ქართული პრესის მიმოხილვა 21.02.2019

“ხაზარაძის პოლიტიკაში შემოსვლა “ოცნებისთვის” კატასტროფა იქნება”

საქართველოს “პოსეიდონი” უახლოვდება

ივანიშვილის საბოლოო ვერდიქტი - ბესელიას კანონპროექტს “ოცნება” მხარს არ დაუჭერს

* * *

“ხაზარაძის პოლიტიკაში შემოსვლა “ოცნებისთვის” კატასტროფა იქნება”

“პოლიტიკაში შესაძლოა კიდევ ერთი “გაბრაზებული ბიზნესმენი” ვიხილოთ. ყველას ყურადღება მამუკა ხაზარაძისკენ არის მიმართული - რა ტაქტიკას აირჩევს “თიბისი” ბანკის მფლობელი, რათა მძიმე ბრალდების საწინააღმდეგოდ თავისი სიმართლე დაამტკიცოს. პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ხაზარაძემ ბრძოლის მეთოდად პოლიტიკური ასპარეზი გამოიყენოს და ქვეყანაში ახალი პოლიტიკური რეალობა შექმნას. მათი აზრით, თუკი ხაზარაძე პოლიტიკაში ჩართვას გადაწყვეტს, ეს დიდი საჩუქარი იქნება ოპოზიციისთვის და დიდი თავსატეხი - ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც მოსუფთავებულ პოლიტიკურ ველზე ახალ მოწინააღმდეგეს შეიძენს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ხაზარაძის პოლიტიკაში შემოსვლა “ოცნებისთვის” კატასტროფა იქნება” / დიდი საჩუქარი ოპოზიციისთვის და დიდი თავსატეხი ივანიშვილისთვის.

“ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ თეორიულად გამორიცხული არაფერია და პირდაპირ გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ ხაზარაძე პოლიტიკაში არ წავა. მისი აზრით, ყველაფერი განვითარებულ მოვლენებზე იქნება დამოკიდებული. “გამომდინარე იქიდან, რომ “ოცნებას” ელექტორალური ბაზა აღარ აქვს, მისი მთავარი იარაღი პოლიტიკაში მხოლოდ რესურსებია. რა თქმა უნდა, ქვეყანაში ალტერნატიული პოლიტიკური რესურსის გაჩენა მმართველ გუნდს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის. მათ სხვა აქტივი აღარ გააჩნიათ. ახლა ესენი მხოლოდ იმაზე ზრუნავენ, რომ ყველა ალტერნატიული რესურსი გადაკეტონ და ყველა დაახრჩონ. ბუნებრივია, ხაზარაძე თუ პოლიტიკურ ველზე შემოვიდა, ეს მათთვის კატასროფის ტოლფასი იქნება. მას საკმაოდ დიდი რესურსი აქვს”, - აცხადებს ხუხაშვილი. მისივე თქმით, ხაზარაძეს რომ ხალხმა დაუჯეროს, უფრო მეტი გამჭვირვალეობაა საჭირო. რაც მან ბოლო დღეების განმავლობაში დაიწყო კიდეც. ხუხაშვილი ამბობს, რომ ხაზარაძე პოლიტიკურ დისკუსიაში არ შედის და ეს სწორი ტაქტიკაა. თუმცა, ამასთანავე ის მზად არის, რომ საქმის მაქსიმალური ტრანსფარენტულობა მოხდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული საზოგადოებას რამდენად დაარწმუნებს, რომ ყველაფერი სუფთად არის. მან რომ ღიაობაზე უკვე მზადყოფნა გამოთქვა, ეს თავის მხრივ ძალიან კარგია. ბუნებრივია, თუ თავისუფალი და დამოუკიდებელი რესურსი გამოჩნდა, რომელიც “ოცნებასთან” ოპერირების რეჟიმში იქნება, საქმე ძალიან ცუდად ექნებათ. პარტიის მხრიდან ძალაუფლების შენარჩუნება მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ესაა ბაბილონის გოდოლი, რომელიც ნგრევის პროცესშია. რაც არ უნდა რესურსები კეტონ, ხაზარაძე თუ პოლიტიკაში შემოსვლას გადაწყვეტს, ის ყველაფერს კიდევ უფრო შეარყევს”, - მიიჩნევს ხუხაშვილი. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ ახლა ქვეყანაში იმდენად მოსუფთავებული პოლიტიკური ველია, რომ ხაზარაძის მსგავსი კარგი სოციალური კაპიტალის მქონე ადამიანის პოლიტიკაში შემოსვლა “ოცნებისთვის” კატასროფა იქნება. მისი აზრით, ის თუ პოლიტიკაში შემოსვლას გადაწყვეტს, ჯერ საზოგადოება უნდა დაარწმუნოს, რომ მართალია და მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრობს პოლიტიკოსობა. ჩიტაძე ამბობს, რომ არც ის არის გამორიცხული, მან შექმნას დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია, რომლის უკანაც დადგება და მას ფინანსურად უზრუნველყოფს”, - დასძენს გამოცემა.

“მგონია, რომ ხაზარაძე თუ პოლიტიკაში შემოსვლას გადაწყვეტს, მას „ნაციონალებთან” და “ევროპულ საქართველოსთან” თანამშრომლობა გაუჭირდება. სავარაუდოდ, ის ალბათ უფრო შეეცდება, რომ დამოუკიდებელი მოთამაშე იყოს და ეს გასაკვირიც არ იქნება. მას ამის საკმაოდ კარგი სოციალური კაპიტალი და რესურსები აქვს. ახლა “ოცნების” საქმე იმდენად ცუდად არის, რომ ასეთი ფიგურის პოლიტიკაში გამოჩენა, მათთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება. ეს ივანიშვილისთვის სერიოზული გამოწვევაა, რადგანაც ასეთი დივიდენდების მქონე უკონტროლო პოლიტიკური მოთამაშე რასაც ნიშნავს, მან კარგად იცის. ბევრი რამ მოვლენების განვითარებაზეც იქნება დამოკიდებული, ხაზარაძეს ამის გაკეთებას რამდენად აიძულებენ” , - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

საქართველოს “პოსეიდონი” უახლოვდება

“ნატო ბოლო პერიოდში, ცდილობს, რომ შავი ზღვის მიმართულებით უფრო გააქტიურდეს, რაც საქართველოს ინტერესებშიც ჯდება, რადგან შავი ზღვიდან ნატო-სთან დაახლოების ეს ერთ-ერთი უმოკლესი გზაა, თუმცა, ეს ტექნიკურად როგორ განხორციელდება, ძალიან რთული სათქმელია. შავი ზღვის აკვატორიაში ნატო-ს ოთხი ხომალდი შევიდა, რომლის მიზანსაც შავ ზღვაში მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნების მეზღვაურებს შორის ურთიერთქმედების გაუმჯობესებაა. ამასთანავე, ხომალდები წვრთნებშიც მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო-საზღვაო ძალების სამეთაურო შტაბი ავრცელებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით საქართველოს “პოსეიდონი” უახლოვდება / “ნატო უკრაინასა და საქართველოს ფლოტის აღდგენაში დაეხმარება” - შავ ზღვაში ალიანსის ოთხი ხომალდი შევიდა.

“ხომალდების ჯგუფი გეგმურ პატრულირებას ატარებს, რომლის მიზანიც შავ ზღვაში მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნების მეზღვაურებს შორის ურთიერთქმედების გაუმჯობესებაა. ხომალდები მონაწილეობას მიიღებენ წვრთნებში სახელწოდებით - “პოსეიდონი”, რომლის ორგანიზატორები რუმინეთი და ბულგარეთი არიან”, - ნათქვამია განცხადებაში. შავ ზღვაში ნატო-სა და რუსეთის მკვეთრი გააქტიურება შეინიშნება; რას შეიძლება ნიშნავდეს ეს და ამ პროცესებში საქართველო როგორი სახით შეიძლება იყოს ჩართული? “არსებობს “მონტრეს” ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, არა შავიზღვისპირა ქვეყნებს შავ ზღვაში ხომალდები შეუძლიათ ჰყავდეთ არაუმეტეს 21 დღე-ღამისა”, - ამბობს შავ ზღვაში ნატო-ს ოთხი ხომალდის შესვლისა და შავი ზღვის აკვატორიაში არსებული ვითარების შესახებ ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი. ის აცხადებს, რომ შავი ზღვა, ცივი ომის პერიოდში და დღესაც, სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელობის წერტილს წარმოადგენს და ინტერესთა სფეროს გაფართოება, თუ გააქტიურებაც, სწორედ ამ კუთხით აიხსნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“შავი ზღვის აკვატორია ყოველთვის წარმოადგენდა სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელობის მიმართულებას, თუნდაც საბჭოთა კავშირის პერიოდში, ჯერ კიდევ ცივი ომის დროს და ასევე ნატოსთვისაც. ცივი ომის დროს შავ ზღვაში საბჭოთა კავშირის შავი ზღვის ფლოტი იყო და ასევე რუმინეთისა და ბულგარეთის ფლოტებიც, რომლებიც საბჭოთა ბანაკს მიეკუთვნებოდნენ. როგორც ნატო-ს წევრი ქვეყანა, დარჩენილი იყო თურქეთი, - მისი საზღვაო ძალები. შავ ზღვაში მაშინ, რა თქმა უნდა, საბჭოთა ფლოტი დომინირებდა, მაგრამ მას შემდგომ, რაც ცივი ომი დასრულდა, გასული საუკუნის 90-იან წლებში და 21-ე საუკუნის დასაწყისში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი მისი შესაძლებლობით უკვე საკმაოდ დაეცა, სამაგიეროდ თურქეთის ფლოტი დომინირებდა. ამასთანავე, ბულგარეთი და რუმინეთიც ნატო-ს წევრი ქვეყნები გახდნენ”, - ამბობს ალადაშვილი, რომლის თქმით, რუსეთის უფრო მეტად გააქტიურება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ შეინიშნება და ფაქტობრივად, დღეს ის უკვე დომინანტურ პოზიციას იკავებს, - შავ ზღვაში რუსეთს ერთ-ერთი ძლიერი ფლოტი ჰყავს”, - განაგრძობს გამოცემა.

“დღეს შავი ზღვის აკვატორიის ექვსი ქვეყნიდან, რომელსაც გასასვლელი აქვს, სამი ნატო-ს წევრია და ორი - საქართველო და უკრაინა - თანაუგრძნობს ნატო-ს. ახლა რუსეთი მარტოა დარჩენილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, განსაკუთრებით აგვისტოს ომის შემდგომ, რუსეთმა გამალებულად დაიწყო შავი ზღვის ფლოტის გადაიარაღება და დღეს, ამ ეტაპზე, შავ ზღვაში უკვე ერთ-ერთი ძლიერი ფლოტი ჰყავს. ეს იკვეთება იმაში, რომ ახალი კორვეტები და ექვსი დიზელძრავიანი წყალქვეშა ნავი შემოიყვანა, რომელსაც ასევე შეუძლიათ კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაშვება. ეს უკვე სერიოზული ძალაა. “მონტრეს” ხელშეკრულების თანახმად, არა შავიზღვისპირა ქვეყნებს მხოლოდ სამი კვირის განმავლობაში შეუძლიათ შავ ზღვაში ხომალდების განთავსება, ამ შეზღუდვების გარეშე სამ ქვეყანას რუმინეთს, ბულგარეთსა და იგივე თურქეთს შესაძლებლობა აქვს ხომალდები მუდმივად ჰყავდეს შავ ზღვაში. აშშ-ს შეუძლია თავისი ხომალდი შემოიყვანოს შავ ზღვაში მხოლოდ ამ სამი კვირის განმავლობაში, შემდგომ კი აუცილებლად უნდა გაიყვანოს. ეს გარკვეულ პრობლემას ქმნის, რომ ნატო-ს შავ ზღვაში უფრო ძლიერი, მუდმივი საზღვაო ესკადრა ჰყავდეს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ამ სამი ქვეყანა ნატო-ს წევრია, მათ შეუძლიათ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე თავიანთი ხომალდები მუდმივად ჰყავდეთ შავ ზღვაში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი.

“ნატო-ს გააქტიურებასა თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის ხომალდების შავ ზღვაში გამოჩენაზე რუსეთი, როგორც ყოველთვის, მძიმედ რეაგირებს. ქვეყნის ხომალდების დანახვა მას აღიზიანებს, რადგან მიაჩნია, რომ შავი ზღვა ეს მისი შიდა ზღვა არის. რასაც ის აკეთებს აზოვის ზღვაში, უკრაინასთან მიმართებაში, იგივე სურს გააკეთოს მთლიანად შავ ზღვაში დანარჩენი ქვეყნების მიმართაც... რაც შეეხება აფხაზეთს, ოჩამჩირეში ამ ეტაპზე განთავსებულია რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის შემავალი სასაზღვრო ჯარების სანაპირო დაცვის რამდენიმე კატარღა... ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთს ოკუპირებული აქვს და ყირიმი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მილიტარიზებული იყო, ახლა რუსეთმა იქ ძალიან სერიოზული შეიარაღება განათავსა, მათ შორის ხომალდების საწინააღმდეგო რაკეტები, ასევე საზენიტო სისტემები და მას, ფაქტობრივად, შეუძლია ყირიმის ნახევარკუნძულიდან, ისე რომ ზღვაში ხომალდი არც კი გაიყვანოს, შავი ზღვის თითქმის ყველა ქვეყანას მისწვდეს, - სარაკეტო დარტყმა მიაყენოს, მათ შორის ბოსფორის სრუტესაც და ჩაკეტოს ის”, - განმარტავს ირაკლი ალადაშვილი.

ივანიშვილის საბოლოო ვერდიქტი - ბესელიას კანონპროექტს “ოცნება” მხარს არ დაუჭერს

“ქართულ ოცნებაში” დაპირისპირებამ უკვე პიკს მიაღწია. ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ უკვე მეორედ გააფრთხილა ბესელია და მისი “ამბოხებული” ჯგუფი, რომ მათ მოთხოვნებს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებაზე “ოცნება” მხარს არ დაუჭერს და შესაძლოა ეს უკვე “ამბოხებულებისთვის” კარებისკენ ღია მითითებაცაა ივანიშვილის მხრიდან. უკვე გამოკვეთილია, რომ ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და გოგიჩაიშვილი უმრავლესობას დატოვებენ და ეს ხუთშაბათს, 21 თებერვალს მოხდება. იმიტომ რომ, ბესელიას ჯგუფის კანონპროექტი, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნების 2025 წლამდე შეჩერებაზე პარლამენტი კენჭს ხვალ უყრის და როგორც უკვე გაცხადებულია, “ოცნება” მას ჩააგდებს. პარალელურად “ამბოხებულ” სამეულს გაცხადებული აქვს, რომ კენჭისყრა გადაწყვეტს მათ წასვლა-დარჩენასაც. ამიტომაც, ყველა ელოდება, რომ “ამბოხებული” სამეული წავა, რითაც საკონსტიტუციო უმრავლესობასაც დაკარგავს “ოცნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ივანიშვილის საბოლოო ვერდიქტი - ბესელიას კანონპროექტს “ოცნება” მხარს არ დაუჭერს.

“ივანიშვილის გამაფრთხილებელი გზავნილი, თუ უკვე საბოლოო ვერდიქტი “ამბოხებულების” მისამართით ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა “ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადების სახელით. კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ბესელიას ინიციატივას მხარს არ დაუჭერდა, რადგან ის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, თანაც, ამ ჯგუფმა პროექტი “ოცნების” გუნდთან შეუთანხმებლად წარადგინა. ეკა ბესელიაირაკლი კობახიძე არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. მიუხედავად იმისა, რომ ყველასთვის ძალიან აშკარაა, სწორედ ივანიშვილთან შეთანხმებითაა დაწერილი პოლიტსაბჭოს განცხადებაც, ბესელია ღიად ივანიშვილის კრიტიკას მაინც ვერ ბედავს. პოლიტსაბჭოს განცხადების შემდეგ ივანიშვილმა ბესელია საკუთარ ბიზნესცენტრში დაიბარა. ბესელიამ მედიასთან განაცხადა, რომ ეს დახურული შეხვედრა იყო და ამაზე საჯაროდ არ ილაპარაკებს. მისივე თქმით, გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა და მას ამ ფორმით და ტონით პარტიაში არავინ ელაპარაკება. “მე ვერავინ ვერ გამრიცხავს... პირადად ჩემი გადაწყვეტილება, დავტოვებ თუ არა უმრავლესობას, დამოკიდებული იქნება ხვალინდელ კენჭისყრაზე. ახლა მთავარია, რას იზამს უმრავლესობა. დროებით შევაჩერებთ თუ არა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას”, - განაცხადა ბესელიამ. ცნობისათვის, სამშაბათს დილით ჯერ პოლიტსაბჭოს სხდომა შედგა, რასაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა, შემდეგ კი ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებას პოლიტსაბჭოს განცხადება გააცნო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტიის თავმჯდომარისა და მმართველი გუნდის მიერ კონსტიტუციურ ფარგლებში დაიწყო მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხზე მსჯელობა, დაიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურისა და კრიტერიუმების შემუშავება, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ, საკუთარ გუნდთან შეთანხმების გარეშე, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ეწინააღმდეგება მოქმედი კონსტიტუციის დებულებებს. ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნული ინიციატივის მიღების შემთხვევაში განახევრდება მოსამართლეთა რაოდენობა, საქმეთა განხილვა უფრო გაჭიანურდება, რამაც შესაძლოა, სასამართლოს პარალიზებაც გამოიწვიოს. ამდენად, ეს კანონპროექტი ვერ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას. “ამავდროულად, ვაცხადებთ სრულ მზაობას, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე, მოვამზადოთ იმგვარი წინადადებები მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზე, რომლებიც იქნება შესაბამისობაში კონსტიტუციასთან და ევროსაბჭოს რეკომენდაციებთან, აგრეთვე არ გააღრმავებს პრობლემას სასამართლოს გადატვირთულობის თვალსაზრისით. ამ მიზნით მივმართავთ ვენეციის კომისიას, ინიციატივის შემუშავების საწყის ეტაპზევე ჩაერთოს აღნიშნულ პროცესში”,- წერია განცხადებაში. ამ განცხადებას მოჰყვა კიდეც დაპირისპირების ახალი ტალღა”, - განაგრძობს გამოცემა.

“განცხადებები გაკეთდა ე.წ. ახლებიდან და ძირითადად აქცენტი იყო ის, რომ ბესელიას გუნდის კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია, ამიტომ მხარდაჭერა ვერ ექნება. ზოგიერთმა მათგანმა კი, მაგალითად, მამუკა მდინარაძემ ბესელიას ჯგუფს კარისკენაც კი მიუთითა - “თუ მიაჩნია რომელიმე დეპუტატს, რომ მის მიერ შექმნილ ანტიკონსტიტუციურ კანონს თუ ვინმე მხარს არ დაუჭერს, უნდა წავიდეს, ეს მისი გადასაწყვეტია”, - განაცხადა მდინარაძემ. საპასუხო განცხადებები გაკეთდა ე.წ. ამბოხებულების მხრიდანაც. გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ შეეშალა პოლიტსაბჭოს, არასწორ ნაბიჯს დგამენ, არასწორ განცხადებებს აკეთებენ და პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება მისთვის არ არის უმაღლესი ინსტანცია მორალური თვალსაზრისით. მან ასევე უპასუხა თანაპარტიელების იმ ნაწილს, რომლებმაც ამბოხებულ დეპუტატებს პარტიიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილების დროულად მიღება ურჩიეს”, - დასძენს გამოცემა.

“ის ადამიანები, რომლებიც ამ ინიციატივით გამოვდივართ, ამ გუნდში არც მდგმურები არ ვართ და არც შემთხვევით მოვხვდით, არც ვიღაცის კაცის კაცები არ ვართ. ჩვენ ეს ადგილი არავისგან წყალობით არ მიგვიღია ასე, რომ რა გადაწყვეტილებებიც არ უნდა მივიღოთ, დარჩენის ან წასვლის თაობაზე, ყველა ეს გადაწყვეტილება იქნება ნაკარნახები იმ მორალური ღირებულებებით, რომლითაც ჩვენ ვართ პოლიტიკაში”, - განაცხადა ფოფხაძემ. ლევან გოგიჩაიშვილმა თქვა, რომ არასერიოზულია პოლიტსაბჭოს განცხადება, სადაც წერია, რომ მათ კანონპროექტს არ განიხილავენ, მაგრამ მსგავს პროექტს თავად დაწერენ. “გავაგრძელებთ მუშაობასო იცით რას ჰგავს? ბიძინა გეგიძის პროექტი რომ ჩააგდეს რეკრეაციაზე და სპორტულ მოედნებზე, თბილისის მერის დავალებით და მერე კუჭავას ხელით ახალი კანონპროექტი შემოიტანეს, დაახლოებით ასეთი ვარიანტია. რას ნიშნავს, ახლა ჩავაგდებთ და ხვალ ვიმსჯელებთ, ეს არასერიოზულია. გამოდის, რომ რადგან ჩვენი ინიციატივაა გვეჯიბრებიან?! კი ბატონო, ოღონდ საქმე გააკეთონ და საერთოდ გავიწევით”,- ამბობს გოგიჩაიშვილი. ეკა ბესელიამ კი პირადად ირაკლი კობახიძე დაადანაშაულა არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში”, - წერს სტატიის ავტორი.

“მისი თქმით, არასწორია ის ინფორმაცია, რომ არ იცოდა უმრავლესობამ და არ იყო ცნობილი უმრავლესობისთვის ამ ინიციატივის მომზადების თაობაზე. “მე ორჯერ დავაყენე მათ შორის ბოლო სხდომაზე საკითხი უვადოდ მოსამართლეთა გამწესების შეჩერებას დაუჭერდით თუ არა მხარს, იდეას დაეთანხმა ყველა. არავის არც ერთ სხდომაზე არ უთქვამს, რომ არ ეთანხმება პრინციპს. გულში ვინ რას ფიქრობდა, არ ვიცი. არავის უთქვამს, რომ ეს იდეა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. შეეხება მეორე არგუმენტს, რომ ეს შეამცირებს მოსამართლეთა რაოდენობას, ეს არ არის სწორი”,- ამბობს ბესელია. ბესელიამ და კიდევ 8 დეპუტატმა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე შეჩერებაზე პროექტი 7 თებერვალს. ხუთშაბათს პროექტი პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილონ და უკვე ცხადია, რომ მას მხარს არ დაუჭერენ. ამიტომ უკვე არის მოლოდინი, რომ ამ საკითხის ჩაგდების შემდეგ უმრავლესობას დატოვებენ ბესელია, ფოფხაძე და გოგიჩაიშვილი. მათ ხუთშაბათსვე შეიძლება შეუერთდეს ასევე ბიძინა გეგიძეც, რომელმაც უკვე თქვა, რომ მოსამართლეების თემა მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია და ბესელიას გუნდის პოზიციას იზიარებს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა