„თელასმა“ 2018 წლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა

კომპანია „თელასმა“ 2018 წლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის მონაცემებით კომპანია „თელასმა“ 2 970 მილიონი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 1,2% (35 მლნ. კვტ*სთ-ით) აღემატება 2017 წლის მოხმარების მოცულობას (2 935 მილიონი კვტ*სთ). ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებამ და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია.

მათივე ინფორმაციით, 2017 წელთან შედარებით 2018 წელს 1,6%-ით (46 მლნ. კვტ*სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის რაოდენობა და 2 819 მილიონი კვტ*სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის ზრდა ელექტროენერგიის მოხმარების მატებამ განაპირობა.

„სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2018 წელს 2017 წელთან შედარებით 4,3%-ით (26,1 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 632,3 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 570 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 62,3 ათასი – იურიდიური პირი.

2018 წლის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 5 736 კმ შეადგინა, რაც 7,5%-ით (398 კმ-ით) აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს (5 338 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.