სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მოქმედი კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა, „სილქნეტისა“ და „მაგთიკომის“ ოლიგოპოლიური შეთანხმების შესახებ განცხადებას ავრცელებს

რამდენიმე დღის წინ „სილქნეტმა” და „მაგთიკომმა” ტარიფების გაძვირება და სატარიფო პოლიტიკის ცვლილება ერთობლივად დააანონსეს. გაძვირების გარდა, აღნიშნულ კომპანიებს შორის მიღწეული ოლიგოპოლიური გარიგების მიზანი მცირე და საშუალო ოპერატორების ბაზრიდან გაძევება იყო. მოსალოდნელი რადიკალური სატარიფო ცვლილება დახურვის რისკის წინაშე აყენებდა 30-მდე სატელეკომუნიკაციო კომპანიას, რაც დაახლოებით 1000-მდე ადამიანის უმუშევრად დარჩენას გულისხმობს.

შერჩევითი დისკრიმინაციითა და კარტელური გადაწყვეტილებით, კომუნიკაციების ბაზარზე მოქმედი კომპანიებიდან, სამი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე კომპანია ერთმანეთში ზარების განხორციელების განსხვავებულ პირობებზე შეთანხმდნენ. ხოლო დარჩენილ 30-მდე მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო კომპანიას კი კაბალური პირობები დაუწესეს. საყურადღებოა, რომ დაანონსებული ცვლილებებით გაზრდილი ფასის მიუხედავად აბონენტებს ეზღუდებოდათ იმ ნომრებზე დარეკვა, რომლებიც „სილქნეტს“, „მაგთიკომსა“ და „ახალ ქსელებს“ არ ეკუთვნის. მედიისა და საზოგადოების ყურადღება კი ძირითადად ტარიფების ზრდაზე გამახვილდა, ხოლო ამ ცვლილებებით გამოწვეულ ზემოთ აღნიშნულ მნიშვნელოვან პრობლემას ნაკლები ყურადღება დაეთმო. ეს შეთანხმება ბიზნესის არსებობის წინააღმდეგ გამიზნული ქმედებაა. იგი, რეალურად, მიმართულია როგორც აბონენტების, ისე ბაზარზე მოქმედი სხვა ოპერატორების წინააღმდეგ და წარმოადგენს კარტელურ გარიგებას ბაზარზე მოთამაშე დიდ კომპანიებს შორის. აღნიშნული შეთანხმება კანონის უხეში დარღვევაა, რომელიც ცდება სამართლიან და კონკურენტულ ბიზნეს ეთიკას და დახურვის რისკის წინაშე აყენებს, ბაზარზე არსებულ ყველა სხვა მცირე და საშუალო ზომის სატელეკომუნიკაციო კომპანიას.

ბოლო წლებში მარეგულირებელი კომისიის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას. მან ბიძგი მისცა ბაზარზე მცირე და საშუალო კომპანიების განვითარებას და ტარიფებისა და საბაზრო წილის ათვისების კუთხით საკმაოდ ჯანსაღი გარემო შექმნა. აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვების მიზნით კი დიდი კომპანიები არასამართლებრივი გზებით მუდმივად ცდილობდნენ საშუალო და მცირე პროვაიდერების შევიწროებასა და ბაზრიდან გაძევებას. კომპანიების ეს განზრახვა არის მორიგი ზღვარგადასული მცდელობა ბაზრიდან გააძევონ სხვა მოთამაშეები და მთლინად დაეპატრონონ ბაზარს.

მარეგულირებელი კომისიის პრინციპული პოზიციისა და ჩვენი პროტესტის ფონზე ერთ-ერთმა კომპანიამ ცვლილების დროებით შეჩერება დააანონსა. ველოდებით მეორე კომპანიის პოზიციასაც. თუმცა, სამწუხაროდ, დროებით შეჩერება არ ნიშნავს ბაზრის მთლიანად დაპატრონების ჩანაფიქრზე საბოლოოდ უარის თქმას.

მივმართავთ, საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატს, კონკურენციის სააგენტოს, ბიზნეს ომბუდსმენსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ ისინიც და პირად კონტროლზე აიყვანონ აღნიშნული საკითხი, მოსახლეობისა და ბიზნესის ინტერესების გათვალისწინებით.

იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული საკითხის ჯეროვანი განხილვისა და შესწავლის შემდეგ კომპანიები საბოლოოდ უარს იტყვიან საკუთარ უკანონო, მონოპოლისტურ ჩანაფიქრზე და აღარ შეეცდებიან მცირე და საშუალო ზომის კომპანიების მიმართ ბოროტად გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ძალაუფლება.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისია, მყარად შეინარჩუნებს სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინების პოზიციას, რომლის შედეგადაც ბაზარზე მოქმედ დიდ კომპანიებს აღარ უნდა გაუჩნდეთ მცირე და საშუალო კომპანიების ბაზრიდან უკანონოდ განდევნისა და ოლიგოპოლიური გარიგების დადების სურვილი.

(R)

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო