დავით ლომიძე - თუ გადავხედავთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, ძირითადად, დაგროვებითი საპენსიო სისტემა სავალდებულო ხასიათისაა

დაგროვებით საპენსიო სისტემაზე, მისი შემოღების აუცილებლობაზე, რამდენად არის ის წნეხი ბიზნესისთვის და რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ, ამ საკითხებზე ექსპერტი სოციალურ საკითხებში, დავით ლომიძე საუბრობს.

- დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღების აუცილებლობა რამ გამოიწვია?

- ე.წ. „ღირსეული პენსია“, როგორც ნომინალში (200 ლარი ანუ 75 აშშ დოლარამდე), ისე ჩანაცვლების კოეფიციენტი (პენსიისა და ხელფასის თანაფარდობა) - 18%, ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში. ასევე, თუ, 2006 წელს ასაკით პენსიონერთა ხარჯი შეადგენდა 268 მილიონ ლარს, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 1.95%-ს, 2019 წელს აღნიშნული ხარჯი 1.9 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 4.29%-ს გაუტოლდება. საპენსიო ხარჯების ზრდის ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება და მძიმე ტვირთად დააწვება სახელმწიფო ბიუჯეტს, მხოლოდ პენსიონერთა რაოდენობის (2018 წლის დეკემბერში 745 ათასია და იგივე ზრდის ტემპის შენარჩუნებით 2030 წლისათვის 950 ათასს გადააჭარბებს) ზრდითა და ინდექსაციით, საპენსიო ხარჯებმა შესაძლოა მშპ-ს 10%-იან ზღვარს გადააჭარბოს, რაც საბიუჯეტო ხარჯის 33%-ს მიუახლოვდება.

ამ სიტუაციიდან გამოსავალი შეიძლება იყოს 1) მაღალი ეკონომიკური ზრდა, 2) საპენსიო ასაკის გაზრდა, 3) პენსიის მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებზე გაცემა ან/და 4) დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა. მეორე და მესამე, ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა, განსაკუთრებით სოლიდარობის მოდელის საპენსიო სისტემის მქონე და დაბერების დემოგრაფიულ ქვეყნებში, რასაც ხშირად სოციალური და პოლიტიკური კრიზისები ახლავს. პირველი და მეოთხე, ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები იქნება სწორი.

- დაგროვებითი საპენსიო სისტემას ბევრი პესიმისტურად უყურებს, ეს სისტემა უნდა იყოს სავალდებულო თუ ნებაყოფლობითი?

- ყველგან, სადაც საპენსიო რეფორმა იწყებოდა, აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა, რაც ნორმალურია. არიან ამ რეფორმის მხარდამჭერები და ასევე, 90-იან წლებში დეპოზიტების დაკარგვითა და სახელმწიფოს მმართვით იმედგაცრუებულები. უნდა აღინიშნოს, რომ წლების წინ ასეთივე უნდობლობა იყო კომერციული ბანკების მიმართ, ხოლო ამჟამად ეს პრობლემა ამოწურულია და საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2018 წლის დეკემბერში ფიზიკური პირების მიერ კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტი ეროვნულ ვალუტაში აჭარბებს 2,8 მლრდ ლარს, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 9,5 მლრდ ლარს.

მოგეხსენებათ, რომ დაგროვებით საპენსიო სისტემის (მეორე სვეტის) შემოღებამდე საქართველოში ფუნქციონირებდა მხოლოდ საპენსიო სისტემის პირველი (ნულოვანი) სვეტი (სოლიდარობის პრინციპზე დაფუძნებული, ყველა გადასახადის გადამხელის დაფინანსებით, ყველა საპენსიო ასაკის მქონე მოქალაქის მარტივი საპენსიო უზრუნველყოფა) და მესამე სვეტი (ნებაყოფლობით შენატანებზე დაფუძნებული კერძო საპენსიო დაზღვევა).

მეორე სვეტის შექმნის მიზანი მომავალში, „ღირსეული პენსიით“ უზრუნველყოფასთან ერთად, წარმოადგენს შემოსავლის მიმღები პირების მაქსიმალურ მოცვას, რაც მხოლოდ ნებაყოფლობითი მიდგომით ვერ იქნება უზრუნველყოფილი. მხოლოდ ნებაყოფლობითი საპენსიო სისტემა (მესამე სვეტი) საქართველოში არის 1998 წლიდან, როდესაც მიღებულ იქნა კანონი „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ და ფუნქციონირებს 3 კერძო საპენსიო დაზღვევის სქემა. სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ ინფორმაციით, ამ საპენსიო სქემებში მონაწილეთა რაოდენობა არ აღემატება 22 300-ს და საპენსიო რეზერვები შეადგენს 27 მლნ ლარს, რაც მოცვის კუთხით არაეფექტურია.

თუ გადავხედავთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, ძირითადად დაგროვებითი საპენსიო სისტემა (მეორე სვეტი) სავალდებულო ხასიათისაა, მაგრამ არსებობს ნებაყოფლობითი ხასიათის მქონეც, რაც საგადასახადო შეღავათებით არის წახალისებული და მოცვის კუთხით ფაქტობრივად სავალდებულო ხასიათს ატარებს.

- ამოქმედებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა რამდენად არის წნეხი ბიზნესისთვის და რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ?

- თავისთავად, როგორც ბიზნესისთვის, ისე დასაქმებულისთვის ეს არის დამატებითი ფინანსური ვალდებულებები და ამით არიან უკმაყოფილო. საპენსიო შენატანის დაწესებით დასაქმებულს ხელფასიდან ფინანსური ვალდებულება ეზრდება 1,6%-ით, მაშინ როდესაც ყოველ 1000 ლარზე გადახდილი 20 ლარი, მის საპენსიო ანგარიშზე ეგრევე ეზრდება 60 ლარამდე და შემდეგ ამ თანხას ყოველწლიურად დაემატება სარგებელი (ამ ეტაპზე მინიმუმ 7%). დამსაქმებელს ფინანსური ვალდებულება ეზრდება ხელფასის ფონდის 2%-ით, ჯამში (დასაქმებულისა და დამსაქმებლის) ხელფასის ფონდის 3,6% შეიძლება ბევრმა დამსაქმებელმა თავის თავზე აიღოს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს, ბოლო 10 წლის სტატისტიკა, როდესაც ნომინალური საშუალო ხელფასის ზრდის ტემპი 4,1%-ზე დაბალი არ ყოფილა. ასევე უნდა ითქვას, რომ სოციალური პასუხისმგებლობის დაბალი დონიდან და ზოგადად ბიზნეს ქცევიდან გამომდინარე, იქნებიან დამსაქმებლები, რომლებიც არ შეიმცირებენ მოგებას და შეამცირებენ სახელფასო ფონდს ან ხელფასს გაწერენ 40 წელზე ზემოთ ასაკის მქონე პირებზე.

- რა ტექნიკურ ხარვეზებს ხედავთ უკვე ამოქმედებულ „დაგროვებითი პენსიების შესახებ“ საქართველოს კანონში?

- თუ პრინციპულ საკითხებს არ შევეხებით (სავალდებულობა თუ ნებაყოფლობითობა, საშემოსავლო გადასახადის ხარჯზე; საპენსიო შენატანის ფინანსური ტვირთის განაწილება თუ მხოლოდ დასაქმებულზე; საპენსიო შენატანის ოდენობა; საბაზისო პენსია თუ მიზნობრივი პენსია და ა.შ.), უშუალოდ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ამ ეტაპზე შემდეგი ტექნიკური ხარვეზებია მოსაწესრიგებელი:

ა) პროცედურები და ადმინისტრირება უნდა იყოს მარტივი (უნდა ემთხვეოდეს საშემოსავლო გადასახადისას, მაგ. ნებისმიერ განაცემზე - საკასო მეთოდით აღრიცხულ შემოსავლებს, გადახდის ვადებს და ა.შ.), ცალკე საპენსიო დეკლარაცია და განსაკუთრებით ყოველ განაცემზე ცალკე დეკლარაცია, ძალიან ართულებს ბიზნეს პროცედურებს და ადმინისტრირებასაც, რაც გასაუქმებელია და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში დამატებითი უჯრით დაფიქსირება საკმარისი იქნებოდა;

ბ) კანონით არ არის მოწესრიგებული საპენსიო შენატანის ვალდებულება ისეთი დასაქმებულებისთვის, რომელთა დამსაქმებლებს ხელფასის გაცემისას არ აქვთ საშემოსავლო გადასახადის წყაროსთან დაკავების ვალდებულება და ეს დასაქმებულები თვითონ ახორციელებენ შემოსავლების დეკლარირებას და საშემოსავლო გადასახადის გადახდას;

გ) თვითდასაქმებულმა - ინდივიდუალურმა მეწარმემ, რომელიც საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმებით იბეგრება (მიკრო ბიზნესის სტატუსით, მცირე ბიზნესის სტატუსით და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით), არ არის განსაზღვრული 4%-იანი საპენსიო შენატანი საიდან უნდა გადაიხადოს, თითოეულ რეჟიმზე რა არის საპენსიო შენატანის დარიცხვის ბაზა.