ქართული პრესის მიმოხილვა 28.01.2019

მამუკა არეშიძე - “ამბოხებულებმა” გამარჯვებას გემო გაუგეს. მათი რიცხვი გაიზრდება”

ვინ მიიყვანა სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე 8 მოსამართლე სკანდალური სიიდან

გია ხუხაშვილი - “კრიზისი ჯერ არ არის ძალიან მწვავე, მაგრამ არც პრობლემების გადაწყვეტის გზები ჩანს”

* * *

მამუკა არეშიძე - “ამბოხებულებმა”გამარჯვებას გემო გაუგეს. მათი რიცხვი გაიზრდება”

“თქვენთან ინტერვიუში ვივარაუდე, რომ ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებდა პარტიაში ხანძრის ჩასაქრობად და ერთიანობის შესანარჩუნებლად... მან სწორედ ეს გზა აირჩია. ვფიქრობ, შექმნილი ვითარებიდან ეს ყველაზე სწორი გამოსავალი იყო. ივანიშვილმა ყველას მოუსმინა, თუმცა საბოლოოდ მაინც პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი, რომელიც, მართალია, ცოტა დაგვიანებით, მაგრამ საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით იყო მიღებული - იგულისხმება უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა 10-კაციანი სიის განხილვის შეჩერება”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ივანიშვილს რამდენჯერმე შესთავაზეს პრემიერად დაბრუნება, მაგრამ...” / “არასწორმა საკადრო პოლიტიკამ გამოიწვია “ოცნების” კრახი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში და თუ ასე გაგრძელდება, უარესი მოხდება” / “ტყუიან, როდესაც ამბობენ, თითქოს სასამართლო ხელისუფლებაზე ხდება ზეწოლა. არა, ბატონებო, ზეწოლა ხდება კონკრეტულ პიროვნებებზე, რომელთაც მოსამართლეობის პრეტენზია აქვთ ისე, რომ მოსამართლის მანტიით დანაშაული აქვთ ჩადენილი”.

“როგორც ჩანს, ორივე მხარემ რაღაცები დათმო. შედეგად, მოსამართლეებს არსებული ფორმით აღარ შეარჩევენ და კანდიდატების შერჩევის ახალ წესებსა და კრიტერიუმებზე შეთანხმდებიან... ამ პროცესს მხოლოდ ეს მხარე არ ჰქონია - ეს აშკარად იყო “ქართული ოცნების” შიგნით ძალების მოსინჯვაც. როგორც ჩემთვის ცნობილია, იმ დეპუტატებმა, ვინც მოსამართლეების ამ 10-კაციან სიას აპროტესტებდნენ, თავიანთი სათქმელი ამ შეკრებაზე საკმაოდ მწვავედ თქვეს. ამ ორდღიან შეკრებაზე ჩხუბი და აყალმაყალი არ ყოფილა, მაგრამ იყო ძალიან მძიმე საუბარი, ყველა მხარე თავისი ძალის დემონსტრირებას ცდილობდა. ბიძინა ივანიშვილმა მოუსმინა ყველას და საბოლოოდ კომპრომისზე დაითანხმა. თუ მოახერხეს და ამ გამოწვევებისადმი ერთიანი მიდგომა ექნებათ, მაშინ გუნდი არ დაიშლება, მაგრამ საკმარისია, რომელიმე მხარე კონიუნქტურას ან დასავლეთის რომელიმე პოლიტიკური გუნდის ნებას დაჰყვეს, მაშინვე დაიწყება განხეთქილების პროცესი, რადგან “ამბოხებულებმა”გამარჯვებას გემო გაუგეს და დღეის შემდეგ აღარ გაჩერდებიან - ყოველთვის ექნებათ ოპონირების განწყობა, თანაც მათი რიცხვი უფრო გაიზრდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

ბიძინა ივანიშვილმა ამ ეტაპზე თავიდან აიცილა პარლამენტში, შესაძლოა, მცირერიცხოვანი, მაგრამ გავლენიანი ახალი ფრაქციის შექმნა. ჩვენი დეპუტატები შეიძლება დავყოთ ამგვარ კატეგორიებად: პარლამენტარები, რომლებსაც საკუთარი აზრი არ აქვთ და რასაც ჩასძახებენ, იმას ამბობენ ან ჩუმად არიან; მეორე ნაწილი - ისინი, ვისაც აქვთ საკუთარი აზრი და ამას ხმამაღლა ამბობენ; მესამე ნაწილი - ისინი, ვისაც ასევე აქვთ საკუთარი აზრი, მაგრამ მას ხმამაღლა არ გამოხატავენ. არის მეოთხე ნაწილიც დეპუტატებისა, რომლებიც პარლამენტში საკუთარი ბიზნესის დასაცავად არიან. ყველა პარლამენტში ასე იყო და ამჯერადაც ასე გრძელდება, რომ ყველაზე აქტიურია ის ხალხი, ვინც საკუთარ აზრს ხმამაღლა გამოხატავს და ამ შემთხვევაში საპარლამენტო თანამდებობა სულაც არ არის გადამწყვეტი. სწორედ ამ დეპუტატთა უმრავლესობის წასვლის საფრთხე არსებობდა. ისინი უდავოდ მოახერხებდნენ ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბებას და ივანიშვილმა ამჯერად ეს პროცესი შეაჩერა, თუმცა, არა მგონია, ეს ხალხი გაჩუმდეს, თუ რამე ისე არ მოხდება, როგორც შეთანხმდნენ”, - განაგრძობს რესპონდენტი.“ცხადი იყო, რომ მოსამართლეთა ჯგუფი, რომელიც დღეს აკონტროლებს სისტემას და მეტი ძალაუფლებისთვის იბრძვის, წინააღმდეგობას გასწევდა. ამაზე მეტყველებს ამ რიგგარეშე კონფერენციის დანიშვნაც და იუსტიციის საბჭოს კონსოლიდირებული მოქმედებაც. ისინი ტყუიან, როდესაც ამბობენ, თითქოს სასამართლო ხელისუფლებაზე ხდება ზეწოლა. არა, ბატონებო, ზეწოლა ხდება კონკრეტულ პიროვნებებზე, რომელთაც მოსამართლეობის პრეტენზია აქვთ ისე, რომ მოსამართლის მანტიით დანაშაული აქვთ ჩადენილი. მათი განაჩენები შეფასებულია სწორედ საერთაშორისო სასამართლოს გამამტყუნებელი ვერდიქტებით. თან ახლა ისინი მიმართავენ სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთა სტანდარტითაც მათი გადაწყვეტილებები კრიტიკას ვერ უძლებს. მურუსიძის, მიქაუტაძისა და სხვათა განცხადებები­ ზეწოლის თაობაზე სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს. სასამართლო სისტემაზე ზეწოლა არ შეიძლება - არც ყოფილა და არც იქნება. ყველაზე დიდი უბედურება რა არის, იცით? როდესაც საზოგადოების უმრავლესობა გეუბნება, არ ვარგიხარ და უნდა წახვიდეო, შენ კი გაიძახი _ არა, უნდა ვიყოო! ეს ამორალურია”, - ამბობს ექსპერტი.

“მოსამართლეებს შორისაც არიან პატიოსანი ადამიანები, რომლებსაც საყვედურს ვერ ვეტყვით. ხელისუფლების ამოცანაა, მკაფიოდ გაცხადდეს, რომელ მოსამართლეს აქვს დანაშაული ჩადენილი და რომელს - არა. ეს ხელისუფლებას აქამდეც უნდა გაეკეთებინა. უნდა აჩვენონ, რომ პრეტენზიები არსებობს არა მთელი სისტემის, არამედ კონკრეტული ადამიანების მიმართ, რომელთაც დანაშაული აქვთ ჩადენილი. იუსტიციის საბჭოს მოქმედება ხომ კრიტიკას ვერ უძლებს! მთელი საზოგადოების ნების წინააღმდეგ გადაწყვეტილების მიღების უფლება არავის აქვს! თუ ვამბობთ, რომ პოლიტიკური პროცესის მთავარი აქტორი არის ხალხი, მაშინ კეთილი ინებონ და ხალხს დაუჯერონ. აუცილებლად უნდა ვთქვა ერთი რამ - აშკარად ჩანს იმის ნიშნები, რომ ამ მოსამართლეების უკან გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები დგანან. სხვა შემთხვევაში, ისინი ამგვარ და ასე ხმამაღალ ლაპარაკს ვერ გაბედავდნენ. მოკლედ, ეს პროცესი უცებ ვერ დასრულდება. არ არის გამორიცხული, დაძაბულობა 2020 წლამდეც გაგრძელდეს, თუმცა საბოლოოდ აუცილებლად მოუწევთ დათმობა იმ მოსამართლეებს, რომელთაც ახლა მთელი სისტემა ჰყავთ მძევლად... საზოგადოებასთან ჭიდილში ვერავინ იმარჯვებს”, - მიიჩნევს მამუკა არეშიძე.

“ქვეყანაში, ფაქტობრივად, მოიშალა საკადრო პოლიტიკა და ეს კონკრეტულად რამდენიმე ადამიანის “დამსახურებაა”. ხელს ივანიშვილისკენ ვერ გავიშვერ, რადგან მან ეს მიმართულება სხვა ხალხს ჩააბარა და ნაკლებად ერეოდა მათ საქმეში, საბოლოოდ კი ეს შედეგი მივიღეთ... პორტირებულები, მედროვეები, ფულისმკეთებლები რომ მოიყვანეს ადგილობრივ თვითმმართველობებში, აბა, რა ეგონათ?! თვითმმართველობისა და რეგიონულ სტრუქტურებსა და ცენტრალურ ხელმძღვანელობას შორის იმხელა უფსკრული იყო, ვისაც რა უნდოდა, იმას აკეთებდა. ნელ-ნელა რეგიონებში შეიქმნა კორუფციული ბუდეები, რასაც ყველაზე მეტად დაუსჯელობა ახალისებს. არასწორმა საკადრო პოლიტიკამ გამოიწვია “ოცნების” კრახი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში და თუ ასე გაგრძელდება, უარესი მოხდება. ამიტომ აუცილებელია კადრების აბსოლუტური გადახალისება”, - დაასკვნის რესპონდენტი და შეკითხვაზე - “დიდი რეზონანსი მოჰყვა სოფელ ბუღაშენში ყარაბაღში მებრძოლი ავაქიანის ძეგლის გახსნას, რასაც მაჟორიტარი დეპუტატები ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი დაესწრნენ...”, - პასუხობს:

“თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ ეს აშკარად წინასწარგანზრახული პროვოკაცია იყო და ამ თემაზე რუსული მედიის წარმოებული კამპანიაც ამის დასტურია. დარწმუნებული ვარ, ყველაფრის უკან, სხვა დაინტერესებულ ძალებთან ერთად, დგას სომხური ლობიც. ავაქიანის ძეგლი ნამდვილად იყო ამ სოფელში, ოღონდ მას კი არ ჩაუტარდა რესტავრაცია, მის ადგილას ახალი დადგეს. ამ პროვოკაციას, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა შეეწირონ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები; ასევე ძალიან მკაცრად უნდა დაისაჯოს ის ორივე დეპუტატი, რომლებიც ძეგლის გახსნას ესწრებოდა. ეს დეპუტატები სწორედ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოიქცნენ და არ შეიძლება, მათ ეს შერჩეთ! რა თქმა უნდა, მომხდარზე პასუხისმგებელი არიან ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებიც, რომლებმაც ეს დაუშვეს. ახლა საქართველოს ხელისუფლება უნდა მოიქცეს ფრთხილად და გონივრულად. მომხდარის არშემჩნევა დიდი შეცდომა იქნება. ამას უნდა მოჰყვეს სერიოზული დასკვნები და საკადრო ცვლილებები. ძეგლის დემონტაჟი აღარ გამოვა _ იქაური მოსახლეობა ამას ვერ გაიგებს, მაგრამ ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა თუ სპეცსამსახურების ხელმძღვანელობა რომ დაისჯება, ეს იქნება მაგალითი მათთვის, ვინც მათ ადგილებზე მოვა. ისინი იძულებული იქნებიან, უფრო ყურადღებით მოიქცნენ...”

ვინ მიიყვანა სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე 8 მოსამართლე სკანდალური სიიდან

“რედისონში” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პროტესტის და დაპირისპირების ფონზე წარიმართა. “სისტემა უნდა შეიცვალოს”, “კლანის სახეები ჩინჩალაძე და მურუსიძე მართლმსაჯულების გარეთ უნდა იყვნენ”, “რაც უნდა კარგი კანონი მიიღოს პარლამენტმა, ეს ხალხი მაინც მოახერხებს, რომ ჩინჩალაძის კლანი შეიყვანოს უკანა კარიდან” - ეს არის ძირითადი შეფასებები, რაც სხდომის განმავლობაში მესამე სექტორის მხრიდან საპროტესტო აქციაზე ისმოდა. სხდომაში მონაწილეობდნენ საპარლამენტო უმრავლესობის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე უნდა ემსჯელათ, თუმცა იგი სრულიად სხვაგვარად წარიმართა და მთელმა სხდომამ ხმაურის ფონზე ჩაიარა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ვინ მიიყვანა სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე 8 მოსამართლე სკანდალური სიიდან / “ჩინჩალაძე კლანის “უკანა კარიდან” შეყვანას შეეცდება” - სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრამ დაპირისპირების ფონზე ჩაიარა.

“სხდომის პარალელურად “რედისონ ბლუ ივერიასთან” საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, რომ თანამდებობა დატოვონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებმა, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სკანდალური სიის შედგენაში მონაწილებდნენ, გათავისუფლდეს სასამართლო სისტემა და შეჩერდეს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის ნაჩქარევი პროცესი. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მნიშვნელოვანია, თანამდებობები დატოვონ სასამართლოში არსებული “კლანის” ლიდერებმა და გატარდეს სასამართლოს რეფორმა. ასევე, დაპირისპირება მოხდა თავად სხდომაზეც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ სანამ სამუშაო ჯგუფის ფორმატი არ შეიცვლება, ისინი შეხვედრაში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ; რომ შეხვედრა, სადაც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობენ, შედეგის მომტანი ვერ იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ ფორმატი მთლიანად არალეგიტიმურია. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრს სამუშაო ჯგუფის შემადგენლობასთან პრეტენზიები აქვს და ამბობს, რომ სხდომაზე ის მოსამართლეები მივიდნენ, რომლებიც პარლამენტისათვის წარდგენილ სკანდალურ 10-კაციან სიაში იყვნენ და არ გამორიცხავს, რომ ისინი ჩინჩალაძისა და მურუსიძის მოთხოვნით მივიდნენ. მისი თქმით, მიიყვანეს ის ადამიანები, ვინც იყვნენ უშუალოდ სიაში, მათ შორის ქადაგიძე, ცისკაძე, ალანია და სხვები. ის ჯანეზაშვილი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ადამიანები, რომლებიც თავის დროზე დათანხმდნენ სიაში ამ ფორმით ყოფნას და ამ ფორმით წარდგენას. მათთან ერთად უვადოდ დასანიშნ მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობა არასერიოზულია. მისი აზრით, აშკარაა, რომ ამ ადამიანებს პირადი დაინტერესება აქვთ, რათა სიაში ისევ მოხვდნენ”, - განაგრძობს გამოცემა.

“სამუშაო ჯგუფი იმიტომ დავტოვეთ, რომ ამ სხდომას სიაში მყოფი 8 ადამიანი ესწრებოდა. ისეთი მოსამართლეებიც მოვიდნენ, რომლებიც ამ სხდომებს არასდროს დასწრებიან. ეს ადამიანები შეხვედრებზე არასდროს მინახავს. პროცესს რომ სანდოობა ჰქონდეს, აქ ობიექტური ადამიანები უნდა ისხდნენ, რომელთაც პირადი ინტერესები არ აქვთ. ამ პროცესს სანდოობა არ ექნება, თუ ისევ ის ადამიანები იმუშავებენ კრიტერიუმებზე, რომელთა გამოც საერთოდ ამხელა აჟიოტაჟი ატყდა. 300-მდე მოსამართლეა და რატომ მაინცდამაინც ეს რვა ადამიანი უნდა იყოს ამ სამუშაო ჯგუფში? ჯგუფში მოსამართლე წევრების გადახალისება და შეცვლა უნდა მოხდეს. ნუ მოჰყავთ ის მოსამართლეები, რომლებიც ე.წ. შავ სიაში არიან შეყვანილი. მაგალითად, უზენაესი სასამართლოდან არც ერთი მოსამართლე არ ესწრებოდა. ეს ხალხი ისევ ჩინჩალაძემ და მისმა კლანმა მოიყვანა, რომ მხარდაჭერა მოიპოვონ. ესენი პარლამენტის დაპატიჟებულები აშკარად არ იყვნენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნაზი ჯანეზაშვილი.

“მისივე თქმით, ამ სამუშაო ჯგუფს დიდი მნიშვნელობა აქვს. ჯგუფის წევრები არიან იუსტიციის მინისტრის მოადგლე, საერთაშორისო დონორები, რომლებიც ამ თემებზე მუშაობენ; ასევე, ამერიკის საელჩო, ევროკავშირი, ევროსაბჭო და ყველა სტრატეგიული პარტნიორი ამ ჯგუფშია წარმოდგენილი. ამიტომაც ამ ჯგუფის მიერ მომზადებულ პროექტებს მაღალი წონა აქვს. მისი განცხადებით, სამუშაო ჯგუფში მომუშავე ყველა მოსამართლე კლანთან დაახლოებულია და ამ ჯგუფის მუშაობას აზრი არ აქვს. იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბარამიძე აცხადებს, რომ ის სამუშაო ჯგუფის ამ ფორმატში მუშაობაზე თავიდანვე პესიმიზმს გამოხატავდა. მისი თქმით, ეს ფორმატი წელიწადნახევარი-ორი წელია, რაც არსებობს და მას ამ ფორმატის ფარგლებში შეხვედრაც ჰქონია, როდესაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. ბარამიძე ამბობს, რომ ამ სამუშაო ჯგუფიდან არაფერი ხეირიანი არ გამოვა. პირველ რიგში, იმიტომ, რომ იქ არის იუსტიციის საბჭო, რომლიც პასუხისმგებელია სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე. მოსამართლეების ამ კლანს კი არანაირი კომპრომისი და დათმობაზე წასვლა არ უნდა. ისინი უკვე წლებია, ნებისმიერ ფასად ცდილობენ, რომ სასამართლოში საკუთარი ინტერესები გაატარონ”, - დასძენს გამოცემა.

“მათი ერთადერთი ინტერესი ის არის, რომ თავიანთი ბატონობა სასამართლო ხელისუფლებაში კიდევ უფრო გაამყარონ. მათთან ლაპარაკს არავითარი აზრი არ აქვს. აქედან გამომდინარე, სავსებით მოსალოდნელი იყო, რომ ოპოზიციაც და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებიც სხდომას დატოვებდნენ. აუცილებელია, რომ საბჭო ამ შემადგენლობით დაიშალოს. იმის მოლოდინი, რომ იუსტიციის საბჭოს წევრები თავად გადადგებიან, მცდარი მოლოდინია, მაგრამ გამოსავალი მისი დაშლაა. საჭიროა ძირეული რეფორმები, რაც “ოცნების” პირობებში ვერ მოხდება, რადგანაც ამ მოსამართლეების კლანს ხელისუფლება სრულად მფარველობს და ეს ყველაფერი ფარსია, საზოგადოების მოტყუების კიდევ ერთი მცდელობა. რაღაც ფარსს გაათამაშებენ, ვითომ ცვლილებებს შეიმუშავებენ, რომლის ნდობა და ეფექტი ნულოვანი იქნება. ყველაფერი მას შემდეგ შეიცვლება, როდესაც 2020 წელს ახალი პარლამენტი გვეყოლება. “ოცნების” პირობებში არავითარი რეფორმა არ იქნება”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო ბარამიძე.

“საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ამ სამუშაო ჯგუფს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რეალურად კი ყველაფერს მაინც პარლამენტი გადაწყვეტს. მისი აზრით, ვიდრე უფრო ფართოდ არ იქნება გააზრებული, რა ცვლილებები უნდა გატარდეს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით, ამ საკითხის ასე მარტივად გადაწყვეტა არ მოხდება. სამუშაო ჯგუფი ვერაფერს გადაწყვეტს, მათ მხოლოდ გარკვეული ინიციატივებისა და მოსაზრებების შემუშავება შეუძლიათ”, - წერს სტატიის ავტორი.

“ეს სამუშაო ჯგუფი კონკრეტულ კრიტერიუმებზეც რომ შეთანხმდეს, მაინც არაფერს ნიშნავს. თუ ეს გადაწყვეტილება კანონებში უნდა აისახოს, საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს. თუ ეს სასამართლოს შიდა რეგულაციას ეხება, მაშინ შესაბამისმა ინსტანციებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. სამუშაო ჯგუფი არავითარ გადაწყვეტილებას არ იღებს. ამიტომ ამხელა აჟიოტაჟი მის ირგვლივ სწორი არ მგონია. ჩვენ ვიხილავთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისა და დანიშვნის წესს. დღევანდელი კანონმდებლობით, შერჩევა შეუძლია იუსტიციის საბჭოს, შემდეგ კი პარლამენტმა უნდა დანიშნოს. ჩემთვის ამ სამუშაო ჯგუფის მიერ მოწოდებული წინადადებები ისეთივე ტიპის წინადადებები იქნება, როგორიც ნებისმიერი ექსპერტის მიერ პარლამენტში შემოტანილი ინიციატივა. საკანონმდებლო ცვლილებაზე თუ იქნება ინიციატივა, მაშინ კომიტეტზე უნდა გავიდეს განსახილველად, შემდეგ - საპარლამენტო სესიაზე. ამიტომ ჩემს გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ გავახმოვანებ, როდესაც ამ ჯგუფის მიერ შემოთავაზებულ ინიციატივას გავიგებ”, - დაასკვნის ჟორჟოლიანი.

გია ხუხაშვილი - “კრიზისი ჯერ არ არის ძალიან მწვავე, მაგრამ არც პრობლემების გადაწყვეტის გზები ჩანს”

“საპრეზიდენტო არჩევნებმა უკან დაგვხია, პოლიტიკური კრიზისი გაშიშვლდა. ამას სასამართლოს პრობლემებიც დაემთხვა. კრიზისი ჯერ არ არის ძალიან მწვავე, მაგრამ არც პრობლემების გადაწყვეტის გზები ჩანს. არც ცდილობენ პოლიტიკოსები ამ ვითარებაზე ყურადღების გამახვილებას, მხოლოდ პოლიტიკური მანევრებით არიან დაკავებული. ოპოზიციას, ჩანს, ტაიმ-აუტი აქვს აღებული. ახლა ვხედავთ იმ პრობლემებს, რომლებმაც ძალაუფლების გამყარებისთვის “ქართულ ოცნებაში” იჩინა თავი. ძალიან საინტერესოა ამაში ივანიშვილის როლი. საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი ლეგენდა დაიმსხვრა, აქედან გამომდინარე, იძულებულია მანევრები ჩაატაროს, რომ ეს არარსებული თანაცხოვრების ფორმულა მოძებნოს. ივანიშვილს იმედია ესმის, რომ ამ ფასადური მორიგება-შერიგებით პრობლემები არ გადაწყდება. მაგრამ სხვა გზა არა აქვს - დროის მოგება სჭირდება, რომ იქნებ რაღაც ახალი მოიფიქროს”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გია ხუხაშვილი: “გაზაფხულზე პოლიტიკური რყევები გაგრძელდება, თუმცა...”

“რყევები გაგრძელდება ძველებურ ფორმატში და ტემპით. თუმცა სახელისუფლებო კრიზისი, ალბათ, უფრო გაღრმავდება, მაგრამ ოპოზიციის პოტენციალი ძალიან შეზღუდულია საიმისოდ, რომ მრავალწახნაგიან-ვექტორიანი პრობლემების კაპიტალიზაცია მოახდინოს და ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები შეუქმნას. მოსამართლეების თემა, რომლის მედროშე მესამე სექტორია, ერთ-ერთი მთავარი ტესტია იმისა, თუ საით წავა საბოლოოდ ქვეყანა. ჩვენ ახლა გზაჯვარედინზე ვართ. ბევრი რამეა იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები სასამართლო სისტემის გაჯანსაღების საქმეში. ვეჭვობ, რომ ხელისუფლება შეეცდება ისევ ფასადური, ნახევარგადაწყვეტილებები მიიღოს. როგორც ჩანს, პოლიტიკურ ვერტიკალში არ ეთმობათ სასამართლოს დამოუკიდებლობა. თუმცა კარგია, რომ პირდაპირ მიდგომაზე უარი თქვა და მანევრირებაზე გადავიდა. ახლა მთავარია ჩვენ არ მივცეთ პროცესის პროფანაციის საშუალება. დღეს ფრონტის ხაზი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კი არა, საზოგადოებასა და “ოცნებას” შორის გადის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ოპოზიციის შესაძლებლობები ძალიან მწირია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ალტერნატიული პოლიტიკური პროცესი დაიწყოს. ეს საზოგადოების მოთხოვნაა და პოლიტიკურმა ელიტამ უნდა მოახერხოს ისე გადაჯგუფება, რომ უპასუხოს მას. არსებულ ოპოზიციას რყევების ინიცირება შეუძლია, მაგრამ სერიოზული სახელისუფლებო კრიზისის შექმნის უნარი არ გააჩნია. ნებისმიერი კრიზისის მამოძრავებელი ძალა ხალხია. ის მარტო ხელისუფლებას კი არა, ოპოზიციასაც არ ენდობა. სააკაშვილისგან წინასაარჩევნოდ არანაკლები საბრძოლო რიტორიკა მოვისმინეთ, თუმცა ეს მხოლოდ განცხადებები იყო. “ნაცმოძრაობა” ამით საკუთარ ამოცანას წყვეტს, იმიტომ, რომ იმ ელექტორატის შენარჩუნება უნდა, რომელიც “ოცნებამ” უმძიმესი შეცდომების გამო აჩუქა, ამისთვის კი ხალხი ტონუსში უნდა გყავდეს. არა მგონია, ფიქრობდნენ, რომ შეუძლიათ კრიზისის გამოწვევა. თუმცა სწორ თემებს პოულობენ, მაგალითად, პროპორციული არჩევნები. მაგრამ ეს “ნაცმოძრაობის” საკითხი არ არის, ეს აუცილებელი პროცესია. თუ ჩვენ მულტიპარტიული დემოკრატია გვსურს, ამის ერთადერთი გზა 2020 წელს პროპორციული სისტემით არჩევნებია”, დასძენს ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “ანუ ხელისუფლებას მოუწევს დათმობაზე წასვლა?” - პასსუხობს:

“ ხელისუფლებას შეუძლია ეს არ გააკეთოს, მაგრამ, მომავალში ამაზე იმდენად მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს, რომ დათანხმება უჯობს”.