უსაფრთხოების ექსპერტი - მოსკოვი დაინტერესებულია ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერებით

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ 10 წლის წინანდელ საქმეზე დაწყებულმა გამოძიებამ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, მათ შორის, გაჩნდა კითხვები და ეჭვები უშუალოდ ანაკლიის პორტის მომავალთან დაკავშირებითაც, რომელიც მოცემული მომენტისთვის საქართველოს სტრატეგიულ ობიექტად განიხილება.

ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე, მის ირგვლივ თავმოყრილ აქტორებსა და იმაზე, ვის ინტერესში შედის პორტის ფუნქციონირების შეფერხება საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხთა სპეციალისტი გიორგი გობრონიძე საუბრობს.

გიორგი გობრონიძე: შესაძლოა, ვიღაცამ თქვას, „სხვა პორტებიც გვაქვს, მათ ვერ ვამუშავებთ სრული სიმძლავრით და კიდევ ახალი პორტი რატომ იქნება საჭიროო“. მაგრამ ეს არის ღრმაწყლოვანი პორტი და მას სერიოზული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური, არამედ სამხედრო თვალსაზრისით: თუ საქართველო ოდესმე გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, ეს პორტი შეძლებს, გარკვეული როლი ითამაშოს შავი ზღვის უსაფრთხოებაში, მათ შორის, ვგულისხმობ ეკონომიკურ უსაფრთხოებას. პორტი კიდევ აჩენს ალტერნატიულ მარშრუტებს ცენტრალური აზიის აქტორებისთვის. რუსეთს რომ დავუჯეროთ, აქ შესაძლოა, სამხედრო გემებიც ვიხილოთ – ამერიკული. რაც მგონია, რომ მაინც გადაჭარბებული მსჯელობაა დაახლოებით იმავე სერიიდან, საიდანაც ლუგარის ლაბორატორიაზე ატეხილი მითები მოდიოდა, მაგრამ, მთლიანობაში, პორტს საკმაოდ სერიოზული როლის თამაში შეუძლია რეგიონში სტაბილური განვითარების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, თუკი ეს პორტი ისე ამუშავდება და ისეთი იქნება, როგორსაც გვპირდებიან.

– ხშირად გვესმის, რომ პორტს რეგიონის მასშტაბით, სტაბილურობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია. განვუმარტოთ მკითხველს, რას გულისხმობს ეს...

– ერთი მხრივ, ეს არის ღრმაწყლოვანი პორტი და მისი შესაძლებლობა ტვირთების გადაზიდვის თვალსაზრისითაც აღემატება ბათუმისა და ფოთის პორტების შესაძლებლობებს და აქედან გამომდინარე, აჩენს ალტერნატიულ საზღვაო მარშრუტს ცენტრალური აზიის სახელმწიფოებისთვის ტვირთების დასავლეთში გასატანად და ზოგადად, აზიის რეგიონის ქვეყნებისთვის. ახლახან იყო ლაპარაკი ავღანეთიდან ტვირთების საქართველოს გავლით ტრანზიტზე. ასეთი პროექტებისთვის, რა თქმა უნდა, საქართველოს მიმზიდველობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რადგან მას ექნება სრულფასოვანი ინფრასტრუქტურა, რათა ბოლომდე ჩაერთოს მსგავს პროექტებში.

„რაც უფრო მეტი ეკონომიკური ინტერესია წარმოდგენილი კონკრეტულ არეალში, მით უფრო მაღალია მისი სტაბილურობის ხარისხი “.

თუ საიდანღაც ვიღაც იღებს შემოსავალს, მას არ სჭირდება, რომ იქ იყოს დესტაბილიზაცია, კონფლიქტი, არეულობა და ა.შ., რადგან ეს, საბოლოო ჯამში, ისევ და ისევ მის ეკონომიკურ სარგებელს შეუქმნის საფრთხეს. მეორე მხრივ, ეს გააძლიერებს საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალს. იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ გვინდა თუ არა, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ცენტრალურ პოზიციაზე მყოფი ქვეყანა ვართ – ერთგვარი ჰაბი და შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი გადაკვეთის წერტილიც, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული რთული ურთიერთობებიდან გამომდინარე, ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერება პირდაპირ აისახება ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერებაზე, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობას – ჩვენი ეკონომიკის გაძლიერება შეამცირებს ჩვენს დამოკიდებულებას იგივე გარე აქტორებზე. შესაბამისად, შევძლებთ, უფრო მეტად გავაძლიეროთ გნებავთ ჩვენი გეოპოლიტიკური როლი, საგარეო პოლიტიკური მნიშვნელობა მთლიანად რეგიონისთვის. გარდა ამისა, თუ ეს პორტი სამხედრო დანიშნულებით არ იქნება გამოყენებული, მას მნიშვნელობა ექნება სამხედრო ტვირთების გადაზიდვისთვის და ა.შ. თუნდაც, სამხედრო გემების მიღების თვალსაზრისითაც. გვახსოვს 2008 წლის ომი, როდესაც ბათუმის პორტს გაუჭირდა, მიეღო ამერიკული მე-6 ფლოტილიის ფლაგმანი. ამ თვალსაზრისითაც უფრო მეტად ვიქნებით მომზადებულები, რომ ჩვენს მოკავშირეებთან სხვა ტიპის ურთიერთობა გვქონდეს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. ამდენად, საკმაოდ ბევრი ფაქტორია, რომელიც განსაზღვრავს ამ პორტის მნიშვნელობას მთლიანად რეგიონისთვის. ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი. შავ ზღვაზე ასეთი ძირითადი ინფრასტრუქტურა აღმოსავლეთ სანაპიროზე არის მოსკოვის ხელში, განსაკუთრებით ყირიმის ანექსიის შემდეგ, და უკრაინას ოდესის პორტი აქვს – დიდი და მნიშვნელოვანი.

პოსტსაბჭოთა სივრცეში ამ ტიპის პორტი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ნაკლებად არის და ეს იქნება მართლაც გამონაკლისი და მნიშვნელოვანი.

– ვის ინტერესში არ შედის პორტის მშენებლობა?

– ცხადია, რუსეთის. შავი ზღვის აუზში ნებისმიერი ასეთი პროექტის განხორციელება, ნებისმიერი ძალთა გადათამაშება პირდაპირ აზიანებს რუსულ როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკურ ინტერესს. მოსკოვი იმითაც უკმაყოფილოა, რომ შავ ზღვაში, თუნდაც სამხედრო ყოფნის თვალსაზრისით, ის არ არის პირველი – მას გაცილებით აღემატება ნატო-ს კოალიცია თურქეთის ხარჯზე, რომელიც შავ ზღვაში თავისი ძლიერებით პირველი სახელმწიფოა. გარდა ამისა, ნებისმიერი ალტერნატიული მარშრუტის გაჩენით რუსეთი ტვირთების გარკვეულ ნაწილს დაკარგავს. შესაბამისად, „მოსკოვი დაინტერესებულია პორტის მშენებლობის შეჩერებით“.

ამას ისიც ადასტურებს, რომ ნებისმიერი რუსი ე.წ. ექსპერტი, მეცნიერი თუ პოლიტიკური მოღვაწე ხშირად საუბრობს, რომ როგორც ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა, ისე ანაკლიის პორტი სამხედრო-პოლიტიკური პროექტებია. გავიხსენოთ ლავროვის ბოლო ინტერვიუ. ჟურნალისტი პირდაპირ „აწვება“ მას, „ხომ ხედავთ, ქართველები ანაკლიაში ამერიკელებთან ერთად აშენებენ ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც შეძლებს, მიიღოს ამერიკული წყალქვეშა ხომალდები და ჩვენ ამ ფონზე არაფერს ვაკეთებთ“. ლუგარის ლაბორატორიის პარალელურად რუსულ მედიაში პერიოდულად არის ამ თემაზე საუბარი – თითქოს, ეს არ არის ეკონომიკურად რენტაბელური და მომგებიანი პროექტი.

„რატომღაც, რუსი ექსპერტების გარდა, დედამიწის ზურგზე ვერავინ ხედავს, რომ თურმე ანაკლიის პორტი ფინანსურად წამგებიანია და მისი აშენებით ისევ ჩვენ დავზარალდებით. როგორ ფიქრობთ, რუსი ექსპერტები მართლა ამაზე ნერვიულობენ?“

ამდენად, ანაკლიის პორტი უპირველესად, მათ არ აწყობთ, დასავლეთს კი სჭირდება – სტაბილური, აზიის სახელმწიფოებს – დივერსიფიცირებული მარშრუტები და თავისთავად ცხადია, დაინტერესებული არიან მშენებლობით. იგივე ჩინეთს აქვს ინტერესი, რომ ფინანსურად შესულიყო და ყოფილიყო პორტის ერთ-ერთი მფლობელი. ამდენად, ვის არ აწყობს, ამაზე პასუხი ცალსახაა.

– კულუარებში აქტიურად საუბრობენ, რომ რუსული მხარე დაინტერესებულია პორტის ყიდვით...

– როდესაც რაღაცის დაბლოკვას ვერ ახერხებ, ცდილობ, იქ იყო წარმოდგენილი. მე ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ ამ ინფორმაციას, მაგრამ მთლიანობაში, არ არის გამორიცხული, ამგვარი ინტერესი არსებობდეს, რადგან ამგვარი ინტერესის არსებობა ბუნებრივია.

– მოვლენათა მსგავსი სცენარით განვითარების შემთხვევაში საფრთხეებს ხედავთ?

– თუ ამ ინფრასტრუქტურული პროექტის საკონტროლო პაკეტის მფლობელი თეორიულად რუსული კომპანია აღმოჩნდება, რაც ნაკლებად სავარაუდოა, რა თქმა უნდა, საფრთხე იქნება: შესაძლოა, ხელოვნურად მოხდეს პორტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა, რათა ის არ იყოს მიმზიდველი სხვა ქვეყნებისთვის. შეიძლება, ეს იყოს ფასების ხელოვნურად გაძვირება, ხელოვნური შეფერხებები და ა.შ. შესაძლოა, ნორმალურადაც ამუშაონ, მაგრამ დაიქვემდებარონ ისევე, როგორც აქვთ დაქვემდებარებული სომხეთის გაზგამანაწილებელი სტრუქტურა. სომხეთმა რაც არ უნდა ისაუბროს თავისი ენერგორესურსების დივერსიფიკაციაზე და მოახერხოს ეს, პრობლემა სხვა რამეა – იქ ყველა მილსადენი „გაზპრომს“ ეკუთვნის, შესაბამისად, დიახ, გაზს არ იყიდის რუსეთისგან, მაგრამ რუსულ მილში გაატარებს, ხოლო მილის მომსახურების საფასურს რუსეთი საკუთარი სურვილისამებრ დააწესებს. ამდენად, სომხეთი ენერგეტიკულად მაინც რუსეთის ტყვეობაში რჩება. ანალოგიური სიტუაცია იქნება ჩვენს შემთხვევაშიც. თუ რუსები შეძლებენ ჩვენი პორტების ხელში ჩაგდებას, შესაძლოა, არც მათი მუშაობა შეაფერხონ, მაგრამ ეს უბრალოდ მათი იქნება და თავად მიიღებენ იმ სარგებელს, რაც, წესით, ქვეყანას უნდა მიეღო.

– რუსეთს აქვს ბერკეტი მოვლენათა მსგავსი სცენარით განვითარების მიზნით ჩვენს ხელისუფლებაზე ზეწოლის განსახორციელებლად?

– პრობლემა ისაა, რომ რუსეთს ჩვენთვის ძალიან დიდი უსიამოვნების შექმნა შეუძლია. მეორე საკითხია, რამდენად სჭირდება მას ამის გამო უსიამოვნების შექმნა. იგივე ლავროვის ზემოხსენებული ინტერვიუ რომ გავიხსენოთ, ის ამბობს: „გასაგებია, მაგრამ ჩვენ რომ საქართველოსთან ყველანაირი ურთიერთობა გავწყვიტოთ, სანქციები დავაწესოთ, აღარ აშენდება პორტი?“, თავადაც კითხულობს. უნდა შევხედოთ, რა შედეგს გამოიღებს თავად ზეწოლა. გასაგებია, რომ შესაძლოა, დიდი პრობლემები შეიქმნას, მაგრამ აქ უკვე ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად უნარიანი აღმოჩნდება ჩვენი ხელისუფლება, პასუხი გასცეს რუსულ გამოწვევებს და ზოგადად, რამდენად ხედავს ხელისუფლება რუსეთის ფედერაციის მხრიდან მსგავს საფრთხეებს. და რუსეთზე საუბრისას ჩვენ მხოლოდ სამხედრო საფრთხეებით ხომ არ ვიფარგლებით? რუსეთს შეუძლია პრობლემების შექმნა, მაგრამ ისინი არ არის გადაულახავი. მთავარია, იყოს ნება და ხედვა. რუსეთი რომ საფრთხეა, ეს ჩვენთვის მოცემულობა 1991 წლიდან მოყოლებული იყო, პრობლემა კი სხვა რამეა – რამდენად მომზადებული დავხვდებით ჩვენ საფრთხეს და რამდენად შევძლებთ ადეკვატურ რეაგირებას. ყველაფერი დავაბრალოთ იმას, რომ გარეთ ვიღაცას ჩვენთვის ცუდი უნდა, არ არის სწორი. ვიმეორებ, მთავარია, შიგნით რას ვაკეთებთ, რომ საფრთხე ან ავიცილოთ, ან მისი მავნე შედეგები მინიმუმამდე დავიყვანოთ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს