თეონა აქუბარდია - ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ სახელმწიფო დონეზე გაგრძელდეს ექსპერიმენტები ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში

პარლამენტმა საქართველოს კანონში „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ ცვლილებების შეტანის თემაზე მსჯელობა დაანონსა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში შეიქმნება პრემიერის სათათბირო ორგანო ეროვნული უსაფრთხოების საბჭო.

ვიდრე ამ თემაზე პარლამენტი იმსჯელებს, ”ინტერპრესნიუსი” თემის პრობლემურ ასპექტებზე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილ მოადგილეს, ეროვნული უშიშროების საბჭოს ჩამოყალიბების მიზნით პრემიერ მინისტრის მიერ შექმნილი უწყებათშორისი საბჭოსა და სამუშაო კომისიის ყოფილი წევრს, თეონა აქუბარდიას ესაუბრა.

- 2018 წლის დეკემბერში კონსტიტუციაში ცვლილებების ამოქმედების შედეგად გაუქმდა პრეზიდენტთან არსებული კონსტიტუციური ორგანო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო.

ერთი წლით ადრე, პრემიერ კვირიკაშვილის პრემიერობისას პარლამენტმა მხარი დაუჭირა მთავრობის ინიციატივას პრემიერთან არსებული კრიზისების მართვის საბჭოს გაუქმების შესახებ. რა გავლენა იქონია ამ გადაწყვეტილებებმა ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაზე და რა იყო ამ ცვლილებების მიზეზი?

- სამწუხაროდ, როგორც პროცესის ბოლოს ნათლად გამოჩნდა, ის ფაქტი რომ ჯერ ქვეყანას ჰქონდა ორი უშიშროების საბჭო, ერთი კონსტიტუციური 1996 წლიდან, და მეორე - 2014-2017წწ კანონით შექმნილი, ხოლო შემდეგ არც ერთი, იყო პოლიტიკიდან გამომდინარე გადაწყვეტილება და არაფერი საერთო არ ქონდა მას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სისტემის რეფორმირებასთან.

მთავრობის გადაწყვეტილება პრემიერის სათათბირო საბჭოს გაუქმების შესახებ ისევე მარტივად გაიზიარა პარლამენტმა, როგორც ეს ამ უწყების შექმნისას მოხდა და თუკი შექმნის დროს წინა მოწვევის პარლამენტის რიგი წევრები ერთხმად ამტკიცებდნენ იმას, რომ ამ საბჭოს გარეშე ქვეყნის უსაფრთხოება შესუსტდებოდა, გაუქმებისას ეს არგუმენტი, სამწუხაროდ, აღარავის გახსენებია

გახსოვთ ალბათ, რომ როდესაც კონსტიტუციიდან ამოიღეს უშიშროების საბჭოს შესახებ ჩანაწერი, როცა შეიძლებოდა ამ ჩანაწერის დატოვება და მისი თუნდაც პრემიერის დაქვემდებარებაში გადატანა, როგორც ეს ახლა იგეგმება, მთავარი არგუმენტი ამ ცვლილებისა ის იყო, რომ მთავრობაში ისედაც მოქმედებდა სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო და სწორედ ის შეასრულებდა უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის ფუნქციას.

მთავრობის გადაწყვეტილება პრემიერის სათათბირო საბჭოს გაუქმების შესახებ ისევე მარტივად გაიზიარა პარლამენტმა, როგორც ეს ამ უწყების შექმნისას მოხდა და თუკი შექმნის დროს წინა მოწვევის პარლამენტის რიგი წევრები ერთხმად ამტკიცებდნენ იმას, რომ ამ საბჭოს გარეშე ქვეყნის უსაფრთხოება შესუსტდებოდა, გაუქმებისას ეს არგუმენტი, სამწუხაროდ, აღარავის გახსენებია.

საბჭოების გაუქმებით დადგა შემდეგი შედეგი - ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვაზე და ამ პოლიტიკის კოორდინაციაზე პასუხისმგებელი ორი საბჭოს ნაცვლად გახდა კოლეგიური ორგანო მთავრობა, პრემიერს აღარ გააჩნია მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე, ქვეყანაში აღარ მიმდინარეობს ეროვნული დონის სტრატეგიული დოკუმენტების განახლების პროცესი თავად ამ პროცესის კოორდინაციის არარსებობის გამო.

მაგალითად, ვერ ხერხდება საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლება, რომელსაც ვადა კანონით გასულ წელს გაუვიდა და რომელიც მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტია იმის დასაგეგმად, თუ როგორ შევამციროთ ქვეყნის წინაშე მდგარი სხვადასხვა ტიპის რისკები და გამოწვევები და როგორ გადავგეგმოთ შესაბამისი უსაფრთხოების პოლიტიკა ამ მიზნით. და ბოლოს ქვეყანაში აღარაა სისტემურად მოწყობილი ყველა ტიპის კრიზისის კოორდინაცია ეროვნულ დონეზე.

ახალი უსაფრთხოების საბჭოს შექმნის საკითხზე აუცილებელია ხელისუფლებაში მყოფმა პოლიტიკურმა ძალამ მაქსიმალურად უზრუნველყოს კონსესუსი როგორც სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე სამოქალაქო სექტორთან

ერთი რამ ცხადია, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება დასავლურ ქვეყნებში პოლიტიკური დებატის მიღმაა და ყველა პოლიტიკური ძალა ამ თემაზე ერთიანია. აუცილებელია ქვეყანაში მიღწეულ იქნას სწორედ ეს თანხმობა ეროვნული უსაფრთხოებისადმი მიკუთვნებულ საკითხებზე და ამიტომაც ახალი უსაფრთხოების საბჭოს შექმნის საკითხზე აუცილებელია ხელისუფლებაში მყოფმა პოლიტიკურმა ძალამ მაქსიმალურად უზრუნველყოს კონსესუსი როგორც სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე სამოქალაქო სექტორთან.

ეს კონსესუსი უმიშვნელოვანესია როგორც ინსტიტუციური მდგრადობის, ასევე ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს მიკუთვნებული საკითხების ირგვლივ გაერთიანების მიზნით. ეს განსაკუთრებით კრიტიკულია, მით უფრო იმ ფონზე, როცა უსაფრთხოების საბჭოს არსებობა კონსტიტუციით აღარ არის უზრუნველყოფილი და კანონით მისი შექმნა-გაუქმება ბევრად მარტივი სამართლებრივი პროცედურაა.

- მთავრობამ პარლამენტისათვის საქართველოს კანონის პროექტზე: „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის პაკეტი წარუდგინა.

ეს დოკუმენტი პარლამენტის ვებ-გვერდზე არის ხელმისაწვდომი. მას შემდეგ, რაც მთავრობის ინიციატივით ახალი ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ჩამოყალიბდება, თქვენი აზრით, რამდენად შეიძლება გვქონდეს იმის იმედი, რომ ახალი სტრუქტურა უფრო ეფექტური იქნება და შეძლებს გამართულად მუშაობას?

- პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ამ საბჭოს არსებობა უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ცალსახად მივესალმები იმ ფაქტს, რომ როგორც იქნა პროცესი დაიძრა.

საქართველოს გააჩნია მინიმუმ 22-წლიანი ინსტიტუციური პრაქტიკა ამგვარი საბჭოს თუ საბჭოების არსებობის. ამ წლების მანძილზე იყო რა თქმა უნდა, ხარვეზებიც, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია ახალი უწყების შექმნისას. ამით იმის თქმა მინდა, რომ სუფთა ფურცლიდან არ უნდა ვიწყებდეთ პროცესს.

იმის გათვალისწინებით, რომ ამ ინსტიტუტების მუშაობის უზრუნველსაყოფად საქართველოს არაერთი პარტნიორი ქვეყანა უწევდა დახმარებას, განსაკუთრებით აშშ და დიდ ბრიტანეთი, აუცილებელი იყო მათი რჩევებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება პრემიერის მიერ შექმნილ საბჭოს ფორმატში, რაც აქამდე, სამწუხაროდ, არ მომხდარა

ამასთან, ამ წლების მანძილზე ამ ინსტიტუტების გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქვეყანას არაერთი პარტნიორი ქვეყანა უწევდა დახმარებას. განსაკუთრებით გამოვყოფდი აშშ-ს და დიდ ბრიტანეთის როლს ამ წლების მანძილზე.

შესაბამისად, მიმაჩნია, რომ აუცილებელი იყო პარტნიორი ქვეყნების რჩევების და რეკომენდაციებისთვის შესაბამის ფორმატში ამ კანონპროექტის განხილვა, რაც აქამდე პრემიერის მიერ შექმნილ საბჭოს ფორმატში სამწუხაროდ არ მომხდარა და იმედს ვიტოვებ, რომ ჯერ კიდევ არის ასეთი შესაძლებლობა დარჩენილი, რადგან მათი პრაქტიკის და ექსპერტიზის, როგორც რჩევების გაზიარება, ისევე მნიშვნელოვანია ეფექტიანი უსაფრთხოების საბჭოს შექმნის გზაზე, მით უფრო ისეთი ტიპის გამოწვევების წინაშე მდგომი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.

რაც შეეხება თავად კანონზე მიმდინარე სამუშაო პროცესს, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობაში უწყებათშორისი საბჭო და შესაბამისი სამუშაო კომისია იყო შექმნილი და მასში პრაქტიკულად ყველა საჭირო სახელმწიფო უწყება იყო ჩართული, ვფიქრობ, რომ პროცესში შეიმჩნეოდა ექსპერტიზის ნაკლებობა, რომლის შესაძლებლობასაც ეს საბჭო პრემიერის ბრძანების მეშვეობით იძლეოდა.

ჩემი, როგორც ამ სფეროში ჩახედული პირისთვის მნიშვნელოვანი იყო თავად პროცესი, რომელიც, სამწუხაროდ, იყო დახურული როგორც გარე ექსპერტებისთვის, ასევე პარტნიორი ქვეყნების სპეციალისტების ღია მონაწილეობისთვის

კომისია ზაფუხლიდან მოყოლებული იყო შექმნილი ლამის იანვრის ბოლომდე, თუმცა მისი მუშაობის მანძილზე არ მომხდარა სფეროს ექსპერტების მოწვევა და მათთან მოსაზრებების ურთიერთგაცვლა.

შესაბამისად, ჩემი, როგორც ამ სფეროში ჩახედული პირისთვის მნიშვნელოვანი იყო თავად პროცესი, რომელიც, სამწუხაროდ, იყო დახურული როგორც გარე ექსპერტებისთვის, ასევე პარტნიორი ქვეყნების სპეციალისტების ღია მონაწილეობისთვის.

ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ეროვნულ დონეზე გაგრძელდეს ექსპერიმენტები ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში.

- ინტერვიუს ჩაწერამდე თქვენ საუბრობდით იმაზე, რომ მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი პროექტიდან არ ჩანს რა ურთიერთმიმართება ექნება საომარი მდგომარეობის დროს პრემიერის სათათბირო საბჭოს კონსტიტუციურ ორგანო - თავდაცვის საბჭოსთან, რომელიც პრეზიდენტის სათათბირო ორგანოა...

- დიახ, ეს ასეა. სამწუხაროდ კონსტიტუციამ შექმნა ერთგვარად მოუქნელი სისტემა ამ სფეროში, რომელიც არსებული ტიპის თანამედროვე ომის მოქმედებებებს, ანაც ჰიბრიდულ ომს, არ შეესაბამება და კვლავ ორი სათაურის პრობლემის წინაშე ვართ. გვექნება უსაფრთხობის საბჭო მუდმივმოქმედ ორგანოდ და თავდაცვის საბჭო ომის გამოცხადების შემთხვევაში.

კონსტიტუციით საომარ მდგომარეობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პრემიერი და უგზავნის ამ გადაწყვეტილებას პრეზიდენტს ხელმოსაწერად, რასაც კვლავ შემდგომ პრემიერი აწერს ხელს და პარლამენტი მას დაუყოვნებულ ამტკიცებს.

ვფიქრობ, რომ ომის საფრთხის დადგომისას უნდა არსებობდეს პრეზიდენტის საომარი მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულობის თუ პოლიტიკური თათბირის ველი და კონსტიტუციიდან გამომდინარე, ეს თავდაცვის საბჭო ვერ იქნება

იქედან გამომდინარე, რომ პრემიერია ომის დროს თავდაცვის ძალების მართვაზე პასუხისმგებელი და ასევე ომის დროს ყველა პოლიტიკური დონის გადაწყვეტილებების კოორდინაცია თეორიულად სწორედ მის ქვეშ არსებულმა საბჭომ და აპარატმა უნდა მოახდინოს, აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ის, თუ როგორი ურთიერთმიმართება აქვს პრეზიდენტის და პრემიერის საბჭოებს, მით უფრო იმის გათვალისწინებით რომ პრეზიდენტის საბჭო არაა მუდმივმოქმედი და მას არ ყავს სპეციალისტებით დაკომპლექტებული აპარატი.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის თავად პრეზიდენტის მონაწილეობის საკითხი პრემიერის საბჭოში. კანონპროექტის განმარტებით ბარათის თანახმად გაზიარებულ იქნა სლოვენიის და ჩეხეთის მაგალითი. სხვა საკითია ის, თუ რა ნიშნით შეირჩა ეს ორი ქვეყანა, თუმცა ამის მიუხედავად ორივე ქვეყნის მოდელში პრეზიდენტს აქვს თავის ადგილი პრემიერთან არსებულ საბჭოში მონაწილეობის კუთხით.

ჩეხეთის შემთხვევაში მაგალითად, პრეზიდენტს აქვს საბჭოს სხდომების გადაწყვეტილებების გამოთხოვის უფლება, ხოლო მის კომპეტენციას დაქვემდებარებულ თემებზე საბჭოს სხდომებზე დასწრების უფლება.

რამდენადაც მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლება ქვეყანაში, პრემიერის საბჭოს აპარატი უნდა ახდენდეს პოლიტიკურ დონეზე გადაწყვეტილებების კოორდინაციას და მათ აღსრულებაზე ზედამხედველობას საომარი მდგომარეობის დროს

წარმოდგენილი ვერსიით კი ნათლად არ იკვეთება ომის საფრთხის შემთხვევაში მოხდება თუ არა პრეზიდენტის ანდა მისი წარმომადგენლის მოწვევა საბჭოს სხდომაზე, რაც საომარი მდგომარეობის საშიშროების შემთხვევაში ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ჯეროვნად შესარულებლად, განსაკუთრებით, ომის გამოცხადების ნაწილში.

ამ ვარაუდს ამყარებს ის ფაქტიც, რომ პროექტის 19 მუხლში გაწერილია მთავრობის არამუდმივი წევრისა და პარლამენტის თავმჯდომარის და კომიტეტების თავმჯდომარეების მოწვევის წესი, ხოლო პრეზიდენტის ნაწილზე არაფერია ნათქვამი. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ომის საფრთხის დადგომისას უნდა არსებობდეს პრეზიდენტის საომარი მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულობის თუ პოლიტიკური თათბირის ველი და კონსტიტუციიდან გამომდინარე ეს თავდაცვის საბჭო ვერ იქნება.

- თუ ასეა, თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორი ურთიერთმიმართება იქნებოდა საუკეთესო ვარიანტი საომარი მოქმედებების დროს პრემიერის სათათბირო საბჭოსა და კონსტიტუციურ ორგანო თავდაცვის საბჭოსთან?

- რამდენადაც კონსტიტუციით გვაქვს თავდაცვის საბჭო, რომელიც არა გადაწყვეტილების მიმღები არამედ რჩევის მიმცემია პრეზიდენტისთვის, საუკეთესო გამოსავალი შექმნილი სამართლებრივი ვითარებიდან ვფიქრობ შეიძლება იყოს ის, რომ გამოინახოს გზა საბჭოს სხდომებზე პრეზიდენტის დასწრების, რაც კანონით იქნება გაწერილი მისი კონსტიტუციური ვალდებულებების ჭრილში.

საბჭოს მუდმივი წევრისთვის, პოლიტიკური ნიშნით დანიშნული მინისტრისთვის საბჭოს მდივნის ფუნქციის დაკისრება არ შეესაბამება არც დასავლეთის პარტნიორი ქვეყნების და არც ქართულ გამოცდილებას

ამასთან, რამდენადაც მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლება ქვეყანაში, პრემიერის საბჭოს აპარატი უნდა ახდენდეს პოლიტიკურ დონეზე გადაწყვეტილებების კოორდინაციას და მათ აღსრულებაზე ზედამხედველობას საომარი მდგომარეობის დროს. თუმცა ვფიქრობ, ბუნდოვანების თავიდან ასარიდებლად კანონში ამის გაწერა მნიშვნელოვანია.

- კანონში ცვლილებების პროექტში საინტერესოა საბჭოს მდივნის საკითხიც...

- ვფიქრობ უსაფრთხოების საბჭოს მდივნის საკითხი უმნიშვნელოვანესია კანონპროექტში, რომლის თანახმადაც ნებისმიერი წევრიდან პრემიერი ირჩევს მდივანს. საბჭოს მუდმივი წევრისგან, პოლიტიკური ნიშნით დანიშნული მინისტრისთვის საბჭოს მდივნის ფუნქციის დაკისრება არ შეესაბამება არც დასავლეთის პარტნიორი ქვეყნების და არც ქართულ გამოცდილებას.

საგანგებო და საომარი ვითარების შემთხვევაში ნებისმიერ წევრ მინისტრს, რომელმაც შეიძლება შეასრულოს მდივნის მოვალეობა მინისტრის კომპეტენციის ნაწილში, აქვს თავისი საქმე, ხოლო მდივნის ფუნქცია მას დამატებით ტვირთავს,რაც ქმნის რისკებს ამ მანდატის არაჯეროვნად შესრულებისთვის

მეტიც, ეს ბადებს როგორც პოლიტიკურ ასევე შინაარსობრივი ტიპის რისკებს. ნებისმიერი წევრი მინისტრი გამდივნების შემთხვევაში მიიღებს მოჭარბებულ გავლენას როგორც პრემიერზე, ასევე საბჭოს საქმიანობაზე და ჯამში დააზიანებს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის ჯეროვნად განხორციელების საკითხს.

მაგალითად, თეორიულად თუ დავუშვებთ, რომ მდივანი გახდა შსს-ს მინისტრი და ეს თეორია იყო მედიით უკვე გავრცელებული, თუკი იმ საკითხთა კოორდინაცია, რაც უნდა განახორციელოს მთავრობის არა ერთმა დაწესებულებამ, არამედ ერთიანი სამთავრობო მიდგომის პრინციპით და ეს იქნება ერთ-ერთი მინისტრის ხელთ, მაშინ ეს კოორდინაცია იქნება ვიწრო კორპორატიული ინტერესების შესაბამისად გატარებისთვის განწირული.

პოლიტიკურ ჭრილში, ამ შემთხვევაში, შეიძლება აზრი დაკარგოს შსს-დან სახელმწიფო უსაფრთხოების კომპონენტის გამოყოფამ - მასზე პოლიტიკური ძალაუფლება განახორციელოს შსს მინისტრმა. შესაბამისად, ჩნდება რისკი, რომ ეს მინისტრი მოიპოვებს მოჭარბებული გავლენას პრემიერ-მინისტრზე. ამ შემთხვევაში, ვერ მოხდება საკითხთა ეფექტიანი კოორდინაცია და რისკის ქვეშ დადგება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინაციის მთელი სისტემა.

რატომ სჭირდება ანალიტიკურ სამსახურს იარაღიანი სპეციალური წოდების მქონე პოლიტიკურად ნეიტრალური პირი? რატომ არის კვალიფიციური საჯარო მოხელე სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურესთან შედარებით არათანაბარ პირობებში ჩაყენებული?

ამასთან, საბჭოს მდივნად მთავრობის წევრის დანიშვნა წარმოშობს გარკვეულ რისკებს საპარლამენტო კონტროლის ჭრილშიც. რამდენადაც მთავრობა არის ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე, ხოლო ამ შემთხვევაში ეს წევრი არის საბჭოს მდივანი, ეს ფაქტი შეიძლება გახდეს საბაბი ანგარიშვალდებულობის შესუსტებისა პარლამენტის წინაშე.

დაბოლოს, საგანგებო და საომარი ვითარების შემთხვევაში ნებისმიერ წევრ მინისტრს, რომელმაც შეიძლება შეასრულოს მდივნის მოვალეობა მინისტრის კომპეტენციის ნაწილში, აქვს თავისი საქმე, ხოლო მდივნის ფუნქცია მას დამატებით ტვირთავს რაც ქმნის რისკებს ამ მანდატის არაჯეროვნად შესრულებისთვის.

- რას იტყვით საბჭოს აპარატზე? როგორც ვიცით, ძირითად სამუშაოს საბჭოს გამართული მუშაობისთვის სწორედ აპარატი ახორციელებს...

- სამწუხაროდ ამ მხრივაც გარკვეული რისკები და კითხვები ჩნდება. კანონპროექტის თანხმად საბჭოს აპარატში შეიძლება მუშაობდეს პოლიტიკურად ნეიტრალური, (ისევე როგორც ეს თავდაცვის ძალებსა და სპეცსამსახურებშია მიღებული) სპეციალური წოდების მქონე პირი და საჯარო მოხელე.

გამომდინარე იქედან, რომ საბჭოს აპარატი კანონპროექტის მიხედვით თავისი არსით არის ანალიტიკური ტიპის სამსახური, ვიმეორებ ანალიტიკური, არ მაქვს პასუხი კითხვაზე რა არის ამ საჭიროების ობიექტური მიზეზი, რამაც ეს დაშვება განაპირობა.

უმნიშვნელოვანესია ამ დისკუსიაში ფართო საზოგადოების ჩართულობა, საჯარო მსჯელობა და კონსესუსის მიღწევა ქვეყნის ამ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის შესაქმნელად

რატომ სჭირდება ანალიტიკურ სამსახურს იარაღიანი სპეციალური წოდების მქონე პოლიტიკურად ნეიტრალური პირი? რატომ არის კვალიფიციური საჯარო მოხელე სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურესთან შედარებით არათანაბარ პირობებში ჩაყენებული?

სპეციალური დანამატი, იარაღის ტარების უფლება, შესაბამისი პენსია, კერძო ჯანმრთელობის დაზღვევა მისთვის და ოჯახისთვის და ხომ არ ქმნის ეს იმის რისკს, რომ სამსახური ძირითადად ასეთი პირებით დაკომპლექტდება?

ამასთან, პრობლემას ვხედავ იმაშიც, რომ საჯარო სამსახურის კანონი არ ვრცელდება საბჭოს აპარატის ყველა თანამშრომელზე, და არა მხოლოდ მის უფროსზე და მოადგილეებზე, როგორც აქამდე იყო მოწესრიგებული. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ეს საკითხიც დამატებით რისკებს შექმნის კვალიფიციური კადრების მიზიდვისთვის, რადგან მათი როგორც საჯარო მოხელის უფლებებს კანონი აღარ დაიცავს.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საქართველო დგას მრავალი გამოწვევის წინაშე. არ დავიწყებ მათ ჩამოთვლას, რადგან საუბარი გამიგრძელდება. სწორედ ამიტომ ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება ამ სექტორში არამდგრადი და არაეფექტიანი ინსტიტუტების შექმნის თუ გაუქმების.

გარდა იმისა, რომ ეს აზიანებს ქვეყნის უსაფრთხოებას, ეწინააღმდეგება ქვეყნის დეკლარირებულ ეროვნულ ინტერესს-შეიქმნას ეფექტიანი ეროვნული უსაფრთხოების სისტემა. სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია ამ დისკუსიაში ფართე საზოგადოების ჩართულობა, საჯარო მსჯელობა და კონსესუსის მიღწევა ქვეყნის ამ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის შესაქნელად.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”