ქართული პრესის მიმოხილვა 15.02.2019

პირველი "უხერხულობა" - მთავარსარდალს უსაფრთხოების საბჭოში არ უშვებენ

***

პირველი "უხერხულობა" - მთავარსარდალს უსაფრთხოების საბჭოში არ უშვებენ

"უსაფრთხოების სისტემის მოშლა და გაუგებარი ცვლილება - ასე აფასებენ ექსპერტები პრემიერს დაქვემდებარებული უსაფრთხოების საბჭოს შექმნას, რომლის შემადგენლობაშიც არ იქნება პრეზიდენტი, ქვეყნის მთავარსარდალი. მათი აზრით, ასეთი გადაწყვეტილებები საზიანოა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში თქვეს, უსაფრთხოების საბჭო პრემიერს დაქვემდებარებული სათათბირო ორგანო იქნება და იქ არ არის პრეზიდენტის ადგილი”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, პირველი "უხერხულობა" - მთავარსარდალს უსაფრთხოების საბჭოში არ უშვებენ

„პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი იმედოვნებენ, რომ მოიძებნება კანონიერი ფორმა, რითაც მთავარსარდალი სალომე ზურაბიშვილი შეძლებს კონსტიტუციით მინიჭებული უფლების განხორციელებას. ამ მიზნით კი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან გეგმავენ კონსულტაციებს. ექსპერტები აცხადებენ, რომ პრეზიდენტი, ფაქტობრივად, მოწყვეტილია ეროვნული უსაფრთხოების საკითხების განხილვის პროცესს. ახალი კონსტიტუციის პირობებში საერთოდ მოშლილია უსაფრთხოების სიტემა და ახლა ცდილობენ, რაღაცა ფასადი შექმნან. პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდა კონსტიტუციური ცვლილებები, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების ნაწილში. გაუქმდა მუხლი ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა. 14 თებერვალს პარლამენტში დაიწყეს მსჯელობა "ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ" კანონში ცვლილებაზე. კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა. წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, უსაფრთხოების საბჭო იქნება პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო და უშუალოდ მთავრობის მეთაურს დაექვემდებარება“, - აღნიშნავს გამოცემა.

"კანონპროექტის მიხედვით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრებად სახელდებიან: პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის, შს, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სუს-ისა და დაზვერვის უფროსები და თავდაცვის ძალების მეთაური. მუდმივმოქმედ წევრთა შორის არ არის პრეზიდენტი, რაც ექსპერტთა კრიტიკის საგნად იქცა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ, მოქმედი კონსტიტუციით, საომარი მდგომარეობის დროს კონსტიტუციური ორგანოების საერთო კოორდინაციის მიზნით იქმნება ეროვნული თავდაცვის საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობს საქართველოს პრეზიდენტი. მათი თქმით, როცა ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, მიმდინარეობს ბორდერიზაცია, მცოცავი ანექსია, ჰიბრიდული ომი - თუკი ამ სახით არის ომი და საომარი მდგომარეობა არ ცხადდება, სად არის პრეზიდენტი ამ შემთხვევაში? გვინდა, პარლამენტი დავარწმუნოთ, რომ ეს აუცილებელია. დღეს მოქმედი კონსტიტუციიდან გამომდინარე, პრეზიდენტი არის უმაღლესი მთავარსარდალი. ბუნებრივია, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს მას უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს, მონაწილეობა მიიღოს საბჭოს მუშაობაში," - აცხადებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია. "სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებით, სადაც ეს მეთოდი აპრობირებულია, გათვალისწინებულია პრეზიდენტის მონაწილეობა. ალბათ შევთავაზებთ პარლამენტს, რომ გაჩნდეს ჩანაწერი "პრეზიდენტი უფლებამოსილია, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს", ანუ ეს დისკრეცია პრეზიდენტს დავუტოვოთ და ამით დაბალანსდება ყველაფერი. მხოლოდ იმ მიზნისთვის, რომ მან ეფექტურად განახორციელოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება.", - განაგრძობს გამოცემა.

"ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე კი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მოთხოვნა შეიძლება მართალი იყოს კონსტიტუციურად, მაგრამ, მეორე მხრივ, სჯობს, მისნაირი არაპროგნოზირებადი პიროვნება საერთოდ არ მიეკაროს არაფერს . ეს ქალი მთავრობას არ უნდა მიეკაროს. ზოგადად კი, პრეზიდენტი მაღალი ლეგიტიმაციისაა, აქვს მთავარსარდლის ფუნქცია, ამიტომ სესიაშვილის პოზიცია და არგუმენტი მიუღებელია. ბოდიში და, პრემიერ-მინისტრი ვინ არის საერთოდ?! პრემიერ-მინისტრი, ძალიან ჩვეულებრივად, შეიძლება დღეს-ხვალ მოხსნას ბიძინა ივანიშვილმა - ამით ყველაფერია ნათქვამი. ხოლო პრეზიდენტი ხუთი წელი იქნება. პრემიერს ლეგიტიმაცია არ აქვს, ლეგიტიმაცია აქვს პრეზიდენტს," - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ. "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი კი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა და უმაღლესმა მთავარსარდალმა, უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა ქვეყნის უსაფრთხოებაზე, რისთვისაც უნდა ჰქონდეს შეუზღუდავი წვდომა შესაბამის ინფორმაციასა და ანალიტიკურ მასალაზე. "უსაფრთხოების საბჭოს მდივანი კი უნდა იყოს პრემიერის "ჩრდილი და აჩრდილი" უსაფრთხოების სტრატეგიულ საკითხებში შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან კომპლექსურ ურთიერთობაში. ამ საქმეს ყოველდღიურად სჭირდება მაღალი რანგის პროფესიონალის 24 საათი და არა რომელიმე მინისტრის გამოძებნილი 24 წუთი," - აცხადებს უსუფაშვილი და დასძენს, რომ "წინა საპრეზიდენტო არჩევნებიდან ერთ თვეში პრეზიდენტსა და პრემიერს შორის უკანმოუბრუნებლად გადარბენილ შავ კატას სწორედ "უშიშროების საბჭო" ეწერა ზურგზე. იმედია, ვსწავლობთ გაკვეთილებზე“, - წერს სტატიის ავტორი.

საქართველო „გაზპრომთან" ბრძოლის ახალ რაუნდს იწყებს

"საქართველოს მთავრობა "გაზპრომთან" ახალი ხელშეკრულების დასადებად მოლაპარაკებას უახლოეს მომავალში დაასრულებს. ჯერჯერობით უცნობია მოლაპარაკების დეტალები და ისიც, თუ რა თანხას მიიღებს საქართველო სატრანზიტო მომსახურებისთვის. საქმე ისაა, რომ წლიდან წლამდე ჩვენთვის პირობები უარესდება და შეიძლება წელსაც რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ. 2017 წლიდან საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასა და „გაზპრომ-ექსპორტს" შორის ახალი კონტრაქტი შევიდა ძალაში, რამაც რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი გაზის ტრანზიტის პირობები შეცვალა. მანამდე საქართველო სატრანზიტო მომსახურებისთვის საფასურს ნატურით - ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული ბუნებრივი გაზის 10%-ის სახით იღებდა“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, საქართველო "გაზპრომთან" ბრძოლის ახალ რაუნდს იწყებს

"შარშანწინ კი პირობები შეიცვალა და ჯერ – ნაწილობრივ, შემდეგ კი სრულად საქართველო მონეტარული ანაზღაურების რეჟიმზე გადავიდა, ანუ ქვეყანა სატრანზიტო მომსახურებისთვის განსაზღვრულ თანხას იღებს. ამ ხელშეკრულების კომერციული პირობები გასაიდუმლოებულია. კონტრაქტს მოქმედების ვადა 2018 წლის 31 დეკემბერს ამოეწურა. ახალი პირობები მხარეებმა სწორედ ახლა უნდა შეათანხმონ. როგორც ჩანს, პროცესი უკვე დაიწყო. პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, „გაზპრომ-ექსპორტთან" ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებას მოკლე ვადაში დაასრულებს. „მოლაპარაკებებს ეკონომიკის სამინისტრო აწარმოებს. დაველოდოთ მის შედეგებს. ვფიქრობ, ეს პროცესი მალე დასრულდება. რა თქმა უნდა, ჩვენი მიდგომა არის ის, რომ საქართველომ გაიუმჯობესოს თავისი პოზიციები ხელშეკრულებაში და ამოსავალი წერტილი არის ჩვენი ეროვნული ინტერესები, ენერგოდამოუკიდებლობა და უსაფრთხოება", - განაცხადა ბახტაძემ“, - აღნიშნავს გამოცემა.

"პრემიერს მოლაპარაკების დეტალებსა და მისი დასრულების ვადაზე მედიასთან არ უსაუბრია და ბევრი რამ გაურკვეველი დარჩა. ტრანსკასპიური გაზსადენისა და „თეთრი ნაკადის" პროექტის განმახორციელებელი კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაყმაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველოს მთავარი ამოცანა არა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება, არამედ ისეთი ალტერნატივების ძებნაა, საიდანაც გაზი პოლიტიკური მიზნებისათვის არ იქნება გამოყენებული. „რასაკვირველია, არ ვიცი მოლაპარაკების კონკრეტული დეტალები, მაგრამ ეჭვგარეშეა, რუსეთი გააკეთებს მაქსიმუმს, რათა დააზიანოს საქართველოს ინტერესი და მაქსიმალურად შეარყიოს ჩვენი ენერგოუსაფრხთოება. ბერკეტებს, რომლებიც კრემლს აქვს, რა თქმა უნდა, ბოლომდე გამოიყენებენ. ჩვენი ამოცანა კი არის მაქსიმალური დივერსიფიკაცია, რათა რაც შეიძლება მეტი ისეთი წყარო გვქონდეს, საიდანაც გაზი პოლიტიკური მიზნებისათვის არ იქნება გამოყენებული. საქართველო უნდა ეძებდეს ალტერნატიულ გზებს ენერგოდამოუკიდებლობისათვის. თურქმენეთის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა გავასამმაგოთ, ისევე, როგორც თავის დროზე "შაჰდენიზი" მოგვეხმარა“, - განაგრძობს გამოცემა.

"აზერბაიჯანს პატარ-პატარა საბადოები აქვს დარჩენილი, ხოლო თურქმენეთს ასჯერ მეტი აქვს, თანაც მისი მოპოვება ძალიან იაფი ჯდება. ამ ქვეყანამ გაზსადენი მოიყვანა კასპიის ზღვამდე, 2-მილიარდიანი ინვესტიცია ჩადო, მაგრამ მას გაგრძელება აღარ აქვს, ვიღაცამ უნდა ითავოს ეს და შეუერთოს სამხრეთის დერეფანს. არ მესმის, რატომ არ დგას ამ კუთხით საკითხი და რატომ ვცდილობთ, მაინცდამაინც რუსეთს ჩამოვეკიდოთ. ისიც არ მესმის, რატომ არ გვაქვს დღემდე გაზსაცავი, რომელიც 2006 წელს უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, ამ თემაზე აქტიურად არავინ არ მუშაობს და არც საზოგადოების წარმომადგენლები სვამენ კითხვებს, არადა, ეს პირველი რიგის ამოცანაა", - ამბობს ვაშაყმაძე. პირობები რომ უარესი იქნება, ფაქტია, რამდენად უარესი, ახლა მხოლოდ ამის ირგვლივ იქნება მოლაპარაკება. ასეთი დამოკიდებულება აქვს საკითხისადმი ანალიტიკოს გია ხუხაშვილს. „ძალიან კარგი კონტრაქტი, რომელიც არსებობდა და რუსეთი იხდიდა ნატურით, სამწუხაროდ, წარსულს ჩაბარდა. ეს მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ჩათვალა, ვითომ ჭკუაში მოუგებდნენ "გაზპრომს". რა თქმა უნდა, ეს არ მოხდა და მივიღეთ ეს მოცემულობა, რომელშიც, უკვე ვიცით, რომ პირობები იქნება უარესი. ახლა მხოლოდ იმაზე მიდის მოლაპარაკება, რამდენად უარესი იქნება. რადგან კონტრაქტი გასაიდუმლოებულია, შეუძლებელია, ვარაუდებით ვისაუბროთ. მხოლოდ ეს ვიცით, რომ არ ვართ კარგ მდგომარეობაში. ახლა მხოლოდ ფასზე შეიძლება მიდიოდეს ვაჭრობა", - განუცხადა „რეზონანსს" ხუხაშვილმა.“, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო