2019 წელს დამატებით 430 000 ადამიანი ისარგებლებს 24-საათიანი წყალმომარაგებით

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით 2019 წელს, დამატებით 430 000 ადამიანი ისარგებლებს.

ამის შესახებ მინისტრმა 2019 წელს დაგეგმილ და დასასრულებელ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას განაცხადა.

,,ძალიან ბევრ ადგილას, მოსახლეობას ჯერ კიდევ არ აქვს წვდომა ხარისხიან სასმელ წყალზე, ან არ აქვს უზრუნველყოფილი 24 საათიანი წყალმომარაგება. ამიტომ, ჩვენი ერთი-ერთი პრიორიტეტი 2019 წელს სწორედ წყალგაყვანილობის და კანალიზაციის მოწესრიგებაა საქართველოს რეგიონებში და ამ მიმართულებით წყალმომარაგების კომპანიის ბიუჯეტი არის 30% -ით გაზრდილი”, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა დასრულებაც 2019 წელს იგეგმება. მისი თქმით, მათ შორისაა: ანაკლიაში, მესტიაში, წყალტუბოსა და ურეკში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის სამუშაოები, ასევე ქუთაისის, ჯვრის, ჭიათურის, ურეკისა და გარდაბნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, 2019 წელს წყალმომარაგების სამუშაოებზე მუნიციპალური განვითარების ფონდის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის გამოყოფილი 282 მილიონი ლარით 85 პროექტი განხორციელდება. ყველა ჩამოთვლილი პროექტის განხორციელების შედეგად, დამატებით 430 000 ადამიანი ისარგებლებს 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებითა და თანამედროვე, გამართული კანალიზაციის სისტემით.

,,აღსანიშნავია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის 4 სოფელს ათეულობით წლის განმავლობაში წყალი 4 დღეში ერთხელ რამდენიმე საათით მიეწოდებოდა, პროექტის მეორე ფაზის დასრულების შემდგომ კი, ისინი 24 საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილი“, -განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე განმარტებით, 2019 წელი დატვირთული იქნება წყლის პროექტებით. იწყება მარნეულის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ 20 000-ზე მეტ ადამიანს პირველად მოემსახურება თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურა.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, გუდაურში იწყება წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის სამუშაოები იწყება ქუთაისში, ჭიათურასა და ვალეში.

„წელს იწყება გურიის სოფლების ბახვი-ვაკიჯვრის და ცხემლისხიდის წყალმომარაგებით უზრუნველყოფის სამუშაოები. პროექტს 9 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება და 3000-ზე მეტ ადამიანს მოუგვარდება წყალმომარაგების პრობლემა, რომელიც მათ წლების განმავლობაში აწუხებს მოუგვარდება. ისინი სტაბილური სასმელი წყლის მიწოდებით იქნებიან უზრუნველყოფილი“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ასევე პრობლემების შესახებ ისაუბრა. კერძოდ, გამოყო თელავის მოსახლეობის პრობლემა, რომელთაც რამდენიმე წელია სასმელი წყალი 5-6 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. ნაწილობრივ ამორტიზირებულია შიდა გამანაწილებელი ქსელიც.

მისი თქმით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად, წელს დაიწყება თელავის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა. აშენდება 6 ახალი და რეაბილიტირდება 5 არსებული ჭაბურღილი, მოეწყობა მაგისტრალური მილსადენი და გამანაწილებელი ქსელი. ასევე, დაგეგმილია ახალი რეზერვუარების მშენებლობაც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო