პროკურატურა ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული 8 პირიდან შვიდის მიმართ პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, ერთის მიმართ კი - გირაოს

პროკურატურა ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული რვა პირიდან შვიდის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, ხოლო ერთი პირის მიმართ - გირაოს შეფარდებას.

როგორც საქმის პროკურორმა თორნიკე მარსაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ შვიდმა პირმა არაერთ ადამიანს გაუგზავნა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი. "ამ 8 პირიდან 7 პირის მიმართ მოთხოვნილია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო ერთი პირის მიმართ მოთხოვნილია გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით. ამ 7 პირიდან თითოეულმა მათგანმა არაერთ პირზე გაავრცელა აღნიშნული პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია. ამ 7 პირიდან ერთ-ერთი არის ის, რომელმაც youtube-ზე, საჯარო ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო პორტალზე ატვირთა აღნიშნული ვიდეო-ჩანაწერი. გვაქვს ამ პირის ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ასევე youtube-დან მოპოვებული ინფორმაცია და საკმარისი მტიცებულებები, რაც მის მიმართ დევნის დაწყების საფუძველი გახდა", - განაცხადა მარსაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით შსს-მ 17 პირი დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს 9 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უკვე იმსჯელა. 9 პირიდან ორს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, შვიდს კი, გირაო.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს.