დავით სერგეენკოს განცხადებით, თურქეთიდან წითელას ვირუსის საწინააღმდეგო 100 ათასი ვაქცინა რამდენიმე საათში შემოვა

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, თურქეთიდან წითელას ვირუსის საწინააღმდეგო 100 ათასი ვაქცინა რამდენიმე საათში შემოვა.

როგორც მინისტრმა განმარტა, ვაქცინები სახელმწიფომ მეზობელი სახელმწიფოსგან დროებით ითხოვა და ბიუჯეტს აღნიშნული ვაქცინების შემოტანა არაფერი დაუჯდება. საქართველო კი აღნიშნულ ვაქცინას თურქეთს მას შემდეგ დაუბრუნებს, რაც საქართველოში უკვე შესყიდული ვაქცინები შემოვა.

„თურქეთთან შეთანხმება უკვე შედგა და ვაქცინები გზაშია. საჭიროება განაპირობა იმან, რომ არაგეგმური ვაქცინაციისთვის ჩვენ გვქონდა 150 ათასი დოზა, დღეის მდგომარეობით, 65 ათასი აიცრა და მას შემდეგ, რაც შევხედეთ, რომ მომართვიანობა არის მაღალი, გადავწყვიტეთ თავი დაგვეზღვია და შემდეგ შესყიდვამდე, ანუ მარტამდე ერთი საათიც კი არ ყოფილიყო ისეთი, როცა ვაქცინა არ გვექნებოდა. ეს 100 ათასი ვაქცინა უკვე რამდენიმე საათში თბილისში იქნება. რაც შეეხება თავად ვირუსს, წითელას შემთხვევების ზრდა შენარჩუნებულია, თუმცა ზრდის სიჩქარე შენელდა მნიშვნელოვნად. ანუ მატულობს შემთხვევების რაოდენობა, მაგრამ არა იმ ტემპით, რაც იქამდე იყო. ეს მიღწეულია იმით, რომ მოსახლეობა აქტიურად იკეთებს ვაქცინაციას. 65 ათასი კარგი მაჩვენებელია, თუმცა სამიზნე გვაქვს 20-40 წლამდე ასაკის ფარგლებში მყოფი 200 ათასი ადამიანი. ჩვენ ამისთვის მზადყოფნა გვაქვს და ახლა მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა“, - განაცხადა სერგეენკომ.

სერგეენკომ კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტება მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებაზე, სწავლის დაწყებამდე აცრის გაკეთების დამადასტურებელი საბუთის წარდგენასთან დაკავშირებით.

„ის, რომ ჩვენ სასწავლო დაწესებულებებს ვაძლევთ რეკომენდაციას, სასწავლო წლის დაწყებამდე ბავშვის მშობელს მოთხოვონ აცრების სერთიფიკატები, არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ამ სერთიფიკატის არ წარდგენის შემთხვევაში, ბავშვს უნდა შეუჩერდეს სტატუსი. ამოცანა არის ის, რომ სერთიფიკატის წარდგენის შემდეგ დავეხმაროთ კონსულტაციით მშობლებს, ავუხსნათ ამ ვაქცინაციის მნიშვნელობა და ხელი შევუწყოთ საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში. სტატუსის შეჩერება ამოცანა არ არის, ამოცანა არის წითელას აცრის მნიშვნელობის განსაზღვრა“, -განაცხადა დავით სერგეენკომ.