ცდილობს საზოგადოებრივ აზრს დაუთმოს. გვახსოვს მარიხუანას საკითხი. ანალოგიურად, არ მგონია, რომ ხასიათი შეეცვალოს ხელისუფლებას. ხელისუფლებისთვის დისკომფორტია საზოგადოებასთან დაპირისპირება. ის საერთოდ ნებისმიერ დაპირისპირებას ერიდება - „ნაციონალებთან" დაპირისპირებასაც ერიდებოდა და სწორედ ამიტომ, კინაღამ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა. იმ ხასიათის გამო, რომ ის დაპირისპირებას თავს არიდებს, მეეჭვება ბესელიასა და იმ ჯგუფის საკითხი დღის წესრიგში დააყენონ, თუკი ამის მწვავე აუცილებლობა არ იქნება. დაპირისპირებაზე ადვილად წასვლა ძირითადად ახალგაზრდების სტილია, კობახიძეს ვგულისხმობ. მგონი, ეს სტილი ხშირად აყენებს რთულ მდგომარეობაში მთლიანად პარტიას. მათ რომ დაპირისპირება ნდომებოდათ, არც გახდებოდა ეს ამდენი სალაპარაკო და გაყვებოდნენ კობახიძის იმ გზას, რომ პარტიული გუნდურობის დარღვევას უნდა გაეცეს პასუხი. ეს ნახსენები იყო ერთი-ორჯერ, მაგრამ შემდეგ ეს თემა ჩაქრა. ამიტომ, მეეჭვება, რომ ეს საკითხი ვინმემ წინ წამოწიოს. მგონია, რომ ეცდებიან ეს თემა აღარ იყოს სალაპარაკო“, - განაგრძობს გამოცემა.

"კორესპონდენტის თქმით, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის" უარს აცხადებს. მათი მოთხოვნაა პარლამენტმა ჯგუფის შემადგენლობას გადახედოს. როგორ შეაფასებთ მათ ამ გადაწყვეტილებას? საყვარელიძის თქმით, ამ ჯგუფის პოზიცია საკმაოდ ლოგიკურია. ეს ჯგუფი ითხოვს, რომ ადამიანები, რომელთა ხელშეწყობითაც იმ სიამ დღის სინათლე იხილა, აღარ უნდა იყვნენ მომავალ პროცესებში -კანონის მიღების პროცესში ჩართულები. ამ შემთხვევაში არასამთავრობოები უფრო ლოგიკურად მსჯელობენ, ვიდრე ის ჯგუფები, რომლებიც თვლიან, რომ რეფორმების ჯგუფი იგივე შემადგენლობით უნდა ამუშავდეს, როგორითაც ადრე იყო. ამ ჯგუფის მუშაობის შედეგი არის იუსტიციის იმ საბჭოს ისეთად ჩამოყალიბება, როგორიც არის და ბევრი ხარვეზი, რომელსაც ავლენს დღევანდელი სასამართლო სისტემა. ჯგუფის პრინციპული გადახალისება სწორო მოთხოვნაა“, - დასძენს გამოცემა.

"კორესპონდენტის კითხვაზე, რამდენად რეალურია, რომ არასამთავრობო სექტორის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს და აღნიშნული სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა გადახალისდეს? საყვარელიძის თქმით, რეალური ნამდვილად არ არის, რადგან იქ ჩნდება ერთი კაზუსი - თუ ხელისუფლება არის პასუხისმგებელი ქვეყნის მდგომარეობაზე, მაშინ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ანალოგიური გადაწყვეტილებები. თუ არასამთავრობოები იღებენ გადაწყვეტილებებს, მაშინ ჩამოყალიბდეს პოლიტიკურ პარტიად და მერე მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. ის კონტენტი, რომ ამდაგვარი საკითხების გადაწყვეტა არასამთავრობოების კომპეტენციაში არ შედის, ეს ყველა ხელისუფლებას აქვს და ვერცერთ ქვეყანაში ვერ ვნახავთ ამდენად ჩართული იყოს არასამთავრობო სექტორი გადაწყვეტილების მიღებაში. ისინი ძირითადად ერთვებიან გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში. ჩვენ ამ მხრივაც თავისუფალი მდგომარეობა გვაქვს. ალბათ, სასურველია ოქროს შუალედი იყოს - არც სახელისუფლებო მუნდირი იქნება შელახული და ამავე დროს, ეს ლოგიკური პოზიცია, რაც არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს, კომისიის შედგენის დროს გატარდეს“, - წერს სტატიის ავტორი.